საქმე №ას-243-231-2016 3 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი. და ჯ. ი-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიღებული სარგებლის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ჯ. ს-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.და ჯ. ი-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები) მიმართ და მოითხოვა ი.ი-ისათვის ძირი თანხის _ 13 416 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 583 აშშ დოლარის, ხოლო, ჯ. ი-ისათვის _ ძირი თანხის _ 9 584 აშშ დოლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის _ 417 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელემ მოპასუხეებთან დადო ზეპირი გარიგება ყვარლის რაიონის სოფელ ა-ის ტერიტორიაზე მდებარე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული 20 ჰა. მიწის ნაკვეთების შესყიდვის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, 1 ჰა. მიწის ღირებულება განსაზღვრეს 2 500 აშშ დოლარით. 2013 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ ი.ი-ს გადასცა 11 000 აშშ დოლარი, რომელიც თანხის მიმღებს ესაჭიროებოდა ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, 12 000 აშშ დოლარი კი, გადახდილ იქნა შემდეგნაირად: 2013 წლის 9 ივლისს 9 584 აშშ დოლარი გადაუხადა ჯ. ი-ს, რითაც მოსარჩელემ დაფარა „კ-ში“ არსებული მოპასუხის ფულადი ვალდებულება, ხოლო დარჩენილი 2 416 აშშ დოლარი კი, ი.ი-ის თხოვნით დაუტოვა იმავე ბანკში მომუშავე თანამშრომელს მოპასუხისათვის გადასაცემად. თანხის გადახდის შემდეგ მოპასუხეებმა მოსარჩელეს უარი განუცხადეს შეთანხმებული მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზე და არც გადახდილი თანხა დააბრუნეს (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს:
2.1. ი.ი-ის განმარტებით, მას და მოსარჩელეს შორის არსებობდა შეთანხმება და მას ნამდვილად სურდა მიწის ნაკვეთის ყიდვა, მაგრამ ერთი ჰა მიწის ღირებულება განისაზღვრა არა 2 500, არამედ 2 800 აშშ დოლარით, ამასთან, შეთანხმებისამებრ, მოსარჩელეს წინასწარ უნდა გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი და ამის შემდეგ გაფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულება. შეთანხმება მოსარჩელემ არაერთხელ დაარღვია და წინასწარ გადაიხადა შეთანხმებულზე გაცილებით ნაკლები თანხა, ხოლო შემდეგ შეწყვიტა გადახდა. მოსარჩელემ იცოდა, რომ ნასყიდობის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას არ დაუბრუნდებოდა წინასწარ, ბეს სახით გადახდილი თანხა, რაზეც თავიდანვე თანახმა იყო.
2.2. ჯ. ი-ის განმარტებით, მოსარჩელემ ბანკში მის ანგარიშზე 9 584 აშშ დოლარის ჩარიცხვით გადაიხადა წინა წლებში მოპასუხისგან შესყიდული მიწის ღირებულების დარჩენილი დავალიანება, აღნიშნული ფართი მოსარჩელემ თავისი შვილის სახელზე გადააფორმებინა. სარჩელზე თანდართული ქვითარი და მასში დაფიქსირებული თანხა ეხება სულ სხვა გარიგებას და არაფერი საერთო არ გააჩნია მოცემულ საქმესთან. ჯ. ს-ამ მოპასუხეებთან შეთანხმების გარეშე შეიტანა ბანკში 9 584 აშშ დოლარი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მასთან გარიგების დადების ფაქტს (იხ. შესაგებელი, ასევე, საქალაქო სასამართლოს 03.11.2014წ. სხდომის ოქმი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.ი-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 416 აშშ დოლარის, ხოლო ჯ. ი-ს _ 9584 აშშ დოლარის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეთა შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე, რომელიც ვერ განხორციელდა, მოსარჩელეს მოპასუხეებისაგან უძრავი ნივთი არ შეუძენია.
1.2.2. 2013 წლის ზაფხულში მოსარჩელემ ი.ი-ს ზეპირი გარიგების საფუძველზე გადასცა 11 000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის 9 ივლისს სს „ბ-აში“ ჯ. ი-ის ანგარიშზე ჩარიცხა 9 584 აშშ დოლარი და 2 416 აშშ დოლარი დაუტოვა იმავე ბანკში მომუშავე თანამშრომელს ი.ი-ისათვის გადასაცემად. ეს თანხა გადაეცა მოპასუხე ადრესატს.
1.2.3. აპელანტები სადავოდ ხდიდნენ აღნიშნული თანხის დანიშნულებას და განმარტავდნენ, რომ მითითებული თანხიდან 11 000 აშშ დოლარი ჩაითვლებოდა ზიანის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდილია სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების მიზნით, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეებმა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები) ვერ დაამტკიცეს ბანკში შეტანილი, ასევე, ბანკის თანამშრომლისათვის დატოვებული თანხის სხვა ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში არსებული შესრულების ფაქტი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორების შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. ბანკში გადახდილი თანხა არ წარმოადგენს სადავო გარიგების ფარგლებში განხორციელებულ შესრულებას, რადგანაც მოპასუხეთა განმარტებით, სადავო გარიგების გამო მოსარჩელეს გადახდილი აქვს ი.ი-ისათვის მხოლოდ 11 000 აშშ დოლარი, სხვა თანხის მიღება ი.ი-ს არ უღიარებია. სასამართლოს შეფასება, რომ ეს უკანასკნელი სხვა თანხის მიღებას არ უარყოფს, არასწორია. სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა თანხის მიღების შემდგომ უარი განაცხადეს მიწის გადაფორმებაზე და არც თანხას უბრუნებენ კრედიტორს, მიუთითებს მიკერძოებაზე;
1.4.2. სასამართლოს დეტალურად არ გამოუკვლევია კონკრეტული თანხის მიღების ფაქტი, რის გამოც, გაურკვეველია ი.ი-ს რა საფუძვლით აკისრებას 11 000 აშშ დოლართან ერთად 2 416 აშშ დოლარს.
1.4.3. მოპასუხეებმა სასამართლოში დააზუსტეს, რომ 11 000 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო ზიანის ანგარიშში, ხოლო სასამართლო მიზანმიმართულად აპელირებდა ბეს სამართლებრივ ურთიერთობაზე;
1.4.4. სააპელაციო სასამართლო შემოფარგლა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გამეორებით, რითაც დაირღვა, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე _ ადამიანის უფლებათა კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება;
1.4.5. სასამართლომ მოპასუხეებს არასწორად დააკისრა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული, ასევე, ბანკის თანამშრომელთან დატოვებული თანხა სხვა ურთიერთობის ფარგლებში იყო გადახდილი, ამ კუთხით სასამართლომ არ შეაფასა საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები, რის შედეგადაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესს და მოხმობილი ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე კოდექსის 201-ე მუხლისაგან განყენებულად. განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლების შესწავლით დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან კვალიფიციური შედავების წარმოდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეებმა უნდა ამტკიცონ მათ მიერ მითითებული, სარჩელისაგან განსხვავებული გარემოებების არსებობა (სხვა ვალდებულების ფარგლებში შესრულების მიღება), ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ მათ განკუთვნადი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, მათი არგუმენტი შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის, ასევე, მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე დაუსაბუთებელია, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კანონის აღნიშნული დათქმა მიუთითებს იმაზე, რომ საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებების სისწორესა თუ სხვა შესაძლო დარღვევებს, ამ კუთხით კასატორები შემოიფარგლებიან ზოგადი მითითებით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, თუმცა, მათ კონკრეტულად არ მიუთითებიათ, თუ რომელი მტკიცებულება და რომელი მოწმის ჩვენება (ჩვენების ნაწილი) ადასტურებს მათი პოზიციის მართებულობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ი.ი-ის მხრიდან 2 416 აშშ დოლარის მიღების ფაქტი არა მოპასუხის აღიარებას, არამედ იმ გარემოებას დაამყარეს, რომ მოპასუხეს ამ თანხის მიღება არ უარუყვია, აღნიშნული დასტურდება ასევე საქალაქო სასამართლოს 03.11.2014წ. სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით. საგულისხმოა ის საკითხიც, რომ მოპასუხე ი.ი-ი შესაგებელში მიუთითებს მხარეთა შორის ბეს ხელშეკრულების გაფორმების ფაქტზე, საქმის მომზადების ეტაპზე მას საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით არ უსარგებლია, უფრო მეტიც, მისმა წარმომადგენელმა ბეს ხელშეკრულების დადება დაადასტურა საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზეც, ხოლო, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ბეს სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლი (იხ. სუსგ №3კ-304-02, 24 აპრილი, 2002 წელი), რაც შეეხება მიღებული თანხის ზიანის ანგარიშში ჩათვლას, გაურკვეველია, რა ზიანს მოიაზრებენ კასატორები, ამასთანავე, მათ შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ მიღებული თანხის ზიანად მიჩნევის თაობაზე (სკ-ის 188-ე-190-ე მუხლები). საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად დაამყარა საკუთარი შეფასება სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 და 183-ე მუხლის პირველ ნაწილებზე. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კი, სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა ზეპირი ნება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე წარმოადგენდა ბათილს, ანუ სასამართლომ სწორად დაადგინა გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და სახეზეა შესრულების კონდიქციის შემადგენლობა (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფძვლობა/გაუმართლებლობა (იხ. სუსგ №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან მხარეებს არ მიუთითებიათ თუ რაში გამოიხატა მათი უფლების დარღვევა, ხოლო მხარეთა აპელირება იმაზე, რომ მათ დააყენეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება, რამდანადაც აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მხარეებს დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 23.03.2016წ. განჩინებით გაზიარებულ იქნა კასატორთა შუამდგომლობა, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, ასეთ დროს ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული თანხის 30% (ი.ი-ს _ 201,24 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარი, ხოლო ჯ. ი-ს _ 143,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. და ჯ. ი-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი.ი-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 670,8 აშშ დოლარის 30%-ის _ 201,24 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, ხოლო ჯ. ი-ს (პ/#...) _ 479,2 აშშ დოლარის 30%-ის _ 143,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური