საქმე №ას-621-588-2015 3 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-აია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ რ. გ-აია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. გ-აიამ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ-აიასა (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე, მოვალე) და სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა ქ.აბაშაში, სადგურის მიმდებარედ არსებული, რ. გ-აიას სახელზე აღრიცხული 120.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 90.00 კვმ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 40.01.34.1..) 1/2-ის მესაკუთრედ აღიარება, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 მაისის №... ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ 2013 წლის 19 ივნისს გამოცემული, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0... აქტით დაყადაღებული ამ ქონების (1/2 ნაწილის) ყადაღისაგან გათავისუფლება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება მოვალესთან. ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქ.აბაშაში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდით 40.01.34.1..., რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მოვალის საკუთრებად. მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, მოვალის საგადასახადო ვალდებულების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე მთლიანად იქნა დაყადაღებული, რაც დაუშვებელია, ვინაიდან ყადაღადადებული ქონების ½ ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თავდაპირველმა თანამოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო;
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ უძრავი ნივთის დაყადაღება მოვალის საგადასახადო დავალიანების გამო განხორციელდა ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების სრული დაცვით. ყადაღადადებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოვალის სახელზე, შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება უძრავი ქონების მიმართ უდავოა. ყადაღადადებულ ქონებას მოვალე სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვისაც. ამდენად, ის წარმოადგენს ვალდებულ პირს მეუღლის მიერ ამ ქონებით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზეც.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.აბაშაში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მოვალის სახელზე აღრიცხული 120 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 40.01.34.1...) ½-ის მესაკუთრედ. ყადაღისაგან გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 მაისის №... ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2013 წლის 19 ივნისს №... აქტით დაყადაღებული სადავო უძრავი ქონება (½ ნაწილი).
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 1986 წლის 17 დეკემბრიდან მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება რ. გ-აიასთან;
1.2.2. ქორწინების პერიოდში, 2003 წლის 18 ივნისს, აბაშის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და მოვალეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ იქნა უძრავი ქონება _ 120.00 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 90 კვ.მ შენობა - ნაგებობა, (საკადასტრო კოდით 40.01.34.1...), მდებარე ქ.აბაშაში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე;
1.2.3. შეძენილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოვალის საკუთრებად;
1.2.4. თავდაპირველი თანამოპასუხე (მოვალე) 1998 წლის 5 აგვისტოდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და სსიპ შემოსავლების სამსახურში ირიცხება გადასახადის გადამხდელად. მისი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა;
1.2.5. მოვალეს ერიცხება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 74 978.34 ლარი, რასაც ყოველდღიურად ერიცხება საურავი;
1.2.6. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 28 მაისს გამოსცა №... ბრძანება მოვალის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
1.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 მაისის №... ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცერმა 2013 წლის 19 ივნისს გამოსცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №... აქტი, რომლითაც დაყადაღებულ იქნა მოვალის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება;
1.2.8. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა რა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში. აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად მიქცეული არ არის.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეაფასა ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების დარღვევა, ხოლო 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები;
1.4.2. ვინაიდან მოვალეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დაცვით განხორციელდა იმ ქონების დაყადაღება, რაც საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად იყო რეგისტრირებული და დაცულია სამოქალაქო კოდექსის 311-ე და 312-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში სასამართლოს ჯერ დაყადაღების კანონიერებაზე უნდა ემსჯელა, ხოლო შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება. განსახილველი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, რადგანაც მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, გაეყო თანასაკუთრება, სარჩელის მიზანს, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენს;
1.4.3. სააპელაციო პალატამ მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1158-ე მუხლებზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი, სასამართლომ ამ საკითხის თაობაზე არასწორად არ გაიზიარა სასამართლო პრაქტიკა (სუსგ #3კ/932-02), რომლის თანახმადაც, მეუღლეთა თანასაკუთრება მესამე პირის მიმართ საჯარო რეესტრში თანამესაკუთრედ რეგისტრაციისას წარმოიშობა. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მისი მეუღლე სადავო ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა, რაც განაპირობებს სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას მეუღლის დავალიანებაზე. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (სუსგ #ას-1035-1228-08). სასამართლოს მხრიდან დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სკ-ის 1151-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას (აღნიშნულის თაობაზე ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო). განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ბათილობა არ წარმოადგენს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებულობის თაობაზე (იხ. სუს დიდი პალატის 09.12.2002წ. #3კ/932-02 განჩინება), რაც შეეხება კასატორის მითითებას უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განჩინებაზე (საქმე #ას-1035-1228-08), საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე და განმარტავს, რომ ნორმის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის სავალდებულო წინაპირობას სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა წარმოადგენს, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც, მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცის გარანტია და ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. სუსგ-ებები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი) .
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური