¹ ბს-966-823-კ-04 21 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: უკანონო მოთხოვნის გაუქმების მოპასუხისთვის დავალება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 23 ოქტომბერს შპს “თ. ჯ. თ-მა” სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 20 ივნისს მოსარჩელესა და ფინანსთა სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის 3.4 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული სამინისტრო ვალდებული იყო მოეხდინა თურქმენეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის ყველა იმ ოფიციალური შეტყობინების აქცეპტირება, რომლებიც დაკავშირებული იყო ხსენებული ხელშეკრულების საგანთან. ვალის შემცირების თაობაზე თურქმენეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებული თანხის 70% წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ ფინანსთა სამინისტროს სავალო ვალდებულებებს, რომლებიც აღნიშნულ სამინისტროს უნდა შეესრულებინა ხსენებულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, მას და მოპასუხეს შორის 2002წ. 20 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე საკუთარი სახსრებით, ბიუჯეტიდან ყოველგვარი წინასწარი დაფინანსების გარეშე, დაამზადებდა პროდუქციას, რომლის შესაბამისად, თურქმენეთის მხარე შეამცირებდა მისდამი საქართველოს დავალიანებას 8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფინანსთა სამინისტრო შპს “თ. ჯ. თ-ს” აუნაზღაურებდა 5,6 მლნ აშშ დოლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში მიიღებდა 2,4 მლნ აშშ დოლარის ეკონომიას. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი სარგებლისა, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით მიიღებდა დაახლოებით 500000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მაშასადამე, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე ნახავდა სარგებელს, სახელმწიფოც მიიღებდა მნიშვნელოვან მოგებას, კერძოდ: 1. საგარეო ვალის შემცირებას 8000000 აშშ დოლარით; 2. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეკონომიას 2400000 აშშ დოლარით; 3. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსებას 500000 აშშ დოლარით. ამდენად, სულ სახელმწიფო ნახავდა სარგებელს _ 10900000 აშშ დოლარს.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის, რომელიც მოიცავდა 35 სარკინიგზო ვაგონის შეკეთება-აღდგენას, წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე თურქმენეთის მხარისგან დამატებით აიღებდა შეკვეთას 65 ერთეული სარკინიგზო ვაგონის შეკეთება-აღდგენაზე, რაც, გარდა ზემოთ მოხსენიებული პირდაპირი სარგებლის მიღებისა, სახელმწიფოს დაეხმარებოდა მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტის მიღწევაში, ვინაიდან დიდი ოდენობით შეკვეთის შესრულებას დასჭირდებოდა მუშა-მოსამსახურეთა დიდი ოდენობით დასაქმება მათი პირდაპირი სპეციალობით.
მოსარჩელის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელისთვის წაყენებული ჰქონდა უკანონო მოთხოვნა 433800 ლარზე, რაც ვითომდა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ 2002წ. 20 ივნისის ხელშეკრულების 3.7 და 4.2 მუხლების დარღვევით. მოსარჩელემ, აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, 2002წ. ¹121/18 წერილით დროულად აცნობა მოპასუხეს კონტრაქტის შესრულებაში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით შპს “თ. ჯ. თ-მა” საინვესტიციოდ მოიზიდა დიდი ოდენობით თანხები და ეს გარკვეულ ვალდებულებებთან იყო დაკავშირებული, აღნიშნული წერილით მოთხოვნილი იყო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ზემოხსენებულ დროულ შეტყობინებაზე ფინანსთა სამინისტრომ პასუხი გასცა მხოლოდ 2003წ. 4 თებერვალს, ანუ ორი თვის დაგვიანებით. აღნიშნული პასუხით დაფიქსირდა ხსენებული ხელშეკრულების შეწყვეტა 2003წ. 1 თებერვლიდან, 171360,66 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს დაკისრებით. ამის შემდეგ, 2003წ. 3 თებერვალს, შპს “თ. ჯ. თ-მა” ¹17/01 და ¹18/01 წერილებით აცნობა ფინანსთა სამინისტროს იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა თურქმენეთის მხარესთან ურთიერთობაში, რის შედეგადაც 2003წ. 1 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმა “დამატებითი ხელშეკრულება” იმავე საკითხზე, რომლითაც დადგინდა, რომ, თითქოს 2002წ. 20 ივნისის ხელშეკრულება გაგრძელდა 2003წ. 1 მარტამდე და დამატებით იქნა დაკისრებული პირგასამტეხლო 76273,97 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც პირგასამტეხლოს საერთო თანხამ შეადგინა 247634,63 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოპასუხემ შპს “თ. ჯ. თ-ს” 2003წ. 24 ივნისის ¹12/0708-1165/6251 წერილით დამატებით აცნობა, რომ გრაფიკის დარღვევის გამო, ფინანსთა სამინისტრომ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, 2002წ. 1 ოქტომბრიდან დაიწყო შპს “თ. ჯ. თ-ისთვის” ჯარიმების დარიცხვა.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ¹1 დანართში მითითებული გრაფიკით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო წლიური 12%-ის ოდენობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობისა და სამას სამოცდახუთდღიანი წელიწადის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო იყო 0,0329%, რაც 2002წ. სექტემბერში შპს “თ.ჯ. თ-ის” მიერ დასაფარ თანხასთან მიმართებაში (205600 აშშ დოლარი) ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 676,42 აშშ დოლარს და 2002წ. 6 დეკემბრამდე, ანუ იმ დღემდე, როდესაც შპს “თ. ჯ. თ-მა” ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად აცნობა ფინანსთა სამინისტროს გრაფიკით გათვალისწინებული ვადების, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დარღვევის თაობაზე. შპს “თ. ჯ. თ-ს” პირგასამტეხლო უნდა დარიცხვოდა მხოლოდ 65 დღეზე, ანუ 2002წ. 1 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე, სულ _ 43967,56 აშშ დოლარი, ნაცვლად ფინანსთა სამინისტროს მიერ დარიცხული 171360,66 აშშ დოლარისა. ამდენად, ფინანსთა სამინისტრომ შპს “თ. ჯ. თ-ს” უსამართლოდ დააკისრა 65 დღის ნაცვლად 151 დღის საურავი და ამრიგად, ზედმეტად დაარიცხა 86 დღეზე 58171,80 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ზედმეტად და უკანონოდ იყო დარიცხული 76273,97 აშშ დოლარი, ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების თანახმად, იგი, ფაქტობრივად, შეწყდა 2002წ. 6 დეკემბერს, ხოლო ახალი ხელშეკრულება გაფორმდა 2003წ. 1 მარტს, რის გამოც 2002წ. 20 ივნისის ხელშეკრულების მოქმედების ხელოვნურად გაგრძელება იყო უსამართლო.
მოსარჩელის განცხადებით, 2003წ. 2 ივნისს შპს “თ. ჯ. თ-მა” ¹62/00 წერილით სადავო საკითხის გასარკვევად მიმართა ფინანსთა სამინისტროს, რაზეც 2003წ. 24 ივნისს ¹12/0709-1165/6251 წერილით მიიღო არაარგუმენტირებული უარყოფითი პასუხი და სრულიად უმართებულოდ გაუკეთა იგნორირება შპს “თ. ჯ. თ-ის” 2002წ. 6 დეკემბრის დროულ შეტყობინებას, რის შედეგადაც, შპს “თ. ჯ. თ-ს”, როგორც ეკონომიკურ აგენტს, შეიძლებოდა დაკისრებოდა უსამართლო და უკანონო ფინანსური სანქციები მაშინ, როდესაც მოსარჩელეს წარმოებაში ინვესტირებული ჰქონდა 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა დისკონტისა, გადაიხადა 300000 აშშ დოლარზე მეტი, აგრეთვე, დააფინანსა მთელი კონტრაქტის ღირებულების 80%. მოპასუხე ამტკიცებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა თურქმენეთის ვალის გასტუმრების ვალდებულებებს და იქმნებოდა პრობლემები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რაც იყო არასწორი, ვინაიდან მიწოდების გრაფიკი იცვლებოდა თურქმენეთის მხარესთან შეთანხმებით იმ ობიექტური მიზეზების გამო, რაც თურქმენეთის ბაზარზე იჩენდა თავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისთვის გაუმართლებლად დიდი პირგასამტეხლოს დაკისრება იყო უკანონო და უსამართლო, რაც გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებდა მას და სასარჩელო განცხადებით ითხოვა: მხარეებს შორის 2002წ. 20 ივნისის ხელშეკრულების 3.7 და 4.2-4.6 მუხლების დარღვევის გამო, შპს “თ. ჯ. თ-ის” მიმართ 438000 ლარის უკანონო მოთხოვნის გაუქმების ფინანსთა სამინისტროსთვის დავალება; ფინანსთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის _ 30000 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ იქნა ცნობილი ბათილად 2002წ. 1 მარტს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “თ. ჯ. თ-ს” შორის დადებული დამატებითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 და 2.2 პუნქტები, სადაც “თ. ჯ. თ-ის” მიერ, ნაცვლად 247634,63 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს 2003წ. 1 მარტამდე გადახდის ვალდებულებისა, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 43967,87 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს 2002წ. 6 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “თ. ჯ. თ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ. ჯ. თ-მა”.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი არგუმენტი იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ შპს “თ. ჯ. თ-ი” ვალდებული იყო, ფინანსთა სამინისტროსგან დადგენილი წესით მიღებული თანხებიდან (5352365,37 აშშ დოლარი), იმჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეხადა: საგზაო გადასახადი _ 80000 აშშ დოლარი, სამეწარმეო გადასახადი _ 40000 აშშ დოლარი, მოგების გადასახადი _ 68000 აშშ დოლარი. აღნიშნული გადასახადების გადახდის შემდგომ დარჩენილი თანხიდან _ 5412000 აშშ დოლარიდან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სს “ელ-ს” უნდა გადაეხადოს 4840000 აშშ დოლარი, ხოლო ინვესტორს, რომლისგანაც მიღებული აქვს სესხი განსახორციელებელი პროგრამის დასაფინანსებლად _ 300000 აშშ დოლარი. ამრიგად, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, შპს “თ. ჯ. თ-ის” ანგარიშზე რჩება მხოლოდ 272000 აშშ დოლარი, რაც, სააპელაციო პალატის მოტივაციის საპირისპიროდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (247634 აშშ დოლარი) მიმართ ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებთან შესაბამის ოდენობად, ვინაიდან პირგასამტეხლო ამ შემთხვევაში შეადგენს მოგების 91%-ზე მეტს, რომელიც უნდა შემცირდეს 43967,87 აშშ დოლარამდე, ანუ მან შეადგინოს შპს “თ. ჯ. თ-ის” განკარგულებაში დარჩენილი თანხის 16-20% და არა ამაზე მეტი;
2. არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მხარეთა შორის დადებული დამატებითი ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლების, სკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით ბათილობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა შპს “თ. ჯ. თ-ის” 2002წ. 6 დეკემბრის წერილი, რომელშიც იგი აღიარებდა ფინანსურ სანქციებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე და ამასთან, მიუთითებდა ობიექტურ მიზეზებზე, რის გამოც ითხოვდა დადებული ხელშეკრულების პირობების კორექტირებას. აღნიშნული წერილი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ შეტყობინებად, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიუთითებს არა კონკრეტულ, არამედ ზოგად ობიექტურ მიზეზებზე, რის გამოც მიზნად ისახავს კონტრაქტის პირობების კორექტირებას. 2003წ. 1 მარტისთვის შპს “თ. ჯ. თ-ს” ინვესტორისგან უკვე აღებული ჰქონდა სესხი დაახლოებით 2000000 აშშ დოლარის ოდენობით და გახარჯული ჰქონდა იგი თურქმენეთში იმ დროისთვის გაგზავნილი ვაგონების კაპიტალურ-აღდგენით სამუშაოებსა და თურქმენეთის მთავრობის დაკვეთით სხვა პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში. ამრიგად, ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი ხელშეკრულების არდადება ნიშნავდა დაფინანსების წყაროს მთლიან მოსპობას მესამე პირთა მიმართ დიდი საფინანსო ვალდებულებების პირობებში. სწორედ ეს გარემოებაა იმის უტყუარი საბუთი, რომ ფინანსთა სამინისტრომ ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება შპს “თ. ჯ. თ-ის” მიმართ 2003წ. 1 მარტის დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების დროს;
3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შპს “თ. ჯ. თ-თან” ურთიერთობაში ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და, ვინაიდან მას, ერთადერთს, აქვს უფლება მოემსახუროს საქართველოს საგარეო ვალის დაფარვას. აღნიშნულ სამინისტროს დომინირებული მდგომარეობა უკავია ადმინისტრაციულ გარიგებათა ბაზრის ამ სეგმენტზე, რასაც არამართლზომიერად იყენებს შპს “თ. ჯ. თ-ის” მიმართ. სააპელაციო პალატამ სრული მოცულობით არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მასალები და მოცემული საქმის ზეპირი განხილვის დროს შპს “თ. ჯ. თ-ის” მიერ მოყვანილი არგუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და მოცემული საქმის მასალებითაც დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002წ. 20 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “თ. ჯ. თ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნულმა საწარმომ განაცხადა თანხმობა 2002წ. განმავლობაში თურქმენეთის მიმართ საქართველოს საგარეო ვალის ძირითადი თანხის შემცირებასა და შესაბამისი საპროცენტო გადასახდელების დაფარვაზე თურქმენეთის მხარის სასარგებლოდ წარმოებული სამუშაოების (მომსახურება) ღირებულების ოდენობით, თურქმენეთის მხარის მიერ ჩათვლის გზით. ფინანსთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა თანხმობა თურქმენეთის მხარისგან საქართველოს საგარეო ვალის შემცირების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის სახსრებიდან განეხორციელებინა შპს “თ. ჯ. თ-ისთვის” თანხების ანაზღაურება, ამ უკანასკნელის მიერ თურქმენეთთან საგარეო ვალის შემცირებისა და საპროცენტო გადასახადების დაფარვის ანგარიშში პროდუქციის (მომსახურება) რეალიზაციისთვის შეთანხმებული დისკონტის გათვალისწინებით. 2003წ. 1 მარტს მხარეთა შორის დაიდო დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც მათ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ შპს “თ. ჯ. თ-მა” ვერ შეასრულა 2002წ. 20 ივნისის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და დამატებით იკისრეს სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის, შპს “თ. ჯ. თ-მა” აიღო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. აღნიშნული დამატებითი ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, 2003წ. 1 მარტის მდგომარეობით პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 247634,63 აშშ დოლარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი არგუმენტები იურიდიულად დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით მხარეთა შორის დადებული დამატებითი ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლების ბათილად ცნობა უსაფუძვლოა. აღნიშნული ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა შპს “თ. ჯ. თ-ის” 2002წ. 6 დეკემბრის წერილი, რომელშიც იგი აღიარებდა ფინანსურ სანქციებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე და ამასთან, მიუთითებდა ობიექტურ მიზეზებზე, რის გამოც ითხოვდა დადებული ხელშეკრულების პირობების კორექტირებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ შეტყობინებად, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიუთითებს არა კონკრეტულ, არამედ ზოგად ობიექტურ მიზეზებზე, რის გამოც მიზნად ისახავს კონტრაქტის პირობების კორექტირებას.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 2003წ. 1 მარტის დამატებითი ხელშეკრულების დადებისას, ფინანსთა სამინისტროს ბოროტად არ გამოუყენებია საბაზრო ძალაუფლება და არ უსარგებლია შპს “თ. ჯ. თ-ის” მძიმე მდგომარეობით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი გარიგების ბათილად ცნობისთვის, რადგან ამისთვის აუცილებელია გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისთვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა და ამასთან, უკიდურესი საჭიროების გამო მისი დადება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2003წ. 1 მარტს დადებული ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლები სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ გარიგების დადებასთან დაკავშირებულ და ვალდებულებითი სამართლის ნორმებთან და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ სრული მოცულობით არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მასალები და მოცემული საქმის ზეპირი განხილვის დროს შპს “თ. ჯ. თ-ის” მიერ მოყვანილი არგუმენტები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულების დადება ფინანსთა სამინისტროს მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად და შპს “თ. ჯ. თ-ის” მძიმე მდგომარეობის გამოყენების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც აკისრია საგარეო ვალის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფა, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სკ-ის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ, ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობაში მყოფ მხარედ, ხოლო შპს “თ. ჯ. თ-ი” იმ კონტრაჰენტად, რომელსაც ხელშეკრულების არათანაბარი პირობები შესთავაზეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს “თ. ჯ. თ-ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “თ. ჯ. თ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.