საქმე №ას-453-435-2016 10 ივნისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ. ს-ე, ლ. ს-ე, დ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ-“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ტ-ემ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ს-ის, დ. კ-ისა და ლ. ს-ის (შემდეგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, მეტროსადგურ დ.-ის მიმდებარედ (ნაკვეთი #...-) არსებული მოსარჩელის კუთვნილი 5,01 კვ.მ #7 ნაგებობის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, მეტროსადგურ დ.-ის მიმდებარედ არსებული 3922 კვ.მ ტერიტორია (ს/#01.13.03.051....), მათ შორის ამ ნაკვეთზე განთავსებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 5,01 კვ.მ #7 ნაგებობა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. ეს უკანასკნელი ფართი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მოწყობილი აქვთ სამეურნეო მაღაზია. მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ფართს (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ სადავო ნაგებობა მოპასუხის (ზ.ს-ე) მიერ განხორციელებული უნებართვო მიშენებაა, მოსარჩელეს ქონებაზე საკუთრების უფლება კანონის დარღვევითაა აქვს მოპოვებული, მან მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა და სადავო ნაგებობა მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორიის საკადასტრო საზღვრებში არ ექცევა (იხ. დაზუსტებული შესაგებელი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, მეტროსადგურ დ.-ის მიმდებარედ (ნაკვეთი #...) მოსარჩელის კუთვნილი #7 ნაგებობა (საერთო ფართი 5,01 კვ.მ, ს/#01.13.03.051....) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომაროებაში გადაეცა მოსარჩელეს, ასევე, განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.თბილისში, მეტრო დ.-ის მიმდებარედ (ნაკვ. ...), 3922 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენონა-ნაგებობები, მათ შორის #7 ნაგებობა (საერთო ფართით 5.01 კვ.მ; ს.კ. 01.13.03.051....) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებული არ არის.
1.2.2. სადავო #7 ნაგებობა (ს.კ. 01.13.03.051....) არის მოპასუხეთა მფლობელობაში.
1.2.3. მოპასუხეებს არ აქვთ ნივთის ფლობის უფლება. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ნივთის მოპასუხეთა მართლზომიერი ფლობის ფაქტზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე მოპასუხეები ვერც მიუთითებენ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორების შედავება იმის თაობაზე, რომ:
ა) სასამართლომ არასწორად განმარტა, თითქოს სადავო ნაგებობა 2014 წლის დასაწყისის ჩათვლით მდებარეობდა სხვა კოორდინატებზე, რაც დასტურდება #... და #... ამონაწერებითა და მათზე დართული საკადასტრო გეგმებით, ასევე, საჯარო რეესტრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო შეჩერების შესახებ და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების დამადასტურებელი ფაქტობრივი საფუძვლის ამსახველი ნახაზით. რეალურად სადავო ნაგებობა კასატორთა არა სარგებლობის, არამედ საკუთრების ობიექტია, რომელიც უკანონოდ აქვს მითვისებული მოსარჩელეს;
ბ) სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სადავო #7 ნაგებობა ერთ საინჟინრო აქრიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც 2014 წლიდან მდებარეობს ნაკვეთებზე #01.13.03.051.0... და #01.13.03.051.0...;
გ) ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოიპოვა საკუთრება ქონებაზე, გასაჩივრებულია და თბილისის მერიას მასზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია, ამ მხრივ სარჩელი, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით გამართულია, კერძოდ, მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც შეეხება მესამე ელემენტს _ ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმისი დადასტურება, რომ მას გააჩნია ნივთის ფლობის ნამდვილი უფლება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ამ მხარის პოზიციის მართებულობას. მოპასუხეები მიუთითებენ მათი საკუთრების უფლების არსებობაზე. ასეთ დროს კი, გასათვალისწინებელია საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მატერიალური კანონმდებლობის დათქმა იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით უნდა დადასტურდეს (სკ-ის 312-ე მუხლი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები ნივთზე საკუთრების უფლებას ადასტურებენ ადრე არსებული საჯარო რეესტრის მონაცემებით, რომლებიც არსებული მდგომარეობით გაუქმებულია და არსებობს ახალი რეგისტრაცია, ამასთანავე, მიუთითებენ თბილისის მერიაში არსებულ ადმინისტრაციულ საჩივარზე, რაც მოსარჩელის საკუთრების უფლების გაზიარებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება საკუთრების უფლების შესაგებლის და არა შეგებებული სარჩელის ფარგლებში შედავების გამო, აქვე პალატა განმარტავს, რომ ქონებაზე სანივთო უფლების რეგისტრაციის პირობებში არსებობს მოსარჩელის უფლების დაცვისათვის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი პრეზუმფციის დაშვების აუცილებლობა იმის თაობაზე, რომ რეგისტირებული უფლება უტყუარი და სრულია, რაც საკასაციო პრეტენზიათა გაზიარებას გამორიცხავს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ასევე, სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განკუთვნადი მტკიცებულებით ვერ იქნა დაძლეული მოპასუხეების მხრიდან ნივთზე ნამდვილი უფლების არსებობა.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გ. ბ-ის მიერ 30.05.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს-ის, ლ. ს-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ზ. ს-ეს (პ/#...), ლ. ს-ესა (პ/#...) და დ. კ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ გ. ბ-ის მიერ 30.05.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური