№ას-414-397-2016 12 ივლისი 2016, წელი, თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. 2014 წლის 16 მაისს ნ.კ–სა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ) და შპს „ნ.კ.“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) შორის ონლაინრეჟიმში შესრულებული სასესხო განაცხადით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეს ანგარიშზე ჩაერიცხა 450 ლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623 -ე მუხლი}.
2. სესხის სარგებელი 30 დღეზე 19 %-ით განისაზღვრა, გადავადების საკომისიო - 24 %-ით; ჯარიმა (პირგასამტეხლო) - ვალდებულების დარღვევისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% -ით, მანამ, სანამ პირგასამტეხლო მიაღწევდა სესხის ძირითადი თანხისა და საკომისიოს ჯამური ოდენობის 200 %-ს {სსკ-ის 625-ე, 417- 418-ე მუხლები).
3. სესხის დაბრუნების ვადა შეადგენდა 30 დღეს.
4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მან მხოლოდ გადავადების საკომისიო - 202,50 ლარი და პირგასამტეხლო - 1,5 ლარი დაფარა.
5. მოპასუხის დავალიანება კრედიტორის მიმართ განისაზღვრა 1434.98 ლარით (აქედან: სესხის ძირითადი თანხაა - 450; საკომისიო - 86; პირგასამტეხლო - 898.98 ლარი).
6. 2015 წლის 16 დეკემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1434.98 ლარის გადახდა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 2321-ე მუხლი} .
9. მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარადგინა საჩივარი {სსსკ-ის 237-ე-238-ე მუხლები}.
10. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება {სსსკ-ის 240.3 მუხლი}.
11. აპელანტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მისი უარყოფა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანტის საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
12.1. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს მხარეს საჩივარი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო წარმოებაში ვერ მიიღებდა სააპელაციო საჩივარს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება იყო - (898+86=984) 984 ლარი.
13. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განჩინება მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
13.1. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმაზე, რომ აპელაციაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს და არ მიიღო მხედველობაში ის, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას ფაქტობრივად უარი ეთქვა მართლმსაჯულებაზე, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.
14. 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით კასატორის კერძო საჩივარი 414-ე, 416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ : ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15.2. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
16. გასაჩივრებული განჩინებით, კასატორის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
17. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.
18. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე - გადასახდელი თანხით.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ფასი 984 ლარია, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას ჩამოერთვა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება, არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს {სსსკ-ის 2.2. მუხლი}. მსგავს შეზღუდვებს სსსკ-ც ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთია მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (სუსგ #ას-254-239-2011).
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს (გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საქმე #4451/70).
23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი და მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
24. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
250. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი