№100210015755399
საქმე №ას-312-297-2016 03 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. სს „--ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის
სამსახური (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში)
მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ---ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „--ისა“(შემდეგში: პირველი მოპასუხე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სამსახურის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მიწის ნაკვეთის ზედდების გაუქმებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
II. მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხებმა სარჩელი არ ცნეს.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა პირველი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდი №3--10.31.0--, 3--10.31.---, 3--10.31.---, 3--10.31.0--) რეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის ჩანაწერი იმ ნაწილში, სადაც ზედდება ხდება პირველი მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №3--10.23.0--) საკადასტრო აზომვით ნახაზთან ს.კ. 3--10.31.0-- ნაკვეთთან -3,5 კვადრატული მეტრ ფართზე; ს.კ. 3--10. 31.0-- ნაკვეთთან-407,0 კვ.მ. ფართზე, ს.კ. 3--10.31.--- ნაკევეთთან-15,7 კვ.მ. ფართზე; ს.კ.3--10.31.--- ნაკვეთთან-97,0 კვ.მ. ფართზე. ამავე ნაწილში (ზედდების) მოპასუხეს დაევალა ამავე (ზედდების) ნაწილში №3--10.31.0-- უძრავი ნივთთან დაკავშირებული საჯარო რეესტრის მონაცემების შეცვლა, კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე - (№3--10.31.0--, 3--10.31.---, 3--10.31.---, 3--10.31.0--) შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ს------ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1) 2008 წლის 16 ივლისიდან საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად არის რეგისტრირებული 1424 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე ს---ის გ--–ის №10-ში, საკადასტრო კოდით №3--10.23.0-- (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.24-25). მანამდე, იგივე მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული იყო თ. კ-ის საკუთრებად, რომლისგანაც იგი შეძენილი იქნა მოსარჩელის მიერ 2008 წლის 16 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულებით (იხ: ხელშეკრულება - ს.ფ.16-19).
2) 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანებით მეორე მოპასუხის კაპიტალში შეტანილი იქნა და რეგისტრირებული საკუთრებად 4 ნაკვეთი კერძოდ, 3--10.31.0-- ნაკვეთი, ს.კ. 3--10. 31.0-- ნაკვეთი, ს.კ. 3--10.31.--- ნაკევეთი ს.კ.3--10.31.--- ნაკვეთი. (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.62-69).
3) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაამტკიცა, რომ ,- --ის” საკუთრებად რეგისტრირებული 3--10.31.0-- ; ს.კ. 3--10. 31.0-- , ს.კ. 3--10.31.--- , ს.კ.3--10.31.--- მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული №3--10.23.0-- მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 ივლისის №004383515 დასკვნა (ს.ფ.159-168) ამგვარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ექსპერტებმა დასკვნა მითითებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის თაობაზე ჩამოაყალიბეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სავარაუდო (და არა ზუსტი) ადგილმდებარეობის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; ხოლო ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან, რაც, იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამორიცხავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება ხორციელდება ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და ინფორმაციის საფუძველზე. იგულისხმება „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის - ხაზოვანი ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.
მოსარჩელე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე აპელირებდა, რომ პირველი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები შეჭრილი იყო მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რადგან მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უზუსტო საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. მოსარჩელემ მითითებული გარემოების არსებობა ვერ დაამტკიცა, რამაც სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:
21. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადინა მოწინააღმდეგე მხარემ.
22. კასატორი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული კანონების არასწორ განმარტებას ეფუძნება, სახელდობრ კასატორი აპელირებს საქართველოს პრეზიდენტის 30.04.1999წ. №206 ბრძანებულებაზე, რომლითაც მისი მოსაზრებით, განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული ტოპოგრაფიული რუკები და გეოდეზიური ქსელები. ახლად შემოღებული კოორპდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე არსებული უფლების ჩამორთმევას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტიურად ადასტურებს სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობას, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი, ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც მოსარჩელე არის საკუთრების უფლების მქონე, თუმცა, არ არსებობს საკუთრების ფაქტობრივი უფლება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი. იგი ერთი მხრივ, აღიარებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელის კუთვნილებას ფორმალურად (ე.ი. ეთანხმება საჯარო რეესტრის ჩანაწერს), ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავის გადაწყვეტილებით გამორიცხავს ფაქტიურად უარყოფს საკუთრებას, ვინაიდან მან არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა და ვერც თვითონ მიუთითა მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობაზე.
კასატორი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სპორონგი და ლონორთა შვედეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად შეიძლება ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის სახელზე უფრო ადრე იქნა რეგისტრირებული უძრავი ნივთი, ვიდრე პირველი მოპასუხე მოახდენდა მის რეგისტრაციას, ხოლო რაც შეეხება კონფიგურაციას, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზით დასტურდება, რომ კონფიგურაცია მისი მხრიდან დარღვეული არ არის და პირიქით, იგი არის ისე შესრულებული, როგორც პირველადი ნახაზით იქნა რეგისტრირებული. სასამართლომ სადავოდ მიიჩნია ადგილმდებარეობა, მაშინ როდესაც მხარეები თავად ესწრებოდნენ ექსპერტიზის ჩატარებას და სწორედ მათი მითითებით იქნა შესრულებული ნახაზი. ამასთანავე, სადაო ნაკვეთზე გადის რკინიგზის ჩიხი, რომლის გადატანა და ადგილმდებარეობის შეცვლა შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმ მიმართულებითაა ჩამოყალიბებული, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრირებულ მონაცემებში არსებობს 2008 წლის 16 ივლიდან (რეგისტრაციის საფუძველი: ნასყიდობის ხელშეკრულება).
2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანებით მეორე მოპასუხის კაპიტალში შეტანილ იქნა და რეგისტრირებულია საკუთრებად 4 ნაკვეთი.
22. სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საბოლოოდ კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო მათ ერთობლიობაში სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
23. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული ს.კ. 3--10.31.0--; ს.კ. 3--10. 31.0--, ს.კ. 3--10.31.---, ს.კ.3--10.31.--- მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები შეჭრილია მის საკუთრებად რეგისტრირებული №3--10.23.0-- მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. მოსარჩელის პოზიციის დასადასატურებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კი, ვარგის მტკიცებულებად არ იქნა მიჩნეული, რადგან ექსპერტებმა დასკვნა მითითებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის თაობაზე ჩამოაყალიბეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სავარაუდო (და არა ზუსტი) ადგილმდებარეობის საფუძველზე.
24.. კასატორი ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სპორონგი და ლონორთა შვედეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად შეიძლება ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია.
კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმე Sporong and Lonnroth v. Sweeden (Application no. 7151/75), ეხეოbდა ექსპროპრიაციის ნებართვისა და ამკრძალავი შეტყობინების დაწესებას სტოკჰოლმში არსებულ ქონებაზე. სასამართლომ განაცხადა: „ფორმალური ექსპროპრიაციის არარსებობის პირობებში, რაც გამოიხატება მფლობელობის გადაცემით, გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმის მეორეხარისხოვანი გარემოებები და გამოკვლეული გასაჩივრებული მდგომარების რეალური პირობები..., ვინაიდან კონვენცია გამიზნულია მასში ასახული უფლების „პრაქტიკული და ეფექტიანი“ გარანტირებისათვის..., უნდა დადგინდეს წარმოდგენდა თუ არა შექმნილი მდგომარეობა ფაქტობრივ ექსპროპრიაციას, რაც ნავარაუდევი იყო განმცხადებლის მიერ“. ჩამოყალიბებული პრეცენდენტული პრაქტიკა ასევე ფართოდ აყალიბებს საჯარო ინტერესის ცნებასაც.
ამდენად, მითითებულ პრეცედენტულ საქმეში სასამართლოს მიერ განმარტებულ სამართლებრივ საკითხებს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოდ გამხდარ საკითხებზე გავლენა ვერ ექნება.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ ას-1161-1092-2015; 15 იანვარი, 2016 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ დ---ეს უკან დაუბრუნდეს თ–ის მიერ 2016 წლის 25 მარტს საგადახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე