№340210114665122
საქმე №ას-358-343-2016 03 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე, აპელანტი)
მეორე კასატორი - ააიპ პ. გ-ება „ე--ი ნ--ი მ--ა“ (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურება
დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ააიპ პ. გ-ბა „ე-ი ნ-ი მ--ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, საიჯარო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ფართის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
II. მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ დაეკისრა პროცესის ხარჯების: წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების - 100 ლარის და საფოსტო ხარჯის - 15.20 ლარის გადახდა, დანარჩენ მოთხოვნაზე მოპასუხეს ეთქვა უარი.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. მოპასუხემ კი, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება პროცესის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 27 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა #1-122 ბრძანება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემაზე ნებართვის მიცემის შესახებ”, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კინოთეატრ ,,ს -ს” 128.2 კვ.მეტრი საოფისე ფართი იჯარის ფორმით 2 წლის ვადით გადაეცეს ე-- ნ-- მ-ას.
7. 2012 წლის 2 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და პ. გ-ება ,,ე- ნ- მ--ას“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, ქ. ლაგოდეხში წმ. ნ- ქუჩაზე მდებარე კინოთეატრ ,,ს -ს“ შენობაში 128.2 კვ.მ ფართის იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, 2 წლის ვადით.
8. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2012 წლის 2 აგვისტოდან, 2 წელი. ამავე მუხლის 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხდნენ, რომ ,,ხელშეკრულება გრძელდება ავტომატურად, მომდევნო ორი წლის ვადით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წერილობით უარს არ განაცხადებენ მის გაგრძელებაზე". ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 2 აგვისტოს.
9. 2014 წლის 6 აგვისტოს #889 წერილით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და ქონების დაბრუნების თაობაზე. 2014 წლის 13 აგვისტოს მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა ქონების დაბრუნებაზე, რაც დაასაბუთა ხელშეკრულების 3.2 მუხლზე მითითებით და განმარტა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2014 წლის 02 აგვისტომდე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარი არ განუცხადებია, რაზეც მხარეები წერილობით იყვნენ შეთანხმებული, ამიტომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულია მომდევნო 2 წლით.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
11. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ორგანული კანონის 33-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,პ.ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსლი იყო მიეღო გადაწყვეტილებები თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე. ასევე, სადავო ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართელოს კანონის 195 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
12. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი იყო თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ქონების იჯარით გაცემაზე. ამასთან, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ შეთანხმებულიყვნენ ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებზე, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების ერთ-ერთი კონკრეტული პირობის ამოქმედებისთვის დამატებით საჭირო აღარ იყო თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელი პირის მხრიდან ბრძანების გამოცემა, მითუმეტეს, იმ პირობებში, რომ სადავო პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება ალტერნატიული იყო და მხარეებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ ან არ გაეგრძელებინათ მისი მოქმდების ვადა.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მკაცრად ინდივიდუალიზირებული, მოლაპარაკებების გზით დადგენილი იჯარის ხელშეკრულების კონკრეტული დებულება, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა შეთანხმების (გარიგების) დადების პირობებს და მისი ნამდვილობა დამატებით რეგულაციას არ საჭიროებდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 02 აგვისტოს, შესაბამისად სასამართლომ მართებულად გამოიყენა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონი.
13. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამრიგად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი თანხმობის არარსებობა, რომლის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონის იმპერატიულ ან დისპოზიციური დანაწესით. სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა. შ. იმ პირობებში, როდესაც პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დამატებით არ იყო საჭირო თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გამოცემა არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
14. სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 562-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. პატივსადებია მიზეზი, თუ: ა. დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია; ბ. გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის; გ. დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას; დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.
განსახილველ შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა 02.08.2012 წლის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ასევე ასახელებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მუნიციპალიტეტს ფართი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად ესაჭიროება. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელატი მიუთითებს, რომ იჯარით გაცემული ფართი ესაჭიროება კულისებისთვის, რადგან აღნიშნულის არ ქონის გამო ხელი ეშლება კულტურული ღონისძიების ჩატარებაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ იჯარით გაცემული ფართის არ ქონის გამო ხელი ეშლებოდა კულტურული ღონისძიებების ჩატარებაში. თუმცა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მისი პოზიცია არ იქნა გაზიარებული.
15. მოპასუხემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა პროცესის ხარჯების ანაზღაურების საკითხი. იგი მოითხოვდა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის, სასამართლოში მივლინებისას წარმომადგენლის აუცილებელ კვებაზე გაღებული ხარჯის - 55 ლარის, შუამდგომლობების მომზადებისთვის გახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის - 5.55 ლარის, შესაგებლის და თანდართული დოკუმენტების ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯის - 5.55 ლარის მათ აკინძვაზე გაღებული ხარჯის - 0.05 ლარის, სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურების - 5.55 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
17. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს არ ჰქონდა წარმოუდგენილი მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე, მათ შორის, საქმეში არ იყო წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის პირობებში კი, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.
19. არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა 2015 წლის 16 თებერვლის, 2015 წლის 24 მარტის, 2015 წლის 3 აპრილის განჩინების და 2015 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განჩინებებით შესრულებული იყო სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, ერთ-ერთი მათგანით შესწორდა რიცხვი, რა დროსაც ჩატარდა სხდომის დღე, რომელიც რეალურად შედგა და გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული საპროცესო მოქმედება გამომდინარეობდა სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და იგი არ შეიძლებოდა კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეულიყო. ყველა დანარჩენ შემთხვევევებში, ქირასთან დაკავშირებით გამოტანილი იყო იგივე გადაწყვეტილება იგივე შედეგით, რაც დამდგარი იყო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმადაც, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამიტომ აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება სწორი იყო და შესაბამისი საპროცესო დარღვევები არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გადაწყვეტილების გაუქმებას.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:
20. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით ორივე მხარის მიერ.
21. პირველი კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად საკმარისად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება და არ იმსჯელა ხელშეკრულების შინაარსსა და მხარეთა ნამდვილ ნებაზე. მისი მოსაზრებით, სადავო შემთხვევის განხილვა არასწორია მხოლოდ სსკ-ის 50-ე და 319-ე მუხლების გამოყენებით. გარდა ამისა სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აპელანტი მხარის პოზიციაზე, რომელიც შეეხებოდა პატივსადებ მიზეზს და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, კონკრეტულად რატომ ან რაში ეშლება ხელი მუნიციპალიტეტს, როცა მთლიანად შენობის განაშენიანების ფართი არის 1056,80კვ მეტრი. ხოლო მოპასუხეს გადაცემული აქვს 128,2 კვ მეტრი. კასატორის მითითებით, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოს მიერ დასაბუთებად, ვინაიდან მოსარჩელე მხარისთვის დღემდე უცნობია რა სახის მტკიცებულება შეიძლება იქნეს წარმოდგენილი, რომ დადასტურებული იქნას კინოთეატრ „ს-----სათვის“ კულისების საჭიროება.
22. მეორე კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორმა მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოსარჩელისათვის დაკისრება.
23. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, სახელდობრ, უკანასკნელი პრაქტიკით მოწინააღმდეგე მხარეს უნაზღაურდება ადვოკატისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯები საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაშიც (იხ., სუსგ Nას-444-423-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები: პინკოვა და პინკი - ჩეხეთის რესპუბლიკის წინაარმდეგ; ასანიძე-საქართველოს წინაარმდეგ; ჯიშკარიანი, რთველიშვილი- საქართველოს წინააღმდეგ; იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ).
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის პროცესის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იმ დასაბუთებით, როგორც ეს აისახა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სადაც მიეთითა, რომ სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა მის დაკმაყოფილებას.
კასატორი განმარტავს პროცესის ხარჯების დეფინიციას, მისი დაკისრების წანამძღვრებსა და ოდენობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა.
24. კასატორი უთითებს განჩინებაზე: სუს Nას-1330-1315 (კ-11) 09 თებერვალი, 2012 წელი, სადაც განიმარტა, რომ სასამართლო ხარჯების ოდენობა დადასტურებული უნდა იყოს მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონვე შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხრის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუ აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჟი გაღებულია“.
25. კასატორი უთითებს პრეცედენტულ სამართალზე და აღნიშნავს, რომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში, მაგ: „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განიმარტა, რომ ადვოკატთა გუნდი არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე და სასამართლომ მიაკუთვნა მომჩივანებს განსაზღვრული თანხა, მათ შორის, ადვოკატებისათვის გაწეული შრომის ანაზღაურების მიზნით.
26. კასატორი უთითებს საქმეზე „ფედეევა რუსეთის წინააღმდეგ“, და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ მართალია არ იყო წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულება ადვოკატსა და მხარეს შორის დადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობდა, რადგან რუსული კანონდებლობის თანახმად იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ზეპირადაც დაიდოს და არაფერი აჩვენებს რომ ეს ასე არ იყო განმცხადებლისა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატის ჰონორარი ანაზღაურებადია შიდაკანონმდებლობით და რეალურია.
27. საქმეში „ჯანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ თავად აღიარა რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ ხარჯებს იურიდიული დახმარებისათვის და სთავაზობს სასამართლოს მომჩივანს მიაკუთვნოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა არ წარმოადგინა ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა დანახარჯებისა და ადვოკატის გასამრჯელოს გადახდას მისი მხრიდან. თუმცა როგორც მთავრობამ აღიარა, მომჩივანისათვის გაწეული ირიდიული დახმარება არ იქნებოდა უფასო. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საქმის სირთულიდან გამომდინარე გონივრულად მიიჩნია 1.000 ევროს მიკუთვნება მომჩივანისათვის.
28. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 68-ე მუხლზე (გარიგების ფორმა) და აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი თავსებადია სსკ-ის 709-ე მუხლთან (დავალების ხელშეკრულება), ასევე უთითებს სსკ-ის 710-ე მუხლზე (გასამრჯელო) და აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნა პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე თავსებადია ქართულ კანონდებლობასთან და პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
29. კასატორი ასევე პრეტენზიას აცხადებს მასზედ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერებაზე. მისი მოსაზრებით, საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოტანილი საპროცესო აქტების მიმართ დასმული სააპელაციო პრეტენზიები არ არის განხილული და მათზე არაა პასუხი გაცემული ამომწურავად. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით მას მიადგა ზიანი, რადგან ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიეკუთვნა მგზავრობის დროს წარმომადგენლის გაზრდილ კვებაზე გაწეული დანახარჯის ანაზღაურება, ხოლო საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
30. კასატორის მოსაზრებით, არათანმიმდევრულია აპელაციის მსჯელობა, რადგან მან ძალაში დატოვა რაინული სასამართლოს გადაწყვეტილება მგზავრობისა და საფოსტო გზავნილების ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო სააპელაციო ეტაპზე მოთხოვნილი მსგავსი ხარჯი არ დააკისრა მოსარჩელეს მიზანშეუწონლობისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით.
31. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავსუფლების საფუძველიც, რადგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად მხოლოდ ის ორგანიზაციები თავისუფლდებიან ბაჟისაგან, რომლებიც ფინანასდება სახელმწიფო ბიჯეტიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თვითონ აყალიბებს და ქმნის ბიუჯეტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 19 აპრილს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.
34. პირველი საკასაციო საჩივრით სადავოა მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შესახებ კონკრეტული შეთანხმება (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი), მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით (ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა და საიჯარო ფართის დაბრუნება). კასატორს მიაჩნია, რომ საქმის განმხლველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგელობამ არასწორად განმარტა რა ხელშეკრულების სადავო პუნქტი, შედეგობრივად უმართებულო დასკვნამდე მივიდა, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული სასამართლო აქტის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
35. კასატორის ზემოთ მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია 2012 წლის 2 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტსა და პ. გ-ბა ,,ე -- ნ-- მ-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლის საგანია, ქ. ლ-ში წმ. ნ----- ქუჩაზე მდებარე კინოთეატრ ,,ს- -ს“ შენობაში 128.2 კვ.მ ფართის იჯარის ფორმით, დროებით სარგებლობაში გადაცემა.
36. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს იჯარის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც შეეხება ხელშეკრულების ვადას, მისი შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებს რადგანაც, სწორედ 3.1 და 3.2 პუნქტების ერთობლივი განმარტებითაა შესაძლებელი გარიგებაში გამოვლენილი ნადვილი ნების დადგენა და ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტაც.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ე-------ი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.
სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.
ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.
„ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე, მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.
ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.
38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გარიგების განმარტების შესახებ 52-ე მუხლის გარდა, მოიცავს ასევე ნორმებს, რომლებიც ხელშეკრულებათა განმარტების საკითხებს აწესრიგებს, მაგალითად, 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (ხელშეკრულების ბუნდოვანი ნაწილის განმარტების საკითხზე საინტერესოა სუს 23.02.2015წ.-ის განჩინება, საქმე №ას-1144-1090-2014; ასევე, სუს 13.05.2015წ.-ის განჩინება, საქმე №ას-282-270-2015).
39. პირველი კასატორის პოზიცის მართლებულობის კვლევისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ გარიგებაში გამოვლენილ ნებაზე, ხელშეკრულების სადავო პუნქტის შინაარსსა და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელი კომპონენტების არსებობაზე სსკ-ის 50-ე, 52-ე, 54-ე, 319-ე და 338-ე მუხლებთან მიმართებაში: დადგენილია, რომ 2012 წლის 02 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, გარიგებაში მითითებული ფართის იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი წლით. 3.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადით. 3.2. პუნქტის შინაარსით ხელშეკრულება გრძელდება ავტომატურად მომდევნო 2 წლის ვადით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წერილობით უარს არ განაცხადებენ მის გაგრძელებაზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების 3.1 მუხლით დადგენილია ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადა, ხოლო 3.2 პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად აწესებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წერილობითი ფორმით ნების გამოვლენას მის გაგრძელებაზე უარის შესახებ, განსაზღვრავს ამავე ხელშეკრულების პირველ პუნქტსაც, ვინაიდან, სწორედ 3.1 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა გამოვლინდეს გაგრძლებაზე უარის შესახებ ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურ გაგრძელებას იწყებს განსაზღვრული ვადით.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 02 აგვისტოს და ამ ვადაში, დადგენილი ფორმით მეიჯარეს გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ ნება არ გამოუვლენია. მან, მხოლოდ 2014 წლის 06 აგვისტოს აცნობა მოიჯარეს ვადის ამოწურვისა და ქონების დაბრუნების თაობაზე, რამაც განაპირობა ამავე მუხლის 3.2 პუნქტით დადგენილი ქცევის წესის ამოქმედება და ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გაგრძელება.
ამდენად, კასატორის ის პოზიცია, რომ ხელშეკრულების კიდევ ორი წლის გაგრძელება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას, არღვევს საჯარო წესრიგს და ა. შ. უმართებულოა და არ გამომდინარეობს ხელშეკრულების სადავო ტექსტის შინაარსობრივი, ნორმატიული და ლოგიკური განმარტებიდან. შესაბამისად, პირველი კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა, როგორც დაუსაბუთებელს ვერ გაიზარებს და საფუძვლდ ვერ დაუდებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
40. მეორე კასატორის პრეტენზია პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურების მოთხოვნის მართებულობას შეეხება, სახელდობრ, კასატორი მოითხოვდა პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის, კვებასა და შეჯიბრებითი ქაღალდების მომზადებისას გაწეული სხვა ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, რაზეც მას უარი ეთქვა.
41. საკასაციო პლატას მიაჩნია, რომ კასატორს სწორად ეთქვა უარი პროცესის ხარჯების დაკისრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობისა. ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ასევე პროცესის ხარჯებზე, მათ შორისაა, სასამართლოს გარეშე ხარჯი, რომელშიც მოიაზრება, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროცესის მითითებული ხარჯების დაკისრების შესახებ კანონმდებლის მითითება წარმოადგენს იმგვარ ნორმატიულ დანაწესს, რომლის დადგომისათვის, ისევე, როგორც სხვა საპროცესო თუ მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, სამოქალაქო სამართალწარმოება ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დადგენის აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წინააღმდეგობაში იქნება სამართალწარმოების შეჯიბრებით და თანასწორობის პრინციპებთან (სსსკ-ის მე-4, მე-5 მუხლები), მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებასა და მტკიცების სტანდარტთან, იმ იურიდიულ კონსტრუქციებთან როგორიცაა „იმ გარემოების დამტკიცება, რომელსაც ემყარება მხარის მოთხოვნა“, „მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება,“ „დაუმტკიცებელი გარემოების მეორე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა“ (სსსკ-ის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლი), საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებასთან (სსსკ-ის 244-ე მუხლი).
42. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია შესაბამისი საპროცესო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის არარსებობის პირობებში საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პროცესის ხარჯების დაკისრების მიზანშეუწონლობის შესახებ საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მიზანშწონილობაზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებულ განჩინებას (იხ., წინამდებარე განჩინების პპ: 23), თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხლველი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, დაეყრდნო არა მიზანშეუწონლობის აბსტრაქტულ კომპონენტს, არამედ, საქმის მასალებს, რომელშიც ამგვარი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.
43. კასატორის პოზიციას კი, იმასთან დაკავშირებით რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტი - მინდობილობა საკარისი დოკუმენტია ამგვარი ხარჯების გაწევის მტკიცებისათვის, რადგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი თავსებადია სსკ-ის 709-ე მუხლთან (დავალების ხელშეკრულება), ასევე, სსკ-ის 710-ე (გასამრჯელო დავალებისათვის), საკასაციო პალატა არ იზიარებს და სსსკ-ის 93-ე,და 96-ე მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მითითებულთაგან, წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების წინაპირობად კანონმდებელი უფლებამოსილების შესაბამისი ფორმითა და წესების დაცვით გაფორმებასა და სასამართლოში მის წარმოდგენას მიიჩნევს. ამ წესების დაუცველად, სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენელი აღარ დაიშვება. პალატის ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს მეორე დასკვნა, რომ თავისთავად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი სხვა არაფერია თუ არა სასამართლოში სხვისი სახელით უფლებამოსილების შესრულების კონკრეტული უფლება. თუმცა ამგვარი უფლებამოსილების მხოლოდ სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე შესულებისა და მომსახურების შესაბამისი ხარჯების გაწევის შესახებ დასკვნის საშუალებას იგი არ იძლევა. სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი დავალებისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულებას ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, დავალების ხელშეკრულება (გასამრჯელოზე შეთანხმებით) და მისი გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში კი, ამგვარი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს დადგენილება (განჩინება/გადაწყვეტილება) მძიმე ტვირთად დააწვება პროცესის მოწინააღმდეგე მხარეს და ამგვარად დაარღვეს თანასწორობის ფუძემდებულ პრინციპს.
44. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს ეროვნული თუ პრეცედენტული სამართალი შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც ითვალისწინებს პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, რამეთუ წარმომადგენლის მონაწილეობით საქმის განხილვა არის პრეზუმცია იმისა, რომ წარმომადგენლობა შედგა სასყიდლიანი გარიგებისა და მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურების პირობით (წინამდებარე განჩინების პპ: 25, 26, 27). კასატორის მითითებული პოზიცია არ შეესაბამება სსკ-ის 50-ე, 319-ე, 709-ე და 710 მუხლების (ხელშეკრულების დადების თავისუფლება, ნების გამოვლენა, გარიგების შინაარსის თავისუფლად ნების განსაზღვრის უფლება, დავალების სასყიდლიანი ან უსასყიდლო შესრულება) ნორმატიულ შინაარსს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
კასატორი მიუთითებს რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე აღნიშნავს, რომ სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც დააკმაყოფილა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (სტარსბურგი, 27 ნოემბერი, 2012 წელი, (საბოლოო გახდა 27.02.2013წ.ს) საჩივარი N35887/05), სადაც მხარის მოთხოვნაზე ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, აგრეთვე სხვა ხარჯის, როგორიცაა ფოსტის, ტელეფონისა და ფაქსის ხარჯები, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შეთანხმების ასლი, რომლის მიხედვით მომჩივანი ადვოკატებს დაპირდა შიდა სამართალწარმოების დროს მისი ინტერესების დაცვისთვის 30.000 ლარის (14.880 ევრო) ანაზღაურებას, შესაბამისი ქვითრის (ანგარიშსწორების განხორციელების დასტურად) არარსებობის პირობებში, გაუგებარი იყო მისი გაწევა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც დაჭირდა სხვადასხვა დოკუმენტების გაგზავნას სასამართლოში, სხვა ქვითრები ან ფინანსური დოკუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი. თუმცა საჩივრის განხილვისას მთავრობამ (მოწინააღმდეგე მხარემ) აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდულ ხარჯებს და სთავაზობდა სასამართლოს, მომჩივანისათვის მიეკუთვნებინა პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა. ამდენად, მითითებულ საქმეში, სწორედ მთავრობის აღიარება, მზაობა ხარჯების ანაზღაურებაზე გახდა საფუძველი მათი დაკისრების ნაწილში და არა ვარაუდი ამგვარი ხარჯებს გაწევაზე.
საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივარი N1484/07, სტრასბურგი, 2012 წლის 2 ოქტომბერი, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა მოითხოვეს 1.667 ევრო სასამართლოში მათი წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, კერძოდ 2 ქართველი და 1 ბრიტანელი ადვოკატისთვის. ეს ორი ხარჯი შედგებოდა დახარჯული საათებისა და ადვოკატების საათობრივი ანაზღაურებისგან - 79 საათი და 40 წუთი - 50 ევროს კურსით ქართველი ადვოკატებისთვის და 22 საათი - 100 ფუნტის 2006 წლის კურსით და 150 ფუნტის 2010 წლის კურსით - ბრიტანელი ადვოკატისთვის. დეტალური აღწერა მოიცავდა თარიღებსა და იურიდიული მომსახურების ზუსტ სახეობას.
მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 657 ევრო შესაბამისი ჩეკების საფუძველზე, საფოსტო და სათარჯიმნო ხარჯებისთვის.
მათ აგრეთვე, მოითხოვეს 200 ევრო გარკვეული სხვა ხარჯებისთვის, რომელთა გაღება, სავარაუდოდ, მოხდა ქართველი და ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ საჩივარზე მუშაობის პროცესში, ამ მოთხოვნის გასამყარებლად, მათ ფინანსური დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ.
მოთხოვნა გონივრულ ფარგლებში დაკმაყოფილდა, რადგან ირკვეოდა, რომ NGO-ს ადვოკატთა გუნდმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო იურიდიული დახმარება.
ამდენად, მითითებულ საქმეში სასამართლო არა აბსტრაქტულ ვარაუდზე დაყრდნობით, არამედ საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით მივიდა დასკვნამდე დაეკმაყოფილებინა ხარჯები გინვრული (არა მოთხოვნილი) ოდენობით.
45. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არათანმიმდევრულია აპელაციის მსჯელობა, რადგან მან ძალაში დატოვა რაინული სასამართლოს გადაწყვეტილება მგზავრობისა და საფოსტო გზავნილების ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში, ხოლო სააპელაციო ეტაპზე მოთხოვნილი მსგავსი ხარჯი არ დააკისრა მოსარჩელეს მიზანშეუწონლობისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით (წინამდებარე განჩინების პპ: 30). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს საქმის მასალებით და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების მე-7 პარაგრაფით ირკვევა, მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისათვის პროცესის ხარჯების: წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების - 100 ლარი და საფოსტო ხარჯის - 15.20 ლარი, ნაწილში დაეფუძნა საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს (იხ., ს.ფ. 104 - საფოსტო ხარჯი), რომლითაც ირკვეოდა მითითებული სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევის შესახებ ფაქტობრივი გარემოება.
46. კასატორი ასევე პრეტენზიას აცხადებს მასზედ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერებაზე. მისი მოსაზრებით, საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოტანილი საპროცესო აქტების მიმართ დასმული სააპელაციო პრეტენზიები არ არის განხილული და მათზე არაა პასუხი გაცემული ამომწურავად. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით მას მიადგა ზიანი, რადგან ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეს მიეკუთვნა მგზავრობის დროს წარმომადგენლის გაზრდილ კვებაზე გაწეული დანახარჯის ანაზღაურება, ხოლო საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კასატორის ზემოთ მითითებულ მოთხოვნას, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს და პირველ რიგში აღნიშნავს, კასატორი მითხოვს პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების შეფასებას, რაცა სსკ-ის 391-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის ობიექტი, რადგან იგი გასაჩივრების სხვა პროცედურულ წესს ექვემდებარება.
ხოლო საქმეზე გამოტანილი შუალედური განჩინებების გაუქმების მოთხოვნა კი იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს არც კონკრეტულ განჩინებაზე და არც მისი გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებზე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ზოგადი ხასიათის მითითები არა არის მასზე არც ამსჯელობის საფუძველი და ამასთან, არც კასაციაში გასაჩივრების უფლებით დასაშვები სამართლებრივი აქტი.
47. მეორე კასატორის არც ის პოზიციაა გასაზიარებელი, რომ პირველი კასატორი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირს, გამომდინარე იქედან, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
48. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტების სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე, სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების საპროცესო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სასამართლო ხარჯები:
49. მეორე კასატორი შუამდგომლობს მოწინააღმდეგე მხარეს (პირველ კასატორს) დაეკისროს პროცესის ხარჯების - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 2400 ლარი (იხ., საკასაციო საჩივარი).
იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების და სასამართლო ხარჯის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
50. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
51. რაც შეეხება ააიპ პ. გ-ბა „ე-ი ნ--ი მ-ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივრზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის ქვითარი (საგადახდო დავალება: N52428, გადახდის თარიღი: 2015 წლის 23 დეკემბერი, გადახდის დანიშნულება: სახ. ბაჟი საქმეზე: Nბს-783-775 (კ-კს-15)) მოცემულ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ შეფასდება, რადგან გადახდილია სხვა საქმეზე.
სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით.
სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხევაში კასატორს უბრუნდება სახელმწიფო ბაჟის 70%, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით ეკისრება სახ. ბაჟის გადახდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს მხოლოდ 300 ლარის 30% უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც შეადგენს 90 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ პ. გ. „ე--ი ნ-ი მ--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორს - ააიპ პ. გ. „ე-ნ-მ--ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე