№340210114665122
საქმე №ას-358-343-2016 03 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ააიპ პ- გ. „ე-ნ-მოძრაობა“
მოწინააღმდეგე მხარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა, ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა ააიპ პოლიტიკური გაერთიანება „ე--ნ-მოძრაობის“ მიმართ, საიჯარო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ფართის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ დაეკისრა პროცესის ხარჯების: წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების - 100 ლარის და საფოსტო ხარჯის - 15.20 ლარის გადახდა, დანარჩენ მოთხოვნაზე მოპასუხეს ეთქვა უარი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. მოპასუხემ კი, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება პროცესის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
6. 2016 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართა ააიპ პ. გ. „ე--ნ-- მოძრაობის“ წარმომადგენელმა ი. პ-–მა, რომელმაც განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გადაწყვეტილი არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი საოქმო და სხვა დასაბუთებული განჩინებების საკითხი, რომელიც სადავოდ იყო ქცეული სააპელაციო საჩივრით. სასამართლოს არც ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებისა და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების საკითხი ჰქონდა გადაწყვეტილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 53-ე, 215-ე, 261-ე და 377-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განმცხადებლის პოზიცია ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე არ იყო ის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება, რაც მოთხოვნილი ხარჯების რეალურად გაწევის ფაქტს დაადასტურებდა. აღნიშნული კი, განმცხადებლის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. რაც შეეხება გადაწყვეტილების წინმსწრებ საოქმო და სხვა განჩინებათა მიმართ არსებულ განმცხადებლის პრეტენზიას, ამ საკითხებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს პოზიცია დასაბუთებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის საბოლოო, შემაჯამებელ განჩინებაში და ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არც ამ ნაწილში, არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება კანონით დადგნილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის 261-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ყველა წინაპირობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის, რადგან სასამართლოს წინაშე დაყენებული იყო მოთხოვნები, რომლის ირგვლივ მოპასუხემ მისცა ახსნა-განმარტება, წარადგინა მტკიცებულებები და ეს საკითხები გადაწყვეტილი არ იყო, ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილი არ ჰქონდა პროცესის ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ დაეფუძნა მარტოოდენ იმ გარემოებას, რომ აპელანტმა - ააიპ ე.ნ ნ-მა მ-მ, ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მოთხოვნილი ხარჯების რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება და აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი არ იყო სადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა, სააპელაციო პალატას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ასეთი მომსახურება გაწეული იქნა და მიღებული ე- ნ-მოძრაობის მხრიდან.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, სახელდობრ, უკანასკნელი პრაქტიკით მოწინააღმდეგე მხარეს უნაზღაურდება ადვოკატისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯები, მათი გაწევის შესახებ მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, რისი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები: მაგ: „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განიმარტა, რომ ადვოკატთა გუნდი არ შეიძლება დარჩეს კომპენსაციის გარეშე და სასამართლომ მიაკუთვნა მომჩივანებს განსაზღვრული თანხა, მათ შორის, ადვოკატებისათვის გაწეული შრომის ანაზღაურების მიზნით. აგრეთვე, განჩინება: სუს Nას-1330-1315 (კ-11) 09 თებერვალი, 2012 წელი, სადაც განიმარტა, რომ სასამართლო ხარჯების ოდენობა დადასტურებული უნდა იყოს მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონვე შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხრის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუ აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“.
11. საოქმო და დასაბუთებული შუალედური განჩინებებთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მათზე მსჯელობას შეიცავდა საქმეზე მიღებული 2016 წლის 19 თებერვლის შემაჯამებელი გადაწყვეტილება. სხვა დასაბუთება პალატას არ წარმოუდგენია.
12. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეფასება წარდგენილი შუამდგომლობის უარსაყოფად დაუსაბუთებელია, ხოლო საპროცესო ხარჯების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებული და გაზიარებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ. იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ საადვოკატო მომსახურება გაწეული იქნა და მიღებული ე- ნ-მოძრაობის მხრიდან, თუმცა მათ სანაცვლო ანაზღაურებაზე მათ მაინც ეთქვათ.
13. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29 თებერვლის განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სასამართლოს გარეშე იმ სხვა საპროცესო ხარჯების შესახებ, რომელზედაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა იქნა წარდგენილი. ხსენებულ მოთხოვნაზე საერთოდ არ აქვს სასამართლოს წარდგენილი არგუმენტები. არსებული მოცემულობა ქმნის იმ პროცესუალურ სამართლებრივ შემადგენლობას, რომ განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე არ იყო სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი წანამძღვრები. კერძოდ, დადგენილია, რომ განმცხადებელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა იმ საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გადაწყვეტილი არ იყო ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების საკითხი. აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილი არ ჰქონდა გადაწყვეტილების წინმსწრებ საოქმო და სხვა დასაბუთებულ განჩინებათა მიმართ გამოთქმული სააპელაციო პრეტენზიები.
აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატის მოსაზრებით, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან როგორც ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის საბოლოო, შემაჯამებელი განჩინებით ირკვევა, ადვოკატის დახმარებისათვის და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, აპელანტის მოთხოვნას უარი ეთქვა მათი რეალურად გაწევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების არ არსებობის გამო, ხოლო საოქმო და სხვა არსებით განჩინებათა მიმართ გამოთქული პრეტენზიები დაუსაბუთებლობის გამო არ იქნა გაზიარებული.
ამდენად, მითითებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოცემულია მსჯელობა აპელანტის პრეტენზიების დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობასთან მიმართებით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით არ დაკმაყოფილდა ააიპ პ. გ. „ე-ნ- მ-ის“ სააპელაციო საჩივარი და დადგა სააპელაციო მოთხოვნებთან მიმართებით იურიდიული შედეგი - მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შინაარსით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ იყო და სააპელაციო სასამართლოს დასკვნა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სწორი და დასაბუთებულია.
18. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია პროცესის ხარჯებისა და საბოლოო განჩინების წინმსწრებ განჩინებათა გაუქმების შესახებ იმავე საფუძვლებს ეფუძნება, რასაც მათ მიერვე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატას მსჯელობა აქვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გამოტანილ განჩინებაში. თუმცა, კერძო საჩივრის პრეტენზიაზე წინამდებარე განჩინებაშიც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობისა. ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ასევე პროცესის ხარჯებზე, მათ შორისაა, სასამართლოს გარეშე ხარჯი, რომელშიც მოიაზრება, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროცესის მითითებული ხარჯების დაკისრების შესახებ კანონმდებლის მითითება წარმოადგენს იმგვარ ნორმატიულ დანაწესს, რომლის დადგომისათვის, ისევე, როგორც სხვა საპროცესო თუ მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, სამოქალაქო სამართალწარმოება ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დადგენის აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წინააღმდეგობაში იქნება სამართალწარმოების შეჯიბრებით და თანასწორობის პრინციპებთან (სსსკ-ის მე-4, მე-5 მუხლები), მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულებასა და მტკიცების სტანდარტთან, იმ იურიდიულ კონსტრუქციებთან როგორიცაა „იმ გარემოების დამტკიცება, რომელსაც ემყარება მხარის მოთხოვნა“, „მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება,“ „დაუმტკიცებელი გარემოების მეორე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა“ (სსსკ-ის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლი), საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულებასთან (სსსკ-ის 244-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი საპროცესო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის არარსებობის პირობებში საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პროცესის ხარჯების დაკისრების საფუძვლების არარსებობის შესახებ საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია.
კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას კი, იმასთან დაკავშირებით რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტი - მინდობილობა საკმარისი დოკუმენტია ამგვარი ხარჯების გაწევის მტკიცებისათვის, რადგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი თავსებადია სსკ-ის 709-ე მუხლთან (დავალების ხელშეკრულება), ასევე, სსკ-ის 710-ე (გასამრჯელო დავალებისათვის), საკასაციო პალატა არ იზიარებს და სსსკ-ის 93-ე,და 96-ე მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მითითებულთაგან, წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების წინაპირობად კანონმდებელი უფლებამოსილების შესაბამისი ფორმითა და წესების დაცვით გაფორმებასა და სასამართლოში მის წარმოდგენას მიიჩნევს. ამ წესების დაუცველად, სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენელი არ დაიშვება. პალატის ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს მეორე დასკვნა, რომ თავისთავად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოში სხვისი სახელით უფლებამოსილების შესრულების კონკრეტული უფლება. თუმცა ამგვარი უფლებამოსილების მხოლოდ სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე შესულებისა და მომსახურების შესაბამისი ხარჯების გაწევის შესახებ დასკვნის საშუალებას იგი არ იძლევა. სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი დავალებისათვის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულებას ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, დავალების ხელშეკრულება (გასამრჯელოზე შეთანხმებით) და მისი გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში კი, ამგვარი ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს დადგენილება (განჩინება/გადაწყვეტილება) მძიმე ტვირთად დააწვება პროცესის მოწინააღმდეგე მხარეს და ამგვარად დაარღვეს თანასწორობის ფუძემდებულ პრინციპს.
19. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს ეროვნული თუ პრეცედენტული სამართალი შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც ითვალისწინებს პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, რამეთუ წარმომადგენლის მონაწილეობით საქმის განხილვა არის პრეზუმცია იმისა, რომ წარმომადგენლობა შედგა სასყიდლიანი გარიგებისა და მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურების პირობით. მითითებული პოზიცია არ შეესაბამება სსკ-ის 50-ე, 319-ე, 709-ე და 710 მუხლების (ხელშეკრულების დადების თავისუფლება, ნების გამოვლენა, გარიგების შინაარსის თავისუფლად ნების განსაზღვრის უფლება, დავალების სასყიდლიანი ან უსასყიდლო შესრულება) ნორმატიულ შინაარსს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე აღნიშნავს, რომ სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც დააკმაყოფილა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (სტარსბურგი, 27 ნოემბერი, 2012 წელი, (საბოლოო გახდა 27.02.2013წ.ს) საჩივარი N35887/05), სადაც მხარის მოთხოვნაზე ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის, აგრეთვე სხვა ხარჯის, როგორიცაა ფოსტის, ტელეფონისა და ფაქსის ხარჯები, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი შეთანხმების ასლი, რომლის მიხედვით მომჩივანი ადვოკატებს დაპირდა შიდა სამართალწარმოების დროს მისი ინტერესების დაცვისთვის 30.000 ლარის (14.880 ევრო) ანაზღაურებას, შესაბამისი ქვითრის (ანგარიშსწორების განხორციელების დასტურად) არარსებობის პირობებში, გაუგებარი იყო მისი გაწევა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც დაჭირდა სხვადასხვა დოკუმენტების გაგზავნას სასამართლოში, სხვა ქვითრები ან ფინანსური დოკუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი. თუმცა საჩივრის განხილვისას მთავრობამ (მოწინააღმდეგე მხარემ) აღიარა, რომ მომჩივანი გასწევდა გარკვეულ იურიდულ ხარჯებს და სთავაზობდა სასამართლოს, მომჩივანისათვის მიეკუთვნებინა პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად დადგენილი გონივრული თანხა. ამდენად, მითითებულ საქმეში, სწორედ მთავრობის აღიარება, მზაობა ხარჯების ანაზღაურებაზე გახდა საფუძველი მათი დაკისრების ნაწილში და არა ვარაუდი ამგვარი ხარჯებს გაწევაზე.
საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივარი N1484/07, სტრასბურგი, 2012 წლის 2 ოქტომბერი, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა მოითხოვეს 1.667 ევრო სასამართლოში მათი წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, კერძოდ 2 ქართველი და 1 ბრიტანელი ადვოკატისთვის. ეს ორი ხარჯი შედგებოდა დახარჯული საათებისა და ადვოკატების საათობრივი ანაზღაურებისგან - 79 საათი და 40 წუთი - 50 ევროს კურსით ქართველი ადვოკატებისთვის და 22 საათი - 100 ფუნტის 2006 წლის კურსით და 150 ფუნტის 2010 წლის კურსით - ბრიტანელი ადვოკატისთვის. დეტალური აღწერა მოიცავდა თარიღებსა და იურიდიული მომსახურების ზუსტ სახეობას.
მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 657 ევრო შესაბამისი ჩეკების საფუძველზე, საფოსტო და სათარჯიმნო ხარჯებისთვის.
მათ აგრეთვე, მოითხოვეს 200 ევრო გარკვეული სხვა ხარჯებისთვის, რომელთა გაღება, სავარაუდოდ, მოხდა ქართველი და ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ საჩივარზე მუშაობის პროცესში, ამ მოთხოვნის გასამყარებლად, მათ ფინანსური დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ.
მოთხოვნა გონივრულ ფარგლებში დაკმაყოფილდა, რადგან ირკვეოდა, რომ NGO-ს ადვოკატთა გუნდმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა მომჩივნებს გაუწიეს საჭირო იურიდიული დახმარება.
ამდენად, მითითებულ საქმეში სასამართლო არა აბსტრაქტულ ვარაუდზე დაყრდნობით, არამედ საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით მივიდა დასკვნამდე დაეკმაყოფილებინა ხარჯები გონივრული (არა მოთხოვნილი) ოდენობით.
20. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრებ საოქმო და სხვა არსებით გაჩინებათა გაუქმების შესახებ მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ აღნიშნული სააპელაციო მოთხოვნები არ იქნა გაზიარებული და არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობდა სსსკ-ის 262 -ე მუხლის გამოყენების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.
21. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოსაზრებები საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გახდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც, განცხადებას სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ პ- გ-ა „ე-ნ-მ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე