Facebook Twitter

№330210015752471

საქმე №ას-410-393-2016 22 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს დ-“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-“ (მოსარჩელე,მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან „სამედიცინო ცენტრი“), სარჩელი აღძრა შპს დ-ს“ (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2014 წლის მარტში მოპასუხის ბენეფიციარებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრება 27 945.25 ლარის ოდენობით;

1.2. 2014 წლის მარტში გაწეული მომსახურების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 02.05.2014წ.-დან (გადახდისათვის გათვალისწინებული ბოლო ვადიდან) სარჩელის აღძვრამდე (16.03.2015წ.-მდე) 8 888.1 ლარის ოდენობით;

1.3. 2014 წლის მარტში გაწეული მომსახურების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 16.03.2015წ.-დან აღსრულებამდე ყოველდღიურად დავალიანების (27.945.25 ლარის) 0.1%-ის - 27,95 ლარის ოდენობით;

1.4. მედიაციის სამსახურში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

II. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:

2. სამედიცინო მომსახურება გაეწია მოპასუხის ბენეფიციარებს, რომლის ღირებულება - 27,945.25 ლარი არ არის ანაზღაურებული, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა 02.04.2014 წელს.

3. გარდა ამისა, მოპასუხემ ყოველი ვადაგადაცილების დღისათვის უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო - დავალიანების 0.1%.

4. დავა განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ, რომელმაც მიიღო რეკომენდაციები, რომელსაც მოპასუხე არ ასრულებს.

III. მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კორექტირების შედეგად აღიარებული თანხები სრულად არის ანაზღაურებული. მანვე მიუთითა საანგარიშგებოდ წარმოდგენილი დოკუმენტების ხარვეზე, რაც სავარაუდოდ, თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

IV. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის მარტში დაზღვეულ პირთათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 27,945.25 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 02 მაისიდან 2014 წლის 08 აგვისტომდე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 27,945.25 ლარის 0.1%. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 2014 წლის 08 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ვადაგადაცილებულ დღეზე 27,945.25 ლარის 0.02%.

V. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და გაუქმებულ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ N177 დადგენილების (შემდგომში: დადგენილება N177) შესაბამისად სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს 2014 წლის მარტში.

10. 02.04.2014 წ.-ს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ N177-ე დადგენილების შესაბამისად 2014 წლის მარტის თვეში სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს და მოთხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 27 945,25 ლარის ოდენობით. მოპასუხეს გადაეგზავნა სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

11. სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის 16.10.2014წ. რეკომენდაციით დაკმაყოფილდა სამედიცინო ცენტრის სარჩელი და სადაზღვევო კომპანიას გადასახდელად დაეკისრა ძირითადი დავალიანება - 27 945,25 ლარი, პირგასამტეხლო - 03.05.2014 წლიდან 08.08.2014 წლამდე ძირითადი დავალიანების 0.1% - 2 710.18 ლარი, ხოლო 09.08.2014 წლიდან ყოველდღიურად დარჩენილი დავალიანების 0.02%-ის - 5.59 ლარის გადახდა

12. დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ვალდებულება სამედიცინო ცენტრის მიმართ გადაეხადა 2014 წლის მარტში გაწეული მომსახურების საფასური 27,945.25 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს მთავრობის N177-ე დადგენილების მე-6 მუხლი ადგენს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს. მისი მე-4 პუნქტის შესაბამისად: მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

ამდენად, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა და დადგენილება ადგენს ამ პროცედურის ჩატარების წესსა და ვადას (დოკუმენტაციის მიღებიდან 15 დღის ვადა).

შესაბამისად, იმ პირობეში, როდესაც უდავოდაა დადასტურებული სადაზღვევო კომპანიის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლოვანი და არ შეესაბამებოდა N177-ე დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრებოდა მოპასუხეს.

14. N177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე ცალკეული შემთხვევა შეიძლება გახდეს სადავო. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კი სადავო შემთხვევის არსებობის მიუხედავად, ყველა სხვა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, უნდა ანაზღაურდეს დადგენილ ვადებში.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლიობაში განმარტების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევები, რომლებიც არ არის მიჩნეული სადავოდ (არ ყოფილა მზღვეველის მიერ შეცილებული ინსპექტირების 15 დღიან ვადაში), უნდა ანაზღაურდეს საერთო წესით.

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, ინსპექტირების 15 დღიან ვადაში მზღვეველის მიერ თანხების კორექტირების და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ. კერძოდ, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადაზღვევო კომპანიის მიერ საქმეზე დასართავად წარმოდგენილი იქნა აღიარების აქტი Nა24710/3-2014 აქტი (იხ.: 22.03.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე -12:27:20-12:30:02), რომლითაც მზღვეველის მიერ დაკორექტირებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი თანხა (ტ.I, ს.ფ. 76-78), თუმცა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კორექტირების აქტი გადაეგზავნა სამედიცინო ცენტრს დადგენილებით #177 დადგენილ ვადაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე არც თავად სადაზღვევო კომპანია მუთითებს (იხ.: 22.03.2016წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 12:30:02 – 12:30:28). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მზღვეველი ვერ ადასტურებს ინსპექტირების 15 დღიან ვადაში თანხების კორექტირების და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიის გაცხადების ფაქტს, თანხის დაკორექტირების საფუძვლით დავალიანების ანაზღაურების ვალდებულების არარსებობაზე აპელანტის მითითება გაზიარებული ვერ იქნება.

16. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ინსპექტირების და კორექტირების დადგენილ ვადაში განხორციელების შემთხვევაშიც, მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლებით არ იარსებებდა ანგარიშსწორებაზე უარის თქმის წინაპირობა: დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული მოპასუხის მითითება მასზედ, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეულ პირთა მკურნალობა ხდებოდა სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის დაცვის გარეშე, რადგან რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მკურნალობის დარღვევით ჩატარების ან სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის დარღვევის გარემოებას, საქმეში წარმოდგენილი არ იყო. აღიარების აქტში ასეთზე ზოგადად მითითება კი, საკმარისად არ იქნა მიჩნეული.

17. სამედიცინო მედიაციის სამსახურის 16.10.2014წ. რეკომენდაციაშიც არის ყურადღება გამახვილებული მასზედ, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება (ტ.I, ს.ფ.32). რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.01.2015წ. N02/2434 წერილზე და მასზედ, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2015წ. დადგენილებით (ტ.I, ს.ფ. 62-64; 95-98) დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულება სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 445 მუხლის მეორე ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რომ მითითებული დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია მოცემულ დავაში სადავო სამედიცინო მომსახურებასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მზღვეველის განთავისუფლების საფუძველი. სადავო არ იყო, რომ თუ არ იარსებებდა თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღურება უნდა მომხდარიყო 2014 წლის 02 მაისამდე.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

18. №177 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით რეგულირდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა მათ შორის, თანამშრომლობის ხელშეკრულება.

19. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს რეგულაცია ეფუძნებოდა ნორმატიული ნებას.

20. №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის 01.09.2014 წლამდე მოქმედი რედაქციით, მზღვეველი ვალდებული იყო სამედიციო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაეხადა ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის

ვალდებულებისაგან.

№177 დადგენილებაში 01.09.2014წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან;

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების თავისებურებებით განპირობებული ვალდებულების დარღვევისათვის ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნორმატიულად რეგულირების (შემცირების) შემთხვევა, რაც 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

22. პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილებაში გამოვლენილი ნება, რომ 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე განხორციელდეს შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვა ერთმნიშვნელოვანი იყო და დაუსაბუთებელი იყო სამედიცინო ცენტრის მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის მარტში, ანუ ცვლილების განხორციელებამდე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე მთელ პერიოდზე უნდა მოხდეს ცვლილების განხორციელებამდე არსებული პირგასამტეხლოს განაკვეთის დარიცხვა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2014 წლის 02 მაისიდან 2014 წლის 08 აგვისტომდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 27 945.25 ლარის 0.1%-ის გადახდა, ხოლო 2014 წლის 08 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 27 945.25 ლარის 0.02%-ის გადახდა.

24. სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო მოპაუხე შპს „დ-ს“ წინააღმდეგ. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია შპს „დ-ს“ მიმართ, რომლის სახელითაც, თავის მხრივ, გასაჩივრებული იქნა გადაწყვეტილება (იხ.: სარჩელი, გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი, ტ.I, ს.ფ.1-14; 138-151; 155-165).

ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში 11.12.2015წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, 24.11.2015წ., შპს „დ-მ“ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს “დ-დ“ (იხ.: ამონაწერები, ტ.I, ს.ფ.166-168; ტ. II, ს.ფ. 38-43).

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 92-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იურიდიული პირის რეორგანიზაცია მისი უფლებამონაცვლის დადგენის სამართლებრივი საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატა შპს „დ-ს“ უფლებამონაცვლედ მიიჩნევს სს “დ- ს.“

ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძველი არსებობდა ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე და სააპელაციო პალატამ განჩინება მიიღო სს “დ-ს“ მიმართ.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა სადაზღვევო კომპანიამ.

26. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კონკრეტულად კი, წარმოდგენილ კორექტირებაში მითითებულია, რომ არ არის ჩატარებული კლინიკის მიერ მითითებული დიაგნოზების შესაბამისი კვლევები. შესაბამისად ნათელია, რომ დიაგნოზები არის მცარი. გარდა ამისა, მითითებულია რომ პაციენტი დაყოვნებულია კლინიკაში, რამაც გამოიწვია მისი მომსახურების ღირებულების ზრდა კორექტირების აქტებში მითითებული ოდენობით. ხშირ შემთხვევაში, არ დასტურდება შემთხვევის ურგუნტულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევა არის დამძიმებული, ყველა ზემოთ დასახელებული გარემოება პირდაპირ გავლენას ახდენს მომსახურების ღირებულებაზე და ზრდის მას.

27. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ წარმოდგენილ წერილში აღწერილია მთელი რიგი სერიოზული დარღვევები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც არათუ ხელს უწყობს ადამიანის გამოჯანმრთელებას, არამედ პირიქით - შეიძლება გახდეს დაავადების წყარო. არ იქნა შეფასებული აპელანტის პოზიცია, რომელიც ეხებოდა სამედიცინო მკურნალობის აუცილებლობის პრინციპის დაცვით სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეულ პირთა მკურნალობის ვალდებულებას და ასევე, მზღვეველის ვალდებულებას, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში, აენაზღაურებინა თანხა სამედიცინო დაწესებულებისათვის.

28. ამასთან, კასატორს შეუსაბამოდ მიაჩნია დაკისრებუული პირგასამტეხლო და მის გონივრულ შემცირებაზე მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა, როგორც გაწეული სამედიცონო მომსახურების ხარისხი, ისე ასანაზღაურებლად წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზიანობა, რაც კასატორის მოსაზრებით, თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

ამასთან, სადავოა პირგასმტეხლოს ოდენობის გონივრულობა.

32. საკასაციო პალატას მიაჩია, რომ კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას არ გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარე იქედან, რომ როგორც ეს განსახილველი საქმის მასალებითაა დადგენილი 02.04.2014 წ.-ს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ N177-ე დადგენილების შესაბამისად 2014 წლის მარტის თვეში სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს და მოსთხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 27 945,25 ლარის ოდენობით. მოპასუხეს გადაეგზავნა სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლოვანი და არ შეესაბამებოდა N177-ე დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრებოდა მოპასუხეს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, ინსპექტირების 15 დღიან ვადაში მზღვეველის მიერ თანხების კორექტირების და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ, კერძოდ, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადაზღვევო კომპანიის მიერ საქმეზე დასართავად წარმოდგენილი იქნა აღიარების აქტი Nა24710/3-2014 აქტი, რომლითაც მზღვეველის მიერ დაკორექტირებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი თანხა. თუმცა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კორექტირების აქტი გადაეგზავნა სამედიცინო ცენტრს დადგენილებით N177 დადგენილ ვადაში საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე არც თავად სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის საფუძველზე, კორექტირების უფლებამოსილება მზღვეველს გააჩნია მხოლოდ დოკუმენტის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. სწორედ ამ ვადაში არის იგი ვალდებული, განახორციელოს ინსპექტირება. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მზღვეველს დოკუმენტაციის ინსპექტირება არ განუხორციელებია და პედიატრიულ კლინიკასთან (მიმწოდებელთან) წერილობით ან ელექტრონულად ურთიერთშედარების აქტი არ გაუფორმებია.

33. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ არაზუსტი კვლევებისა და მომსახურების გაწევის ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხართა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით, ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

34. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო ნორმატიული აქტისა (სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში) და ხელშეკრულების საფუძველზე (კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში).

კასატორის პრეტენზიას კანონისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და ვერ იქნება გამოყენებული განსახილველი შემთხვევის მიმართ, რადგან სასამართლოს არ შეუძლია, შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლო. 177-ე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების მე-6 მუხლი შეიცავს რეგულაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობებისა და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ანგარიშგებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ. სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014.

ხელშეკრულების საფუძველზე (კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში) დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთი კი, საკასაციო პალატას გონივრულად მიაჩნია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

35. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც (იხ., სუსგ საქმე №ას-482-456-2015, 27 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-231-220-2016, 27აპრილი, 2016 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1,819.00 ლარის 70% - 1,273.30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს დ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს დ--ს“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 11 მაისს საგადახდო დავალება N--გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1,819.00 ლარი) 1,273.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე