Facebook Twitter

№210210015001017523

საქმე №ას-416-399-2016 29 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ- ნ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და 2016 წლის 18 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ- ნ-მა (შემდეგში: „დასაქმებული“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: „დამსაქმებელი“ ან „სააგენტო“ ან „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდეგში: სარეგისტრაციო სამსახური) მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 18 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის N1429/კ ბრძანების (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა;

1.2. გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენა, გათავისუფლებამდე არსებული შრომითი პირობებით;

1.3. განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 720 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან სამუშაო ადგილზე აღდგენამდე;

1.4. 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

1.5. ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

(მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

II. მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება, სახელდობრ, მიუთითა დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევაზე, რაც იმგვარ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობაში გამოვლინდა, რომელშიც არსებობდა მისთვის ცნობილი აცილების საფუძველი. შესაბამისად, მის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და აპელანტი აღდგენილ იქნა სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელფასის სახით 2015 წლის 18 მაისიდან. სააგენტოსვე დაეკისრა დასაქმებლის მიერ გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის სახით 200 ლარის გადახდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯი 100 ლარი. დანარჩენ ნაწილში, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მოსარჩელე სარეგისტრაციო სამსახურში 2004 წლის 02 სექტემბრიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.

- 2005 წლის 14 მარტის N35 ბრძანებისა და 2013 წლის 5 თებერვალს ბრძანება N282-ის, საფუძველზე, რომლითაც ცვლილება შევიდა N35 ბრძანებაში მოსარჩელე დაინიშნა სარეგისტრაციო სამსახურში მთავრი სპეციალისტის თანამდებობაზე 2013 წლის 01 თებერვლიდან განუსაზღვრელი ვადით.

- მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ერთ სამუშაო დღეზე განისაზღვრა 15 ლარის ოდენობით.

- 2014 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელეს გამოეცხადა მადლობა (გაიცა სიგელი) 10 წლიანი თანამშრომლობისათვის.

- 2014 წლის 31 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დასაქმებულმა სიღნაღის რაიონში, სოფელ ძველ ანაგაში (შემდეგში: მიწის ნაკვეთი) მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

- სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 06 ნოემბრის N882014584462-03 გადაწყვეტილებით განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რადგან განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი არ იყო წარმოდგენილი მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი ფორმით და წესით, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოსადგენი იყო სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, სახელდობრ, WGS 84 კოორდინატთა სისტემაში, UTM პროექციაში და SHP ფორმატის ფაილის სახით.

- სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2014 წლის N882014584462-06 გადაწყვეტილებით, ზ/აღნიშნულ განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო ამავე სამსახურის 12.11.2014 წლის N882014584462-07 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ იქნა თ. ბ-ისა და ზ. ბის საკუთრების უფლება, რის საფუძველზეც, აღნიშნული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულ იქნა მათ სახელზე თითოეულზე 1/4-1/4 წილი, უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი საარქივო ცნობა Nაა2014057798-03 28.10.2014 წელი; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 12.11.2014 წელი.

- მოსარჩელე არის 22.09.1999 წელს დაბადებული თ. ბ-ის დედა.

- დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ 13.05.2015 წლის დასკვნით, დადგინდა, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს, ჩადენილი სამსახურში, რაც წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის ე პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას და დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს.

- დამსაქმებლის 15.01.2015 წლის N50/ს ბრძანებით დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა.

- დამსაქმებლის 18.05.2015 წლის N1429/კ ბრძანებით, დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამუშაოდან დათხოვნა და 2015 წლის 18 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 19.05.2015 წლის N882015260085-03 გადაწყვეტილებით, ზ. ბ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე, რადგან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 27.04.2015 წლის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. ბ-ის, ნ. ალავერდაშვილის, ხ. ბ-ა და ზ. ბ-ს სარჩელის გამო, მოპასუხეების თ. ბ-ის, სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის ზ. ბ-ის მიმართ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი N56.08.55.058, ¼ წილზე ზ. ბ–ისა და თ. ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.03.2015 წლის N72732 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა გ. ბ-ს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

- დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები, საქართველო იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის N835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’, ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტები და მეოთხე პუნქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტები, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 383 მუხლის და 384 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

- დასაქმებულთან შრომითი ურთიერთიერთობის შეწყვეტის საფუძველს მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უხეში დარღვევა წარმოადგენდა.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით კი, დასაქმებულის მიერ განხორციელებული დარღვევა არ იძლეოდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთადერთ საფუძველს, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობასა და სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად.

VI. კასატორის მოთხოვნა, კასაციის საფუძვლები, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი სხვა შუამდგომლობები:

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.

11. კასატორი ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში: სზაკ-ის) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ციტირებას და არ ეთანხმება სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და შესაბამისად იგი არ შეიცავს ინფორმაციის დასაბუთების, სამართლებრივი საფუძვლების, უფლებამოსილი პირის გვარის სახელის და ხელმოწერის შესახებ და სწორედ ამიტომ იგი წარმოადგენს მთლიანად სამსახურის და არა მოსარჩელის მიერ გამოცემულ აქტს. ასევე, კასატორი ახდენს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ციტირებას და მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც გამოცემული იქნა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით თანამდებობის პირის - მოსარჩელის მიერ, რომლითაც დარეგისტრირდა მოსარჩელის შვილის პირის საკუთრების უფლება.

12. აღნიშნულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ წარმოებაში, დასაქმებული მონაწილეობდა, როგორც თანამდებობის პირი, რომელსაც აღნიშნული საკითხის მიმართ გააჩნდა პირადი ინტერესი, იმდენად, რამდენადაც, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, სარგებელი მოუტანა მისი ოჯახის წევრს -შვილს. შესაბამისად, სააგენტომ საფუძვლიანად მიიჩნია, რომ ამით დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სშკ-ის მოთხოვნების უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს

13. კასატორი უთითებს, რომ დასაქმებულს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის ბრძანებით, რაც თავის მხრივ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

14.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უთითებს სადავო ბრძანების კანონიერებაზე და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

15. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგინილ საკასაციო შესაგებელში იშუამდგომლა მოწინააღდეგე მხარისათვის იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული პროცესის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრება და სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მან გასწია სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში (იხ., საკასაციო შესაგებელი/შუამდგომლობები).

შუამდგომლობა დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახორციელებდა ადვოკატი, ხოლო სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ექვემდებარება ანაზაღაურებას სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი ოდენობით (ბლანკეტური დათქმა სსსკ-ის 47-ე მუხლზე).

მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთების მიზნით შუამდგომლობასი მითითებულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკა და პრეცედენტული სამართალი.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.

მოცემული დავის განხილვისას საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ 13.05.2015 წლის დასკვნით, დადგინდა, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს, ჩადენილი სამსახურში, რაც წარმოადგენდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას და დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს.

- დამსაქმებლის 15.01.2015 წლის N50/ს ბრძანებით დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა.

- დამსაქმებლის 18.05.2015 წლის N1429/კ ბრძანებით, დასაქმებულს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამუშაოდან დათხოვნა და 2015 წლის 18 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე განჩინების პ: 8-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ვერ განიხილება დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევად, რაც სამსახურიდან გათავისუფლების უალტერნატივო საფუძვლად შეიძლებოდა მიჩნეულიყო.

საკასაციო პალატის ეს დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.

ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა, ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება.

20. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, გამოტანილი მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით (#882014584462-06, 06.11.2014) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების განახლების და რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა თ. ბ-ის საკუთრების უფლება ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად იქნა შეფასებული.

საქმეში წარმოდგენილი 31.10.2014წ. განცხადებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ქონებაზე თ. ბ----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა - მოსარჩელემ მიმართა.

სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტები, დაკავშირებული თ. ბ-ის საკუთრების უფლების წარმოშობასთან მათ შორის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, მისი განახლების და რეგისტრაციის შესახებ გამოცემულია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, შესაბამისად, ისინი არ შეიცავს ინფორმაციას დასაბუთების, სამართლებრივი საფუძვლების, უფლებამოსილი პირის გვარის, სახელის და ხელმოწერის შესახებ, ასევე მათზე არ არის დასმული სამსახურებრივი ბეჭედი. თავის მხრივ, საქმის მასალებითაც უტყუარად არ დგინდება, რომ მოსარჩელე, როგორც სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ამავე სამსახურში საკუთრების უფლების წარმოშობასთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღებ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემ სუბიექტს წარმოადგენდა.

იმ შემთხვევაშიც კი თუ გაზიარებული იქნება, რომ დასაქმებული მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში და მან მიიღო გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება უპირობოდ შეერაცხოს აპელანტს მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უხეშ დარღვევად: მხედველობაშია მისაღები რა გავლენა იქონია ადმინისტრაციული წარმოების შედეგზე თანამდებობის პირის ჩართულობამ, ანუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დაინტერესებულ პირს მიენიჭა თუ არა იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე იგი ამას სხვა შემთხვევაში მიიღებდა. კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემთხვევაში სასამართლოს აზრით დარღვევა არ შეიძლება უპირობოდ გახდეს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არაერთი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თორნიკე ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ გაუქმებულა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის მიერ განხორციელებული დარღვევის პროპორციულ დისციპლინურ ღონისძიებას სამსახურიდან გათავისუფლება არ წარმოადგენდა. შესაბამისად, დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია არაადეკვატური დისციპლინური სახდელის ზომა, რაც სარჩელის, სადავო ბრძანების გაუქმებისა და სარჩელის დანარჩენი მოთხოვნების (წინამდებარე განჩინების პ: 1) დაკმაყოფილების საფუძველია.

21. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგინილ საკასაციო შესაგებელში იშუამდგომლა მოწინააღდეგე მხარისათვის იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული პროცესის ხარჯის - 2400 ლარის დაკისრება და სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მან გასწია სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში (იხ., საკასაციო შესაგებელი/შუამდგომლობები).

შუამდგომლობა დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახორციელებდა ადვოკატი, ხოლო სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ექვემდებარება ანაზაღაურებას სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი ოდენობით (ბლანკეტური დათქმა სსსკ-ის 47-ე მუხლზე).

მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთების მიზნით შუამდგომლობაში მითითებულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკა და პრეცედენტული სამართალი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა შეეხება, როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ისე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას.

ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოტანილია დამატებითი გადაწყვეტილება 2016 წლის 18 მარტს, რომლითაც, აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი 100 ლარი. დანარჩენ ნაწილში, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამავე დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს დადგენილება საჩივრდებოდა კერძო საჩივრის წარდგენის გზით მითითებულ ვადაში.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს გასაჩივრების კანონით დადგენილი და განმარტებული წესის დაცვით წარმოუდგენლობის გამო.

ხოლო რაც შეეხება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების (იხ., საკასაციო შესაგებელი) ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ამ ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი წესით წარმოუდგენლობის გამო. პროცესის ხარჯების ანაზღაურების საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (იხ., სუსგ საქმე №ას-358-343-2016, 03 ივნისი, 2016 წელი).

22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა (იხ.,საქმე №ას-164-154-2015, 27 აპრილი, 2015 წელი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25 სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 432 ლარის 70% - 302.40 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 18 მაისს საგადახდო მოთხოვნა N10649 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (432 ლარი) 302.40 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე