№020210015001159268
საქმე №ას-469-450-2016 29 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს--ა“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ- ძ--ა, რ- ნ-ია (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ- ძ-ა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი დასაქმებული) 2008 წლიდან, ხოლო მოსარჩელე რ- ნ-ია (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე დასაქმებული) 2010 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე სს „ს-აში“ (შემდეგში: მოპასუხე ორგანიზაცია ან დამსაქმებელი) გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
2. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის №15-01/120 ბრძანების პირველი პუნქტით ცვლილება შევიდა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მანამდე გაფორმებულ ყველა შრომით ხელშეკრულებაში, ხოლო მე-2 პუნქტით შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების თანდართული ფორმის მიხედვით. მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობის შესახებ გაუფორმდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
3. პირველ და მეორე დასაქმებულებთან ბოლო შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა 2013 წლის 01 თებერვალს, რომლითაც ისინი გამწესდნენ მოპასუხე ორგანიზაციის საფოსტო დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ზუგდიდის საფოსტო სერვისცენტრის (შემდეგში: სერვისცენტრის) ოპერატორის თანამდებობებზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით, რომელიც მხარეებს შორის პრეტენზიების არარსებობის შემთხვევაში, ავტომატურად გაგრძელდებოდა ერთი თვით ყოველ ჯერზე (ხელშეკრულების 5.1 და 5.2 პუნქტები). შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ფიქსირებული სახელფასო განაკვეთით - 625 ლარი.
4. დამსაქმებლის 2013 წლის 01 მარტის №15-02/267 ბრძანების (შემდეგში: პირველი სადავო ბრძანება) საფუძველზე პირველი დასაქმებული გათავისუფლდა მოპასუხე ორგანიზაციის სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობიდან (საფუძველი: შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 01 მარტიდან აღარ გაგრძელდა). ამ ბრძანების შესახებ პირველი დასაქმებულისათვის ცნობილი იყო (მან 2013 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა).
5. დამსაქმებლის 2013 წლის 01 აპრილის №15-02/414 ბრძანების (შემდეგში: მეორე სადავო ბრძანება) საფუძველზე მეორე დასაქმებული გათავისუფლდა მოპასუხე ორგანიზაციის სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობიდან (საფუძველი: შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 01 აპრილიდან აღარ გაგრძელდა). ამ ბრძანების შესახებ მეორე დასაქმებულისათვის ცნობილი იყო (მან 2013 წლის აპრილის თვიდან შეწყვიტა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა).
6. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ 2015 წლის 17 ნოემბერს, რომლითაც მოითხოვეს:
7.1. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის №15-01/120 ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა;
7.2. დამსაქმებელსა და პირველ და მეორე დასაქმებულს შორის 2013 წლის 01 თებერვალს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 5.1 და 5.2 პუნქტების ბათილად ცნობა;
7.3. პირველი და მეორე სადავო ბრძანების ბათილად ცნობა;
7.4. პირველი და მეორე მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე ორგანიზაციის სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობებზე და მათთან შრომითი ხელშეკრულებების განუსაზღვრელი ვადით გაფორმების დავალება;
7.5. იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაო ადგილზე აღდგენამდე.
8. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლი და 394-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) მე-6 მუხლის 13 პუნქტი (კანონის 12.06.2013წ.-ისთვის მოქმედი რედაქცია N729) და 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
9. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ პირველ და მეორე დასაქმებულებთან გაფორმებული გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებები შეიცვალა ვადიანი (ერთი თვე) შრომითი ხელშეკრულებებით. პირველი და მეორე სადავო ბრძანება გამოიცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან პირველი და მეორე დასაქმებულები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს, მათ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა. შესაბამისად, არ არსებობდა მათთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძველი.
10. მოპასუხემ წარმოადგინა პირველადი მოთხოვნის (წინამდებარე განჩინების პ: 7.3) განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (პირველი და მეორე სადავო ბრძანებების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის გასვლა), რომელიც იმავდროულად, წარმოადგენდა მეორადი მოთხოვნების (წინამდებარე განჩინების პპ: 7.1; 7.2; 7.4; 7.5) განხორციელების შემწყვეტ შესაგებელსაც.
11. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (საფუძველი: სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობა).
12. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სრჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინეს პირველმა და მეორე მოსარჩელემ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი
დაკმაყოფილდა სრულად:
- ბათილად იქნა ცნობილი პირველი და მეორე სადავო ბრძანება;
-აღდგენილ იქნა პირველი და მეორე მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციის სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე ან/და ტოლფას სამუშაოზე;
- მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი ყოველთვიური ხელფასის 625 ლარის გათვალისწინებით;
- მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება 2013 წლის 1 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი ყოველთვიური ხელფასის 625 ლარის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
14. დადგენილია მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობის არსებობა (სშკ-ის 37-ე მუხლის მე-მუხლის 11 პუნქტი (კანონის 12.06.2013წ.-ისთვის მოქმედი რედაქცია N729)).
15. გაზიარებულია წინამდებარე განჩინების პპ: 4; 5; 15.
16. არ დადასტურდა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზად პირველი და მეორე დასაქმებულების მხრიდან შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად ანდა არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტობრივი გარემოება (შრომით სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით დამსაქმებულზე გადაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ შეუსრულებლობა). პირველი და მეორე დასაქმებულების მიმართ არც დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა ყოფილა გამოყენებული.
17. დამსაქმებლის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ორგანიზაცია გადავიდა ახალი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაზე, ხოლო პირველი და მეორე დასაქმებულები სათანადოდ ვერ აეწყვნენ საქმის წარმოების მითითებულ სისტემას, სახელდობრ, ვერ აითვისეს ახალი მოთხოვნები, მათი არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ ჩაითვლებოდა გათავისუფლების ადეკვატურ და სამართლიან ღონისძიებად (შრომის სამართალში დამკვიდრებული Ultimo Ratio-ს პრინციპი), რამდენადაც, სასამართლოსათვის გაუგებარი იყო, იწვევდა თუ არა დასაქმებულების ეს მოქმედებები სამუშაოს მიმდინარეობის შეფერხებას. არც ის გარემოება დადასტურდა, გამოყენებულ იქნა თუ არა მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან ქმედითი ღონისძიებები არსებული პრეტენზიის აღმოსაფხვრელად. ეს ყოველივე კი, სასამართლოს მოსაზრებით, დასაქმებულების მიმართ მოპასუხე ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერ და გულგრილ მოპყრობაზე მიუთითებდა და იმავდროულად, გამორიცხავდა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმური და გონივრული საფუძვლის არსებობას.
18. პირველი და მეორე დასაქმებულის შრომის ანაზღაურებად დადგენილ იქნა ყოველთვიურად ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი - 625 ლარის ოდენობით, რომელიც, როგორც იძულებით მოცდენილი დროისათვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა დამსაქმებელს პირველი და მეორე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე (სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი და 44-ე მუხლი; სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლები).
19. იმავდროულად, როგორც სადავო ბრძანების ცნობის თანმდევი სამართლებრივი შედეგი პირველი და მეორე დასაქმებულები აღდგენილ იქნენ მოპასუხე ორგანიზაციის სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე ან/და ტოლფას სამუშაოზე (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.
20. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
21.1. კასატორი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე (ხანდაზმულობა) და აღნიშნავს, რომ სარჩელი სადავო ბრძანების გამოცემიდან 2 წლისა და 7 თვის შემდეგ არის წარდგენილი სასამართლოში. მისი მოსაზრებით, შრომით დავაზე არ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობა, რადგან სშკ-ი იცნობს ბრძანების გასაჩივრების სპეციალურ ვადას. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158 კონვენციაზე, რომელიც აწესებს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებას გონივრულ ვადაში. ამას გარდა, გასაჩივრების გონივრული ვადის გამოყენება გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვასაც (სსკ-ის 115-ე მუხლი) ეხმიანება.
22.2. გათავისუფლების საფუძვლებთან მიმართებაში, კასატორი მიუთითებს, რომ თუკი დასაქმებული ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ვერ პასუხობს ტექნოლოგიურ გამოწვევებს დამსაქმებელი უფლებამოსილია აღარ გაუგრძელოს მას შრომითი ურთიერთობა.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი სშკ-ის ნორმა გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთების სავალდებულეობას არც ითვალისწინებდა.
23.3. კასატორი არ ეთანხმება დასაქმებულების სამსახურში აღდგენასთან ერთად მათთვის კომპენსაციის დაკისრებას. მისი მოსაზრებით, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ალტერნატივის ერთდროულად გამოყენება არ არის კანონით ნაკარნახევი და ამდენად, მოსარჩელეებს იძულებით განაცდური არ უნდა აუნაზღაურდეთ სამუშაო ადგილზე აღდგენის შემთხვევაში.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად კასატორი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელ შესაგებელზე (ხანდაზმულობა) და მისი ძირითადი პოზიცია იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებისას უნდა ეხელმძღავნელა სპეციალური კანონით (სშკ-ის ნორმებით), რომელიც ადგენს გასაჩივრების ერთთვიან ვადას, ხოლო სსკ-ის 129-ე მუხლით ხელმძღვანელობა არ იყო კანონის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი.
საკასაციო პალატას კასატორის პოზიცია მოცემულ საქმესთან მიმართებით ვარგის სამართლებრივ საფუძვლად არ მიაჩნია და განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, კანონმდებელმა, დაუკავშირა დამსაქმებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების დასაქმებულის მიერ მოთხოვნის საკითხს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილი). იმ შემთხვევებში, თუ დამსაქმებელი საკუთარი ინიციატივით ჩააბარებს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას, ცხადია, დასაქმებულის მიერ ამ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნა კარგავს აქტუალობას. სააბოლოოდ, ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ჩაბარებიდან (ან წერილობითი დასაბუთების მომზადების 7-დღიანი ვადის ამოწურვიდან) მხოლოდ 30 დღის ვადაშია უფლებამოსილი, დასაქმებული გაასაჩივროს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. არც 38-ე მუხლი და არც ამ კოდექსის სხვა მუხლები არ შეიცავენ იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი არც დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადაცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. დასაქმებული არ არის ვალდებული, მოითხოვოს წერილობითი დასაბუთების გადაცემა და, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მის მიერ გასაჩივრების უფლებაზე არ შეიძლება გავრცელდეს 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა. პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევებზე სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გასაჩივრების უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებას ხანდაზმულობის ვადა არ აფერხებს.
27. საკასაციო პალატა კასატორის პოზიციას არც იმ ნაწილში იზიარებს, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა პირველი და მეორე დასაქმებული სამუშაოდან მათზე დაკისრებული შრომითი მოვალებების ჯეროვნად შეუსრულებლობის, ახალ ტექნოლოგიურ გამოწვებთან შეუსაბამობის გამო და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა რა სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რომელიც უნდა შემოწმდეს შრომის სამართალში მოქმედი ნორმებით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, ან რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება.
მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა პირველ და მეორე დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად საჭირო უნარ-ჩვევების არარსებობის იმგვარი ვითარება, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძიმედ აისახებოდა მათი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე და რომლიდან გამოსავალიც სწორედ სამსახურიდან გათავისუფლების უკიდურესი ფორმის გამოყენება იყო.
28. ამასთან, საკასაციო პალატას მართლზომიერად მიაჩნია მოპასუხე ორგანიზაციისათვის სამუშაო ადგილზე აღდგენასთან ერთად დასაქმებულებისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს სამუშაო ადგილზე ან მისი არარსებობის შემთხვევაში, მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. პირველი ორი ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია დააკისროს დამსაქმებელს კომპენსაცია, რამეთუ ბრძანების ბათილად ცნობას სამართლებრივი შედეგი უნდა მოყვეს. სწორედ ეს აზრია გატარებული სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში, კი დასაქმებულები აღდგენილ იქნენ სამუშაო ადგილზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე და სასამართლოს მათთვის არ მიუკუთვნებია კომპენსაცია, როგორც სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული დანაწესი, არამედ სასამართლომ მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა იძულებით გაცდენილი დროის მანძილზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 44-ე მუხლის, აგრეთვე, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით, რომლის ეკვივალენტი ამ დროის მანძილეზე მისაღები და დამსაქმებლის სადავო ბრძანების გამო მიუღებელ ხელფასში გამოიხატა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია არც ამ ნაწილიშია სამართლებრივად ვარგისი.
29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2250.00 ლარის 70% - 1575.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ას“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 07 ივნისს საგადახდო მოთხოვნა N343 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2250.00 ლარი) 1575.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე