Facebook Twitter
№010210015722610

საქმე №ას-167-163-2016 01 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ჯ- ც-ე (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G-“ (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ჯ- ც-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის – 21,200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სანოტარო წესით უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან გადახდის განვადებით იყიდა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ხ--ში მდებარე 2,304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 92,40 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
3. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 50,000 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდებოდა განვადებით, ეტაპობრივად. ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მყიდველი გადაიხდიდა 20 000 აშშ დოლარს, 2010 წლის 25 მაისს – 15000 აშშ დოლარს, ხოლო 2010 წლის 25 ივლისს – 15 000 აშშ დოლარს.
4. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი 2010 წლის 25 ივლისამდე (ჩათვლით) ნასყიდობის ფასს არ გადაიხდიდა, გამყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა და ზიანის ანაზღაურება.
5. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია.
6. მხარემ განმარტა, რომ უძრავი ქონების გასხვისების მიზანს ვალების დაფარვა და ქ.ბ-ში ბინის ყიდვა წარმოადგენდა. მან შეიგულა კიდეც ქ.ბ-ში, თ-ს დასახლების №44ბ სახლის №16-ში საცხოვრებელი ბინა და მესაკუთრეს ბეს სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი, თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, საკმარისი თანხა ვეღარ შეაგროვა და ბეც დაკარგა.
7. 2011 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთი მიჰყიდა მ- თ-ეს და აპირებდა მოპასუხისათვის მისგან მიღებული თანხის დაბრუნებას, თუმცა, მას დაუკავშირდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორი და შესთავაზა ზემოაღნიშნული გარიგების შეწყვეტა, დარჩენილი თანხის, მიყენებული ზიანისა და საურავის გადახდა, ასევე, მოსარჩელის კუთვნილი მიმდებარე 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენა. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ 2011 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა. მოპასუხემ კი, წერილობით აცნობა, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, კომპანია სადავო უძრავი ქონების შესაძენად გადაიხდიდა 45 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, თუმცა, მოგვიანებით ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა მხარესთან.
8. მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი რეალობას არ შეესაბამება. მოსარჩელესა და მ- თ-ეს შორის არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მხარეები არ შეთანხმებულან ზიანის, საურავისა და ბეს სახით გადახდილი თანხის ანაზღაურების შესახებ. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:


10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის სახით 11,200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი უარი ეთქვა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სანოტარო წესით უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან გადახდის განვადებით იყიდა ხ-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 2304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 92,40 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 50000 აშშ დოლარად.
13. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ: ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მყიდველს უნდა გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, 2010 წლის 25 მაისს – 15 000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 25 ივლისს – დარჩენილი 15 000 აშშ დოლარი.
14. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი ნასყიდობის ფასს არ გადაიხდიდა 2010 წლის 25 ივლისამდე (ჩათვლით), გამყიდველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა და ზიანის ანაზღაურება.
15. მოპასუხემ ნასყიდობის თანხიდან ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხადა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2010 წლის 7 ივნისს – 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო დარჩენილი 15000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადა 2010 წლის 25 ივლისის ჩათვლით, მოპასუხეს არ გადაუხდია.
16. 2011 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელემ მ- თ-ესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით ხ-ში მდებარე 2304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 92,40 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. ნასყიდობის საგნის ფასად დაფიქსირდა 60000 აშშ დოლარი. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მ- თ-ის საკუთრებაში.
17. საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებაში მოსარჩელისადმი მოპასუხე საზოგადოების დირექტორის მიერ 2011 წლის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებულია შემდეგი: „გაცნობებთ, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს ჩვენს შორის გაფორმებული მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, ჩემი კომპანია თანახმაა, ხსენებული მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობით და დამატებით თქვენს მიერ შემოთავაზებული, მიმდებარედ არსებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით თქვენ დამატებით გადაგიხადოთ 45000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ხსენებული თანხის გადახდა ჩემი კომპანიის მიერ განხორციელდება ეტაპობრივად, კერძოდ, 40000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ჩაგერიცხებათ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დღეს, ხოლო დარჩენილი 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი კი ჩემი კომპანიის მიერ დაიფარება პირველადი ჩარიცხვის განხორციელებიდან ექვსი კვირის ვადაში.“
18. 2011 წლის 5 დეკემბერს, მ- თ-ისა და მოსარჩელის შეთანხმებით მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა და უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში.
19. საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ უძრავი ქონება 2009 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში.
20. საქმეზე წარმოდგენილ 2010 წლის 6 ივნისით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელემ ჯ--- შარაძისაგან თვეში 4%-ის გადახდის პირობით ისესხა 7000 აშშ დოლარი.
21. საქმეში წარმოდგენილ წერილობით ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ 2010 წლის 7 ივნისს ქ.ბ-ში, თ-ის დასახლების №44 სახლში მდებარე №16 ბინის შესაძენად მოსარჩელემ ბინის მესაკუთრე ე- ნ-ეს „ბეს“ სახით გადაუხადა 7000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 20000 აშშ დოლარი მას უნდა გადაეხადა 2010 წლის 15 აგვისტომდე. სულ ბინის საფასური შეადგენს 27000 აშშ დოლარს.
22. საქმეზე წარმოდგენილ 2011 წლის 16 სექტემბრით დათარიღებულ ხელწერილში დაფიქსირებულია, რომ ჯ--- შარაძემ მოსარჩელისაგან მიიღო 11200 აშშ დოლარი, საიდანაც 7000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 4000 აშშ დოლარი – პროცენტი.
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ამავე მოსარჩელის სარჩელი იდენტური მოპასუხის წინააღმდეგ, რაზეც 2014 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეებს შორის 2009 წლის 25 დეკემბერს გადახდის განვადებით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის №090897941 ხელშეკრულება მოიშალა, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ მახინჯაურში მდებარე სადავო უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №22.21.0--0--) კვლავ აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. ამავე გადაწყვეტილებით ჯ- ც-ეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებაზე.
24. როგორც სარჩელის შინაარსით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს 2009 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას, რაც, მისივე მითითებით, შეადგენს საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით „ბეს“ სახით გადახდილ 7000 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხის სესხებისათვის გადახდილ პროცენტს – 4200 აშშ დოლარს, ასევე, მოპასუხე საზოგადოების დირექტორის მიერ 2011 წლის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას, რაც მოსარჩელის მითითებით შეადგენს მ- თ--ესთან გაფორმებული და შემდეგ გაუქმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ზედმეტად მიუღებელ 10000 ლარს.
25. სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს თავის თავზე მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულის გამო, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზარალი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ასეთი ხელშეკრულების დარღვევისა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი უნდა აანაზღაუროს ყოველთვის, მაგრამ მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
26. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, როდესაც ზიანი გამოწვეულია დაზარალებულ მხარესა და მესამე პირს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან, სამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რამდენად სავარაუდო შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი ვალდებულებისა და მისგან წარმოშობილი ზიანის არსებობა მოპასუხისათვის.
27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სანოტარო წესით უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შემძენმა ნასყიდობის ფასის ნაწილი – 35000 ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 15000, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო 2010 წლის 25 ივლისამდე, არ დაუფარავს.
28. ამდენად, 2010 წლის 7 ივნისს ე- ნ-ესთან „ბეს“ ხელშეკრულების გაფორმებისას 2009 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულების შესრულების ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოპასუხისთვის ცნობილი არ ყოფილა, „გონიერი ადამიანის თვალსაზრისით“ ასეთი გარიგების დადების თაობაზე და შემდგომში მისგან წარმოშობილი ზიანის თაობაზე არც შეიძლება სცოდნოდა. მართალია, მოპასუხემ დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ კრედიტორის მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შესაძენად „ბეს“ დაკარგვით გამოწვეული ზიანი სცილდება ხელშეკრულებით ნაკისრი მისი რისკის ფარგლებს. ამ გარემოების გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა „ბეს“ დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია.
29. ასევე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა „ბეს“ გადახდის მიზნით, აღებული სესხიდან წარმოშობილი ზიანის, კერძოდ, პროცენტის სახით გადახდილი 4200 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის – 11200 აშშ დოლარის (7000+4200=11200) დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებულია.
31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის შინაარსის შესაბამისად, მ- თ-ესთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებისა და მისგან გამომდინარე ზიანის – 10000 აშშ დოლარის წარმოშობას მოსარჩელე უკავშირებს მოპასუხის 2011 წლის 18 ნოემბრის წერილს.
32. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს, სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებას, იგი შეფასებული უნდა იქნეს, როგორც ოფერტი მოსარჩელის მიმართ, სადაც მოპასუხემ დააფიქსირა თავისი სურვილი 2009 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულების შესრულებისა და დამატებით სხვა მიწის ნაკვეთის შეძენისა, თუკი მოხდებოდა სათანადო წესით ხელშეკრულების გაფორმება.
33. მართალია, ზიანი შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების მომზადების სტადიაზეც, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მოვალისათვის ასეთი სახის ზიანის წარმოშობა იყოს სავარაუდო (სსკ-ის 412-ე მუხლი).
34. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მ- თ--ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი და ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულების გაუქმებით მოსარჩელეს წარმოეშობოდა 10000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მ--- თ-ესთან ხელშეკრულების გაუქმებით წარმოშობილი ზიანის – 10000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
36. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 412-ე მუხლი, როდესაც აღნიშნა, რომ 2010 წლის 7 ივნისს ბეს ხელშეკრულების გაფორმებისას 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების შესრულების ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო, თუმცა ე.-სთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი არ ყოფილა და გონივრული განსჯის თვალსაზრისით ასეთი გარიგების დადების თაობაზე, ასევე, შემდგომ მისგან წარმოშობილი ზიანის თაობაზე ვერც ეცოდინებოდა.
37. მხარის მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა ყოვლად მიუღებელია, რადგან მხარეებს შორის გაფორმებული 2009 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით ითვალისწინებდა გარკვეულ დროსა და ადგილას ფულადი ვალდებულების შესრულებას. როგორც საქმის მასალებიდან, ასევე, მხარის განმარტებიდანაც ჩანს, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა – მითითებულ ვადაში 15000 აშშ დოლარი არ გადაიხადა. იმ იმედით, რომ მოპასუხე ვალდებულებას შეასრულებდა ჯეროვნად (არ არსებობდა არანაირი წინაპირობა ვალდებულების ვერ ან არ შესრულების შესახებ), კასატორმა აიღო პროცენტიანი სესხი ბინის შეძენის მიზნით და გააფორმა ბეს ხელშეკრულება ე.-სთან. შემდგომში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობისას მან დაკარგა „ბეს“ სახით გადაცემული 7000 აშშ დოლარი, რომელზეც შემდგომში გადახდილ იქნა პროცენტი (აღნიშნული სესხის ხელშეკრულება წარმოდგენილია საქმეში).
38. სააპელაციო სასამართლომ სსკ 412-ე მუხლი განმარტა ისე, თითქოს კასატორი ვალდებული იყო, ეცნობებინა წერილობით მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული „ბეს“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, თუმცა ამის შესახებ სსკ-ში ნათქვამი არაფერი. ამავე დროს კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
39. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებენ კონტრაჰენტის პიროვნებას. კრედიტორი ვარაუდობს, რომ მოვალე ვალდებულებას შეასრულებს ხელშეკრულების პირობის შესაბამისად. უმრავლეს შემთხვევებში, ვალდებულების შესრულება ხდება პირადად მოვალის მიერ.
40. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით კასატორს მიადგა კონკრეტული ზიანი – 11200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ყოვლად მიუღებელია სასამართლო პრაქტიკისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 412-ე მუხლის განმარტება.
41. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და საფუძვლიანად არ გამოიკვლია, საიდან გამომდინარეობდა მოპასუხის შემოთავაზება (იგულისხმება 2011 წლის 18 ნოემბრის წერილი) დამატებითი მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილისა და თანხის გადახდის თაობაზე, ხომ არ გამომდინარეობდა აღნიშნული დამატებით პირობად 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან.
42. 2009 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ დამატებით აიღო ვალდებულება 2011 წლის 18 ნოემბრის წერილით. სასამართლომ, ასევე, არასწორად შეაფასა მოპასუხის ქმედება, არ გამოიკვლია, ხომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან სსკ-ის 115-ე მუხლის დანაწესი.
43. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ მ- თ--ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ მოპასუხემ 2009 წლის 25 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება მოტყუებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.
44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად,

46. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას ზიანის ანაზღაურებაზე დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის პრეტენზია ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას შეეხება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

47. 2009 წლის 25 დეკემბერს ჯ- ც-ეს, როგორც „გამყიდველსა“ და შპს „G-“-ს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა სანოტარო აქტი - გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: პირველი ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა გამყიდველისაგან იყიდა ხ-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 2304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 92,40 კვ.მ შენობა-ნაგებობა (შემდეგში: ნასყიდობის საგანი ან უძრავი ქონება). ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 50,000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ: ხელშეკრულების ხელმოწერის დროს 20,000 აშშ დოლარი, 2010 წლის 25 მაისს – 15,000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 25 ივლისს – 15,000 აშშ დოლარი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი ნასყიდობის ფასს არ გადაიხდიდა 2010 წლის 25 ივლისამდე, გამყიდველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა და ზიანის ანაზღაურება (ხელშეკრულების მე-5 პუნქტი).

48. ხელშეკრულების გაფორმებისას მყიდველმა გადაიხადა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2010 წლის 7 ივნისს – 15,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო დარჩენილი 15,000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადა 2010 წლის 25 ივლისის ჩათვლით, არ გადაუხდია.

49. 2011 წლის 9 სექტემბერს გამყიდველმა მ. თ-ესთან (შემდეგში: ახალი მყიდველი) უძრავ ქონებაზე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე ხელშეკრულება). ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 60,000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მესამე პირის საკუთრების უფლებით.

50. მოგვიანებით, 2011 წლის 18 ნოემბერს მყიდველმა წერილი გაუგზავნა გამყიდველს, რომლითაც აცნობა, რომ მათ შორის გაფორმებული მეორე ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, მყიდველი თანხმობას აცხადებდა ნასყიდობის საგნისა და დამატებით მყიდველის მიერ შემოთავაზებული, მიმდებარედ არსებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით დამატებით გადაუხდიდა 45,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარს ეტაპობრივად: 40,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ჩაირიცხებოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დღეს, ხოლო დარჩენილი 5,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი - პირველადი ჩარიცხვის განხორციელებიდან ექვსი კვირის ვადაში (2011 წლის 18 ნოემბრის წერილი).

51. 2011 წლის 5 დეკემბერს მეორე ხელშეკრულება მოიშალა და უძრავი ქონება კვლავ აღირიცხა გამყიდველის საკუთრების უფლებით.

52. მოგვიანებით, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის საკუთრების უფლებით (საფუძველი: პირველი ხელშეკრულება).

53. საქმეზე წარმოდგენილ 2010 წლის 6 ივნისით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელემ ჯ--- შარაძისაგან თვეში 4%-ის გადახდის პირობით ისესხა 7000 აშშ დოლარი.

54. 2010 წლის 7 ივნისს ქ.ბ-ში, თ-ის დასახლების №44 სახლში მდებარე №16 ბინის შესაძენად მოსარჩელემ ბინის მესაკუთრე ე. ნ-ეს „ბეს“ სახით გადაუხადა 7000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 20000 აშშ დოლარი მას უნდა გადაეხადა 2010 წლის 15 აგვისტომდე. სულ ბინის საფასური შეადგენდა 27000 აშშ დოლარს.

55. საქმეზე წარმოდგენილ 2011 წლის 16 სექტემბრით დათარიღებულ ხელწერილში დაფიქსირებულია, რომ ჯ--- შარაძემ მოსარჩელისაგან მიიღო 11200 აშშ დოლარი, საიდანაც 7000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 4000 აშშ დოლარი – პროცენტი.

56. როგორც ზემოთ აღინიშნა კასატორის პრეტენზია ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას შეეხება. მისი მოსაზრებით, დამდგარ ზიანს შეადგენს:
ა) საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით „ბეს“ სახით გადახდილი 7000 აშშ დოლარი;
ბ) ბეს გადახდის მიზნით სესხად აღების სარგებელი (პროცენტი) – 4200 აშშ დოლარი;
გ) 2011 წლის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რაც შეადგენს ახალ მყიდველთან გაფორმებული და შემდეგ გაუქმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ზედმეტად მიუღებელი 10,000 ლარს.

57. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) და ბ) შემთხვევას, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება იქნეს მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევს მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინადხედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ზიანის ა) და ბ) შემთხვევას უკავშირებს მყიდველის მიერ პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რასაც ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის 7 ივნისს ე. ნ-ესთან „ბეს“ ხელშეკრულების გაფორმებისას 2009 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულების შესრულების ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არც მოპასუხისთვის იყო ცნობილი და შესაბამისად, ამგვარი გარიგებისგან („ბეს“ დაკარგვა“) წარმოშობილი ზიანის სავარაუდობა, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, სცილდება ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებს. ამ ვითარებაში, „ბეს“ დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძლოა.

ასევე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა „ბეს“ გადახდის მიზნით, აღებული სესხიდან წარმოშობილი ზიანის, კერძოდ, სარგებლის - 4200 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 394-ე და 412-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.

58. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის გ) ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 394-ე და 408-ე მუხლების არასწორ განმარტებასა და გამოყენებაში გამოიხატა.

ერთგავროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ფუნქციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. აღნიშნული მუხლი კიდევ ერთხელ ასახელებს ვალდებულების დარღვევას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ზიანის ანაზღაურების წინაპირობად. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. საკასაციო პალატის განმარტებით, ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) და ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის განმარტების საგანია გახდა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. აღნიშნული უფლება არ არის ალტერნატიული, არამედ შესაძლებელია სხვა მეორადი მოთხოვნის უფლებებთან პარალელურად იქნეს ამოქმედებული.

ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით.

ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით: ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალეზე დაკისრებით.

სკ-ის 394-ე I მუხლი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: 1) მართლწინააღმდეგობა 2) ბრალი 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ზიანი.

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის.

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ერთ-ერთ გარემოებად იმაზე მიუთითებს, რომ 2011 წლის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებული პირობის შეუსრულებლობით, მან ახალ მყიდველთან გაფორმებული და შემდეგ გაუქმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ვეღარ მიიღო დამატებით 10,000 დოლარი (სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 394-ე და 408-ე მუხლი), რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძლიანია და ამ სხვაობის, როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ და ამ ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ) შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების საფუძველია.

59. სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 10,000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

60. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო მოპასუხის მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და მოპასუხის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სარჩელის დამაყოფილების პროპორციული თანხის ურთიერთგაქვის შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ჯ- ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ- ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „G-“-ს დაეკისროს ჯ-ც-ის სასარგებლოდ 10,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „G-“-ს დაეკისროს ჯ- ც-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 2100 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე