№330210014687771
საქმე №ას-585-560-2016 06 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ--ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2005 წლის 15 მარტს ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი) და მეორე მხრივ, შპს „გ--ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა დანართი N1-ში მითითებული 600,000 ევროს ღირებულების საქონელი. მოწოდება უნდა დადასტურებულიყო ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით (მტკიცების სტანდარტი).
2. ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა შემსყიდველს გადასცა ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული საქონელი.
3. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა შემსყიდველის წინააღმდეგ, ქონების დაბრუნების მოთხოვნით (ვინდიკაცია). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 170-ე და 172-ე მუხლები.
4. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს მიეწოდა დანართ N1-ში მითითებული ქონება (სასადილოს მოწყობილობები) ბაზებზე დასამონტაჟებლად, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. ამ აქტების გაფორმებამდე კი, საკუთრების უფლებას მიწოდებულ ქონებაზე ინარჩუნებს მოსარჩელე.
5. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა). იმავდროულად, მიუთითა მოთხოვნის უსაფუძვლობაზე (მარტივი შესაგებელი).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში მიეწოდა დანართი N1-ის შესაბამისად 600,000 ევროს ღირებულების ქონება (სასადილო მოწყობილობები), რომლებიც მიეკუთვნებიან მოძრავ ნივთებს (სსკ-ის 147-ე, 148-ე და 149-ე მუხლები).
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: საკუთრების უფლება და მისი გადაცემის შესახებ მესაკუთრის ნამდვილი ნება (სსკ-ის 186-ე მუხლი). დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანიც შემყიდველისათვის განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემა იყო და დადგენილია, რომ ეს ქონება შემსყიდველს მიეწოდა. მაშასადამე, სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით შემსყიდველს მიწოდებულ ქონებაზე წარმოეშვა საკუთრების უფლება.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მიმწოდებელი აღარ მიიჩნეოდა მიწოდებული ქონების მესაკუთრედ, ხოლო შემსყიდველი წარმოადგენდა სადავო ქონების კანონიერ მფლობელს, ვინაიდან მან ხელშეკრულების საფუძვლზე მოიპოვა საკუთრების უფლება (სსკ-ის 172-ე მუხლის შემადგენლობის პირველი ორი კომპონენტი), რაც ვინდიკაციური სარჩელის წარუმატებელობის დასტურია.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
13. საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
14. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედების გამო, არ გაფორმდა საქონელის მიწოდების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტი (რაზედაც დღემდე მიმდინარეობს გამოძიება). მის გაფორმებამდე კი, საკუთრების უფლებას მიწოდებულ საქონელზე ინარჩუნებს მიმწოდებელი. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა და წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმწოდებელს არაერთი დავა ჰქონდა წარმოებული საქართველოს სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. კასატორი არ ეთანხმება დასკვნას, რომ შემსყიდველს წარმოეშვა მიწოდებულ საქონელზე საკუთრების უფლება და მიუთითებს ხელშეკრულების 5.4 და 5.5 პუნქტებზე, რომლითაც რეგულირებულია საკუთების უფლების გადასვლის წესები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრულია მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით (ვინდიცირება). სარჩელის წარმატებულობისათვის სახეზე უნდა იყოს სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წანამძღვარი (კუმულაციური ერთობლიობა): მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ნივთს დაუფლებული უნდა იყოს მოპასუხე და ამ უკანასკნელს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. ამ წანამძღვრების არსებობის მტკიცების ტვირთი ვინდიცირების მართლზომირების დასადასატურებლად ეკისრება მოსარჩელეს (სსკ-ის 102-ე მუხლი). თითოეული წანამძღვარი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
18. მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში მიეწოდა 600,000 ევროს ღირებულების მოძრავი ნივთები. ვინაიდან, კანონი არ ითვალისწინებს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დადასტურებას რაიმე სახის სპეციალური მტკიცებულებით, ამიტომ მათზე საკუთრების უფლების შეძენის წესი განისაზღვრება სსკ-ის 186.1 მუხლით დადგენილი ქცევის წესით, რომლის თანახმად, სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის/მიმწოდებლის ნამდვილი ნება საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ და შემძენისათვის/შემკვეთისათვის მისი პირდაპირ მფლობელობაში ჩაბარება.
კონკრეტული ხელშეკრულების მიზანი შემყიდველისათვის განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემა იყო. ამასთან, ის გარემოებაც დადგენილია, რომ მოძრავი ნივთები შემსყიდველს ჩაბარდა. ამდენად, მოძრავ ნივთებზე შემსყიდველს წარმოეშვა საკუთრების უფლება, ხოლო ის გარემოება, რომ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად, მიწოდებული ქონების საფასური გადაუხდელია, არ შეიძლება გახდეს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მიმწოდებლის ეს პრეტენზია წარმოშობს ვალდებულების შესრულების (თანხის) მოთხოვნის უფლებას და არა გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
19. მოცემულ შემთხვევაში, ვინდიკაციური სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დადგენილი შემადგენლობის არარსებობამ (ვინდიცირების უსაფუძვლობა), თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოპასუხის კვალიფიციურ შედავებას ვინდიცირების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გააჩნდა ვარგისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ამგვარ სარჩელეს მესაკუთრე სწორედ მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. საკუთრების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით დაცულობა განაპირობებს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. სწორედ ამიტომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებში განმტკიცებული ვინდიცირების სასარჩელო უფლება ხანდაზმულობის რაიმე ვადით არ არის შეზღუდული. იმავდროულად, სარჩელის აღძვრის ეს უფლება არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული და გამოყენებული, რომ მიზნად ისახავდეს მფლობელისათვის ზიანის მიყენებას ან სხვის ხარჯზე გამდიდრებას და სხვ. და ამგვარი გარემოებების არსებობით ხელს უწყობდეს სასარჩელო დავების წარმოშობას.
20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან, მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გუვენლი იაშამ იშ გუვენლიღი სანაი თიჯარეთი ლიმითედ შირკეთის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „გ---ს“ დაუბრუნდეს ზ-- ჯ–ის მიერ 2016 წლის 21 ივნისს რეფერენსი: 3-- გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური