საქმე №ას-457-439-2016 06 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ- ნ-ე, ლ- ჯ-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის №- საკუთრების უფლების მოწმობის (შემდეგში: საკუთრების მოწმობა) საფუძველზე მ- ნ-ეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე) საკუთრებაში გადაეცა ხ--ის მუნიციპალიტეტის მ--ის მეურნეობაში მდებარე 0.0178ჰა მიწის ნაკვეთი (შემდეგში: მიწის ნაკვეთი), რომელიც საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა 2007 წლის 28 დეკემბერს.
2. 2008 წლის 6 თებერვალს, პირველ მოპასუხესა და ლ- ჯ-ეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) შორის მიწის ნაკვეთზე გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-1---, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში, საკუთრების უფლებით აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებით 2008 წლის 7 თებერვალს და დღემდე მის სახელზეა რეგისტრირებული. ხელშეკრულების მიხედვით: „ნასყიდობის საგანი გაიყიდა 50,260 აშშ დოლარად. მყიდველს თანხა გადახდილი აქვს”.
3. ხ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 23 აპრილის №53 ოქმის საფუძველზე (მეორე მოპასუხის სახელზე ქონების დარეგისტრირებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ) ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების მოწმობა.
4. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით თ. ფ-ე (შემდეგში: პირველი მსჯავრდებული) და მ. ფ--ე (შემდეგში: მეორე მსჯავრდებული) ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში: სისხლის სკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი), 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი). მეორე მსჯავრდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (10 ეპიზოდი), 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი). ამასთან, ამავე განაჩენით ორივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 688,980 ლარის ანაზღაურება.
5. უდავოა, რომ ქონებაზე პირველ მოპასუხეს საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა მეუღლის - პირველი მსჯავრდებულის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად.
6. 2013 წლის 26 მარტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ორივე მსჯავრდებულის წარმომადგენელმა (რომელიც იმავდროულად, ერთ-ერთი იპოთეკით დასატვირთი ქონების მესკუთრეცაა) და ზ. დუმბაძის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. შეთანხმების მიზანი იყო ორივე მსჯავრებულის მიმართ ამნისტიის გავრცელება, რაც საჭიროებდა თანხმობას და სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ამ შეთანხმებით მხარეებმა იკისრეს ვალდებულება მიეტოვებინათ საკუთრების უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ ხ-ში, მ-ის მეურნეობაში მდებარე N22.05.07.-- ს/კ: რეგისტრირებული 718 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრესაც მეორე მოპასუხე წარმოადგენდა.
7. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, 2008 წლის 6 თებერვლის უძრავი ქონების N1-1-- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით (მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 56-ე მუხლი).
8. სარჩელის იურიდიული ინტერესია უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის (სახელმწიფო) დაბრუნება.
9. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ პირველმა მოპასუხემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა მეუღლის - პირველი მსჯავრდებულის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად. მოგვიანებით გაუქმდა საკუთრების მოწმობა, მაგრამ ამ დროისათვის, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებში, მეორე მოპასუხეს სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლება უნდა მიეტოვებინა მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების მიტოვების პროპორციულად შემცირდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვის (ყადაღა) გამო, საჯარო რეესტრში განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
10. პირველმა მოპასუხემ მარტივ შესაგებელში უარყო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წანამძღვრების (სსკ-ის 56-ე მუხლი) არსებობა და აღნიშნა, რომ მასსა და მეორე მოპასუხეს შორის ნების ნამდვილი გამოვლენის შედეგად დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ. უფრო მეტიც, იგი არც სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით დადებული შეთანხმების მონაწილე მხარეს წარმოადგენდა და შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება, თეორიულადაც, ვერ იქნებოდა ამ მიზნის მიუღწევლობისკენ მიმართული.
11. მეორე მოპასუხემ მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელ შესაგებელში მიუთითა, რომ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს (სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები) და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით მას მიადგებოდა მატერიალური ზიანი .
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
15. დადგენილია, რომ ხ-ის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი - ორივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 688,980 ლარის ანაზღაურება. მისატოვებელი ქონების ღირებულების პროპორციულად, სამოქალაქო სარჩელით დაკმაყოფილებული მსჯავრდებულების მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შემცირდა და შეთანხმებით განისაზღვრა 608,980 ლარით. ამ თანხაზე შეთანხმების მეორე ნაწილით მხარეები შეთანხმდნენ გადახდის გრაფიკზეც. თანხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გარკვეული უძრავი ქონება.
16. უდავო გარემოებაა, რომ საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე განცხადების წარდგენის დროისათვის - 22.03.2013 წელს, ქონებაზე რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვის - ყადაღის გამო, საჯარო რეესტრმა 2013 წლის 28 მარტს უარი უთხრა მეორე მოპასუხის წარმომადგენელს მიტოვების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე და ქონება დღეის მდგომარეობით კვლავ მეორე მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, შეთანხმების მიუხედავად 718 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, ზიანი აუნაზღაურებელი დარჩა. მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება რეგისტრირებულია შეცვლილი საკადასტრო კოდით.
17. სადავო გარიგების ბათილობის ფაქტობრივ საფუძვლად (სსკ-ის 56-ე მუხლი) მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: 1) სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსი გამოცხადდა მეორე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას, სადაც გაფორმდა შეთანხმება; 2) მეორე მოპასუხე არის იმავე სოფლის მკვიდრი, სადაც ცხოვრობს პირველი მოპასუხე, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უკანონოდ იყო მოპოვებული; 3) გარიგების თვალთმაქცური ხასიათითაა განპირობებული, რომ მეორე მოპასუხემ მსჯავრდებულების თავისუფლების სანაცვლოდ გააფორმა შეთანხმება საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.
18. სადავო გარიგების თვალთმაქცურობის დასადასტურებლად მითითებული პირველი გარემოება არ იქნა გაზიარებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2005 წლის 22 დეკემბრის N2359 ბრძანების თანახმად დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის (რომელიც მოქმედებდა 2007 წლის 6 თებერვალს) მე-10 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თავის სანოტარო ბიუროში, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. ამასთანავე, ნოტარიუსი უფლებამოსილია კლიენტის მოთხოვნით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედება შეასრულოს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო ბიუროს გარეთ, აქტში უნდა მიეთითოს სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი.
დადგენილია, რომ სადავო სანოტარო აქტი, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიცავს შემდეგი სახის მითითებას: „2008 წლის 6 იანვარს, ნოტარიუსს, მომმართა პირველმა მსჯავრდებულმა, მცხ. ხ--ი,. რომელმაც გადმომცა მეორე მოპასუხის თხოვნა, იმის გამო, რომ იგი არის ავად (მოტეხილობა), ვეწვიო მას მის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მისამართზე:..სანოტარო აქტის (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების) შესრულებისა და დამოწმებისათვის. მე ვეწვიე მეორე მოპასუხეს ზემოხსენებულ მისამართზე, სადაც დამხვდა პირველი მოპასუხე, რომელმაც განაცხადა, რომ სურს გაყიდოს, ხოლო მეორე მოპასუხემ განაცხადა, რომ სურს იყიდოს უძრავი ქონება . . . ”
სანოტარო აქტისა და სადავო გარიგების შინაარსის შეფასებით დადგენილ იქნა, რომ სანოტარო მოქმედების შესრულება, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ, ემსახურებოდა კლიენტის ინტერესებს, და ეს საფუძველი ვერ გამოდგება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ვარგის სამართლებრივ საფუძვლად (სსკ-ის 56-ე მუხლი).
სადავო გარიგების ბათილად ცნობის მეორე გარემოებასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარიგება გაფორმდა 2008 წლის 6 თებერვალს, ხოლო პირველი მოპასუხის საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი სადავო გარიგების დადებიდან 3 თვის შემდგომ. ეს ვითარება კი, დადასტურების ნაცვლად გამორიცხავს იმის ვარაუდის მცირე საფუძველსაც კი, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში მეორე მოპასუხეს სცოდნოდა ქონებაზე დავის არსებობის შესახებ. მესამე გარემოების საპირისპიროდ, მითითებულია, რომ მეორე მოპასუხეს საკუთრების უფლების მიტოვების სანაცვლოდ დაუბრუნდა მიწის ნაკვეთში გადახდილი თანხა. ამდენად, არ დადასტურდა სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა სარჩელის წარმატებულობისათვის. იმავდროულად, სახეზე იყო მეორე მოპასუხის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტობრივი გარემოებაც (სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები), რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის დამატებითი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი იყო.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
20. კასატორს უმართებულოდ მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტობრივი გარემოება (წინამდებარე განჩინების პ:16). კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნის არჩევა მხარის დისპოზიციური უფლებაა და ამ არჩევანში იგი არ უნდა შეიზღუდოს. მოცემულ შემთხვევაში, დაყენებული მოთხოვნით (სადავო გარიგების ბათილად ცნობა - რესტიტუცია) მიიღწეოდა ის შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა და იმავდროულად, საქმის ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა ამ შედეგის - სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ გარიგებაში მონაწილე მხარეთა ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ პირველ მსჯავრდებულს, მის მეუღლე - პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის არსებულ ურთიერთშეთანხმებაზე და ამ შეთანხმებაში მონაწილე პირთა საერთო მიზანსა და მოტივზე.
21. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მეორე მოპასუხის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ (სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები) და მიაჩნია, რომ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე და არც საჯარო რეესტრის ჩანაწერი იყო ზუსტი.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა ნასყიდობის ხელშეკრულების (სსკ-ის 477-ე მუხლი) ბათილად ცნობის სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. კერძოდ, მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.
ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარიგების მონაწილე მხარეებმა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დადეს სადავო გარიგება. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხეს ნამდვილად სურდა სადავო უძრავი ქონების შეძენა და მან აღნიშნული ქონების შესაძენად გადაიხადა ნასყიდობის თანხა და მიიღო შეძენილი ქონება (სსკ-ის 477-ე მუხლის შემადგენლობა) (წინამდებარე განჩინების პ:2). ამდენად, არ დადასტურდა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებდნენ სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამებოდა მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას და რომელიც სადავო გარიგების ბათილად ცნობის აუცილებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვარია.
27. ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტობრივი გარემოება (წინამდებარე განჩინების პ:16), უპრიანი იქნებოდა სადავო გარიგების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს მოსარჩელე მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.
კასატორის პოზიციას სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით სადავო გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ნორმის სამართლებრივი საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობას სხვა ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა ესაჭიროება, რომელი შემადგენლობაც სახეზე არ არის.
იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სასამართლო არ ახდენს სარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირებას, თუმცა, სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და ამდენად, სწორად დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის წარმატებულობის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად მიიჩნევა.
28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით არ იმსჯელებს გამომდინარე იქიდან, რომ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლის კვლევა მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაშია, როდესაც სახეზეა (სასყიდლიანი) გარიგების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და სარჩელის დაკმაყოფილებას აფერხებს შემძენის კეთილსინდისიერება რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწესის სიზუსტის მიმართ. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე სახეზე არ არის სადავო გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები (სსკ-ის 56-ე მუხლი), შემძენის კეთილსინდისიერების კვლევა, საკასაციო პალატას საჭიროდ არ მიაჩნია.
29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სსკ-ის 56-ე მუხლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა იხ., №ას-1159-1105-2013,17 თებერვალი, 2014 წელი; საქმე Nას-487-461-2015. 17 ივნისი, 2015 წელი).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური