Facebook Twitter

№ა-181-ბ-1-2016 14 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ.გ–ძე (მოსაჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ს.ბ.“(მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება,

დავის საგანი - საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის დაკისრება, ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა, იპოთეკის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 18 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დასათაურებულია, როგორც „იჯარის ხელშეკრულება“, ნ.გ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, გამქირავებელი, ან კასატორი) სს „კ.ს.ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამქირავებელი, ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) სასყიდლით, თვეში 6 250 აშშ დოლარად, 10 წლით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართი), მდებარე ქ. თბილისში, ..... ს/კ ...... (შემდეგში: „იპოთეკის საგანი ან უძრავი ნივთი“).

2. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შესაბამისად, დამქირავებელს მიენიჭა უფლებამოსილება, ცალმხრივად მოეშალა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამქირავებლებისათვის ორი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

3. 2013 წლის 15 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 149 000 აშშ დოლარით. კრედიტის სარგებელი (პროცენტი) წლიურ 15%-ს შეადგენდა და გაიცა ექვსი თვის ვადით.

4. საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გამქირავებლის საკუთრებაში არსებული წინამდებარე განჩინების პ.1-ში აღნიშნული უძრავი ნივთი.

5. 2013 წლის 22 თებერვალს ცვლილება შევიდა 2012 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებაში და გამქირავებლებად მიუთითეს: კასატორი და ს.მ., უძრავი ნივთის ½-ის თანამესაკუთრე. ქირა ნივთის სარგებლობისათვის, თითოეული გამქირავებლისათვის თვეში 3125 აშშ დოლარით განისაზღვრა.

6. 2013 წლის 6 ივნისს დამქირავებელმა წერილი გაუგზავნა გამქირავებლებს, რითაც ატყობინებდა, რომ ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას.

7. 2013 წლის აგვისტოში დამქირავებელმა გაათავისუფლა ქირავნობის საგანი, რომელიც დაუბრუნდა გამქირავებლებს. ამ პერიოდის ქირა სრულადაა გადახდილი.

8. 2013 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა (კასატორს) და ს.მ–ს შორის გაფორმდა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის შესაბამისადაც, ამ უკანასკნელმა კასატორს დაუთმო 2012 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის მოთხოვნის უფლება.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

9.1. მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის - 2013 წლის 7 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე - გადაუხდელი ქირის, 702 291,74 აშშ დოლარის, დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მან მიუთითა სსკ-ის 588-ე მუხლზე;

9.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვადამოსული ფულადი ვალდებულების - 151 135,97 აშშ დოლარის-შეწყვეტა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის გზით. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მან სსკ-ის 442-ე მუხლზე მიუთითა;

9.3. ქ. თბილისში, ...... (ს/კ ......), მდებარე ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება {საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი, სსკ-ის (5.1) 271-ე მუხლი}.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები,

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

15. 2016 წლის 18 იანვრის განცხადებით კასატორმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

15.1. საკასაციო საჩივარი განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, კასატორისათვის არ იყო უზრუნველყოფილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 422-ე მუხლით განმტკიცებული სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესაძლებლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქ-ნი ნინო ბაქაქური, საჯარო რეესტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პარტნიორს შპს „........“, შესაბამისად, მას შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის განმხილველ შემადგენლობაზე და აქედან გამომდინარე, საქმის შედეგებზე.

15.2. მოწინააღმდე მხარესთან სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის კავშირის თაობაზე განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა 2015 წლის 12 იანვარს.

15.3. 2015 წლის 8 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მინდობილობას გაუვიდა მოქმედების ვადა, თუმცა ამის მიუხედავად, 2015 წლის 10 დეკემბერს მან სასამართლოს წარუდგინა ფაქტების კონსტატაციის წყაროები, მართალია კასაციის სტადიაზე ახალი დოკუმენტები აღარ დაიშვება, თუმცაღა სასამართლომ ეს მტკიცებულებები საქმეში დატოვა, ამასთან, 2015 წლის 18 დეკემბერს სხდომაზე აღნიშნულმა პირმა მიიღო მონაწილეობა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სტატუსით, ისე, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, ყოველივე ზემოხსენებული კი სასამართლოს მიკერძოებულობაზე მეტყველებს.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო პალატამ საქმის გარემოებების გაცნობისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

19. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

20. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, იმაზე მითითებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქ-ნი ნინო ბაქაქური, საჯარო რეესტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შპს „......“ პარტნიორს, შესაბამისად, მას შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის განმხილველ შემადგენლობაზე და ამდენად საქმის შედეგებზე. ფაქტიურად განმცხადებელმა ეჭვის ქვეშ დააყენა საქმის განმხილველი მოსამართლეების მიუკერძოებლობა და მათი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

21. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი წანამძღვრის დადგენა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოსამართლის/ან მოსამართლეების უფლებას მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ასე მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე, რომელიც: ა) მონაწილეობდა საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში {სსსკ-ის 29-ე მუხლი}; ბ) ან თუ მოსამართლეს, ან სასამართლოს მთლიან შემადგენლობას საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ {სსსკ-ის 30-31-ე მუხლები}, გ) თუ არსებობდა თვითაცილების საფუძველი და ამის შესახებ მიღებულია შესაბამისი განჩინება {სსკ-ის 32-ე მუხლი}, დ) თუ მოსამართლე, ან მოსამართლეები დროებით ჩამოცილებული იყვნენ საქმეთა განხილვისაგან {„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი}, ე) ან არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-43-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმე განიხილა კანონიერმა შემადგენლობამ, რადგანაც მოსამართლეების მონაწილეობის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული არცერთი გარემოება დადგენილი არ ყოფილა. ქ-ნი ნინო ბაქაქური არ მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესებამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და წარმოადგენდა შპს „.....“ პარტნიორს, რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენდა საქმის განხილვის შედეგებზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქმის გამხილველი შემადგენლობის შესახებ გამცხადებლისათვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2015 წლის 31 ივლისს, საქმის წარმოებაში მიღების ეტაპზევე (იხ.ტ.2. ს.ფ. 203-204); არც საქმის მოსმენამდე და არც ზეპირი განხილვისას არ ყოფილა დაყენებული აცილების საკითხი და ეჭვქვეშ არ დამდგარა მოსამართლეთა მიუკერძოებლობა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საფუძვლით აცილების დაყენების შემთხვევაშიც კი, მას მაინც არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა უსაფუძვლობის გამო. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად მნიშვნელოვანი აღარაა იმის დადგენა, თუ როდის გახდა ცნობილი მხარისათვის ის გარემოება, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას საქმისწარმოების განახლების თაობაზე.

23. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას, რომ საკასაციო ეტაპზე, საქმის განხილვაში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ვადაგასული რწმუნებულებით მონაწილეობდა და ამან იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე, დაუსაბუთებელია, რადგანაც ჯერ ერთი, ეს გარემოება განცხადების საფუძვლიანობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, და მეორეც, განსახილველ საქმეში დაცულია საკაციო წარმოების ეტაპზე, კანონით დადგენილი წესით, 2015 წლის 8 დეკემბერს გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც წარმომადგენელს უფლება ჰქონდა 2016 წლის 1 აგვისტომდე წარმოედგინა მარწმუნებელი. შესაბამისად, სასამართლოს კანონი არ დაურღვევია(იხ. ს.ფ. 323).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმისწარმოების განახლების კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატას გამოაქვს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე {სსსკ-ის 430-ე მუხლის მეორე ნაწილი}.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 421-ე, 422-ე და 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი