Facebook Twitter

1 ივნისი, 2016 წელი

ას-1203-1130-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ს.ქ.ე.ს.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2002 წლის 17 დეკემბერს ასპინძის რაიონის გამგეობასა (შემდეგში: მეიჯარე) და გ.ლ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე) შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 592-ე მუხლი}.

2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დაბა ასპინძაში არსებული სახელმწიფო მარაგის მიწები, კერძოდ, ,,..." მდებარე 1751313.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი), საკადასტრო კოდით .... (შემდეგში: უძრავი ქონება).

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის წლიური ოდენობა 360 (სამას სამოცი) ლარით განისაზღვრა {სსკ-ის 592.2 და 581.1. მუხლები}. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, ობიექტის იჯარით სარგებლობისათვის დაწესებული ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაუხდელობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 %. {იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

4. ქირა მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის დეკემბერში ან კვარტალში საანგარიშო პერიოდის დამთავრებამდე 15 დღის ვადაში.

5. მოიჯარემ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა არ გადაიხადა.

6. ს.ქ.ე.ს–ოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 26 მარტის N.... საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა განახლებული ამონაწერების მიწოდება.

7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში.

8. ს.ქ.ე.ს–ოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 30 მარტის N... წერილით მოიჯარეს გაეგზავნა პრეტენზია, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საიჯარო ქირის 3600 ლარისა და ჯარიმის 10225,8 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა.

9. 2012 წლის 17 დეკემბერს, ვადის გასვლის გამო, შეწყდა იჯარის ხელშეკრულების მოქმედება.

10. 2002 წლის 17 დეკემბერს ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარისათვის დაკისრებული ყოველწლიურად გადასახდელი იჯარის ქირა და ასევე, მისი გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ზემოაღნიშნული თანხის გადახდისათვის დადგენილი იყო ყოველი წლის დეკემბერი ან კვარტალში საანგარიშო პერიოდის დამთავრებამდე 15 დღის ვადა.

11. 2015 წლის 20 მაისს მეიჯარემ სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და 3600 ლარის საიჯარო ქირის, ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის 736,62 ლარისა და პირგასამტეხლოს 10 771,74 ლარის, სულ 15108,36 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შესაგებელი წარადგინა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:

12.1. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, 2012 წლის 19 მაისამდე პერიოდზე სარჩელი ხანდაზმულია, რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, იჯარის ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

13. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2012 წლის საიჯარო ქირის - 360 (სამას სამოცი) ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2012 წლის საიჯარო ქირის გადაუხდელობით გამოწვეული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 131,40 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2002-2011 წლების საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებაზე ხანდაზმულობის გამო, ასევე, უარი ეთქვას მოპასუხისათვის, წინამდებარე იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013-2015 წლების საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებაზე ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის უსაფუძვლობის გამო.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

14.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 17 დეკემბერს შეწყდა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის 2002 წლის 17 დეკემბერს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომაც განაგრძობდა იჯარის საგნის ფლობასა და სარგებლობას. მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2015 წლის 26 მარტს, მას შემდეგ, რაც მეიჯარემ საჯარო რეესტრში საიჯარო ქონება დაარეგისტრირა იჯარისგან თავისუფალი სახით.

14.2. იჯარის ხელშეკრულების საგანია უძრავი ნივთი, შესაბამისად, მასზე სასამართლომ არასწორად გაავრცელა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან უძრავ ნივთებზე დადგენილია სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.

14.3. საიჯარო ქირის დაყოვნებისათვის მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეწინააღმდეგება სსკ-ის 591-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს და არ შეესაბამება ნორმის მიზანს, თავიდან იქნეს აცილებული მეიჯარის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც მას შეეეძლო მიეღო საიჯარო ქონების შემდგომი იჯარის გაცემით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, 2002-2011 წწ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნა არ იყო განხორციელებადი, ანუ ხანდაზმული იყო და რომ მოპასუხეს მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში გადასახდელი ქირა და პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა. პალატამ განმარტა, რომ დავა ეხებოდა არა უძრავი ქონების ფლობას, სარგებლობას, განკარგვასთან დაკავშირებულ რაიმე უფლებას, არამედ ამ უძრავი ქონებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას.

17. პალატის მოსაზრებით, ასევე, არ არსებობდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო თანხის დაკისრების საფუძველი. აპელანტმა საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი დატვირთული იყო იჯარის ხელშეკრულებით 2015 წლის მარტამდე. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გამოდგებოდა აპელანტის მოსაზრების დასადასტურებლად, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერებში აღნიშნული იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწა დატვირთულია იჯარის უფლებით 2002 წლის 17 დეკემბერს დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოპასუხე კვლავ ფლობდა საიჯარო ქონებას, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

18. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

18.1. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. მან გააკეთა მცდარი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 17 დეკემბერს. იჯარის ჩანაწერი, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში გაუქმდა 2015 წლის 15 აპრილს. 2015 წლის 8 იანვრის N16/751 წერილით მოიჯარეს განესაზღვრა ვადა საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით მხოლოდ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტი დასტურდება. შესაბამისად, მოვალეს განესაზღვრა ვადა ქირისა და პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც არ განხორციელებულა. ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ შეწყვეტილა 2015 წლის 26 მარტამდე დასტურდება ამონაწერით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.

18.2. სასამართლომ არასწორად გაავრცელა აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან უძრავ ნივთებზე სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 6 წლით განისაზღვრება, ხოლო, სსკ-ის 581.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე მოვალეა, მეიჯარეს გადაუხადოს დათქმული ქირა. რაც შეეხება ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე სასამართლოს უარს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსკ-ის 591-ე მუხლის დანაწესს, რომელიც მეიჯარეს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას, მოითხოვოს საიჯარო ქირის გადახდა იჯარის საგნის დაბრუნების დაყოვნების გარემოების არსებობის შემთხვევაში.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა და სააპელაციო საჩივრის მოტივების მთლიანი უარყოფა.

22. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა სამართლებრივი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტები:

22.1. 2002 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში, 10 წლით, გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაბა ასპინძაში ,,..." მდებარე 1 751 313.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი) {სსკ-ის 592-ე მუხლი}. მოპასუხის უფლება 2015 წლის 26 მარტამდე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში {სსკ-ის 3111.1 და 312.1 მუხლები}

22.2. მოიჯარე ვალდებული იყო იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიურად ეხადა მეიჯარისათვის 360 (სამას სამოცი) ლარი {სსკ-ის 592.2 და 581.1. მუხლები}. ის ასევე ვალდებული იყო, ქირის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1% {იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

22.3. მოიჯარემ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საიჯარო ქირა არ გადაიხადა.

22.4. 2012 წლის 17 დეკემბერს, ვადის გასვლის გამო, შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება.

22.5. 2015 წლის 20 მაისისათვის, სარჩელის აღძვრის დროისათვის, გადაუხდელი ქირის დავალიანებამ 3600, პირგასამტეხლომ 10 771.74, ხოლო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მიყენებულმა ზიანმა 736,62 ლარი შეადგინა.

23. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეიჯარის მტკიცება, რომ მოიჯარე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა საიჯარო ქონებით სარგებლობას.

24. ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენით განხორციელებულია: ა) სსკ-ის 592-ე მუხლის მეორე ნაწილით („სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი),

ბ) 581-ე მუხლის პირველი ნაწილით („მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა“),

გ) 417-418-ე („პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“),

დ) 602-ე („მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონება დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელებას“) და

ე) 591-ე („თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც“) მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების განმაპირობებელი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია, მაგრამ რადგანაც მოპასუხემ წარადგინა მისი განხორციელების ხელისშემშლელი, ანუ ხანდაზმულობის, შესაგებელი (შენიშვნა: ხანდაზმულობა კანონით დადგენილი ის ვადაა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა), მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. კერძოდ:

24.1. სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი სამწლიანი და არა ექვსწლიანი ვადა, როგორც კასატორი მიუთითებდა.

24.2. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხეს ევალებოდა საიჯარო ქირის არა ერთიანად, არამედ პერიოდულად, წელიწადში ერთხელ გადახდა და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშობოდა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე {სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი და 130-ე მუხლი}. („პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოდგენს ვალდებულება, რომელიც კანონით ან ხელშეკრულებით გარკვეული დროის მონაკვეთში უნდა შესრულდეს განსაზღვრული პერიოდულობით, რა დროსაც თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას“.იხ. სუსგ ას-445-420-2014, 22 აპრილი 2015 წელი.)

24.3. იჯარის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2012 წლის 17 დეკემბერს ვადის გასვლით, სარჩელი კი აღიძრა 2015 წლის 20 მაისს, ანუ ამ დროისათვის ხანდაზმული იყო 2012 წლის 17 მაისამდე წარმოშობილი მოთხოვნები და აქედან გამომდინარე, მოიჯარე უფლებამოსილი იყო უარი თქვას შესრულებაზე {სსკ-ის 144.1 მუხლი}.

24.4. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს 2012 წლის ქირა უნდა გადაეხადა წლის ბოლოს (დეკემბერში), სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ამ პერიოდის ქირის მოთხოვნის უფლება არ იყო ხანდაზმული და მოპასუხეს სწორად დაეკისრა ერთი წლის საიჯარო ქირა 360 ლარი და ვადის გადაცილების პირგასამტეხლო 131.4 ლარი.

25. მაგრამ სააპელაციო პალატის დასკვნა მცდარია იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მეიჯარის პრეტენზია ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის (2013-2015 წწ) ქირის დაკისრების თაობაზე. დასკვნის სიმცდარე განაპირობა იმან, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის და მოსარჩელეს დაავალა იმის დამტკიცება, რომ მოიჯარეს ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონება უკან არ დაუბრუნებია. უდავოა, რომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ქონების დაბრუნების დაყოვნება), მითითება {სსკ-ის 591-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მოიჯარეს სსკ-ის 602-ე მუხლიდან გამომდინარე, მითუმეტეს რომ 2015 წლის 26 მარტამდე საჯარო რეესტრის მონაცემებით იჯარის უფლება ისევ მასზე ირიცხებოდა. ამრიგად, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში დასაბუთებულია, რადგანაც როგორც უკვე აღინიშნა (იხ. განჩინების პ.23) განხორციელებულია სსკ-ის 591-ე მუხლის პირველი წინადადებით გთვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის 736,62 ლარი.

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც მხარეებმა გასწიეს საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 411-ე, 399-ე, 382-ე, 264.3-ე, 55-ე, 53.4-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ "ს.ქ.ე.ს–ოს" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ "ს.ქ.ე.ს–ოს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გ.ლ–ს "სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს" სასარგებლოდ დაეკისროს 736.62 ლარის გადახდა;

4. გ.ლ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 66.33 ლარის გადახდა;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე