საქმე №ა-458-შ-7-2016 7 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნ. ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „V.-“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ფ.--მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „V.--ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ფ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „V.--ს“ შპს ფ.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9200 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა. 2013 წლის 15 მარტიდან, ვალდებულების ფაქტობრივად შესრულებამდე, შპს „V.--ს“ შპს „ფ.--ის“ სასარგებლოდ დაერიცხა 9200 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხეთის რესპუბლიკის დრამის სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტები, ხოლო დაკისრებული თანხის 2 პროცენტი შპს „V.--ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ.
3. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 9 დეკემბერს და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. მოწინააღმდეგე მხარე შპს „V.--ის“ წარმომადგენელმა ნ. გ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა აღნიშნულ შუამდგომლობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ შპს „V.--სათვის“ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოში შპს „ფ.--ის“ სარჩელის განხილვის თაობაზე ცნობილი არ იყო და არც რაიმე დოკუმენტაცია ჩაბარებიათ ამის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ფ.--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „V.--ს“ შპს „ფ.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9200 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა. 2013 წლის 15 მარტიდან, ვალდებულების ფაქტობრივად შესრულებამდე, შპს „V.--ს“ შპს „ფ.--ის“ სასარგებლოდ დაერიცხა 9200 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხეთის რესპუბლიკის დრამის სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტები, ხოლო დაკისრებული თანხის 2 პროცენტი შპს „V.--ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 9 დეკემბერს და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. (ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).
10. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულია 1997 წლის 15 მაისს) მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დაწესებულებები უწევენ ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მოცემული ხელშეკრულებების დებულებათა შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც განისაზღვრება მათი ნაციონალური კანონმდებლობით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მოთხოვნის საფუძველზე აღმოუჩენენ ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას „სასამართლო და სხვა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების გზით“.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების (დადგენილების) ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებითაც ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
12. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას.
13. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.
14. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.
15. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია, გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონი ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, „შემსრულებელი დაწესებულება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას იყენებს თავისი სახელმწიფოს ნაციონალურ კანონმდებლობას. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას შემსრულებელ დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ნაციონალურ კანონმდებლობას“.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
17. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.
18. იგივე დათქმას შეიცავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.
19. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობა არა შპს „V.--ს,“ არამედ ვინმე ე. ბ.-ას, რომელიც არ არის არც დავაში მონაწილე მხარე და არც მოპასუხის უფლებამისილი წარმომადგენელი.
20. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე რ. ბ.-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის არაბკირისა და ქანაქერ-ზეითუნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური