Facebook Twitter

საქმე №ა-952-შ-23-2016 6 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – 1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ე. ა.-ი

2. მ. ა.-ი

წარმომადგენელი – ლ. ქ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. ა.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „კ.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით მ. ა.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა. მ. ა.-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და ამ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 16 ნოემბერს 12 საათზე. მ. ა.-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შპს „კ.-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებასა და ფულად საშუალებებზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

3. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ე. ა.-მა და მ. ა.-მა შუამდგომლობებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ე. ა.-ისა და მ. ა.-ის შუამდგომლობები სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. მოწინააღმდეგე მხარე შპს „კ.-ი“ არ დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე, დანიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. საქმეზე ორივე მხარის მონაწილეობით ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის 6 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ე. ა.-ისა და მ. ა.-ის შუამდგომლობები სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილების ცნობისა და აღსრულების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით მ. ა.-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შპს „კ.-ის“ უძრავ-მოძრავ ქონებასა და ფულად საშუალებებზე 1.935.000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

9. შპს „კ.-ის“ შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ დამყარებულია შემდეგ საფუძვლებზე: 1) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის („ბ“ და „ზ“ პუნქტები) შესაბამისად, საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები ან/და გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს“. შპს „კ.-იმ“ მიიჩნია, რომ „დადგენილების“ ცნობა-აღსრულება არ უნდა მოხდეს ორივე საფუძვლით, რადგან მათთვის სომხეთის რესპუბლიკის სასამართლოში არსებული სამართალწარმოების და, შესაბამისად, „დადგენილების“ არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაბარდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინება და შეტყობინება; 2) „დადგენილების“ ცნობა-აღსრულების შემთხვევაში შპს „კ.-ის“ უძრავ-მოძრავი ქონება/ ფულადი სახსრები, საწარმოს ძირითადი საშუალებები დაყადაღდება ისე, რომ იდენტიფიცირებული არაა, თუ რა ქონებას უნდა დაედოს ყადაღა; 3) „დადგენილება“ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, აგრეთვე, საერთაშორისო ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, მისი ცნობა-აღსრულება გამოიწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას, საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს მოპასუხე მხარეს.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ნების ავტონომია საერთაშორისო კერძო სამართალში მნიშვნელოვან პრაქტიკულ როლს ასრულებს როგორ კოლიზიურ, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივ კონტექსტშიც. საპროცესო სამართალში მხარეთა ნების ავტონომიის საუკეთესო გამოვლინებას წარმოადგენს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასურველი სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე/საერთაშორისო კომპეტენციაზე შეთანხმების შესაძლებლობა. შეთანხმება სასამართლოს საერთაშორისო განსჯადობაზე/კომპეტენციაზე წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელ და თვითმყოფად ხელშეკრულებას, რომლის ნამდვილობა და ძალაში შესვლა წესრიგდება მატერიალური სამართლით, ხოლო მისი დასაშვებობა/ფორმა და სამართლებრივი შედეგები კი განისაზღვრება შესაბამისი საპროცესო სამართლით. საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით.

11. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრისას ხშირად წარმოიშობა პრობლემა ე.წ. „კონკურირებადი საერთაშორისო იურისდიქციის შესახებ. (ეს იმ დროს ხდება, როდესაც მოდავე მხარეებს კანონმდებლობით ენიჭებათ უფლება, რამდენიმე შესაძლო სახელმწიფო იურისდიქციიდან, თავად ამოირჩიონ ყველაზე უფრო მომგებიანი ქვეყნის იურისდიქცია). ამ მხრივ საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართალში განასხვავებენ ორი სახის კონკურირებად საერთაშორისო იურისდიქციას. მათ დოქტრინაში ხშირად კომპეტენციურ კონფლიქტსაც უწოდებენ. ესენია:

12. ა) პოზიტიური კომპეტენციური კონფლიქტი, რომლის დროსაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სასამართლოა კომპეტენტური განიხილოს ესა თუ ის სამართლებრივი დავა.

13. ბ) ნეგატიური კომპეტენციური კონფლიქტი, რომლის დროსაც გამოირიცხება რომელიმე სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის გამოყენება კერძო სამართლებრივ დავაში.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. (ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

15. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულია 1997 წლის 15 მაისს) მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დაწესებულებები უწევენ ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მოცემული ხელშეკრულებების დებულებათა შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც განისაზღვრება მათი ნაციონალური კანონმდებლობით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მოთხოვნის საფუძველზე აღმოუჩენენ ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას „სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზომების მიღების, სასამართლო და სხვა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების გზით“.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების (დადგენილების) ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებითაც ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.

17. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას.

18. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

19. ამის საპირისპიროდ, შესაბამისი უცხოური აქტის აღსასრულებლად გამოცხადება წარმოადგენს მისთვის მოქმედების უფლების მინიჭებას. ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ თავისთავად ცნობას ნაკლებად მოაქვს მოვალისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგები. პირიქითაა აღსრულებადად გამოცხადების შემთხვევაში, რომელსაც ესაჭიროება ე.წ. სააღსრულებო-ექსეკუტორული (exequatur) პროცესი.

20. ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან, გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში.

21. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

22. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონი ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, „შემსრულებელი დაწესებულება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას იყენებს თავისი სახელმწიფოს ნაციონალურ კანონმდებლობას. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას შემსრულებელ დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის პროცესუალური ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ნაციონალურ კანონმდებლობას“.

23. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა – ყადაღა შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის ფულად სახსრებზე). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება, ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი ულებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ – საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლობის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით.

25. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულობას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად – სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ სასამართლომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში უნდა შეამოწმოს უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლომ შეძლებისდაგვარად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას.

27. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის (ე.წ. „მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე. ხოლო კონვენციის 53-ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

28. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ცნობილ უნდა იქნეს ნაწილობრივ და დაექვემდებაროს აღსრულებას, კერძოდ, ყადაღა დაედოს შპს „კ.-ის“ მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს 1.935.000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

31. მოცემულ შემთხვევაში ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილებიდან არ ირკვევა, თუ შპს „კ.-ის“ რომელ უძრავ ქონებას უნდა დაედოს ყადაღა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

33. ამ მხრივ სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებად აღაირებულია დათქმა „საჯარო წესრიგის შესახებ“. კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.

34. საჯარო წესრიგი წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა (extra-national community) ეკონომიკური, სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ფუნდამენტური სტანდარტების ერთობლიობას.

35. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული საჯარო წესრიგის ნორმების მოქმედების სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვით, არამედ, ასევე, საჯარო სამართლის (მაგალითად ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, პოლიტიკური უფლებების) დაცვაში. ამრიგად, საჯარო წესრიგის ნორმები მოწოდებულია, დაიცვას ცნობა-აღმსრულებელი სასამართლოს ქვეყნის მართლწესრიგი უცხო ქვეყნის სამართლებრივი ნორმების მოქმედებისგან, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან _ ეკონომიკური, მორალური თუ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. სასამართლო მოწოდებულია, უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპების ხელშეუხებლობა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. სწორედ ასეთი მიდგომაა გათვალისწინებული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, კერძოდ, „საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს“.

36. საჯარო წესრიგის დიფერენცირება ხდება, ასევე, მისი ბუნებიდან გამომდინარე. საჯარო წესრიგი ქვეყნის კანონმდებლობის იმპერატიული ნორმების ერთობლიობას მოიცავს. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი დარღვეულად ითვლება, როცა სასამართლო წარმოების დროს დარღვეულია იმ ქვეყნის საპროცესო სამართლებრივი იმპერატიული ნორმები, სადაც, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არის მოთხოვნილი. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.

37. საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ყველა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთობლიობას. სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულებისას შებოჭილია საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგის იმპერატიული ნორმებით და ვალდებულია, დაიცვას „საპროცესო სამართლიანობის ფუნდამენტალური ნორმები“.

38. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის სხვა შემთხვევებსაც. ასე, მაგალითად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

39. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

40. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განვითარებული მსჯელობების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება ცნობილ უნდა იქნეს ნაწილობრივ და დაექვემდებაროს აღსრულებას, კერძოდ, ყადაღა დაედოს შპს „კ.-ის“ მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს 1.935.000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე და 53-ე მუხლებით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-2,6,19,21-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე ე. ა.-ისა და მ. ა.-ის შუამდგომლობები სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება და ყადაღა დაედოს შპს „კ.-ის“ მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს 1.935.000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე