Facebook Twitter

საქმე № 020210015001132171

საქმე №ას-425-408-2016 6 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ხ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ბ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის ღირებულების – 132500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან გააჩნდა ახლობლური ურთიერთობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე დაფარავდა მოსარჩელის შვილის სესხს, რისთვისაც გამოიტანა კრედიტი ბანკიდან. სანაცვლოდ, მოსარჩელემ გადაუფორმა მას კუთვნილი, 200 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონება იმ პირობით, რომ 4 წლის განმავლობაში დაფარავდა შვილის ვალს. ფაქტობრივად, მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა მოსარჩელის რთული მდგომარეობით, რამდენიმე თვეში მოსთხოვა თანხის დაფარვა და როდესაც მოსარჩელემ მოკლე ვადაში სესხი ვერ დაუბრუნა, სასამართლოსათვის მიმართვის გზით გამოასახლა მისი ოჯახი დაკავებული ფართიდან.

3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის ღირებულება – 132500 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ფასი – 180 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 132 500 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მხარეები იყვნენ ახლობლები და ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. მოპასუხე მოსარჩელის შვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.

8. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზ.-ში, რ.-ის ქ.№...-ში და ამავე მისამართზე საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

9. მოსარჩელის შვილს (მოპასუხის მეგობარი) შეექმნა ფინანსური პრობლემები და დაუგროვდა ვალები. ამის შესახებ ცნობილი იყო როგორც მშობლებისთვის, ისე მეგობრებისათვის. მოსარჩელემ გადაწყვიტა, შვილის ვალების დაფარვაში მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. მოპასუხემ სახლის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. ამ გზით იგი მეგობარსაც ეხმარებოდა ვალების გადახდაში და მოსარჩელეს სახლის დაბალ ფასად აუქციონზე რეალიზაციის თავიდან აცილებაში. უძრავი ნივთი იყო გარკვეული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება.

10. მხარეებს შორის დაიდო ქ. ზ.-ში, რ.–ის ქ.№...-ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 180000 აშშ დოლარით.

11. მოსარჩელემ აღიარა, რომ მოპასუხემ მისი შვილის მესამე პირებთან ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაიღო 47500 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასში. ნასყიდობის ფასის დანარჩენი ნაწილის – 132500 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. თანხის გადაცემასთან დაკავშირებით რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ შემდგარა.

12. ხელშეკრულების 3.1. პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ამ დებულების გონივრული განმარტება არ იძლევა თანხის გადახდის დადასტურების შესაძლებლობას. ხელშეკრულება ხელმოწერილია 2012 წლის 30 ოქტომბერს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 5 ნოემბერს. ამ პერიოდში ან შემდეგ რაიმე თანხა მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუცია. არც მესაკუთრეს გადაუცია უძრავ ნივთზე მფლობელობა.

13. მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მიზნით მიმართა სასამართლოს. 2015 წლის 10 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ ზ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელე ოჯახთან ერთად გამოასახლა სადავო სახლთმფლობელობიდან.

14. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხე მხარეს, მყიდველს, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მან მოიხმო მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3. პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ „გამყიდველი“ თ. ბ.-ა ვადასტურებ, რომ „მყიდველმა“ მ. ხ.-ამ გადამიხადა ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთების საფასური - 180 000 აშშ დოლარი“.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3. პუნქტი მართლაც შეიცავს მსგავს მოცემულობას, მაგრამ მხარეთა შორის გაფორმებული იგივე ხელშეკრულება შეიცავს მე-3 მუხლსაც ნასყიდობის ფასისა და მისი გადახდის წესის შესახებ, ანუ კონკრეტულ მუხლს თანხის გადახდის შესახებ, რომლის 3.1. პუნქტის შინაარსიც შემდეგი სახისაა: „ჩვენი ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების ფასის გადახდა ხდება სრულად, ხელშეკრულების ხელმოწერისა და სათანადო წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე“.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2012 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2012 წლის 5 ნოემბერს. შესაბამისად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებისას – 30 ოქტომბერს ყიდვის საზღაური გადახდილი არ იყო და მის გადახდაზე მხარეები რეგისტრაციის შემდგომ (ანუ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე) შეთანხმდნენ.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ყიდვის საფასურის გადახდის შესახებ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, (კერძოდ 3.1. მუხლში აღნიშნულია, რომ მყიდველი მომავალში, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისთანავე გადაიხდის თანხას, ხოლო, 4.3. პუნქტში კი მითითებულია, რომ გამყიდველმა მიიღო ყიდვის საფასური – 180 000 აშშ დოლარის ოდენობით), აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ მხოლოდ ხელშეკრულების 4.3. პუნქტზე დაყრდნობით დადასტურებულად არ ჩათვალა ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ თანხის გადახდის შესახებ.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების ბუნდოვანება და ურთიერთგამომრიცხავი დათქმები თანხის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხეს აკისრების იმ ფაქტის მტკიცების ვალდებულებას, რომ უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტუროს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი. ამ მიმართებით კი საქმეში წარმოდგენილია მეტად მწირი მტკიცებულებები – თავად მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი სარჩელი და შესაგებელი, ასევე, მოწმე ვ.-ს ჩვენება (რომელიც მოსარჩელის მეუღლეა).

19. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავის გადაწყვეტისათვის არის თავად მოპასუხის განმარტებები სადავო საკითხთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციაში საქმის განხილვისას სასამართლოს შეკითხვაზე, რა ოდენობის თანხა გადაიხადა, როდის და რა ვითარებაში, მოპასუხის პასუხი ამგვარია: „მე მთლიანად გადავიხადე ეს თანხა ხელშეკრულების დადებამდე, არანაირი დოკუმენტი არ დაწერილა ამაზე, . . . (გრძელდება განმარტება), . . . რეგისტრაციის დროს გადავიხადე, როცა თანხა დავაკავე (მოსარჩელეს) და გატარდა რეესტრში“. შემდეგ მოპასუხე აზუსტებს, რომ თარიღები ზუსტად არ ახსოვს, თანხა გადასცა სახლში, გამოსვლისას, გადაადგილებისას, . . . ჩემს სახლში გადავეცი გასვლის დროს. . . ჩემს სახლში, ალბათ დედაჩემი იქნებოდა”. . . .

20. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლის შეკითხვაზე, სად ჩანს ამ ხელშეკრულებიდან, რომ თანხა გადახდილია, მოპასუხე და მისი წარმომადგენელი გარკვეული დაყოვნების შემდეგ მიუთითებენ ხელშეკრულების 3.1. პუნქტზე და არა 4.3. პუნქტზე, (რასაც სააპელაციო წარმოებისას მთლიანად ეყრდნობა მისი პოზიცია).

21. თანხის გადაცემის კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით (დრო, ადგილი და ა.შ) აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, როგორც თავისი კლიენტისგან (ანუ მოპასუხისგან) იცის, იყვნენ მოსარჩელის სახლში და მოპასუხემ იქ გადაუხადა თანხა 30 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში წასვლამდე.

22. მოპასუხის ამგვარმა არათანმიმდევრულმა და ურთიერთგამომრიცხავმა პასუხებმა თანხის გადაცემის კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით, პალატას ვერ შეუქმნა რწმენა, რომ მოპასუხის მიერ ნასყიდობის თანხა ნამდვილად გადახდილია. ანუ რომც გამოვრიცხოთ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენება (რომელიც ადასტურებს, რომ არანაირი ყიდვის საფასური მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია), თავად მოპასუხის (და მისი წარმომადგენლების) მიერ დაფიქსირებული მოსაზრებებიც ხშირ შემთხვევაში არადამაჯერებელი და ურთიერთგამომრიცხავია.

23. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 477-ე მუხლით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავოა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი.

24. ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია, როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები, ნათელია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასევე, საგულისხმოა, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება.

25. განსახილველ შემთხვევაში გამყიდველის (მოსარჩელის) მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება (ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა) ცალსახად დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო მყიდველის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შესრულება (გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა) საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ, მაგრამ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დავის შემთხვევაში, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული, ადასტუროს შესრულება.

26. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პუნქტები, რომლებიც თანხის გადახდაზე შეიცავენ მითითებებს, ურთიერთგამომრიცხავია, ხოლო აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც საქმის განმხილველ სასამართლოს შეუქმნიდნენ შინაგან რწმენას თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 2.2, 2.3, 2.4, 2.5, 2.6, 2.7, 2.8 და 2.9 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთ პუნქტებს არ შეიცავს.

29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 427-ე მუხლი, რომლის თანახმად სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება შეწყდა მყიდველის მიერ მისი შესრულებით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია თავად ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, სადაც კრედიტორი ნათლად და მკაფიოდ ადასტურებს, რომ მან მოვალისაგან 180 000 აშშ დოლარი მიიღო. ხელშეკრულება ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ, რაც ნიშნავს, რომ იგი მოიცავს კანონით გათვალისწინებულ წერილობით დადასტურებას, სსსკ-ის 430-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული მტკიცებულება.

30. რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1 პუნქტს, კასატორმა მიიჩნია, რომ ეს არის საჯარო რეესტრში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ზოგადი პირობა, რომელშიც ყიდვის ფასიც კი არ არის მითითებული, ხოლო ის პირობა, სადაც ფასი მითითებულია, მოიცავს იმაზე მითითებასაც, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად გადაიხადა.

31. სსკ-ის 319-ე, 327-ე მუხლების საფუძველზე კასატორმა ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობად კანონი მიიჩნევს გადასახდელი (ან გადახდილი) თანხის ოდენობაზე შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულებაში შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება არის 180000 აშშ დოლარი და ეს თანხა მყიდველს მიღებული აქვს. ამ პირობის რაიმე საფუძვლით (მოტყუება, იძულება, შეცდომა) შეცილება არ მომხდარა. ნაკლებად დამაჯერებელია მოსარჩელის განცხადება, რომ მან წაუკითხავად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. ნასყიდობის ფასი მითითებულია სწორედ იმ მუხლში, სადაც მისი გადახდის ფაქტია დადასტურებული.

32. მხარის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის ახსნა-განმარტება თანხის გადაცემის გარემოებებთან დაკავშირებით არადამაჯერებელია. მან გარკვევით განმარტა, რომ თანხის გადაცემა მოხდა მის სახლში ხელშეკრულების დადების დღეს და იმ მომენტში რაიმე საბუთი თანხის გადაცემაზე არ გაფორმებულა, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენლის მოსაზრებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებად მიიჩნევს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, ხოლო წარმომადგენლის მოსაზრება ასეთად ვერ ჩაითვლება.

33. მოწმის – მოსარჩელის მეუღლის ჩვენებასთან დაკავშირებით მხარემ განმარტა, რომ იგი არის საქმის მოგებაში პირდაპირ დაინტერესებული პირი, იგი არ დასწრებია თანხის გადაცემის ფაქტს და მისი ჩვენება, რომ თანხის გადაცემა არ მომხდარა, ვერ იქნება მიღებული მხედველობაში.

34. კასატორმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეცედენტის სახით მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე №ას-1363-1381-2011 საქმეზე და მიიჩნია, რომ იგი რადიკალურად განსხვავდება წინამდებარე საქმისაგან, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ განხილული საქმე შეეხება მოძრავ ნივთს, ხოლო მოცემული დავა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებაა. აღნიშნული განასხვავებს ამ ნივთებზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებს. მეორე და უმნიშვნელოვანესი გარემოება კი ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში აშკარაა ვალდებულების არსებობა და ეს ვალდებულება თავად ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეობდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, დათქმული იყო, რომ ნივთის (ავტომანქანის) ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო ნივთის მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ აბსოლუტურად სწორად იმსჯელა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ნორმები და თანხის გადახდის შესახებ მტკიცებულების ტვირთი მოვალეს დააკისრა.

35. კასატორმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება 427-431-ე მუხლების გამოყენება ნასყიდობის მიმართ. თუ ჩაითვლება, რომ ყოველი ნასყიდობისას უნდა მოხდეს 427-431-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინება, ეს საფრთხეს შეუქმნის ნასყიდობის არსებობას. ნასყიდობის თანხის გადაცემა და ნივთის მიღება ხდება ერთდროულად. გამყიდველი კი, ან არანაირ დოკუმენტს არ გასცემს, ან გასცემს მხოლოდ სალარო აპარატის ქვითარს. სალარო აპარატის ქვითარი არ შეიცავს იმ რეკვიზიტებს, რასაც 430-ე მუხლი ითვალისწინებს. შესაბამისად, შედეგად მივიღებთ იმას, რომ არაკეთილსინდისიერ გამყიდველს ყოველთვის დარჩება საშუალება, განაცხადოს, რომ მას არ მიუღია თანხა და მყიდველი ვერასოდეს შეძლებს 430-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების მქონე დოკუმენტის წარდგენას.

36. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებად მიიღო და გაიზიარა გამყიდველის ახსნა-განმარტება, მისი ოჯახის წევრის – მეუღლის ჩვენება და იგნორირება გაუკეთა წერილობით მტკიცებულებას, რაც უკანონოა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმე №ას-945-907-2014 რომლის თანახმად სსსკ 102-ე მუხლის დანაწესი მიუთითებს სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებით სადავო გარემოებების დადასტურების აუცილებლობაზე, რაც ვალდებულების შესრულების მიმართ განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით. სადავოობის შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვის ეკისრება სავალო საბუთის წარდგენა, რათა დაამტკიცოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამასთანავე, რადგანაც კანონით განსაზღვრულია სათანადო მტკიცებულების სახე, იგი სხვა, მაგალითად, მოწმის ჩვენებით არ შეიძლება შეიცვალოს.

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ხელშეკრულებაში ცალსახად აღიარებული იყო გამყიდველის მხრიდან თანხის მიღება, ეს ფაქტი დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო და უპირატესობა მოწმის ჩვენებას და მით უფრო, მხარის წარმომადგენლის მოსაზრებას არ უნდა მისცემოდა.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები იყვნენ ახლობლები და ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. მოპასუხე მოსარჩელის შვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.

43. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზ.-ში, რ.-ის ქ.№...-ში და ამავე მისამართზე საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

44. მოსარჩელის შვილს (მოპასუხის მეგობარს) შეექმნა ფინანსური პრობლემები და დაუგროვდა ვალები. ამის შესახებ ცნობილი იყო როგორც მშობლებისთვის, ისე მეგობრებისათვის. მოსარჩელემ გადაწყვიტა, შვილის ვალების დაფარვაში მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. მოპასუხემ სახლის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. ამ გზით იგი მეგობარსაც ეხმარებოდა ვალების გადახდაში და მოსარჩელეს სახლის დაბალ ფასად აუქციონზე რეალიზაციის თავიდან აცილებაში. უძრავი ნივთი იყო გარკვეული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება.

45. მხარეებს შორის დაიდო ქ.ზ.-ში, რ.-ის ქ.№...-ში მდებარე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 180000 აშშ დოლარით.

46. მოსარჩელემ აღიარა, რომ მოპასუხემ მისი შვილის მესამე პირებთან ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაიღო 47500 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასში.

47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების მიმართ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მხარემ ვერ წარმოადგინა, კერძოდ:

48. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა არარსებული პუნქტები, რადგან, ფაქტობრივად, სააპელაციო პალატამ მიუთითა არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების პუნქტებზე, არამედ თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ამსახველ პუნქტებზე.

49. ამავდროულად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა, რომელიც კასატორმა სადავოდ გახადა, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტაბილურ პრაქტიკას. მეტიც, აღნიშნული პრაქტიკისათვის შეუსაბამოა კასატორის მიერ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების გადახდის ფაქტის დადასტურების მექანიზმი.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

51. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

52. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევას ვხვდებით სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

53. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება.

54. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის მოქმედება ვერ გავრცელდება სადავო ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მხარე უთითებს უძრავ ნივთებზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებს.

55. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლი არეგულირებს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის გაცემის საკითხს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, უძრავ ნივთთან დაკავშირებული გარიგების საფუძველზე წარმოიშვა ფულადი დავალიანება, თუ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება მოძრავ ნივთზე.

56. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სსკ-ის 429-ე მუხლის გამოყენების შესახებ არსებობს საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 18.11.2013წ. საქმე №ას-391-370-2013, 1.07.2013წ. საქმე №ას-377-358-2013).

57. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 3 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. ხ.-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 3 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური