საქმე №ა-2352-შ-59-2016 7 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ჟ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ.-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2009 წლის 2 ოქტომბერს შტუტგარტ-შტამჰაიმის მმაჩის ბიუროში ი. ჟ.-ასა და შ. კ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №...) შეწყდა.
ი. ჟ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 24 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 24 ივნისის №262 ბრძანებულების ამონაწერიდან ირკვევა, რომ ი. ჟ.-ას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
ი. ჟ.-ამ ასევე წარმოადგინა შ. კ.-ეს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, რომ გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით ი. ჟ.-ას შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. ჟ.-ას შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2009 წლის 2 ოქტომბერს შტუტგარტ-შტამჰაიმის მმაჩის ბიუროში ი. ჟ.-ასა და შ. კ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 24 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
ი. ჟ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჟ.-ას შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2009 წლის 2 ოქტომბერს შტუტგარტ-შტამჰაიმის მმაჩის ბიუროში ი. ჟ.-ასა და შ. კ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №...) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური