საქმე № 330210115001008204
საქმე №ას-462-444-2016 7 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ნ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ბ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ნ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გზით პირგასამტეხლოს შემცირება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მიმართ გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რის საფუძველზეც ნოტარიუსის მიერ ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა და უნდა შემცირდეს 0,015%-მდე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 374-ე, 372-ე, 364-ე მუხლებით და მიუთითა, რომ 2015 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მხარემ მოითხოვა ცვლილების შეტანა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 16 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის „გ“ პუნქტში მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მისი ვალდებულების დადგენა კრედიტორის წინაშე გადაუხდელი თანხის 0,015%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 13 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
7. მოპასუხე 2015 წლის 3 აგვისტოს განცხადებით სარჩელი ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივრით მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2015 წლის 16 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირება 0,015%-ზე ქვემოთ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. სსსკ-ის 248-ე და 381-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონი იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის გადიდება დაუშვებელია, რაც თავის მხრივ გამორიცხავს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, რადგან მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა, რადგან გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ილახება მხარის ადამიანური უფლებები და კანონიერი ინტერესები.
12. მხარემ განაცხადა, რომ კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების შესასრულებლად ესაჭიროება ვადა 2016 წლის სექტემბრამდე, რათა არ მოხდეს თავად აპელანტისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის რეალიზება საჯარო აუქციონამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების კანონიერება.
15. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს არეგულირებს სსსკ-ის 374-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია იმის გამო, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებული განჩინებით მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასცდა სარჩელის ფარგლებს და მხარემ მოითხოვა სადავო პირგასამტეხლოს შემცირება იმაზე მეტად, ვიდრე ამას სარჩელში უთითებდა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესებს გარკვეულ საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. აღნიშნული ფარგლები მოცემულია სსსკ-ის 404-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს რა კერძო და არა საკასაციო საჩივარს, იყენებს ზემოაღნიშნულ ნორმას ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მხოლოდ იმ საფუძვლების შესაბამისად, რასაც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.
20. წარმოდგენილი კერძო საჩივრის არგუმენტია ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ შელახა აპელანტის ადამიანური უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამავდროულად მხარემ განაცხადა, რომ კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების შესასრულებლად ესაჭიროება ვადა 2016 წლის სექტემბრამდე, რათა არ მოხდეს თავად აპელანტისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის რეალიზება საჯარო აუქციონამდე.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შესაძლო დარღვევების გამოვლენასა და აღმოფხვრას, რათა სრულად განხორციელდეს მხარის უფლება სასამართლო ხელმისაწვდომობაზე.
22. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. როგორც ზემოთ განიმარტა, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება კერძო საჩივარზეც. შესაბამისად, კერძო საჩივრის საფუძველი უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევის ფაქტზე მითითება.
23. აღნიშნულისაგან განსხვავებით, გასაჩივრებული განჩინების საფუძველი ვერ გახდება მხარის სურვილი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით გადაავადოს კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების დრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ზემოაღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინების მიმართ არსებულ პრეტენზიად მხარე მიიჩნევს მის უკანონობასა და დაუსაბუთებლობას, თუმცა სრულებით არ უთითებს, რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ამა თუ იმ დანაწესის დარღვევა და მხარის რაიმე უფლების შელახვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, უფრო დაწვრილებით შეაფასოს მხარის პრეტენზიები.
25. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის იმაზე მეტად შემცირებით, ვიდრე ეს სარჩელით იყო მოთხოვნილი, მხარემ არასწორად და კანონდარღვევით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე, რადგან სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
26. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობით ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 377). ამასთან, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სუსგ 15.10.2012წ. საქმე №ას-1318-1244-2012).
27. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე