Facebook Twitter

საქმე № 330210015792562

საქმე №ას-490-470-2016 11 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე. ნ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მატერიალური ზიანის – 197 600 ლარისა და მორალური ზიანის – 50 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი სახლის მიმდებარედ დაზიანდა მოპასუხის კუთვნილი წყლის მილი, საიდანაც დიდი ხნის განმავლობაში წყალი ჩაედინებოდა მოსარჩელის კუთვნილ სახლსა და ეზოში. აღნიშნულის შესახებ მან არა ერთხელ მიმართა მოპასუხეს, თუმცა მილი გვიან აღადგინეს და მოსარჩელის უძრავი ქონება მნიშვნელოვნად დაზიანდა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მატერიალური ზიანი შეადგენს 197 600 ლარს.

3. ამასთან, წლების მანძილზე მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა სტრესში, ავარიული სახლის დანგრევის შიშით, რის გამოც მხარემ განიცადა მორალური ზიანიც.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სადავო ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ – 197 600 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ექსპლუატაციაში შესულია 1981 წელს. მისი კუთვნილი დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 197 600,09 ლარს.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი სახლის საძირკველში მოპასუხის კუთვნილი მილიდან გამონადენი წყლის ჩადინების ფაქტი და საქმეში არსებული გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სახლის დაზიანება გამოწვეულია მის ქვეშ ნიადაგის გაწყლიანებით, ასევე, გამდინარე გრუნტის წყლებით.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 30 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე (ექსპერტს გააჩნდა კ.ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში სპეციალობით მუშაობის 51 წლის სტაჟი), რომლის მიხედვითაც სადავო საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები წყალსადენის დაწნევით მაგისტრალური მილის მნიშვნელოვანი რღვევით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციები თავის დროზე შესრულებული იყო ვარგისიანობის დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა, ფუძე-გრუნტის გამორეცხვის გამო, ხასიათდება დაქვეითებული და არასტაბილური მდგრადობით, რის შედეგად ნებისმიერ ძალოვანი ზემოქმედების შედეგად მოსალოდნელია მზიდი კონსტრუქციების სხვადასხვა დონის რღვევები და ლოკალური ნგრევები. მითითებული დასკვნის თანახმად, შენობის ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ფუძე-გრუნტის მკვეთრი დაჯდომით და არა მხოლოდ შენობის გაბარიტებში, არამედ, შენობის გარე ფართის გრუნტის მასივის გამორეცხვის გამო, რომელიც პროვოცირებულ იქნა ნაკვეთის თითქმის მთელ ფართობზე მძლავრი წნევით წყლის ჩადინებით.

10. ექსპერტმა ხაზგასმით გამორიცხა, რომ ამ მასშტაბის გრუნტის გამორეცხვა და მკვეთრი დაჯდომა გამოწვეული იყოს კანალიზაციის მასების გაჟონვით, კანალიზაციის ქსელის ლოკალური რღვევით, ან გრუნტის წყლების ზემოქმედების შედეგად. აქვე ექსპერტმა მიუთითა, რომ, მართალია, საკვლევი უბანი გაწყლიანებულია და აღინიშნება გრუნტის წყლები, რომლის ნაკადი თვითდინებადია, თუმცა გამორიცხულია მათ მოქმედებას გამოეწვია სარდაფის სივრცის მყისიერი დატბორვა, გრუნტის გამორეცხვა და სწრაფი დაჯდომა, საძირკვლის კედლების ლოკალურ მონაკვეთებზე მოწყვეტა საძირკვლის ტანის ზედაპირიდან. საბოლოოდ, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ასეთი მძლავრი წნევით წყლის შეჭრა გრუნტის მასივში და, რაც მთავარია, გრუნტის მასივის მრღვევი გამორეცხვა, არის წყალსადენის მაღალი დაწნევის მაგისტრალური მილის მასშტაბური დაზიანების ერთადერთი მიზეზი.

11. რაც შეეხება საინჟინრო-გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია საკვლევ უბანზე გრუნტის წყლების არსებობა და საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით ამ უბნის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ყოფნა, აღნიშნული დასკვნა, თავის მხრივ, იზიარებს და ადასტურებს, რომ სახლის საძირკვლების გამორეცხვა გამოწვეულია წყლის ძლიერი ჭავლის მოქმედების შედეგად.

12. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიუხედავად საკვლევ უბანზე გრუნტის წყლების არსებობისა, გრუნტის გამორეცხვა და სწრაფი დაჯდომა პროვოცირებულ იქნა წყალსადენის მაღალი წნევის მაგისტრალური მილის მასშტაბური დაზიანებით და ნაკვეთის მთელ ფართზე მძლავრი წნევით წყლის ჩადინებით.

13. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა წყლის სინჯებთან დაკავშირებით და არ დაეთანხმა მითითებას, რომ დასკვნები გამომდინარეობს მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ ექსპერტისათვის მიცემული განმარტებიდან. ექსპერტიზის დასკვნების გარდა, საქმეში წარმოდგენილი არა ერთი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ აპელანტის კუთვნილი მაღალი წნევის დაზიანებული წყლის მილიდან მოხდა მძლავრი წნევით სასმელი წყლის გრუნტში ჩადინება, რასაც მოჰყვა საცხოვრებელი სახლის მასიური დაზიანება. ამასთან, დადასტურებულია, რომ მსგავსი მაღალი წნევის წყლის მილი საკვლევი უბნის სიახლოვეს არ მდებარეობს. შესაბამისად, მხოლოდ წყლის სინჯებთან დაკავშირებით კვლევების არარსებობა ვერ გააქარწყლებს ხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რა მონაცემებს დაეყრდნო ექსპერტი დასკვნის მომზადებისას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში ექსპერტმა პირადად დაათვალიერა გამოსაკვლევი უბანი, მოახდინა საკვლევი ობიექტის ფოტოგრაფირება, გამოითხოვა საჭირო ინფორმაცია და მოისმინა მოსარჩელის განმარტება. ამასთან, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარების დროს შემოწმდა გრუნტისა და წყლის სინჯები. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა არ ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა ამ მიმართებით.

14. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაირღვა სამშენებლო ნორმები. საქმეში წარმოდგენილი №... საინჟინრო ექსპერტიზის №2 დანართის – 1981 წლის 5 სექტემბრის სახლის ექსპლუატაციაში მიღების აქტის თანახმად, სპეციალურმა კომისიამ 6 პირის შემადგენლობით შეისწავლა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი და მიიჩნია, რომ დამტკიცებული პროექტიდან გადახა არ მომხდარა. ნაგებობას მიეცა დამაკმაყოფილებელი შეფასება და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. აღნიშნული აქტი სადავო არ გამხდარა, ის ძალაში და მოქმედებს დღესაც. ამასთან, შედგა საკადასტრო გეგმა და სახლი აღირიცხა საჯარო რეესტრში.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე თავის თავზე იღებს როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესებიდან.

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

17. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა 3.1 - 3.3 და 4.4 პუნქტებში მითითებული გარემოებები და რომ სასმელი წყლის მილის დაზიანება ერთჯერადად ვერ გამოიწვევდა სახლის ავარიულ მდგომარეობაში ჩაყენებას მაშინ, როდესაც საპირისპირო გარემოებას სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ადასტურებს მოსარჩელე მხარე.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზიანის არსებობის ფაქტზე, როგორც დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთ კომპონენტზე და განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

20. მოსარჩელე უთითებს, რომ მის ეზოს მიმდებარედ გამავალი, მოპასუხის კუთვნილი დიდი დიამეტრის დაზიანებული მილიდან გამონადენი სასმელი წყალი წლების მანძილზე ინტენსიურად ხვდებოდა ეზოსა და სახლის საძირკველში, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და ზიანდებოდა როგორც საცხოვრებელი სახლის საძირკველი, ასევე, მოპირკეთებული ეზო. მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა, შეეკეთებინათ დაზიანებული მილი, ის შეკეთდა მხოლოდ 2014 წლის 28 ივნისს.

21. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის კუთვნილი დიდი დიამეტრის დაზიანებული მილიდან გადმონადენი სასმელი წყალი სისტემატიურად ხვდებოდა მოსარჩელძის ეზოსა და საცხოვრებელი სახლის საძირკველში, რამაც დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლი, ისე ეზო. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 თებერვლის დასკვნის მიხედვით კი, სადავო შენობისა და ეზოს გამაგრების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 197 600,09 ლარს დღგ-სა და სხვა ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ყველა ის პირობა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოპასუხისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის ქვეშ გრუნტის გაწყლიანება და ბინის დაზიანება მოხდა მოპასუხის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილის დეფექტით, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელის სახლის საძირკველში მოპასუხის კუთვნილი მილიდან გადმონადენი წყლის ჩადინების ფაქტი, არ წარმოდგენილა წყლის სინჯი და მასზე ჩატარებული კვლევები.

25. კასატორმა მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციები დაზიანებულია წყალსადენის დაწნევითი მაგისტრალური მილის მნიშვნელოვანი რღვევით, აღნიშნული დასკვნები გამომდინარეობს მოსარჩელე მხარის მიერ ექსპერტისათვის მიცემული განმარტებიდან, ვინაიდან, არ არსებობს მტკიცებულება თუ რომელი წყალი ჩაედინებოდა მოსარჩელის სახლის საძირკველში.

26. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ექსპერტის განმარტებას, რომ გამოსაკვლევი უბანი გაწყლიანებულია და აღინიშნება გრუნტის წყალი. იგივე დაადასტურა საინჟინრო-გეოლოგიურმა ექსპერტიზამაც. შესაბამისად, წლების განმავლობაში ასეთი მდგომარეობის არსებობას შეეძლო, გამოეწვია სახლის დაზიანება.

27. კასატორის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულია სანიტარული დაცვის ნორმები, რაც გათვალისწინებულია სამშენებლო წესებით.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ექსპლუატაციაში შესულია 1981 წელს. მისი კუთვნილი დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 197 600,09 ლარს.

31. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი სახლის საძირკველში მოპასუხის კუთვნილი მილიდან გამონადენი წყლის ჩადინების ფაქტი და საქმეში არსებული გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სახლის დაზიანება გამოწვეულია მის ქვეშ ნიადაგის გაწყლიანებით, ასევე, გამდინარე გრუნტის წყლებით.

32. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 30 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტს გააჩნდა კ.ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში სპეციალობით მუშაობის 51 წლის სტაჟი), სადავო საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები წყალსადენის დაწნევით მაგისტრალური მილის მნიშვნელოვანი რღვევით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციები თავის დროზე შესრულებული იყო ვარგისიანობის დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა, ფუძე-გრუნტის გამორეცხვის გამო, ხასიათდება დაქვეითებული და არასტაბილური მდგრადობით, რის შედეგად ნებისმიერ ძალოვანი ზემოქმედების შედეგად მოსალოდნელია მზიდი კონსტრუქციების სხვადასხვა დონის რღვევები და ლოკალური ნგრევები. მითითებული დასკვნის თანახმად, შენობის ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია ფუძე-გრუნტის მკვეთრი დაჯდომით და არა მხოლოდ შენობის გაბარიტებში, არამედ, შენობის გარე ფართის გრუნტის მასივის გამორეცხვის გამო, რომელიც პროვოცირებულ იქნა ნაკვეთის თითქმის მთელ ფართობზე მძლავრი წნევით წყლის ჩადინებით.

33. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 თებერვლის დასკვნის თანახმად, სადავო შენობისა და ეზოს გამაგრების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 197 600,09 ლარს დღგ-სა და სხვა ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სსკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

37. მოცემული დავა წარმოიშვა დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

38. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

39. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ 8.09.2015წ. საქმე №ას-718-683-2015).

40. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – ექსპერტიზის დასკვნებით, დადასტურებულია, რომ მითითებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მიერ წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანებისა და დროულად მოუწესრიგებლობით.

41. ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ სრულყოფილად მოახდინა მასზე სსსკ-ის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, საპასუხო დამაჯერებელ არგუმენტებზე ვერ მიუთითა. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ყველა საჭირო კომპონენტი, რათა მოპასუხეს დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 15 ივნისს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჯ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 15 ივნისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური