Facebook Twitter

საქმე №ა-1824-შ-45-2016 1 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს- კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ო-ის 2014 წლის 6 ნოემბრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების: ა. ო-ისა (დაბ: 19.05.2---წ.) და ა. კ-ის (08.04.2---წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 110-110 მანათის, სულ _ 220 მანათის გადახდა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონულმა სასამართლომ, რომელსაც, თავის მხრივ, შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა შემდეგი:

2.1. მოპასუხე საქართველოში მცხოვრები პირია;

2.2. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.

2.3. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, არ აღსრულებულა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მ. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, რის თაობაზეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს.

4. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ მისი პოზიცია არ გაიზიარა იმის თაობაზე, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ეს სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია 70 ლარის ოდენობით, ასევე პენსიონერები არიან მისი მშობლები, არის უკიდურესად გაჭირვებული და არ შეუძლია დაკისრებული ალიმენტის გადახდა. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება და განმარტა, რომ პროცესის დანიშვნის შემთხვევაში, მზადაა, გამოცხადდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. განცხადებას ერთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომელთა შესწავლითაც დასტურდება, რომ ჯ. ა-ს 2003 წლის 15 მარტიდან უვადოდ ეძლევა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა 70 ლარის ოდენობით, ი. ა-ი 1967 წლის 23 ოქტომბრიდან იღებს ასაკის პენსიას 160 ლარის ოდენობით, ხოლო ა. ა-ს 1975 წლის 22 დეკემბრიდან უვადოდ ეძლევა ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სოციალური პაკეტი, რაც შეადგენს 100 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ.კ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს- კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ო-ის 2014 წლის 6 ნოემბრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების: ა. ო-ისა (დაბ: 19.05.2...წ.) და ა. კ-ის (08.04.2...წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 110-110 მანათის, სულ _ 220 მანათის გადახდა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონულმა სასამართლომ, რომელსაც, თავის მხრივ, შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა შემდეგი:

2.1. მოპასუხე საქართველოში მცხოვრები პირია;

2.2. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა, თუმცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაბარების შეუძლებლობა საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდებოდა. საქმეში წარმოდგენილი აზერბაიჯანის ბაკინსკის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მხარე ქონებრივ მდგომაროებასთან ერთად მიუთითებდა სასამართლო სხდომაზე მის მიუწვევლობას, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო არა შეზღუდული, არამედ სრული აპელაციის წესით არსებითად იხილავდა საქმეს და ვინაიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ალიმენტის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. აღნიშნული გარემოების ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს უფლების სასამართლოს წესით დაცვის შესაძლებლობა არ წართმევია. უფრო მეტიც, იგი ამ გარემოებას შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სადავოდ არ ხდის;

2.3. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, არ აღსრულებულა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გადახდისაგან მისი გათავისუფლების თაობაზე და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა არკვევს აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონის იმპრეტიულ დანაწესებთან ფორმალურ შესაბამისობას (რის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო) და არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს ფაქტების სისწორის საკითხი, მით უფრო, შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის შედავების ფარგლებში მიიღოს ახალი გადაწყვეტილება პირის ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. ამ თვალსაზრისით, მართალია, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის შესაძლებლობის შეზღუდვის ფაქტი, თუმცა იგი საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ გახდება პირის ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე დაამტკიცებს, რომ არსებობს მისი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების/ოდენობის შემცირების წინაპირობა, მან ამ საფუძვლით უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მსგავსად, უნდა მოითხოვოს მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხატაინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ის 2014 წლის 6 ნოემბრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების: ა. ო-ისა (დაბ: 19.05.2...წ.) და ა. კ-ის (08.04.2...წ.) რჩენისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 110-110 მანათის, სულ _ 220 მანათის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე