Facebook Twitter

საქმე №ას-426-409-2016 24 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 1. შპს „ი-ა“ (მოპასუხე)

2. სს „ქ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ მ. ჯ-ე (მოწინააღმდეგე მხარე შპს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარზე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ასევე საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ქ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ისა“ და მ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების _ 14 061,25 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 255,33 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, მოპასუხე მ.ჯ-ისათვის მაცივარ-კონტეინერის შენახვის ხარჯის _ 9 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 1 ივნისს მოსარჩელესა და შპს „ი-ას“ შორის გაფორმდა მაცივრისა და საწყობის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 1 300 ლარით. იმავე დღეს გაფორმდა პურის საცხობის საამქროს ქირავნობის ხელშეკრულება თვეში 3 000 ლარის გადახდით, 2010 წლის 31 დეკემბერს კი, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ი-ამ“ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ბანკში იპოთეკით დატვირთვის გამო, ყოველთვიურად გადაეხადა მისთვის 1 274 ლარი. მოპასუხეს 2010 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გადაუხდია მოხმარებული ელექტოენერგიის ღირებულება, რასაც ემატება პირგასამტეხლო. იგი იხდიდა მხოლოდ პურის საცხობი საამქროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, რის თაობაზეც მიეწოდებოდა შესაბამისი ანგარიშფაქტურები, მაცივრებისა და საწყობის მიერ დახარჯული ელექტროენერგია ცალკე ელექტრომრიცხველში აისახებოდა. ამასთან, მოსარჩელის ტერიტორიაზე 2004 წლიდან 2014 წლის 24 ივნისამდე, მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, განთავსებული იყო „მაერსკის“ ფირმის მაცივარ-კონტეინერი, რისთვისაც მოპასუხე მ. ჯ-ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 300 ლარი. მხარეთა ურთიერთობის შეწყვეტიდან _ 2012 წლის 1 იანვრიდან მოპასუხეს ეს თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, თანხის სრულად ანაზღაურებამდე, მას არ მისცა უფლება, წაეღო მაცივარ-კონტეინერი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა მოთხოვნის შემწყვეტი/შემაფერხებელი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხვეს. მათ სადავო არ გაუხდიათ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, თუმცა, განმარტეს, რომ ვალდებულება სრულად ჰქონდათ შესრულებული, კერძოდ, თანხის გადახდის თაობაზე მოსარჩელე უგზავნიდა ანგარიშფაქტურებს, რაშიც შედიოდა, როგორ ქონების იჯარის, ასევე _ ელექტროენერგიის გადასახადი. მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, სულ გადახდილი თანხა შეადგენს 142 668.7 ლარს, საიდანაც 42 668 ლარი დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებაა. გარდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა, 2011 წლის აპრილის ჩათვლით თანხის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა. რაც შეეხება მ. ჯ-ეს, მასთან მოსარჩელეს არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია, ასევე, არ დადებულა „მაერსკის“ ფირმის მაცივრის მიბარების ხელშეკრულება, პირიქით, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კუთვნილი ნივთის დაბრუნებაზე მოსარჩელე უარს აცხადებდა, რის გამოც პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო. მოპასუხეების კუთვნილი ნივთი, მათი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა მოსარჩელესთან, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ი-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 662,98 ლარის გადახდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ი-ამ“ და სს „ქ-მა“, პირველმა კასატორმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი), ხოლო მეორე კასატორმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. სს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ფიზიკური პირის წინააღმდეგ მაცივრის მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, ასევე, გადაუხდელი ელ.ენერგიის ღირებულების სოლიდარულად დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა: მხარეებს შორის არ არსებობდა მაცივარ-კონტეინერის მიბარების ხელშეკრულება. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, საიდანაც გაირკვეოდა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა მოთხოვნის სხვა საფუძველზე მიუთითა (მან განმარტა, რომ 300 ლარი არის მაცივრის მოვლის ხარჯი და იმ მიწის გადასახადი, რომელზედაც განთავსებულია ნივთი), რაც ეწინააღმდეგება დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ამასთან, ასეთი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მისი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. აპელანტი საწარმოს დირექტორმა კი, სასამართლოს მოახსენა, რომ „ერთ მაცივარში რომ აღარ დაეტია ამდენი თევზი და კარაქი მეორე მაცივრის მოტანა ამიტომ გახდა აუცილებელი და საჭირო“, ამდენად, მ. ჯ-ესთან, როგორც ფიზიკურ პირთან, არანაირ მიბარების ან/და სხვა სახის ხელშეკრულებას და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს ადგილი არ ჰქონია, ასეთი ტიპის ხელშეკრულება არც შპს „ი-ასთან“ დადებულა. მაცივართან დაკავშირებით არც უსაფუძვლო გამდიდრებას ჰქონია ადგილი, რადგან არ იკვეთება მხარის მიერ სარგებლის მიღებისა და გამდიდრების ფაქტი, შპს „ი-ა“ მიუთითებდა, რომ ამ საკითხზე შეგებებული სარჩელით იდავებდა, მაგრამ შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს.

1.2.2. მოსარჩელესა და შპს „ი-ას“ შორის არსებობდა 3 ხელშეკრულება და არც ერთი მ. ჯ-ესთან, როგორც ფიზიკურ პირთან, არ იყო დადებული, შესაბამისად, ელ.ენერგიის გადაუხდელი თანხის მისთვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება შპს „ი-ისათვის“ ელ.ენერგიის გადაუხდელი თანხის 14 061 ლარის დაკისრებას, ამ მხრივ მოთხოვნა ნაწილობრივ _ 3 662,98 ლარის ნაწილში და ისიც 2011 წლის მაისიდან იყო საფუძვლიანი. მაისამდე მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული: იგი წარმოიშვა 2010 წლის ივნისში, ელ.ენერგიის გადასახადი მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 10 რიცხვში, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 29 მაისს. თანხა რომ გადაუხდელია 2011 წლის მაისიდან ამას ადასტურებს საქმეში არსებული მასალები, რადგან ყველა ანგარიშფაქტურაში გადახდილი თანხის დანიშნულებად მითითებულია იჯარა-არენდა და არა ელ.ენერგია და სხვა კომუნალური გადასახადები, რისი გადახდის ვალდებულებაც მხარეს სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნია. წარმოდგენილია ასევე მოსარჩელის აბონენტის ბარათი, საიდანაც დგინდება, რომ მას გადახდილი აქვს ელ.ენერგიის ხარჯი შპს „ი-ის“ ნაცვლად. შპს „ი-ა“ სადავოდ ხდის იმას, რომ იგი იჯარასათან ერთად კომუნალურ გადასახდებსაც, მათ შორის, ელ.ენერგიის ხარჯსაც იხდიდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. აღნიშნულის საპირისპიროდ, აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ყველა გადასახადი მოპასუხესთან მოდიოდა ანგარიშფაქტურით, მრიცხველი ედგა არა მარტო შპს „ი-ას“ არამედ სხვებსაც, გადასახადი მოდიოდა მოსარჩელის სახელზე ერთი მთავარი მრიცხველის საფუძველზე, შპს „ი-ა“ იხდიდა თანხას ანგარიშფაქტურაში მითითებული ოდენობის მიხედვით. ამ მტკიცებულებებით კი არ დგინდება კომუნალური გადასახადის გადახდის ფაქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რითაც დარღვეულია საპროცესო კოდექსის მე-2, 249-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები.

1.4.2. საქმეზე უტყუარად დადგენილი გარემოებაა (და ამას სააპელაციო პალატა იზიარებს), რომ 2004 წლიდან 2014 წლის 24 ივნისამდე მ. ჯ-ის კუთვნილი 25-ტონიანი მაცივარ-კონტეინერი განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (29.64 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) და იგი გამოიყენებოდა სამეწარმეო დანიშნულებით. მაცივარ-კონტეინერის განთავსება მოხდა მისი მესაკუთრისა და ამავდროულად შპს „ი-ას“ დირექტორ მ. ჯ-ის ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც მან მიმართა კასატორს. განთავსების საზღაური უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი, ვინაიდან მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ხოლო მოძრავი ნივთის განთავსების ვადა იყო განუსაზღვრელი. 2012 წლის 1 იანვრიდან მოიშალა შპს „ი-ასა“ და სს „ქ-ს“ შორის არსებული ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულებები სხვა საგანზე, მაგრამ მაცივარ-კონტეინერი მოპასუხეებს, მიბარების საზღაურის გადახდისა და ნივთზე უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე მოსარჩელის არაერთი შეხსენების მიუხედავად, არ გაუტანიათ. პროკურატურიდან და პოლიციიდან დოკუმენტაციის მიღების შემდეგ დადგინდა, რომ მაცივარ-კონტეინერი წარმოადგენდა მ. ჯ-ის პირად საკუთრებას, რომელიც მან კასატორის კუთვნილი ტერიტორიიდან 2014 წლის 24 ივნისს გაიტანა. მოსარჩელეს არც ნივთის წაღების შემდგომი პერიოდის და არც 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საზღაური არ მოუთხოვია, პირველ შემთხვევაში, აღარ არსებობდა მოთხოვნის საფუძველი, ხოლო, მერე შემთხვევაში, მხარემ იგი ხანდაზმულად მიიჩნია. თუ მხარეთა შორის არ არსებობდა მიბარების ხელშეკრულება, გაურკვეველია, რატომ არ ჰქონდა კასატორს უფლება, ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოეთხოვა ქონების მესაკუთრისათვის, როდესაც ორივე მოპასუხე ნივთის ექსპლუატაციით იღებდა სარგებელს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით.

1.4.3. სასამართლოს მსჯელობა არასწორია მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილშიც, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობის ვადა სასამართლოს უნდა დაეკავშირებინა 2012 წლის მარტთან და მხარეთა განმარტებასთან იმის შესახებ, რომ ორმხრივი შეთანხმებით მოპასუხე არ გადაიხდიდა ელექტროენერგიის ღირებულებას, იმ პირობით, თუკი შპს „ი-ა“ 2011 წლის წლიური ბალანსის ჩაბარების შემდგომ, 2012 წლის მარტისათვის სს „ქ-ს“ გადაუხდიდა მიღებული მოგების 50%-ს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სს „ქ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2010 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულდა და, შესაბამისად, ამ პერიოდიდან სს „ქ-ს“ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. ეს გარემოება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

1.5. რაც შეეხება შპს „ი-ას“ საკასაციო საჩივარს, მან მოთხოვნა შემდეგ გარემოებებზე დაამყარა:

1.5.1. სააპელაციო სასამართლომ გარემოებათა არასწორი შეფასების შედეგად არასწორად დააკისრა კასატორს თანხის გადახდის ვალდებულება, რადგანაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება გარემოება იმის თაობაზე, რომ ანაზღაურება, არსებული ხელშეკრულების თანახმად, ხორციელდებოდა ზედნადებების მიხედვით. ეს ვალდებულება კასატორს შესრულებული აქვს, ხოლო თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ გადახდილი თანხა მოიცავდა კომუნალურ ხარჯს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უნდა მიეღო მხედველობაში, ამასთანავე სადავო თანხის გადახდა დაადასტურეს მოწმეებმაც.

1.5.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ „იჯარა-არენდის“ თანხა სამივე ხელშეკრულებიდან გამოდინარე 100 070 ლარს შეადგენდა, გადახდილი თანხა _ 142 668,7 ლარს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე გამდიდრდა უსაფუძვლოდ.

1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას იხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, იგი ადგენს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების გზით არკვევს ამ ნორმის შემადგენელი ელემენტებიდან რომელთა არსებობა დაამტკიცა ფაქტის მიმთითებელმა მხარემ, თავის მხრივ, უდავოა, რომ სასამართლო მტკიცებულებების შეფასებისას ხელმძღვანელობს საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით და საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-შეფასების გზით განსაზღვრავს სადავო ფაქტების ნამდვილობას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მაცივარ-კონტეინერის მიბარების გამო თანხის მოპასუხე ფიზიკური პირისათვის დაკისრებას, ამ მხრივ, მან, როგორც ფაქტის მიმთითებელმა მხარემ (სსსკ-ის 102-ე მუხლი) სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა ვერ დაამტკიცა, საკასაციო საჩივრით კი, პრეტენზიას აცხადებს ორივე მხარისათვის ხარჯების სოლიდარულად დაკისრებაზე, რასაც საკასაციო პალატა საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის საფუძველზე ვერ შეაფასებს. საგულისხმოა კასატორის ის განმარტება, რომელიც მოპასუხეთა სამეწარმეო საქმიანობას შეეხება და ამ საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას. უდავოა, რომ მ.ჯ-ე იმ დროისათვის მოპასუხე საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი, რაც, პალატის მოსაზრებით, მისთვის, როგორც ფიზიკური პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოძრავი ნივთი მის საკუთრებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ არც კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე არსებობდა ფიზიკური პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რადგანაც პალატამ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოებაზე, რომ მ.ჯ-ის გამდიდრების ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც კონდიქციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრესი საფუძველია (სკ-ის 982 მუხლი, ხელყოფის კონდიქცია) საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის საკითხი სწორად დაამყარა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილს და ამავე კოდექსის 130-ე მუხლის სწორი განმარტებით მართებულად დაადგინა მოთხოვნის წარმოშობის ვადა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, იგი ზოგადი მითითებებით შემოიფარგლება (მაგ: მხარე უთითებს საპროცესო აღიარებაზე (სსსკ-ის 131-ე მუხლზე, თუმცა კონკრეტულად როდის აღიარა მხარემ სადავო გარემოება ან რას ემყარება ეს აღიარება). როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, მათ შორის მოწმის ჩვენებებს და ამ გზით გამოტანილ სასამართლოს დასკვნებს ვერ აქარწყლებს მხარის ზოგადი ხასიათის პრეტენზიები. თავის მხრივ, საქმის მასალების არასწორი ინტერპრეტაციით მხარე ცდილობს გააქარწყლოს ვალდებულების არსებობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა, თუმცა უდავოა, რომ მას, როგორც მოვალეს, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება არ დაუდასტურებია (არ წარუდგენია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულება).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ი-ას“ უნდა დაუბრუნდეს მ. ჯ-ის მიერ 20.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, ხოლო სს „ქ-ს“ _ მ. გ-ის მიერ კასატორის სახელით 28.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 982,68 ლარის 70% _ 687,876 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ი-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ჯ-ის მიერ 20.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. სს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

4. კასატორ სს „ქ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. გ-ის მიერ სს „ქ-ის“ სახელით 28.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 982,68 ლარის 70% _ 687,876 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი