Facebook Twitter

საქმე №ას-403-386-2016 17 ივნისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ე, ი. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. თ-ემ და ი. დ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის 2008 წლის 26 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მ.თ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის _ ყოველთვიურად 532,50 ლარის, ხოლო ი.დ-ის სასარგებლოდ _ 133,50 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, აქვე განმარტა, რომ ქონება, რომლით სარგებლობის ხელშეშლასაც ედავებიან მოსარჩელეები, მათ თანასაკუთრებად 2013 წლის 29 სექტემბრიდან აღირიცხა, ამასთანავე, ისინი ცნობილი არიან მხოლოდ მიწის ნაკვეთის და არა მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მ.თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ ყოველთვიურად 532,50 ლარის, ხოლო ი.დ-ის სასარგებლოდ _ 133,50 ლარის ანაზღაურება 2013 წლის 26 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: საქმის მასალების თანახმად, აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, რაც დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულის შემდგომ, რა ვადითაც არ უნდა გაგრძელებულიყო დანიშნული ხარვეზი, აპელანტი ბაჟის გადახდას ვერ შეძლებდა. აღნიშნულით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგანაც აპელანტს წაერთვა მისი საქმის ზემდგომი სასამართლოების მიერ განხილვის უფლება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და ის გარემოება, რომ მას ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ;

1.2.2. სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საფუძვლად კი, მითითებულია აქვს მხოლოდ ის, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობა აქვს (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაიმე მტკიცებულება, რომელიც აპელანტის რეალურ მატერიალურ მდგომარობას დაადასტურებდა, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის;

1.2.3. 2015 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რა აპელანტის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა იგი და სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დააკისრა, როგორც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა, ისე ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა და საპროცესო ვადა განუსაზღვრა 10 დღით. ამავე განჩინების შესწავლით ირკვევა სასამართლოს მხრიდან აპელანტისათვის საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიურ შედეგებზე გაფრთხილების ფაქტი;

1.2.4. განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით აპელანტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის ღირებულება და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ გადასახდელი თანხა აპელანტს არ გააჩნია, თუმცა არც ამ განცხადებას ერთვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება;

1.2.5. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხარეს საპროცესო ვადა გაუგრძელა 10 დღით;

1.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა პალატას განცხადებით და ითხოვა საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, განცხადების თანახმად, ამ ვადაში აპელანტის მიერ სრულად იქნება უზრუნველყოფილი დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

1.2.7. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გაიზიარა რა მხარის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა მხარეს კვლავ გაუგრძელა 5 დღით;

1.2.8. 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინება გაიგზავნა აპელანტის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე (რწმუნებულება იხ. ტ. I, ს.ფ. 41, რომლის თანახმადაც, რწმუნებულებს: ი.ბ-ესა და თ.ბ-ს უვადოდ აქვთ მინიჭებული სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება) და 2016 წლის 16 თებერვალს კორესპოდენცია ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ თ. ბ-ს.

1.2.9. არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც მოგვიანებით აპელანტს/მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თ.ბ-ისათვის 2016 წლის 16 თებერვალს შეტყობინების ჩაბარება მართებულად მიიჩნია მხარისათვის ჩაბარებად, რამდენადაც კორესპოდენცია გაგზავნილ იქნა წარმომადგენლის სამუშაო ადგილის მიხედვით (მისამართი მის მიერ იყო მითითებული) და ადრესატმა იგი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ისე ჩაიბარა, ამასთანავე, მიმღები პირი თავად წარმოადგენს მხარეს საქმეში არსებული მინდობილობის საფუძველზე და კერძო საჩივარიც მის მიერაა შემოტანილი .

1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა და არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის შედეგადაც მას არ მიეცა უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ გამოუსწორებია რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა შუამდგომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური