საქმე №ას-431-414-2016 8 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ჩ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მარწმუნებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჩ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან რწმუნებული) მიმართ მოპასუხისათვის 53 746 ევროს დაკისრების მოთხოვნით (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.05.2015წ. სხდომის ოქმი, 14:41:37 სთ).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 16 ივლისს წინასწარი შეთანხმებისა და ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 30 000 ევრო ავტომანქანების გამოსაგზავნად. ეს ვალდებულება მოპასუხეს პერიოდულად უნდა შეესრულებინა, ხოლო შესრულების ბოლო ვადა არ იყო განსაზღვრული. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2010 წლის 12 დეკემბრამდე დაებრუნებინა 40 000 ევრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახით. 2010 წლის 18 ნოემბერს, 5 თვის ვადით _ 2011 წლის 30 მაისის ჩათვლით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6 250 ევრო ყოველთვიურად 8%-იანი სარგებლის დარიცხვით (დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 8 746 ევროს) და მსესხებელს არც ეს ვალდებულება შეუსრულებია. მოპასუხეს მართლაც ჩამოჰყავდა მანქანები, მაგრამ მათ რეალიზაციას ახდენდა მოსარჩელისაგან დაფარულად, რის გამოც მათ შორის ჩამოყალიბდა უნდობლობა. მოპასუხე თავს იმართლებდა იმით, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მესამე პირის - ტ. ...ის სახელით ცნობილი ვ. ხ-ის ბრალით, რომელთანაც მოსარჩელეს კავშირი არ ჰქონდა და მათ შორის რაიმე ურთიერთობა არ წარმოშობილა. ამის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო გერმანიაში, თუმცა არც ამას მოჰყოლია შედეგი. მგზავრობის დანახარჯებმა შეადგინა 5 000 ევრო. მოპასუხემ გააფორმა ვალის აღიარების ხელწერილები 2011 წლის 16 აპრილს, რითაც დაადასტურა მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობა. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მან მოსარჩელეს მიაყენა ქონებრივი ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ თანხის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება და ამგვარს არც ჰქონია ადგილი მხარეთა შორის. მოპასუხის მტკიცებით, იგი არასათანადო მხარეა და საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 16 ივლისის საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ვერ გამოდგება 30 000 ევროს მოპასუხისათვის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, ამ მტკიცებულების თანახმად, თანხის მიმღები არის იურიდიული პირი. მოპასუხემ სადავო გახადა, ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია მათი შედგენის დრო. ამასთან, უარყო დოკუმენტებზე საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა და მოითხოვა საქმიდან მათი ამორიცხვა, ისევე, როგორც მან უარყო იმ ხელწერილზე ხელმოწერის შესრულება, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელემ მას 6 250 ევრო გადასცა თვეში 8%-ის დარიცხვით. შესაგებლით სადავოდაა გამხდარი გერმანიაში ვიზიტის ხარჯების სახით 5 000 ევროს დაკისრება იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა, გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 23 746 ევროს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, 2015 წლის 26 თებერვლის, 2015 წლის 7 მაისისა და 2015 წლის 9 ივნისის საოქმო განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობენ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების საპროცესო ნორმათა დარღვევით დადგენა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, როგორც მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობის წარმოშობის, ისე _ ხანდაზმულობის საკითხის არასწორად დადგენის მოტივით. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.1.1. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გერმანიაში ავტომობილის შესაძენად გადასცა 30 000 ევრო;
1.1.2. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია და არც თანხა დაუბრუნებია მოსარჩელისათვის.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია, რამდენადაც კასატორს ამ გარემოებათა თაობაზე დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
1.3. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით. ქვემდგომმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი სს „ს-ის“ გამავალი სავალუტო საგადახდო დავალება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ 2010 წლის 16 ივლისს მაინის ფრანკფურტში გადარიხცა 30 000 ევრო. მართალია, ამ დოკუმენტში მითითებული რეკვიზიტები (მიმღებად მითითებულია შპს „გენერალ ჰუბაევის ავტომობილები და უძრავი ქონება“, გამყიდველის ანგარიში: „მომხმარებელი .../ტ. ... 14/07/2010წ. ოპერაცია 555/მერსედეს ბენც ს500 4 მატიკლ საიდენტ. ნომერი ... ა. ჩ-ა“; დამატებთი ინფორმაცია: „გადახდა ა. ჩ-ასათვის/მერსედეს ბენც ს500 4 მატიკლ/საიდენტ. ნომერი ...“) უტყუარად არ ადგენენ კასატორის მიერ თანხის მიღების ფაქტს, თუმცა, მას ღირებულებითი მნიშვნელობა გააჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენლ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია კასატორის მიერ ხელმოწერილი 2011 წლის 16 აპრილის ხელწერილი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა ხელწერილის შემდგენი პირის მიერ იმ ფაქტის დადასტურება, რომ გერმანიაში ყოფნის პერიოდში, 2010 წლის 16 ივლისს, მან მოსარჩელისაგან მიიღო 30 000 ევრო. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე (იხ. 26.02.2015წ. სხდომის ოქმი, 11:54:53 სთ.) მოპასუხემ აღიარა ამ ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, რაც სწორად შეფასდა საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ იმგვარ აღიარებად, რომელსაც სასამართლო შეიძლება დაემყაროს გადაწყვეტილების გამოტანისას, ხოლო ამ აღიარების უარყოფა, კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 133.1 მუხლი), არ განუხორციელებია თანხის მიმღებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სარწმუნოა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, როგორც ზემოხსენებული მტკიცებულებების, ისე _ მოპასუხის მიერ ხელწერილით თანხის მიღების ფაქტის აღიარების იურიდიული ძალის შესახებ.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სს „ს-ის“ მიერ გაცემული დოკუმენტიდან, ისე _ მოპასუხის განმარტებებიდან გამომდინარე (თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში ინდვიდუალურად განსაზღვრული ავტომობილი ჩამოიყვანა, რომელიც გადაფორმდა მოსარჩელის ნათესავზე) პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 16 ივლისის ხელწერილი ადასტურებს არა მის მიერ თანხის მიღებასა და ამ თანხიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობას, არამედ, ამ თანხის დაბრუნების თაობაზე ტ. მ-ის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მხარის განმარტებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების შესახებ, რომლის ფარგლებშიც რწმუნებულს (კასატორს) მარწმუნებლისათვის (მოსარჩელისათვის) გადაცემული თანხის ფარგლებში უნდა შეეძინა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი (ავტომობილი). უდავოა ის გარემოებაც, რომ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი მოსარჩელის საკუთრებად არ ირიცხება, შესაბამისად, მარწმუნებელი რწმუნებულისაგან მოითხოვს დავალების ფარგლებში გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე, ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
1.5. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის დაძლევით (სსსკ-ის 102-ე მუხლი) უზრუნველყო ზემოხსენებული ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის დადასტურება, რაც შეეხება თანხის დაბრუნებისა თუ ზოგადად ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების დამტკიცება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ევალებოდა რწმუნებულს. ამ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნას ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმით დადგენილი სტანდარტი _ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომელიც მოვალის უფლებადამცავი დანაწესია და ადგენს მის შესაძლებლობას, კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი საბუთი, რაც უდავოდ მოწმობს ვალდებულების შეწყვეტას. ამ თვალსაზრისით კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, მან საქმის განხილვისას განმარტა ის, რომ ვალდებულება შეწყდა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად (კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით), თუმცა, დავალების საგანი, უფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე აღირიცხა კ. ბ-ის საკუთრებად. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მესამე პირის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი გარიგება, თუმცა, ამ შესრულების მიმართ მოსარჩელის თანხმობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა მოპასუხის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით 30 000 ევროს ანგარიშში რწმუნებულის მიერ ავტომობილის ჩამოყვანისა და მარწმუნებლის თანხმობით მისი მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, სააპელაციო პალატის ამ მსჯელობას, თავის მხრივ, სწორად დაედო საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი. ამდენად, სარჩელის გამომრიცხავი ამ შესაგებლითაც ვერ შეძლო ვალდებულმა პირმა მოთხოვნის გაქარწყლება.
1.6. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მოპასუხის იმ შედავებას, რომელიც ხანდაზმულობას შეეხება და იმდენად არსებითია, რომ დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატებას აფერხებს. საყურადღებოა, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის ხანდაზმულობა იმ დასაბუთებით, რომ დავალების ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შორის არ იყო შეთანხმებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე რწმუნებულს არ ჰქონდა ვალდებულება შესრულებული, მარწმუნებელს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება. ხანდაზმულობის საკითხის შემოწმებისას, საკასაციო პალატა ნაწილობრივ (სკ-ის 365-ე მუხლის არასწორი განმარტების ნაწილში) იზიარებს კასატორის პრეტენზიას და ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 16 აპრილის ხელწერილზე (სწორედ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დადგინდა ვალდებულების არსებობა), რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ თანხა გადარიცხა ხუთი თვის ვადით 2010 წლის 12 დეკემბრამდე, ეს თანხა მოპასუხემ გადასცა ტ. მ-ს, რომელმაც გადააცილა მის დაბრუნების ვადას და არც ავტომობილს აგზავნის და არც თანხას, მიუხედავად იმისა, რომ გასულია 2011 წლის თებერვალიც. პალატა მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზეც, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მარწმუნებელი იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო გერმანიაში, რაც მას 5 000 ევრო დაუჯდა. ამ გამგზავრებას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია გარდა დაპირებისა და კერძო ხელწერილებისა ვალის აღიარების შესახებ. შესაგებლის წინააღმდეგ წარდგენილ შეპასუხებაში მოსარჩელემ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2011-2012 წლებში იგი აქტიურად ცდილობდა მოპასუხისაგან თანხის დაბრუნებას და მიმართავდა მის ხელთ არსებულ საშუალებებს (იხ. სარჩელი, მოსარჩელის შეპასუხება შესაგებელზე და მისივე საპაექრო სიტყვა ტ. I, ს.ფ. 46-57; 119-120; 337-343). ამ განმარტებების სამართლებრივი ანალიზის მიზნით სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული (როგორც ეს დაადგინეს ქვემდგომმა სასამართლოებმა), უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე ან ფაქტობრივად არ შეასრულებს მას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2010 წლის 12 დეკემბრიდან, ანუ მისი მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც, მოსარჩელის განმარტებით, მან ვიზიტი განახორციელა გერმანიაში. პალატა განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. სუსგ №ას-1264-1204-2014, 2 ოქტომბერი, 2015 წელი), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ამოიწურა 2013 წლის 12 დეკემბერს, სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 14 აპრილს (სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადება _ 2014 წლის 1 აპრილს). ამ გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებული პირი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უარი განაცხადოს შესრულებაზე, რადგანაც ხანდაზმულობის ვადის გასვლით მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა იძულებით განხორციელებას აღარ ექვემდებარება.
1.7. რაც შეეხება კასატორის დანარჩენ პრეტენზიებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2015წ; 07.05.2015წ; 09.06.2015წ. საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარის შედავების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შემოწმოს მათი კანონიერება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კასატორს არ მიუთითებია ამ საოქმო განჩინებათა გაუქმების საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ამასთანავე, უმთავრესი ამ საკითხზე მსჯელობისას ის გარემოებაა, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებით ამოწურულია მოპასუხის იურიდიული ინტერესი წინამდებარე დავის მიმართ, რაც საკასაციო პალატას აძლევს შესაძლებლობას, უარყოს კასატორის პოზიცია საოქმო განჩინებების გაუქმებასთან მიმართებით.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.6. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქმის განხილვასთან დაკავშირებით სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხდა 6 602,79 ლარი.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. გ. ბ-ის სარჩელი ა. ჩ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გ. ბ-ს (პ/#...) ა. ჩ-ას (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟის 6 602,79 ლარის ანაზღაურება.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი