საქმე №ა-2773-ბ-9-2016 26 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. ქ-ას განცხადების განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე რ. ქ-ას სარჩელის გამო, შპს „ბ-ი-სა“ და ბ. ს-ის მიმართ ხელშეკრულების მოშლისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ რ. ქ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით რ. ქ-ასა და ბ. ს-სა და „ბ-ის“ შორის დამტკიცდა მორიგება. მორიგება დამტკიცდა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი ნ. გულუა. ხოლო რ.ქ-ას წარმომადგენელ მ. ჭ-ემ (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.175) მორიგების აქტი ჩაიბარა 2011 წლის 20 ივლისს.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება რ. ქ-ას წარმომადგენელ ნ. გ-უას (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.135-136) დამატებით ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 21 ივნისს (იხ.შეტყობინების შესახებ აქტი), 2016 წლის 23 თებერვალს რ.ქ-ამ პირადად ჩაიბარა სასამართლოში დაბარების შესახებ აქტისა და ხელწერილის ასლები (იხ.ხელწერილი ტ.II, ს.ფ.197).
2016 წლის 21 ივლისს რ. ქ-ამ განცხადებით მომართა სასამართლოს და სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ საფუძვლით რომ, საქმის განხილვის თაობაზე არ იყო ინფორმირებული, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
განმცხადებლის მითითებით, მას დაცული აქვს განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და აღნიშნავს რომ 2016 წლის 22 ივნისს, როდესაც მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და არქივიდან გადაეცა სხდომაზე დაბარების შესახებ უწყების ქსეროასლები, შეიტყო, ის ფაქტი რომ 2011 წლის 21 ივნისის სხდომაზე არ იყო მიწვეული კანონის შესაბამისად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. ქ-ას მსჯელობას, რომ მას დაცული აქვს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მისი მოსაზრების საპირისპიროდ საქმეში განთავსებულია ხელწერილი, რომლიდანაც ერთმნიშვნელოვნად ირკვევა რომ, რ. ქ-ამ 2016 წლის 23 თებერვალს პირადად ჩაიბარა 2016 წლის 16 თებერვლის განცხადებებით მოთხოვნილი CD დისკი ტელეფონით სასამართლოში დაბარების თაობაზე და ხელწერილის ასლები.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ რ. ქ-ამ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისს მომართა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რ. ქ-ას განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, დარღვეულია განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების წინაპირობები.
განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობების არარსებობის გამო, საკასაციო პალატა, მართალია, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის საფუძვლიანობაზე, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილია რ.ქ-ას მიერ ნ. გულუას სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლთან, მათ შორის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა დავის მორიგებით დასრულების უფლება. ხოლო სასამართლო შეტყობინება საკასაციო სასამართლოს სხდომის თაობაზე განხორციელებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად რეავაზ ქ-ას მიერ საქმეში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე (ტ.I, ს.ფ. 46).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ რ. ქ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.რ. ქ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად მიჩნევის გამო დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე