Facebook Twitter

საქმე №ას-8-8-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ჯ.კ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პ.ქ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), ასევე საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დამატებით 6 000 ლარის დაკისრება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. პ. ქ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის _ 10 948 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ 21.05.2014წ. განცხადება, ასევე, 21.05.2014წ. სხდომის ოქმი).

1.2. სარჩელის თანახმად, 2013 წლის გაზაფხულზე მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ჩაიბარებდა მოპასუხის ფერმერულ მეურნეობას. შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, იგი შეუდგა მზადებას, მოაწყო დენის კვების ჰესი, ჩაატარა რეკონსტრუქცია, იყიდა პირუტყვის საკვები, მუშახელისათვის ინვენტარი და სხვა საჭირო ნივთები. შეთანხმების მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელეს 2013 წლის სექტემბერში გადასცემდა 40 სულ მეწველ ძროხასა და სხვა პირუტყვს, სულ 88 ერთეულს, 3 წლის განმავლობაში მოპასუხე არ ჩაერეოდა მოსარჩელის საქმიანობაში, თავისი შეხედულებით აიყვანდა მწველავებსა და მწყემსებს, მიღებული რძე გაიყოფოდა ყოველდღიური შემოსავლის მიხედვით, ასევე გაიყოფოდა საქონლის ნამატი, ხოლო მიღებულ ზარალზე (საქონლის დაღუპვა, დაკარგვა, დაავადება და სხვა) პასუხისმგებელი იყო მოსარჩელე. შეთანხმების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების შემდგომ, 2013 წლის ოქტომბერში მოპასუხემ მოსარჩელეს ჩააბარა პირუტყვი, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი ვაქცინაცია. ახმეტიდან ჩამოყვანილ იქნენ მწყემსები, დაიქირავეს მუშახელი და დაიწყეს ფერმერული საქმიანობა. დაახლოებით თვენახევარში მოპასუხემ უმიზეზოდ მოსთხოვა მოსარჩელეს პირუტყვისა და ფერმის დაბრუნება, მიაყენა ზიანი, რაც გამოიხატება მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებსა და მიუღებელ შემოსავალში (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, თუმცა დაეთანხმა რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო ზოგიერთი მათგანის თაობაზე კვალიფიციური შედავება წარადგინა. შესაგებლის თანახმად, იგი ნამდვილად ეძებდა ადამიანს, ვინც ფერმერულ მეურნეობას გაუძღვებოდა და ამის შესახებ იცოდა მოსარჩელემ. ამ უკანასკნელმა თავად შესთავაზა 3 წლით ფერმის იჯარით გადაცემა, რასაც ნაწილობრივ დაეთანხმა მოპასუხე, კერძოდ, შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ოჯახის წევრების მეშვეობით აწარმოებდა ფერმერულ საქმიანობას, ხოლო იგი, როგორც მესაკუთრე, შეინარჩუნებდა კონტროლის ფუნქციას, მხარეთა შეთანხმებით, გამოსაცდელი ვადა განისაზღვრა ორი თვით და მოპასუხეც მონაწილეობდა სხავადასხვა საქმიანობაში. მოსარჩელემ თავად დაარღვია შეთანხმება, რადგან საქმიანობა დაიწყო არა უშუალოდ ოჯახის წევრების, არამედ დაქირავებული მუშახელის დახმარებით, რომლებიც არასათანადო ცოდნითა და გულისხმიერებით ეპყრობოდნენ პირუტყვს. მოსარჩელემ ფერმერული მეურნეობის მესაკუთრის სურვილის საწინააღმდეგოდ გამოსაცდელ ვადაში ნამდვილად გაწია გარკვეული ხარჯები, რომელიც არ აღემატება 2500-2600 ლარს და რომლის გადახდა არაერთხელ შესთავაზა მხარეს. მისთვის სასურველი იყო შეთანხმების დახვეწა და თანამშრომლობის გაგრძელება, რაც არ ისურვა მოსარჩელემ, ამასთან, მოსარჩელემ წაიღო მის მიერ მიტანილი ყველა მოძრავი ინვენტარი და წაიყვანა ცხენი. მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შეწყვიტა ხელშეკრულება და მისი შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება უსაფუძვლოა (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 999 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 89,97 ლარის, ასევე, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 429,15 ლარის გადახდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 271,56 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა გადახდილად.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:

4.1. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დამატებით 8 000 ლარის გადახდა, საიდანაც 5 090 ლარი წარმოადგენდა გაწეულ ხარჯს, ხოლო 2 910 ლარი _ მიუღებელ შემოსავალს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 13.05.2015წ. სხდომის ოქმი);

4.2. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 119,96 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა იმ საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვის, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის, მოპასუხის მოწმეთა განმარტებების მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის თაობაზე და ა.შ, ასევე, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დამატებით 6 000 ლარის დაკისრება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩვარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან გამომდინარე კრედიტორის მეორადი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ამ თვალსაზრისით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიჩნეულ იქნა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ზეპირი ფორმით დადებულ ერთობლივ საქმიანობად შეფასება და ამ ურთიერთობის მხარეთა ორმხრივი ნების საფუძველზე შეწყვეტა, რა დროსაც მოსარჩელემ მოპასუხეს დაუტოვა ხელშეკრულების შესრულებისათვის განკუთვნილი ნივთები და კომპენსაციის სახით მას დაეკისრა ამ ნივთების ღირებულების ანაზღაურება, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი სხვა ნივთების გადაცემის/ხარჯის გაწევის ფაქტი, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

1.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს არ ეთანხმება კასატორი, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ გამოყენება-განმარტებაზე, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევაზე მითითებით.

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმებამდე (სსკ-ის 393-ე მუხლი) სასამართლო ვალდებულია, უპირველესად განსაზღვროს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძელი, რამდენადაც კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუ დასტურდება მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. ხსენებული ნორმის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომ სასამართლოებს სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე გაკეთებული დასკვნის შეფასება.

1.4. წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს – ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?. პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან მიმართებაში იძლევა პასუხს, მესამე – მოთხოვნასთან, ხოლო მეოთხე – მოთხოვნის საფუძველთან მიმართებაში. დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ამოსავალია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებები (სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობა; მოპასუხის შედავების არსებითობა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეები მათ შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას სადავოდ არ ხდიან, რაც შეეხება მოთხოვნის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობა და სწორედ ამ საკითხის დადგენის შემდგომაა შესაძლებელი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმისა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების განსაზღვრა.

1.5. სარჩელის თანახმად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მისი კუთვნილი მეცხოველეობის ფერმა და სხვადასხვა რაოდენობის პირუტყვი, მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 3 წლით, რომლის განმავლობაშიც მოპასუხე არ ჩაერეოდა მოსარჩელის საქმიანობაში, ხოლო მეურნეობის გაძღოლის შედეგედ მიღებული ნამატი (რძე, ასევე, საქონელი) უნდა განაწილებულიყო მხარეთა შორის; ინვენტარის შემთხვევითი დაღუპვისა და დაზიანების რისკი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელსაც მეცხოველეობის ფერმა თავისი ინვენტარით უნდა დაებრუნებინა მესაკუთრისათვის. მოპასუხეს მითითებული გარემოებები სადავოდ არ გაუხდია იმ განსხვავებით, რომ მან ქონების გადაცემის თაობაზე გარიგების დადების გამოსაცდელ ვადაზე მიუთითა. ამ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენდა შეთანხმებას ერთობლივ საქმიანობაზე, სადაც მოსარჩელის შენატანს მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხისას _ უძრავ-მოძრავი ქონება, ამხანაგობის მიზანს კი _ მოგების მიღება წარმოადგენდა (სკ-ის 930-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა არასწორად შეფასდა ერთობლივ საქმიანობად, რამდენადაც საქმეების ერთობლივად გაძღოლის ფაქტზე მათ არ მიუთითებით, ასევე ამხანაგობის თანასაკუთრებაში ქონების გადაცემის ან სხვაგვარი შეთანხმების არსებობის ფაქტი არ არის აღნიშნული სარჩელსა და შესაგებელში (სკ-ის 932-ე და 934-ე მუხლები), მითითებულის საპირისპიროდ, მხარეთა განმარტება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კასატორის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ქონების დაბრუნებაზე, ინვენტარის დაღუპვის რისკსა თუ სასყიდლის ნატურით ანაზღაურების საკითხის თაობაზე იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ხელშემკვრელ პირთა ნამდვილი ნება სწორედ იჯარის სამართლებრივ ურთიერთობაზე შეთანხმებაა, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულების მახასიათებელი ნიშნებია გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება და უზრუნველყოს ამ ურთიერთობის ფარგლებში ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოიჯარე ვალდებულია, გადაიხადოს საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება ნატურითაც იქნას ანაზღაურებული. ამ ურთიერთობის საგანს წარმოადგენს განსაზღვრული ქონება, ასევე, მათგან გამომდინარე ქონებრივი უფლებები. ასეთ შემთხვევაში, მეიჯარე ინარჩუნებს საკუთრების უფლებას გადაცემულ სიკეთეზე, თუმცა, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში მისი არაპირდაპირი მფლობელი ხდება, ხოლო ქონების პირდაპირ მფლობელობას ახორციელებს მოიჯარე, რომლის ეკონომიკური ინტერესი გადაცემული ქონების შედეგად შემოსავლის მიღებაა. სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლის ძალით იჯარის საგნის მფლობელს ეკისრება ნივთების გონივრული, ამ სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი (სარგებლის მიღების მიზანი) სარგებლობის ვალდებულება, მისი მოვლა-პატრონობა, შესაბამისად, ინვენტარის შემთხვევითი დაღუპვისა თუ დაზიანების რისკიც ქონების მიმღებს აწევს. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემულ ინვენტარს ემატება მოიჯარის მიერ შეძენილი ცალკეული ნივთები (ინვენტარს მიკუთვნებული ცალკეული ნაწილები), რომლებიც მეიჯარის საკუთრებაში გადადის საერთო ინვენტართან მათი შეერთების მომენტიდან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთ მახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მოიჯარის ვალდებულება, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ გარიგების საგანი პირდაპირ მფლობელობაში დაუბრუნოს მეიჯარეს (სკ-ის 584-ე მუხლი). ამ ურთიერთობისათვის კანონი იმპერატიულ დანაწესს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით არ ადგენს. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა შინაარსობრივად იჯარის ხელშეკრულებას წარმოადგენდა.

1.6. სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის (ხელშეკრულების შესრულების მიზნით გაწეული ხარჯები), ისე _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ თვითნებურად შეწყვიტა ხელშეკრულება, აიძულა მოსარჩელე, დაეტოვებინა ფერმა და უარს აცხადებს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, თავის მხრივ, მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, შესაგებელში მითითებულია, რომ მას სურდა ხელშეკრულების გაგრძელება, ფერმერული მეურნეობის სირთულისა და მისი სპეციფიკური თვისებების თაობაზე მოსარჩელის არასაკმარისი ცოდნის გამო, მოიჯარემ თავად განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე და მიატოვა მეურნეობა. სააპელაციო პალატის დასკვნის თანახმად კი, ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა. ამ ფაქტს სასამართლო ამყარებს მხარეთა შორის ურთიერთობის შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობასა და საქმეში არსებულ მიღება-ჩაბარების აქტზე. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, თუ რა გზით მივიდა პალატა მითითებულ დასკვნამდე. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი მიუთითებს მხარეთა შეთანხმების შეწყვეტის გამო მოპასუხისათვის გარკვეული ქონების ჩაბარებაზე. საგულისხმოა თავად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა თანახმადაც, მოპასუხე აკონტროლებდა მოსარჩელის საქმიანობას, ამოწმებდა მას, რამაც გამოიწვია პ.ქ-ის უკმაყოფილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს და სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სწორედ ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები).

1.7. ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარის სწორად განსაზღვრას წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან სარჩელის ფორმალური დასაბუთების შესწავლით დასტურდება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 411-ე მუხლია. 394-ე მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევა, რომელიც თავის თავში ვალდებულების შეუსრულებლობის ყველა შემთხვევას მოიცავს, ხოლო 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა სწორედ ზემოხსენებული გარემოებების არსებობა შეიძლება გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას მოვალის ცალმხრივი (კანონსაწინააღმდეგო) ნება არ უდევს საფუძვლად, არამედ იგი მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან ორმხრივი შეთანხმების შედეგია, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე მსჯელობა სამართლებრივად უსაფუძვლოა. ამ ვითარებაში სარჩელი, შესაბამისი დასაბუთების პირობებში, შეიძლება შესრულების კონდიქციას ემყარებოდეს (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რა დროსაც განსხვავებულია მოთხოვნის ფარგლებიც (სკ-ის 979-ე მუხლი).

1.8. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას კომპენსაციის საკითხის განსაზღვრის ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან საქმის მასალების არასრულყოფილი კვლევის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო, ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 21 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კასატორმა მოპასუხეს ჩააბარა: „პირუტყვისათვის შეძენილი მედიკამენტები, თივა, სიმინდი, ხორბალი, მარილი, ფქვილი, ცხენი, ბუნებრივი გაზის ბალონები თავისი მოწყობილობით, ელექტროენერგიის მიმღები ე.წ „გესი“, შეშის ღუმელი, ფერმისთვის შეძენილი ინვენტარი _ საწური, ცომის გობები, „ვედროები“, თასი, რძის ბაკები, სარეცხი საშუალებები, ფერმის შიდა მოწყობილობები ხის კოჭებისაგან, ნათურები, „გესის შლანგი“, მეცხოველეობისათვის საკვები პროდუქტები“, ამავე აქტზე ხელმოწერით ჯ. კ-ე ადასტურებს, რომ „დაიტოვა ხორბალი, სიმინდი, პრესები, გესის დანადგარი და წყლის შლანგი“, პალატა ასევე აღწერს ექსპერტ დ. რ-ის 2013 წლის 19 ნოემბრის N019/2-0 დასკვნაში გადმოცემულ ქონების/სამუშაოს შესრულების ღირებულებას და ზემოხსენებული აქტის შეფასებით ადგენს, რომ მხარეებმა ერთმანეთს ჩააბარეს ის ქონება, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში იქნა გადაცემული, თუმცა დასახელებული მტკიცებულებების გაზიარება-უარყოფის თაობაზე დასაბუთებული დასკვნის გაკეთების გარეშე ქვემდგომი სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელემ დაუტოვა თივის პრესები, საქონლის მედიკამენტები, ხორბალი, ე.წ „ჰესი“, შეძენილი თუნუქი, სიმინდი, მინი „ჰესის“ მოწყობილობა, რაც შეეხება ე.წ „შლანგის“ ღირებულების ანაზღაურებაზე უარს, იგი პალატამ მოწმე ზ. ე-ის ჩვენებას დაამყარა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა ხარჯების გაწევა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. საკასაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი დასაშვებ მტკიცებულებადაა მიჩნეული, იგი მოპასუხის მიერ არ შედავებულა, შესაგებელში მან პრეტენზია იმ კუთხით გამოთქვა, რომ მოსარჩელის მეუღლის თხოვნით მოაწერა აქტს ხელი, თუმცა უდავოა, რომ ნივთების გადაცემის შესახებ აქტის ხელმოწერით დადასტურება მოპასუხეს არ უარუყვია. თავად სასამართლო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს ამ აქტზე ამყარებს, ხოლო მისი შინაარსის გაზიარებისა თუ უარყოფის თაობაზე გადაწყვეტილებაში არ აუსახავს საკმარისი და დამაჯერებელი დასკვნები, რაც, პალატის შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების დარღვევაზე მიუთითებს. აქვე საკასაციო პალატა ხაზგასმით ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან შესაგებელში მოპასუხის მიერ განმარტებულია, რომ მოსარჩელემ მეურნეობის დაწყებისათვის საშუალოდ გაწია 2 500-2 600 ლარის ოდენობით ხარჯი, სარჩელი დაკმაყოფილებულია 2 999 ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ ჯერ 3 000, ხოლო შემდგომ 3 300 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტის აღიარების თაობაზე, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია არ არის დასაბუთებული, კასატორი ვერ აზუსტებს აღიარების კონკრეტულ მომენტს და შემოიფარგლება მითითებით, რომ აღიარება სასამართლოს სხდომაზე, გადაწყვეტილების გამოტანამდე მოხდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის, 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო დარღვევის შემოწმება საკასაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ მხარის მითითების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს, ხოლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად მიიჩნევა კასატორის კონკრეტული მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

1.9. განსახილველ შემთხვევაში, მხარე არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილშიც. სააპელაციო პალატამ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დაასაბუთა ხელშეკრულების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტით, თუმცა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ამ მსჯელობის თაობაზე წარმოდგენილი პრეტენზიების საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებაში, ვიდრე უტყუარად არ დადგინდება წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.7. პუნქტში აღწერილი წინაპირობები.

1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების დარღვევით, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს იგი. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გზით უნდა დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და ამ გზით შემცირებული მოთხოვნის (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი) გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს უფლების საკითხი.

2. შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმებაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

2.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა „შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის, მოპასუხის მოწმეთა განმარტებების მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის თაობაზე და ა.შ“. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მოტივირებულ მსჯელობას ამ განჩინებათა მიღებისას დაშვებული საპროცესო დარღვევების თაობაზე (ამ თვალსაზრისით მოთხოვნაც კი არ არის სრულყოფილად ფორმირებული), შესაბამისად, პალატა მხარის ამ მოთხოვნას ვერ შეაფასებს, ვინაიდან პრეტენზიის ამ ფორმით წარდგენა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმის (სსსკ-ის 404.2 მუხლი) მიზნებს.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა განისაზღვროს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კასატორის შუამდგომლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები ყველა საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური