საქმე №ას-480-461-2016 1 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ი-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ფ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დასაქმებულთა გაფიცვის უკანონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ი-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ფ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან პროფესული კავშირი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ორგანიზებული, მოსარჩელე საწარმოში დასაქმებული პირების 2015 წლის 5 მაისის გაფიცვის უკანონოდ ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებულთა გაფიცვა ორგანიზებული იყო მოპასუხე პროფესიული კავშირის მიერ. გაფიცვა დაიწყო და მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხეს არ უწარმოებია კანონით გათვალისწინებული არც ერთი პროცედურა მოსარჩელესა და დასაქმებულებს შორის შრომითი დავის წამოწყებისა და გადაჭრის თვალსაზრისით, გაურკვეველია, თუ რა საფუძვლით მიმდინარეობდა თავად გაფიცვა, დასაქმებულებს ეს უფლება არ წარმოშობიათ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გაფიცვაში მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირის წევრები. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი. გაფიცვა დასრულდა მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, იგი მომზადდა და ჩატარდა კანონით დადგენილი წესით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე საწარმოს მფლობელია სს კორპორაცია „ფ-ი“ (შემდგომში _ კორპორაცია) და ორივე საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა ჯ. კ-. ორივე საზოგადოების მისამართია ქ.ფოთი, დ-----------–-----–ის ქ.№52. მოპასუხე პროფესიული კავშირის წევრებს წარმოადგენენ, როგორც მოსარჩელე საწარმოს, ისე _ კორპორაციის თანამშრომლები. 2015 წლის მარტიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა კოლექტიური დავა, რომლის ძირითადი მიზეზი ლარის ინფლაციასთან დაკავშირებით შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა გახდა და 2015 წლის 5 მაისს, ერთდროულად გაიფიცა პროფკავშირის 493 წევრი, რომელთაგანაც 428 კორპორაციის, ხოლო 65 - მოსარჩელის თანამშრომელი იყო. გაფიცვა მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში, 2015 წლის 14 მაისამდე.
1.2.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) მედიაციის მიზნით, მოპასუხის წერილის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კოლექტიურ დავაში მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად და მედიატორად დანიშნულ იქნენ ლ. ბ-ი და მ. ს-ა.
ბ) 2015 წლის 17 და 20 აპრილს, სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორის მონაწილეობით, გაიმართა შეხვედრა დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მიზნით. 2015 წლის 23 აპრილს, მედიატორის დასწრებით გაიმართა მორიგი შეხვედრა, სადაც შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 24 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა მოლაპარაკება და გაფიცვა 2015 წლის 24 აპრილს არ დაიწყებოდა.
გ) მედიატორის დასწრებით ასევე გაიმართა 4 შეხვედრა: 2015 წლის 27 და 28 აპრილს, 1 მაისსა და 4 მაისს, თუმცა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
დ) მოპასუხემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის წერილით შეატყობინა: გაფიცვის დრო _ 24.04.2015წ, 8:00 საათი; ადგილი - ქ.ფოთი, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, ნ. ნ-ის ძეგლთან; გაფიცვის ხასიათი - დასაქმებული მუშა- მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების პირდაპირ პროპორციული ზრდა ლარის ინფლაციისა და საბაზრო ფასების ზრდის გათვალისწინებით;
ე) მოპასუხის მიერ ყველა პროცედურასთან დაკავშირებით შედგენილ წერილობით დოკუმენტებში (წერილები, შეხვედრის ოქმები) ადრესატად მითითებულია კორპორაცია, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა ჯ. კ-, რომელიც წარმოადგენდა, როგორც კორპორაციას, ისე _ მოსარჩელეს.
ვ) მედიატორის დასწრებით 2015 წლის 14 მაისს გამართული ბოლო შეხვედრისას, მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ და წერილობით დააფიქსირეს, რომ დასრულდეს კოლექტიური დავა, დარეგულირებული სადავო საკითხები გავრცელდეს კორპორაციისა და მოსარჩელის თანამშრომლებზე. ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მოპასუხე კავშირის წარმომადგენლებმა და ჯ. კ-მა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლი, შრომის კოდექსის 48-ე-52-ე მუხლები, ასევე, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგანაც საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორსა და დასაქმებულებს შორის დავის ან/და უთანხმოების არსებობის ფაქტს, ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულებმა ან პროფესიულმა კავშირმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოსარჩელესთან დავის არსებობის ან მედიატორის დანიშვნის თხოვნით; მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში სასამართლოს დასკვნა თავად მხარეთა დავისა და მასში კასატორი საწარმოს დირექტორის მონაწილეობის თაობაზე გაუგებარია, განსახილველ შემთავევაში, სადავოს წარმოადგენს არა დასაქმებულთა გაფიცვის უფლება, არამედ, დაცული იყო თუ არა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნა განაპირობა იმან, რომ გაფიცვის დაწყებამდე არ აყო ცნობილი კასატორისათვის დასაქმებულებთან დავის არსებობის ფაქტის შესახებ. დამსაქმებლის დირექტორს პროფკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საწარმოს დირექტორის სტატუსით; სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, რადგანაც სასამართლოს განმარტება თავად ნორმის შინაარსს ეწინააღმდეგება, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის გაფიცვა მიმდინარეობდა, ამასთანავე, მხარეს უფლება აქვს, გაფიცვის დასრულების შემდეგაც აღძრას სარჩელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ უკანონოდ დაწყებული გაფიცვის შეწყვეტისას, მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას გაფიცვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, ამ ტიპის სარჩელის აღძვრა მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც გაფიცვის უკანონოდ აღიარება მოხდება; სასამართლოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება უადგილოა, რადგანაც სარჩელის საფუძველს გაფიცვის წინმსწრები პროცედურების დაუცველობა წარმოადგენდა (იხ. საკასაციო საჩივარი).
1.5. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზიები შემოიფარგლება სასამართლოს მიერ დასაქმებულთა მხრიდან გაფიცვის წინარე პროცედურების დაცვის ფაქტის არასწორად დადგენით, თუმცა ამ კუთხით კასატორის შედავების უსაფუძვლოდ მიჩნევის უმთავრეს წინაპირობად საკასაციო პალატამ ჩათვალა მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართული მასალები, რომელთა საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის შესაბამის კვლევას ამყარებს სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაც. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ უარყოფს სასამართლოს დასკვნებს მტკიცებულებათა არარსებობის მოტივით, რადგანაც ეს მტკიცებულებები საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზეა წარმოდგენილი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ არსებითად სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ შრომის კოდექსის 49-ე მუხლი, ასევე, გაფიცვის კანონიერების განმსაზღვრელი დამხმარე ნორმები (შკ-ის 48-ე, 481, 50-ე, 51-ე მუხლები) და მართებულად განმარტა ისინი. ამასთანავე, პალატამ სწორი შეფასება მისცა შემათანხმებელ პროცედურებში საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მონაწილეობას და სწორად ჩათვალა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით აღიარებული დასაქმებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლება (გაფიცვა) მათი მხრიდან სწორად იქნა რეალიზებული. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით (რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნული კავშირი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - საჩივარი 31045/10), რომლითაც განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 11.1 მუხლის დებულებები. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ გაფიცვის უკანონოდ აღიარების მოთხოვნა, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელის კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაკამყოფილების საკითხზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მხარის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი). ამ კუთხით პალატამ დაადგინა, რომ მხარეს სარჩელის მიმართ მისი რეალური ინტერესის არსებობა არ დაუდასტურებია, ხოლო საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გაფიცვის უკანონოდ აღიარების შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება ექნება, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება, როგორც პროცესის ეკონომიურობის, ისე _ აღიარებითი სარჩელის ინსტიტუტს.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ. შ-აიას მიერ 04.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ი-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.შ-აიას მიერ 04.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე