საქმე №ას-359-344-2016 1 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ უცხოური საწარმოს ფილიალი შპს „ფ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, სარჩელის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 5 124, 5 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 2011 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ალუმინის პროფილის კარ-ფანჯრის მიწოდება-მოწყობის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. აღნიშნულის თაობაზე 2012 წლის 15 მაისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც დაფიქსირებულია, როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ისე _ მოპასუხის მხრიდან 103 125 ლარის გადახდის ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5 124,05 ლარს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს თავად არ შეუსრულებია ვალდებულება ჯეროვნად, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არსებული ნაკლი მენარდეს არ გამოუსწორებია. მართალია, მიღება-ჩაბარების აქტში საუბარია მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მის მიერ შესრულებული სამონტაჟო სამუშაოები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს. 2012 წლის მაისში შემკვეთის მიერ ნაკეთობის შემოწმება შეუძლებელი იყო, რადგანაც ამ დროისათვის ბათუმში არ იყო უხვი ნალექი. ამავე წლის ნოემბერში მოსული უხვი ნალექისა და ქარის შედეგად აღმოჩნდა, რომ წვიმის წყალსა და ქარს ვერ აკავებდა ნაკეთობა. მენარდის მიერ ნაკლის გამოუსწორებლობის გამო, მოპასუხემ საკუთარი ხარჯით აღმოფხვრა იგი, სწორედ ამ მიზანს მოხმარდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარდა აღნიშნულისა, შემკვეთის განმარტებით, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც მოსარჩელეს იგი არა უგვიანეს 2012 წლის 25 მაისამდე უნდა წარედგინა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ ბოლო გადახდა შემკვეთმა 2012 წლის 26 ნოემბერს განახორციელა იგი არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგანაც ამ გადახდით არ დასტურდება, რომ თანხა სადავო ხელშეკრულების ფარგლებშია გადაცემული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 124.05 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, სარჩელის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2011 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ალუმინის პროფილის კარ-ფანჯრების მიწოდება-მოწყობის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენდა 103 125 ლარს;
1.2.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო, ოპერატიულად, წერილობით ეცნობებინა მიმწოდებლისათვის საბოლოო მიწოდების შედეგები დაწუნებული საქონლის რაოდენობისა (მათ შორის შესრულებული სამუშაოს ხარისხის) და წუნდების მიზეზის მითითებით, საქონლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში;
1.2.3. 2012 წლის 15 მაისს შემკვეთსა და მენარდეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეებმა შეამოწმეს 2011 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები. შემოწმებით დადგინდა, რომ „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთის“ დავალებით სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. მთლიანი სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 103 125 ლარი;
1.2.4. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ იყო ნაკლიანი. შესრულების ნაკლს არც მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებდა, რადგანაც მოპასუხემ ნაკლის თაობაზე მოსარჩელეს არა მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით დადგენილ ვადაში და წესით აცნობა, არამედ 3 წლის შემდეგ მიუთითა ნაკლზე.
1.2.5. სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: მიუხედავად მიღება-ჩაბარების აქტით სამუშაოს შესრულების თაობაზე მხარეთა შეთანხმებისა, შემკვეთმა ვერ შეძლო შესრულებული სამუშაოს შემოწმება, რადგან ამისათვის საჭირო იყო შესაბამისი ბუნებრივი მოვლენები (უხვი ნალექი, ქარი); შემოწმება განხორციელდა 2012 წლის შემოდგომაზე და აღმოჩნდა, რომ შესრულება იყო ნაკლიანი; მიუხედავად შემკვეთის არა ერთი მოთხოვნისა და მოსარჩელის დაპირებისა, რომ გამოასწორებდა ნაკლს, მოწინააღმდეგე მხარეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც შემკვეთი იძულებული გახდა, შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა დაშვებული ხარვეზი. ამ თვალსაზრისით არასწორია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ აცნობა მენარდეს ნაკეთობის ნაკლის თაობაზე; სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლი და არ შეაფასა ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2012 წლის 15 მაისს, ხოლო ნაკლის თაობაზე მენარდეს ეცნობა 2012 წლის 1 ნოემბერსა და 2013 წლის 4 მარტს, ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტში არსებული ჩანაწერი განპირობებულია მოდავე სუბიექტების დირექტორების მეგობრული ურთიერთობით; მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დაგინდება ნაკლის არსებობა, რაც არასწორად არ გაიზიარა ქვემდგომმა სასამართლომ, შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 639-ე და 641-ე მუხლებით; მანვე არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც სარჩელი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენილი, არ დატოვა განუხილველად. ნაცვლად ამისა, სასამართლოებმა იმსჯელეს მოპასუხის მიერ განხორციელებულ ბოლო გადახდაზე და ჩათვალა, რომ ამ დროიდან სასარჩელო ხანდაზმულობა არ იყო გასული, უფრო მეტიც, მიუხედავად სხვა ხელშეკრულების წარდგენისა, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სადავო გადახდა სხვა ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად.
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. მენარდემ დაამტკიცა ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით, რომლის გაქარწყლების ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა (სსსკ-ის 102-ე მუხლი), თუმცა, ამ უკანასკნელმა, ვერ დაძლია საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც შემკვეთი ადასტურებს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების ჯეროვნად განხორციელებას, აგრეთვე, მის შემოწმებას და იმას, რომ პრეტენზია არ გააჩნია შემკვეთთან, რომლის გაქარწყლებაც სურს იმაზე მითითებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტის ჩანაწერი ორი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი ფიზიკური პირების მეგობრობის შედეგია, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. სწორედ ეს გარემოება გამორიცხავს კასატორის მსჯელობის გაზიარებას, რომ შემკვეთს გადაეცა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნაკეთობა (სკ-ის 639-ე მუხლი), რომელიც შემკვეთმა აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით და ამ ნაკლის გამოსწორებაზე გაწეული ხარჯი გაქვითა მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებაში (სკ-ის 643-ე მუხლი). სწორედ უნაკლო ნივთის მიღების დადასტურებით დაკარგა მოპასუხემ ხარჯების გაქვითვის უფლება, რაც გამორიცხავს მისი მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და არ შეაფასა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, ამდენად, საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომლის თანახმადაც, შემოწმების გზით უნაკლო ნივთის მიღების დადასტურებით შემკვეთის შედავება ნარდობის საზღაურის გაქვითვის თაობაზე არანამდვილია (სკ-ის 643-ე მუხლი).
1.6. დაუსაბუთებლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მტკიცება, რომ 2012 წლის 26 ნოემბერს განხორციელებული გადახდა არა განსახილველი, არამედ, სხვა ურთიერთობიდან გამომდინარეობდა, ამ შემთხვევაში, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და ამ დროიდან სარჩელი აღძრული იყო 3-წლიანი ვადის დაცვით (სკ-ის 129.1 და 137-ე მუხლები).
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე:
2.1. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც სარჩელის განუხილველად დატოვებაზე ეთქვა მოპასუხეს უარი, ამასთან, საკასაციო სასამართლოს წინაშე აყენებს ანალოგიურ შუამდგომლობას და მის სამართლებრივ საფძვლად მიუთითეს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 63-ე და სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლებს.
2.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად მხარის შუამდგომლობისა, სააპელაციო პალატამ 2016 წლის 15 იანვარს გამართულ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების საკითხს შეაფასებდა შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას. შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებს მხარის მოთხოვნაზე, რომელიც საოქმო განჩინების გაუქმებისკენაა მიმართული, რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში დაყენებულ ანალოგიურ შუამდგომლობას, მას პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და განუმარტავს კასატორს, რომ საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი არა სარჩელის აღძვრის, არამედ, საქმის წარმოებისას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის საკითხს არეგულირებს, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის უფლების საპროცესო ნორმით შეზღუდვა ყოველგვარ დასაბუთებას ცდება. უნდა აიღინიშნოს ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, უნდა განიმარტოს შემდეგი: ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. სარჩელის უფლება თავის თავში ორ კომპონენტს მოიცავს: სარჩელის აღძვრასა და სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის აღძვრის უფლება, რომელსაც ხშირად სარჩელის პროცესუალურ უფლებას უწოდებენ, არის პირის უფლება, მოითხოვოს სასამართლოსაგან დავის განხილვა და მისი დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაწყვეტა. აღნიშნული უფლების განხორციელების წესები და პირობები საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი. სარჩელის პროცესუალური უფლება არ არის დამოკიდებული სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს ვალდებულებას, არამედ არსებულ მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს (სკ-ის 144.1 მუხლი). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ ვრცელდება მხოლოდ არახანდაზმულ მოთხოვნებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მხოლოდ მატერიალურ სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მატერიალური სარჩელის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვოს. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის არც ერთი დანაწესიდან.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ. ჯ-ის მიერ კასატორის სახელით 05.04.2016წ. #... საგადახდო დავალებით გდახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უცხოური საწარმოს ფილიალ შპს „ფ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. უცხოური საწარმოს ფილიალ შპს „ფ-ს (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300693150) დაუბრუნდეს დ. ჯ-ის მიერ კასატორის სახელით 05.04.2016წ. #... საგადახდო დავალებით გდახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე