Facebook Twitter

საქმე №ა-864-შ-19-2016 1 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე –ლ. ლ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით 2012 წლის 11 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე, რეგისტრირებულ #... ქორწინებაში მყოფი მხარეები: გერმანიის მოქალაქე ლ. ლ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. ლ-ი (დაბ: კ–ი) განქორწინდნენ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ლ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (იხ. #ა-1462-16 განცხადებით დაზუსტებული მოთხოვნა).

3. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების შესწავლის საფუძველზე დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფომირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, ამასთან, მხარეთა ადვოკატები ესწრებოდნენ საქმის განხილვას;

3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 24 ოქტომბერს.

3.3. მ. ლ--ი არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო თავად ქორწინება რეგისტრირებულია ქ.თბილისში.

3.4. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების პასუხად მხარემ განმარტა, რომ განქორწინების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის იურიდიული ინტერესი არის ის, რომ მხარემ დროულად აიღოს საქართველოში განქორწინების მოწმობა, აპირებს ხელახალ ქორწინებას და სურს დოკუმენტების დროული მოწესრიგება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით მ.ლ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ლ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით 2012 წლის 11 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე, რეგისტრირებულ #8... ქორწინებაში მყოფი მხარეები: გერმანიის მოქალაქე ლ. ლ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. ლ-ი (დაბ: კ-ი) განქორწინდნენ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ლ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (იხ. #ა-1462-16 განცხადებით დაზუსტებული მოთხოვნა).

3. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების შესწავლის საფუძველზე დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფომირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, ამასთან, მხარეთა ადვოკატები ესწრებოდნენ საქმის განხილვას;

3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 24 ოქტომბერს.

3.3. მ. ლ--ი არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო თავად ქორწინება რეგისტრირებულია ქ.თბილისში.

3.4. ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების პასუხად მხარემ განმარტა, რომ განქორწინების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის იურიდიული ინტრესი არის ის, რომ მხარემ დროულად აიღოს საქართველოში განქორწინების მოწმობა, აპირებს ხელახალ ქორწინებას და სურს დოკუმენტების დროული მოწესრიგება.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2012 წლის 11 ივლისს თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე, რეგისტრირებულ #... ქორწინებაში მყოფი მხარეები: გერმანიის მოქალაქე ლ. ლ-ი და საქართველოს მოქალაქე მ. ლ-ი (დაბ: კ-ი) განქორწინდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

6. რაც შეეხება ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, ამ საკითხს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულებას ასაბუთებს განქორწინების მოწმობის აღების სურვილით, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება მიჩნეული ნამდვილ იურიდიულ ინტერესად (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რადგანაც ზემოხსენებული კანონის 69-ე მუხლით მოწესრიგებულია ქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ნორმის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განქორწინების თაობაზე გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც სურს მხარეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 180-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ის შუამდგომლობა გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. მეუღლეთა განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, პანკოვის/თეთრი ზღვის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე