საქმე №ას-354-339-2016 1 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2013 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ბათილად ცნობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხე ორგანიზაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება თანამდებობრივი სარგოს _ თვეში 938 ლარის ოდენობით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 1985 წლიდან დასაქმებული იყო სს „თ-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წელს, როდესაც მოპასუხემ შეიძინა საწარმო, იგი პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო დანიშნული და აგრძელებდა საქმიანობას, მათ შორის მოპასუხის ხელძღვანელობის პირობებში. ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა ვადიანი (1-წლიანი) ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც გრძელდებოდა ახალი ხელშეკრულებით. მოსარჩელე სამუშაოს ასრულებდა ჯეროვნად, თუმცა კადრების რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე, მოპასუხე დაწესებულების დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ახლო ნათესავების დასაქმებას, რასაც მოსარჩელის გათავისუფლება მოჰყვა შედეგად. ბოლო ვადიანი ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმდა 2013 წლის 1 ოქტომბერს და მისი მოქმედების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა, ამ ვადის ამოწურვის შემდგომ შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა. მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე კადრის შერჩევის მიზნით, ჩაატარა კონკურსი, თუმცა, არ გაითვალისწინა, რომ ეს პოზიცია არ წარმოადგენდა საჯარო თანამდებობას და არც დასაქმებული იყო საჯარო მოხელე. გათავისუფლებმადე რამდენიმე დღით ადრე დამსაქმებლის გენერალური დირექტორის მოადგილე და ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოსარჩელეს აძლევდნენ რეკომენდაციას კონკურსის წესით თანამდებობის დაკავების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან გაფორმდა გარკვეული ვადით და მოსარჩელე დასაქმდა „დროებითი მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსით, თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, შესაბამისად, მოსარჩელე თანამდებობიდან კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა. შრომითი ხერლშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ვადა, რომელიც ამ გარიგების არსებითი პირობაა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის წესით ვაკანტური თანამდებობის დაკომპლექტებამდე, მაგრამ, არაუმეტეს 2013 წლის 31 დეკემბრისა“. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის კანონის მოთხოვნათა დაცვით შეწყვეტის გამო, სახეზე არ არის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამსაქმებლის ბრალი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც გამორიცხავს. მოგვიანებით, 2015 წლის 28 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხემ და დამატებით მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (შკ-ის 38-ე მუხლი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 1 ოქტომბრის #... შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ბოლო წინადადებაში მოცემული სიტყვები „მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა“, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 26 აგვისტომდე - ყოველთვიურად 938 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობენ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება (სსსკ-ის 393.2 მუხლი). საკასაციო საჩივრის შესწავლით პალატა მიდის დასკვნამდე, რომ კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ძირითადად სწორედ იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება ემყარება არასწორ სამართლებრივ დასაბუთებას, ასევე, გამოყენებულ ნორმათა არასწორ განმარტებას. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1985 წლიდან მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან.
1.1.2. 2013 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო #... შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, დასაქმებულს დაევალა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის დროებით შესრულება.
1.1.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, იგი მოქმედებდა კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის წესით ვაკანტური თანამდებობის დაკომპლექტებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა.
1.1.4. დამსაქმებლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველმა სპეციალიზებულმა შემადგენლობამ მოხსენებითი ბარათით მიმართა გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, რომლის თანახმადაც, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის პირველი სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ დადგენილების საფუძველზე მოსარჩელე არ იქნა შერჩეული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რის გამოც დირექტორს ეთხოვა, მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
1.1.5. 2014 წლის 1 იანვრიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ცალკე ბრძანება არ გამოცემულა.
1.2. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი, ზემოხსენებული გარემოებების თაობაზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ ამ გარემოებებს სავალდებულო ძალა გააჩნიათ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
1.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ დაარღვია მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმები. ბათილად ცნო რა შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის დათქმა ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან მიმართებით, პალატამ საკუთარი მოსაზრება დაამყარა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას იმის თაობაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოხმობილი ნორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისათვის წარმოადგენდა სპეციალურ დანაწესს და იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა გაფორმდა ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკომპლექტებამდე, ხელშეკრულების მოქმედების 2013 წლის 31 დეკემბრამდე ვადით შებოჭვა გაუმართლებელი იქნებოდა.
1.4. მითითებული საკითხის სწორი კვალიფიკაციის მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დამსაქმებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე. მოცემული დავის ფარგლებში დამსაქმებლად გვევლინება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მართალია, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში აღჭურვილია სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა, მისი შექმნისა და საქმიანობის რეგულირება ხდება სპეციალური ნორმატიული აქტების საფუძველზე. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სახელმწიფო ამოცანათა განსახორციელებლად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნის ფუნქციონირებისათვის გამოსაყენებელ ნორმათა სპექტრი სამოქალაქო კანონმდებლობით არ შემოიფარგლება. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით შრომის კოდექსის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ამ კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, რომლის თანახმადაც, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამ თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. ის გარემოება, რომ კასატორი კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს არ წარმოადგენს (ნორმაში ჩამოთვლილი სუბიექტები), დასტურდება თავად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო სპეციალური კანონის ზემოთ მოხმობილი ნორმებით მოწესრიგებულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის ორგანიზაციული საკითხები. კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. ნორმის მე-2 პუნქტი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირის უკონკურსოდ დანიშვნის ვადას, რომელიც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობისას არა უმეტეს 1 წლით, ხოლო, კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვით განისაზღვრება. ამავე პუნქტში კანონმდებელი ადგენს, რომ იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.
1.5. მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა არ შედის იმ თანამდებობათა ნუსხაში, რომელთა მიმართაც დროებით მოვალეობის შესრულების 1-წლიანი ვადა ვრცელდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელესთან 2013 წლის 1 ოქტომბერს დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის დათქმა _ „ხელშეკრულება მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის წესით ვაკანტური თანამდებობის დაკომპლექტებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა“ განპირობებულია კანონის იმპერატიული დანაწესით და არ არსებობს შრომითი ხელშეკრულების ამ დებულების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აქვე გასათვალისწინებელია ის უდავო გარემოება, რომ მოსარჩელე საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა შერჩეული ვაკანტურ თანამდებობაზე დასასაქმებლად.
1.6. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც, რომლითაც დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირის კონკურსის წესით დანიშვნამდე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელის მოცდენას, მით უფრო დამსაქმებლის ბრალით არ ჰქონია ადგილი, კასატორისათვის არც იძულებითი განაცდურის დაკისრების წინაპირობა არსებობს.
1.7. რაც შეეხება დამსაქმებლის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ამ საკითხის შეფასებას არ შეუდგება, რადგანაც, ზემოაღნიშნული მსჯელობით მიღწეული ის იურიდული შედეგი, რასაც კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას ისახავდა მიზნად, შესაბამისად, ხანდაზმულია თუ არა სარჩელი ამ საკითხის გამოკვლევა კასატორის უფლებრივ მდგომაროებაზე დამატებით გავლენას არ მოახდენს.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 367,67 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ლ. გ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიმართ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ლ. გ-ს (პ/#...) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ (ს/#202297335) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 367,67 ლარის ანაზღაურება.
5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე