Facebook Twitter

საქმე №ას-635-606-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ. რ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თობაზე დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო დ. რ-ის საკუთრებაში არსებულ დუშეთის რაიონის, სოფელ ს-ში მდებარე 800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ: ...) და ამავე სოფელში მდებარე 6100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ: ...), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ზემოხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 200 აშშ დოლარის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის _ 866,88 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის _ 1 312,87 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 1 000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. გ-მა და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით მოითხოვა შემდეგი:

3.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მყოფი საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალოს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია;

3.2. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განმცხადებელმა მოითხოვა აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალდებულება, ზედმეტად დარჩენილი თანხის დ. რ-ისათვის გადაცემაზე უარის თქმა, ამ თანხის საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რათა ლ. გ-ისათვის თანხის მიკუთვნების შემთხვევაში ამ უკანასკნელმა შეძლოს მისი ამოღება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში #... და #... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის შემდეგ დაევალა ზედმეტად დარჩენილი თანხის მოპასუხისათვის გადაცემაზე უარის თქმა და აღნიშნული თანხის საკუთარ სადეპოზიტიო ანარიშზე განთავსება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით კი დ. რ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. რ-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად უთხრა თუ არა სააპელაციო სასამართლომ დ. რ-ს უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:

2.1. სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინებაზე დ. რ-მა წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 3 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის მოტივით უარი უთხრა საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლის თანახმადაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 7 (შვიდი) დღით და მასვე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

2.3. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, დ. რ-მა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაიბარა 2016 წლის 24 მაისს.

2.4. სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდგომ საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

3. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე/გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე, რამდენადაც საჩივრის ავტორს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არავითარი მტკიცებულება არ დაურთავს საჩივარზე, იგი შემოიფარგლა მითითებით, რომ აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომაროება, რაც სავსებით მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მხრიდან. საკასაციო სასამართლო ამ საკითხის შეფასებისას ეყრდნობა საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის დეფინიციას და მხედველობაში იღებს საკანონმდებლო დათქმას იმის თაობაზე, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზნით მხარემ უნდა წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დაუნიშნა საჩივრის ავტორს ხარვეზი, რომელიც, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა ადრესატს 2016 წლის 24 მაისს, საპროცესო ვადა, რომლის დენა ამავე წლის 24 მაისს დაიწყო, ამოიწურა 31 მაისს, სამუშაო დღეს (სსკ-ის 60.2 მუხ).

5. უდავოა, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. რ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილისა და 17 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე