Facebook Twitter

#330210015699151 26 ივლისი, 2016 წელი საქმე №ას-667-638-2016 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ფ. ჯ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – მ. ზ-ის სარჩელის გამო, მ. ს-ისა და ფ. ჯ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მ. ს-ის პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ფ. ჯ-ის პრეტენზიის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ლ. ს-ასათვის (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.103-104) ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტ.II, ს.ფ.121). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2016 წლის 16 ივნისი, ხოლო 30-ე დღე – 2016 წლის 26 ივნისი. გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2016 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის 26 ივნისამდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, კასატორის წარმომადგენელმა ო. ქ-ემ (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ. 159-160) სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 7 ივლისს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 ივნისს და დასრულდა 2016 წლის 17 ივლისს, მაგრამ ვინაიდან, 2016 წლის 17 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2016 წლის 18 ივლისს.

საქმის მასალების შესწავლით დგინდება რომ, მ. ს-ემ საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა 2016 წლის 19 ივლისს, გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საუფუძველია.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს ფ. ჯ-ის პრეტენზიის ნაწილში, პალატა მიიჩნევს რომ წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 2881.10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 2591, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ჯ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაზე, მ. ს-ის პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. ფ. ჯ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ფ. ჯ-ის პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს მხარეთა დასწრების გარეშე 2016 წლის 7 ოქტომბერს, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე