საქმე №ას-147-143-2016 20 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „D.“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (მათ შორის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შეგეგებულ სარჩელში _ გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ლ-ემ (შემდგომში _ თავდაპირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „D-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი არ მოიჯარე) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი ორი თვის საშემოსავლო გადასახადის 600-600 აშშ დოლარის, 12 თვის გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადის _ თვეში 300 აშშ დოლარის, 2014 წლის იანვრისა და თებერვლის საშემოსავლო გადასახადის _ 600-600 აშშ დოლარის, 2014 წლის მარტის საშემოსავლო გადასახადის ნახევრის, 2014 წლის აპრილის საშემოსავლო გადასახადის _ 600 აშშ დოლარისა და 2014 წლის აპრილის საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ).
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 3 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2012 წლის 29 ნოემბერს ასევე გაფორმდა იჯარის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საშემოსავლო გადასახადი მოპასუხეს უნდა გადაეხადა. ამავე დროს, მხარეთა შეთანხმებას წარმოადგენდა ვალუტის კურსის ცვლილების შესაბამისად სხვაობის გადახდა. არსებული მდგომარეობით, მოპასუხეს გადახდილი არ აქვს ორი თვის საიჯარო ქირა 6560 აშშ დოლარი, ვალუტის გაცვლითი კურსის სხვაობა - 560 აშშ დოლარი და საშემოსავლო გადასახადი (იხ. სარჩელი).
1.2. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმების ბათილად ცნობა.
1.2.1. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, გარიგება ფორმის დაუცველადაა დადებული, რამდენადაც იგი არ შეესაბამება ძირითადი ხელშეკრულებისთვის მხარეთა მიერ განსაზღვრულ ფორმას, გარდა აღნიშნულისა, შეთანხმების შინაარსით დაუდგენელია მხარეთა ნება და იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ასევე, არ ირკვევა შეთანხმების გაფორმების რეალური თარიღი (იხ. შეგებებული სარჩელი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხავი/შემწყვეტი შესაგებლით თავდაპირველმა მოპასუხემ არ ცნო ძირითადი სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულების ფასი მხარეების მიერ იყო შეთანხმებული, დამატებითი შეთანხმება საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე არ ყოფილა მიღებული, მხარეთა დამატებითი შეთანხმება არ არის ნამდვილი, ამასთანავე მოიჯარეს გადახდილი აქვს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ხელშეკრულების შესაბამისად ეკისრებოდა (იხ შესაგებელი).
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა ნება ნამდვილია, არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ აკრძალვებს და ფორმის საკითხიც დაცულია. მეიჯარემ მიუთითა შეგებებული სარჩელის ავტორის 19.04.2014წ. წერილზეც, სადაც მოიჯარე მიუთითებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირაზე მეტის გადახდას და დაეთანხმა მას, თუმცა განმარტა, რომ მოიჯარეს ხელშეკრულებით ქირის წინსწრებით გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა და ზედმეტად გადახდილი თანხა სწორედ დამატებითი შეთანხმების საფუძველზე ანაზღაურებულ საშემოსავლო გადასახადს წარმოადგენდა (იხ. შესაგებელი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 900 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, კურსის ცვალებადობის გამო, 560 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-5, მე-7, მე-8 პუქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 600 აშშ დოლარის ანაზღაურება, შესაბამისად, განისაზღვრა მხარეთა შორის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების საკითხი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება (მათ შორის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა დამატებითი შეთანხმების ნამდვილობა და ამ შეთანხმების საფუძველზე მოიჯარისათვის საშემოსავლო გადასახადის დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 29 ნოემბრის შეთანხმების ფარგლებში გამოვლენილი მხარეთა ნება წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნისა და განხორციელებული შესრულების (გადახდილი საიჯარო ქირის ოდენობის) ფარგლების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საშემოსავლო გადასახადის, ასევე ბოლო თვის ქირის მოიჯარისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
1.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ შეფასებებსა და დასკვნებს და პრეტენზიას გამოთქვამს, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების არასწორი გამოყენება-განმარტების, ისე ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმათა მოთხოვნის დარღვევის თაობაზე (სსსკ-ის 393-ე მუხლი). საკასაციო შედავებათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. მხარეთა შორის 2012 წლის 23 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, გ-ს ქუჩა #...ში მდებარე უძრავი ქონება 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა მოიჯარეს (კასატორი). საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 3 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 4 950 ლარით.
1.2.2. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქირა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვალუტის ინფლაციით ან სხვა ისეთი გარემოებით, რაც საიჯარო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე ცვლილების საფუძველს იძლევა. ვალუტის ინფლაციის 10%-იანი გაზრდის შემთხვევაში უნდა მოხდეს მოიჯარის ინტერესების დაცვა, ხოლო 10%-იანი დავარდნის შემთხვევაში _ მეიჯარის.
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების თანახმად, მ. ლ-ესა და შპს „D-ს“ შორის გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში გამორჩენილია პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის შპს „D-ის“ მიერ გადახდის ვალდებულებას. აღნიშნულ შეთანხმებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა მხარეთა შორის სადავო არ არის. რაც შეეხება შეთანხმებაზე დასმულ თარიღს - 29.11.2011წ., ვინაიდან 23.10.2012 წლამდე მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ არსებობდა, იგი წარმოადგენდა მექანიკურ უსწორობას, ამასთან, ყოველთვიური საიჯარო ქირისა და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, მითითებული თანხა შეადგენდა 600 აშშ დოლარს.
1.2.4. 23.10.2012 წლის ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარეს წარმოეშობოდა 2012 წლის დეკემბრიდან და მოიჯარის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი ორი თვის, 2012 წლის დეკემბრისა და 2013 წლის იანვრის საიჯარო ქირა 6 000 აშშ დოლარი. ამასთან, მოიჯარის მიერ 2013 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად გადახდილი თანხა აღემატება შეთანხმებულ საიჯარო ქირის ოდენობას, კერძოდ:
- 2013 წლის თებერვლის საიჯარო ქირა - 5245 ლარი;
- 2013 წლის მარტის საიჯარო ქირა -5180 ლარი;
- 2013 წლის აპრილის საიჯარო ქირა -5335 ლარი;
- 2013 წლის მაისის საიჯარო ქირა - 5400 (4000 +1400) ლარი;
- 2013 წლის ივნისის საიჯარო ქირა - 5400 (4900 +500) ლარი;
- 2013 წლის ივლისის საიჯარო ქირა -5384 (4384 +1000) ლარი;
- 2013 წლის აგვისტოს საიჯარო ქირა - 3245 ლარი;
- 2013 წლის სექტემბრის საიჯარო ქირა - 5400 ლარი;
- 2013 წლის ოქტომბრის საიჯარო ქირა - 5400 ლარი;
- 2013 წლის ნოემბრის საიჯარო ქირა - 5400 (4400 +1000) ლარი;
- 2013 წლის დეკემბრის საიჯარო ქირა - 5400 (3600 +1800) ლარი.
1.2.5. 2014 წლის იანვრისა და თებერვლის საიჯარო ქირა გადახდილია თავდაპირველი ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით - 4950-4950 ლარი. მოიჯარის მიერ ასევე გადახდილია 2014 წლის მარტის საიჯარო ქირა (2860 +1955 ლარი). კასატორის წარმომადგენლის 19.04.2014წ. წერილის თანახმად, მოიჯარე აღარ აპირებს წინმსწრებად გააგრძელოს საიჯარო ქირის გადახდა და მოითხოვს წინმსწრებად გადახდილი თანხები ჩაითვალოს 2014 წლის აპრილის საიჯარო ქირის ანგარიშში.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს გარიგების ბათილობის მხარის მიერ მითითებულ გარემოებებზე:
1.4.1. მოიჯარე დამატებითი შეთანხმების ნამდვილობას ეჭვქვეშ იმ საფუძვლით აყენებდა, რომ იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იგი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, დარღვეული იყო ხელშეკრულების ფორმა და შეთანხმებას სამართლებრივი ძალა არ გააჩნდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებში და 68-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. პალატა აღნიშნავს, რომ გარიგების ძირითადი ფორმებია ზეპირი და წერილობითი, ხოლო წერილობითი გარიგება, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (სანოტარო) სახის. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულება მხარეებმა მარტივი წერილობითი ფორმის დაცვით გააფორმეს, სწორედ წერილობითაა გაფორმებული მხარეთა სადავო შეთანხმებაც, რაც, ფორმის მხრივ, სავსებით აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მოთხოვნას. თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად განიმარტა საჯარო რეესტრის ფუნქციური დანიშნულება (სკ-ის 311-ე მუხლი), რომელსაც არა გარიგების რეგისტრაციის, არამედ გარიგების საფუძველზე მოპოვებული რეგისტრაციაუნარიანი უფლების აღრიცხვის დანიშნულება გააჩნია, რაც ხელს უწყობს უფლების მქონე, ასევე, მესამე პირთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო ბრუნვაში და სწორედ ამ მიზნით ადგენს კანონმდებელი რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სრულყოფილების ფიქციას (სკ-ის 312-ე მუხლი). საკასაციო პალატა აქვე მოიხმობს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, როგორც გარიგების ნამდვილობის თაობაზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას: ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ნამდვილობასა და ამ გარიგებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობებს შეეხებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ განიხილავს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როგორც გარიგების ფორმას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფორმის თვალსაზრისით სადავო შეთანხმება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი;
1.4.2. პალატა ასევე არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, სადავო შეთანხმებით არ ირკვევა არც მისი გაფორმების დრო და არც შინაარსი, რამდენადაც შეთანხმების გაფორმების თარიღი სააპელაციო პალატამ მართებულად დაუკავშირა იმ დამაჯერებელ არგუმენტს, რომ იჯარის ხელშეკრულების გარორმებამდე მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა და შეთანხმებაზე დასმული თარიღი (2011 წელი) წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას. სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას. რაც შეეხება შინაარსს, ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, ნების ავტონომიის ფარგლებში, მხარეებს შეეძლოთ შეთანხმებულიყვნენ მოიჯარის მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე, ამასთან, ამგვარი შეთანხმება არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელ სუბიექტზე შეთანხმებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძვლით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და სწორად დაადგინა ორმხრივ შეთანხმებაში ასახული მხარეთა ნება იმის თაობაზე, რომ მოიჯარე აცხადებდა მზაობას მეიჯარისათვის საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2012 წლის 29 ნოემბრის შეთანხმების ნამდვილად მიჩნევის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, ამ ნაწილში იგი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
1.5. რაც შეეხება მეიჯარის სარჩელის ფარგლებში მოიჯარისათვის დაკისრებული თანხის კანონიერებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი), შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო შეფასება, რის გამოც საშემოსავლო გადასახადისა და ერთი თვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე მოიჯარისათვის ქირის დაკისრების თაობაზე სარჩელისას დამფუძნებელ ნორმად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. მითითებული ნორმიდან გამომდნარე მოიჯარის ვალდებულებას მეიჯარისათვის შეთანხმებული ფორმითა და ოდენობით ქირის გადახდა წარმოადგენს.
1.6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და წინამდებარე განჩინებით მის სისწორეს იზიარებს საკასაციო სასამართლოც იმის შესახებ, რომ 2012 წლის 29 ნოემბრის გარიგებით მოიჯარემ, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, იკისრა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომელიც არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელ პირზე შეთანხმებას.
1.6.2. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოიჯარე ყოველთვიურად იხდიდა ქირას და მას ეს ვალდებულება შესრულებული აქვს მეტობით, თუმცა, ქვემდგომმა სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მტკიცება იმის შესახებ, რომ განხორციელებული შესრულება იყო ქირის წინსწრებით დაფარვა და არა ქირისაგან დამოუკიდებლად საშემოსავლო გადასახადის გადახდა;
1.6.3. იჯარის ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს საიჯარო ქირის ოდენობა, რომელიც თვეში 3 000 აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულებით ვალის ვალუტად განსაზღვრულია აშშ დოლარი, აქვე მხარეებმა დაადგინეს გადახდის ვალუტა და კურსი (სკ-ის 383-ე მუხლი), რომლის თანახმადაც, შეთანხმებული ქირა შეადგენს 4 950 ლარს (იხ. იჯარის ხელშეკრულების 2.1. მუხლი), ხელშეკრულების 2.3. მუხლით კი, ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში (10%) ქირის ოდენობის ცვლილება დამატებითი შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო;
1.6.4. კურსის ცვალებადობის გამო მოპასუხისათვის დამატებითი თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ მხარეთა წერილობითი შეთანხმება ქირის ოდენობის შეცვლის თაობაზე საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული.
1.6.5. საშემოსავლო გადასახადის ინსტიტუტის, ასევე 29.11.2012წ. შეთანხმების შინაარსის განსაზღვრის მიზნით საკასაციო პალატა მოიხმობს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სახელმწიფოს მიმართ ანგარიშსწორებისას საშემოსავლო გადასახადი გამოიანგარიშება მიღებული შემოსავლიდან და თავად ეს გადასახადი წარმოადგენს არა ცალკეულ, დამოუკიდებელ თანხას, არამედ რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გამოქვითვების გათვალისწინებით მისაღები შემოსავლის პროცენტს (ამავე კოდექსის 81-ე მუხლი), ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი გამოინგარიშება საიჯარო ქირის შეთანხმებული ოდენობიდან. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იჯარის ქირა შეადგენდა 3 000 აშშ დოლარს, რომელიც სრულად უნდა მიეღო მეიჯარეს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი ამ ქირის ოდენობასთან ერთად შეადგენდა 600 აშშ დოლარს, რომელიც ცალკე ანგარიშსწორებას ექვემდებარებოდა. სასამართლოს ამგვარი განმარტება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ გამომდინარეობს საშემოსავლო გადასახადის არსიდან, ვინაიდან ამ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ საიჯარო ქირა 3 600 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის 20% (საშემოსავლო გადასახადი) არა 600 აშშ დოლარი, არამედ მეტია. ამ გარემოების გაზიარება კი, მით უფრო დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, მხარეთა მიერ ქირის ოდენობის გაზრდის ფაქტი არ დგინდება, ხოლო მეორე, მხრივ უდავოა მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულზე მეტი ოდენობით თანხის (ქირის) გადახდის ფაქტი.
1.6.6. საპირისპირო ვითარებაშიც კი, თუკი დავუშვებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი ცალკე ანგარიშსწორებას შეიძლება დაექვემდებაროს, სააპელაციო პალატამ კასატორს საშემოსავლო გადასახადისა და ერთი თვის ქირის სახით ჯამში 9 600 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა იმგვარად, რომ არ გაუთვალისწინებია მხარეთა შეთანხმება ანგარიშსწორების ვალუტისა და კურსის თაობაზე, რის შესახებაც კასატორმა ასევე დასაბუთებული შედავება წარმოადგინა. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ნომინალიზმის პრინციპზე და განმარტავს, რომ ნომინალიზმის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. სწორედ ნომინალიზმის პრინციპიდან გამომდინარე, თუკი სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეს საიჯარო ქირისაგან დამოუკიდებლად ევალებოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა, მას გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა დაედგინა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული კურსით ვალის ვალუტის ანგარიშსწორების ვალუტასთან მიმართებაში. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენებას, გრძელვადიან ურთიერთობაში იგი (ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად ანაზღაურება) დასაშვებია მხოლოდ გარემოებების არსებითი ცვლილებისას (სკ-ის 398-ე მუხლი), როდესაც დღის წესრიგში დგება ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობა შეცვლილი გარემოებებისადმი (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-7-6-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).
1.7. 2014 წლის აპრილის ქირის გადახდის საკითხთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი მოიჯარეს არ გადაუხდია, თუმცა, დადგენილია ის გარემოებაც, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა 19.04.2014წ. წერილით მეიჯარეს აცნობა იმის თაობაზე, რომ აღარ აპირებდა ქირის წინსწრებით გადახდას და მოითხოვდა უკვე გადახდილ (წინსწრებით) თანხაში მის გაქვითვას. მოიჯარის აღნიშნული მოთხოვნა ქვემდგომმა სასამართლომ იმ დასაბუთებით არ გაიზიარა, რომ წინსწრებით გადახდილი თანხები საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურებას წარმოადგენდა. ამ ნაწილში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს გადაწყვეტილების მართებულობა, ვინაიდან არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეაჩერა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით გაუქმდა რა თანხის დაკისრების ნაწილში (აღსრულებად ნაწილში) სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე განმეორებით მსჯელობის წინაპირობები აღარ არსებობს.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მეიჯარის სარჩელის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს უფლების საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან 2012 წლის 29 ნოემბრის შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელიც, თავის მხრივ საშემოსავლო გადასახადის კასატორისათვის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახდელი თანხით უნდა იქნას გამოანგარიშებული, ამავე კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე კი, მოთხოვნის პროპორციულად საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, რაც შეეხება 2014 წლის აპრილის ქირის (3000 აშშ დოლარის 5%) პროპორციულად საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „D-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. შპს „D-სა“ და მ. ლ-ეს შორის გაფორმებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე