საქმე №ას-508-485-2016 1 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ვ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 460 აშშ დოლარისა და ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) _ 2 406 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 6 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მთხოვნები.
2.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
2015 წლის 31 ოქტომრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ხარვეზი და აპელანტს დაავალა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩვრის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი სრულად ეთანხმება მისთვის გადაცემულ განჩინებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუმცა მისი გამოსწორების შეუძლებლობა სახელმწიფო ბაჟის დოლარში დაკისრებითაა განპირობებული მაშინ, როდესაც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, ხოლო მხარისათვის გაურკვეველია რა გაცვლითი კურსის შესაბამისად უნდა გადაეხადა ბაჟი (იხ. კერძო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის _ 11 460 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 2 406 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ;
1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (დავის საგნის ღირებულების 4%), სახელმწიფო ბაჟის სახით 554,64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა. განჩინებით ამომწურავადაა განმარტებული, როგორც ხარვეზის გამოსწორების ვადა (ჩაბარებიდან 10 დღე), ისე _ მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმართვითა და ხელწერილით უდავოდ დასტურდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, პირადად ჩაბარდა ადრესატს განჩინება და მას არც დადგენილ ვადაში და არც შემდგომ სასამართლოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.
1.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების, როგორც ფაქტობრივ, ისე _ სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სასამართლომ სწორად არ მიიღო სააპელაციო საჩივარი განსახილველად.
1.4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, თითქოს მას არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგანაც მისი ოდენობა ეროვნულ ვალუტაში არ იყო დაანგარიშებული. პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ბიუჯეტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშსწორებას ადგენს ეროვნულ ვალუტაში, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაცულია, თუმცა, აშშ დოლარში თანხის განსაზღვრა განპირობებული იყო თავად დავის საგნით, კერძოდ, უდავოა ის, რომ სასარჩელო მოთხოვნას თანხის დაკისრება წარმოადგენდა, ამ დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახდელი თანხით განისაზღვრება, ამასთან, ვინაიდან აპელანტი გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვდა, პალატამ ამავე თანხით მართებულად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც (სსსკ-ის 365-ე მუხლი). მხედველობაშია მისაღები ასევე საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის დათქმა იმის შესახებ, რომ დავის საგნის ფასი უნდა განსაზღვროს მოსარჩელემ. ამდენად, აშშ დოლარის ეროვნულ ლართან მიმართებით კურსის სისწორეზე პასუხისმგებელს წარმოადგენდა თავად აპელანტი, თუმცა, მისი შედავება საფუძვლიანადაც რომ მივიჩნიოთ, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საპროცესო ვადის ფარგლებში მიემართა ხარვეზის დამდგენი სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ ემყარება დასაბუთებულ პრეტენზიას და მას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
1.5. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
1.6. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ განჩინების ასლს, რომლითაც დ.ჩ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს მხარეს, რამდენადაც საქმეში, ბუნებრივია, ამ განჩინების დედანია წარმოდგენილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე დართული გასაჩივრებული განჩინების ასლი 3 (სამი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.159-161) .
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე