საქმე №ას-397-381-2016 1 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „რ-ი“, დირექტორი რ. ქ-აია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს საფეხბურთო კლუბი „ზ-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს საფეხბურთო კლუბი „ზ-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“, დირექტორი რ. ქ-აია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს საფეხბურთო კლუბმა „ზ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი ან მენარდე) მიმართ 9796,70 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2011 წლის 17 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ქ.ზესტაფონში, კლუბის საფეხბურთო ბაზაზე მდინარე ყვირილადან სარწყავი წყლის მიწოდებისათვის მოეწყო სარწყავი სისტემა. შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 95 934,12 ლარით. 2011 წლის 19 ოქტომბერს ავანსის სახით მენარდეს გადაუხადეს 47 967,06 ლარი, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა და შემკვეთისათვის ჩაებარებინა სამი კალენდარული თვის ვადაში, ხოლო, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის ვადაში, საკუთარი ხარჯით აღმოეფხვრა იგი. 2012 წლის 22 ივნისიდან, სარწყავი სისტემის ამუშავების შემდგომ, იგი გამუდმებით გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც 2012 წლის 26 ივლისს მენარდეს ეცნობა, რომ დამონტაჟებულ ჭაში შემავალი წყლის დონე დაბალი იყო, არსებობდა იმის საშიშროება, რომ წყალი საერთოდ არ შესულიყო ჭაში და მოეთხოვა განმარტება. მოპასუხეს ნაკლის არსებობა სადავო არ გაუხდია, თუმცა განმარტა, რომ კამერაში წყლის ნიშნულის დაწევა შესაძლებელი იქნებოდა სექტემბერ-ოქტომბერში. ვინაიდან, მათი არაერთგზისი მოთხოვნისა, მენარდე ნაკლს არ ასწორებდა, ხოლო კლუბის მინდვრების მდგომარეობა უარესდებოდა, 2012 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელემ ხელშეკრულება გააფორმა სხვა საწარმოსთან, რომლითაც განისაზღვრა ხარვეზის აღმოსაფხვრელი სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 9 796 ლარს. ახალმა მენარდემ გამოასწორა ნაკლი და შესაბამისად, მიეცა საზღაური, რომლის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ძირითადი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შემკვეთისათვის 15 635,61 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია შემდეგნაირად: მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება ძალაში შვიდა 2011 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო სამუშაოების დამთავრების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 20 იანვარი. ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე შემკვეთმა მენარდეს ავანსად გადაურიცხა პირველი ტრანში _ 47 967,06 ლარი. 2011 წლის 31 დეკემბრისათვის მენარდემ შეასრულა ძირითადი სამუშაოები, თუმცა ტუმბოების ამუშავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან შემკვეთმა სს „ე-ასაგან“ ვერ წარადგინა ნებართვა მაღალი ძაბვის _ 380 ვოლტის ობიექტის მოსამარაგებლად. შემკვეთი თანხებს დადგენილ ვადაში არ რიცხავდა, რის თაობაზე მას წერილობით ატყობინებდა მენარდე. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა 32 181,38 ლარის გადარიცხვა, რათა დაემონტაჟებინა წყალმიმღები რკინა-ბეტონის კამერა და წყლის ასაქაჩი ტუმბოები. მითითებულ წერილზე მენარდეს პასუხი არ მიიუღია, ხოლო თანხა 93 დღის დაგვიანებით გადაერიცხა, რამაც განაპირობა ის, რომ უკვე ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარის დონე არ იძლეოდა სამუშაობის გაგრძელების საშუალებას. აღნიშნულმა კი გამოიწვია ის, რომ გამოვლინდა შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანება. 2012 წლის 13 მაისამდე მენარდემ დაამონტაჟა სათავე ნაგეობა, წყალში ჩასაძირი ტუმბოები, მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთს არც ამ დროისთვის ჰქონდა მიღებული ნებართვა მაღალი ძაბვის 380 ვოლტის ობიექტის მოსამარაგებლად, რაც მისი უშუალო ვალდებულება იყო. 22 ივნისს მენარდემ ჩართო სისტემა, თავდაპირველ მოსარჩელეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების დოკუმენტაცია და მოითხოვა დარჩენილი 15 967 .06 ლარის ანაზღაურება, რომელიც შემკვეთს არ გადაუხდია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მენარდემ ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნაკლის გამოსწორებისათვის ახალი მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება არარეალურია, თანხა ხელოვნურადაა გაზრდილი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ახალი მენარდის მიერ ამ ღირებულების სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, არამედ, მან წარადგინა მხოლოდ წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც არ წარმოადგენს გაწეული სამუშაოების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს და არ გააჩნია მტკიცებულების ძალა. ეს ხარჯთაღრიცხვის ფორმა არასრულყოფილია, მასში გამოტოვებულია მთელი რიგი გრაფები და არ შეესაბამება მშენებლობაში დადგენილ ფორმებს. საქმეში წარმოდგენილია 4 898.35 და 3 898.00 ლარის, სულ _ 8 796.35 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, სადაც მითითებულია, რომ გადარიცხული თანხა ავანსია, რომელიც არ არის ხელშეკრულების შესრულების რეალური საშუალება და ვალდებულების შეუსრულებლობისას იგი ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო 2014 წლის 28 სექტემბრის №01/2809-01 წერილით შპს „დ-ის“ (ახალი მენარდე) დირექტორმა თავად განმარტა, რომ მას 9 796,70 ლარის ღირებულების სამუშაოები მდინარე ყვირილაზე არ შეუსრულებია.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხავი შედავების წარდგენით არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ სამუშაოს მოცულობა და მისი ღირებულება განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით და ამ ღირებულების შეცვლა ცალმხრივად წარდგენილი დოკუმენტებით არ არის დასაშვები. შემკვეთმა მენარდეს სრულად აუნაზღაურა შეთანხმებული თანხა, რის გამოც დამატებითი გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. შეგებებული სარჩელის ავტორმა, მართალია, ხარვეზით, მაგრამ შეასრულა მაგისტრალური ხაზის მშენებლობისა (ღირებულება 65 472.48 ლარი) და ჭაბურღილის ტუმბოს სამონტაჟო (ღირებულება 14 675.96 ლარი) სამუშაოები, ისინი შემკვეთმა აანაზღაურა. რაც შეეხება ჭაბურღილის ტუმბოს ელექტრომომარაგებას (ღირებულება 15 785.68 ლარი), ამ სამუშაოების ღირებულება არა მენარდემ, არამედ სს „ე-ამ“ შეასრულა, შესაბამისად არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 3 728 ლარის გადახდა, ხოლო 6 068,70 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 15 635,61 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მენარდეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.2. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა შემკვეთმა, რომლითაც მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ძირითადი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2011 წლის 17 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემკვეთის კუთვნილი საფეხბურთო ბუნებრივსაფარიანი მოედნების სრულყოფილად მორწყვის მიზნით, მენარდეს მაგისტრალური წყალსადენის ხაზი უნდა გაეყვანა ქ.ზესტაფონში, მდინარე ყვირილადან ნ. ნ-ის ქ№28-ში მდებარე შემკვეთის მშენებარე საწრთვნელ ბაზამდე.
1.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამი სხვადასხვა დაკვეთა: მაგისტრალური ხაზის მშენებლობა 65 472,48 ლარის ღირებულებით; ჭაბურღილის ტუმბოს დამონტაჟება 14 675,96 ლარის ღირებულებითა და ჭაბურღილის ტუმბოს ელექტრომომარაგება 15 785,68 ლარის ღირებულებით. სამუშაოთა ყველა ეტაპი შესრულებული უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლად. 95,934.12 ლარი წარმოადგენს მხოლოდ აღნიშნულ სამუშაოთა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ღირებულებების ჯამს და არა საერთო ღირებულებას.
1.2.3. მაგისტრალური ხაზის მშენებლობისა და ჭაბურღილის ტუმბოს მონტაჟის სამუშაოები, რისი ღირებულებაც შემკვეთს სრულად აქვს ანაზღაურებული, მენარდემ შეასრულა ხარვეზით. რაც შეეხება ჭაბურღილის ტუმბოს ელექტრომომარაგების სამუშაოს, იგი არა მენარდემ, არამედ, სრული მოცულობით შეასრულა სს „ე-ამ“ სათანადო ანაზღაურებით, შესაბამისად, შემკვეთს ელექტრომომარაგების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება. მენარდემ 15 635,61 ლარის ზედმეტი დანახარჯების პრეტენზია წამოაყენა მხოლოდ მაგისტრალური ხაზის მშენებლობისა (65 472,48 ლარის ღირებულებით) და ჭაბურღილის ტუმბოს დამონტაჟების (14 675,96 ლარის ღირებულებით) ნაწილში.
1.2.4. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მენარდის მიერ 95 934.12 ლარის სამუშაოს შესრულების ფაქტი (მათ შორის ელექტრომომარაგებისა და გზის მოწყობა). დანახარჯებისა და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის არარსებობა-წარუდგენლობის გამო სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, დაედგინა შეგებებული მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, მაშინ, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოს (ან მისი ნაწილის) მიღება ფორმდება მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ფორმა №2, ფორმა №3 და დეფექტური აქტი. რაიმე აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა, ამასთან, მენარდემ ვერ წარადგინა სათანადოდ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და ფაქტიური დანახარჯების შესახებ დოკუმენტები, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და ფორმა №3 და სხვა.
1.2.5. ჭაბურღილის ტუმბოს ელექტრომომარაგებასთან მიმართებაში ხელშეკრულების 1.7. პუნქტში დასახელებული სამუშაოები ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ბაზიდან ჭაბურღილის ამუშავება და მდინარიდან ბაზამდე წყლის შეუფერხებლად მიწოდება. ელექტროსადენები უნდა შეეძინა მენარდეს, ისევე, როგორც ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულებისათვის ყველა მასალის შეძენის ვალდებულება საკუთარი ხარჯით ეკისრებოდა მას. ნაკისრი ვალდებულებები შეგებებული სარჩელის ავტორს ნაწილობრივ, ხოლო ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ნაწილში საერთოდ არ შეუსრულებია. მას შემდეგ, რაც 2012 წლის მაისში მენარდემ განაახლა 2012 წლის იანვრიდან შეჩერებული სამუშაოები, შემკვეთმა (2012 წლის მაისში) მიმართა სს „ე-ას“, რომელმაც 2012 წლის 13 ივნისისათვის უზრუნველყო ჭაბურღილის ტუმბოს ელექტრომომარაგების სამუშაოს შესრულება სრული მოცულობით, მდინარე ყვირილას ნაპირზე მართვის ფარის დამონტაჟებისა და ტუმბოებზე ელექტროენერგიის დაერთების ჩათვლით, რაც, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა შეესრულებინა მენარდეს. ამ სამუშაოების შესრულების გამო სს „ე-ას“ მოსარჩელემ გადაუხადა 4 700 ლარი. სამუშაოები შესრულდა სემეკის 2008 წლის №20 დადგენილების შესაბამისად.
1.2.6. შეგებებული სარჩელის ავტორს არც 2011 წლის 31 დეკემბერს ჰქონდა მაგისტრალური წყალსადენი გაყვანილი და არც 2012 წლის 9 და 13 მაისს მომხდარა სათავე ნაგებობისა და ტუმბოების ჩამონტაჟება. მას არც 2012 წლის ივნისში ჰქონდა დასრულებული სამუშაოები, ამ პერიოდში აწარმოებდა მაგისტრალური ხაზის მშენებლობასა და ჭაბურღილის ტუმბოს მონტაჟს. სს „ე-ამ“ ტუმბოები ელექტრომომარაგებით უზრუნველყო 2012 წლის 13 ივნისისათვის და ამ დროისთვის კვლავ არ იყო სამუშაოები დასრულებული, სარწყავი სისტემის ამუშავება მოხდა მხოლოდ 2012 წლის 22 ივნისს.
1.2.7. საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება რომლითაც დადასტურდება შეგებებული მოსარჩელის მიერ მდინარე ყვირილას ნაპირზე ჩასასვლელი სამანქანე გზის მოწყობა ღირებულებით 2 411.41 ლარი. ეს ფაქტი ვერც სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა. გარდა ამისა, პროექტით სრულად იყო განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოები, დამატებითი სამუშაოები (მათ შორის გზის მოწყობის) მენარდეს არ შეუსრულებია და შესაბამისად, არც დამატებითი ხარჯები გაუღია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. მენარდის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება მისი შედავება იმის თაობაზე, რომ: სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რაც მტკიცებულებათა არასრულ გამოკვლევაში გამოიხატა. საქმეში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის არ უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს, ასევე, არასწორია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამივე სამუშაო ცალ-ცალკე უნდა შესრულებულიყო, ასეთ შემთხვევაში, დაიდებოდა დამოუკიდებელი ხელშეკრულებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა; არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ კასატორმა ხარვეზით შეასრულა მაგისტრალური ხაზის მშენებლობისა და ჭაბურღილის ტუმბოს სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო ელექტრომომარაგების სამუშაოები არა მენარდემ, არამედ სს „ე-ამ“ შეასრულა. კასატორის მოსაზრებით, სამუშაო მისი მხრიდან ჯეროვნად იქნა შესრულებული, ხოლო სათავე ნაგებობის ნიშნულზე დამონტაჟება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით, რადგანაც მდინარე ყვირილაში წყლის დონის გათვალისწინებით, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოქტომბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე, რის თაობაზეც გაფრთხილებილი იყო შემკვეთი, რათა სამუშაოთა შეუფერხებლად შესრულებისათვის დროულად გადარიცხულიყო თანხა, ეს ვალდებულება კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა. მდინარეში წყალუხვობის პერიოდმა განაპირობა ის, რომ ქვაბულის ნიშნულამდე ამოღება შეუძლებელი იყო, რაც გამოწვეულია შემკვეთის დაუდევრობით. რაც შეეხება ელექტრომომარაგების სამუშაოებს, სს „ე-ამ“ შეასრულა მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან დამკვეთის წყლის სატუმბო სადგურამდე 22 კვტ. 380 ვოლტი ძაბვის დენის წყაროს მიყვანის, ანუ გარე ელექტრომომარაგების ქსელის სამუშაოები და მას არანაირი ტუმბოების ძალოვანი ელ.მომარაგების სამუშაო არ შეუსრულებია,ამასთან, გარე მომარაგება კასატორის ვალდებულებას არ წარმოადგენდა. ხელშეკრულების 1.7. პუნქტით განთვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში კასატორმა სატუმბო სადგურის ელ.ენერგიის ჯიხურში მიიყვანა საკუთარი ძალებით შეძენილი ძალოვანი კაბელები, დაამონტაჟა სარწყავი სისტემის მართვის ფარები და წყალშემკრები კამერის ტუმბოების ელ.ძალოვანი მომარაგების მიზნით განახორციელა, როგორც ელ.ენერგიის გაყვანა-გამართვის, ისე _ მისი ტესტირების სამუშაოები. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სამუშაოს შემსრულებელი პირი. რეალურად სს „ე-ას“ მიერ შესრულდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოები, რაც ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა (ხელშეკრულების 1.3. პუნქტი); დასაბუთებასაა მოკლებული სასამართლოს მსჯელობა, რომ მენარდემ 15 635,61 ლარით ზედმეტი ანაზღაურება მხოლოდ მაგისტრალური ხაზის მშენებლობისა და ჭაბურღილის ტუმბოს მონტაჟის გამო მოითხოვა, ასევე, უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც მენარდე გზის გაყვანის სამუშაოს შესრულებას დაამტკიცებდა. ამ გარემოებას მოწმობს ხელშეკრულების 1.2.1.; 1.5.; 4.1. და 1.4. პუნქტები. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეესრულებინა ყველა სხვა სამუშაო ჭაბურღილის დამონტაჟებისა და მაგისტრალური ხაზის გაყვანისათვის, სწორედ ამ მიზნით, სახელშეკრულებო ფასის გაუზრდელად, კასატორმა შეასრულა ყველა სადავო სამუშაო და განახორციელა მაგისტრალის გაშვება; ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული იყო სამუშაოს შესრულების დადასტურება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც უნდა დართვოდა ფორმა #2, ფორმა #3 და დეფექტური აქტები. კასატორმა დამკვეთს წარუდგინა ხარჯთაღრიცხვა სამშენებლო მოცულობების შედარების უწყისთან ერთად, რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უწყისს, იგი დამკვეთს არ გადაეცემა, რადგანაც შესრულება დასტურდება შესაბამისი დასკვნის წარდგენით. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა აუდიტორული დასკვნა, რაც არ დაერთო საქმეს იმ მოტივით, რომ მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება სასამართლომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მიიჩნია დადგენილად, ეს დასკვნა სააპელაციო სასამართლოსაც წარედგინა, თუმცა, მას იგი არ გამოუკვლევია და ამჯერად დართული აქვს საკასაციო საჩივარს. კასატორი მიიჩნევს, რომ სამუშაოთა შესრულების ფორმა #2-ებთან და ფორმა #3-ებთან დაკავშირებით, სამუშაოს შესრულება შეიძლება სხვა მტკიცებულებითაც დადასტურდეს, ამ კუთხით საქმეში წარმოდგენილია შემკვეთის მიერ შედგენილი 2012 წლის 26 ივნისის აქტი, რომლის თანახმადაც 2012 წლის 22 ივნისს ამუშავდა სარწყავი სისტემა. შემკვეთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეგნებულად არ ასრულებდა, ხოლო მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ მენარდე საბოლოო ფორმა #2-ებს წარადგენდა, ამიტომ არ ხდებოდა ყოველთვიური ფორმა #2-ების წარდგენა, საბოლოო ფორმა #2-ის მიღებაზე მოგვიანებით უარი განაცხადა დამკვეთმა; მცდარია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, თითქოს მენარდეს, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით არ შეუძენია ელექტროსადენები და სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალა, ასევე, არასწორად აღნიშნავს პალატა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე მენარდემ სრულად შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მენარდის მიერ მდინარე ყვირილას ნაპირზე ჩასასვლელი გზის მოწყობის ფაქტს დაადასტურებდა.
1.5. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის ანაზღაურების სარჩელისას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს: ა) მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; ბ) მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება; გ) დამკვეთის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება. თავის მხრივ, ამ ტიპის სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობისათვის სავალდებულოა, მენარდემ მიუთითოს სამივე ზემოხსენებული ელემენტი, ხოლო, სადავოობის შემთხვევაში, მისი მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება დასახელებულთაგან „ა“ და „ბ“ გარემოებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, შემოწმებას ექვემდებარება მოპასუხის შესაგებლის საფუძვლიანობა და ანაზღაურების წინაპირობების შემთხვევაში, სწორედ მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება (სკ-ის 429.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ სამუშაოების სადავო ნაწილის შესრულება და ხარჯების გაწევა ვერ დაამტკიცა საქმეში არსებული მასალებით, მან ვერც ექსპერტს წარუდგინა ნარდობიდან გამომდინარე შესრულებისა და ამ შესრულების ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტები, უფრო მეტიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გაზრდილი ოდენობით შესრულებაზე შეთანხმება საქმის მასალებით არაა დადასტურებული, ხოლო კასატორი ცდილობს, ხელშეკრულების 1.4. პუნქტის ზოგადი დებულების ფართო ინტერპრეტაციით დაამტკიცოს იმ სამუშაოთა შესრულება და ხარჯების გაწევა, რომელიც ნარდობის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახარჯვის ანაზღაურების შესახებ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: შეუძლია თუ არა მენარდეს გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნა და თუ შეუძლია, რა შემთხვევაში? საერთო წესის მიხედვით, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა ერთდროულად არსებობდეს. ამასთან, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. მყარი ხარჯთაღრიცხვა სახეზეა მაშინ, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი).
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე:
2.1. წინამდებარე საკასაციო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო შემდეგი მტკიცებულებები: შპს „ს-ის“ მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაცია; შპს „რ-ის“ მიერ შეძენილი ძალოვანი ელექტრომომარაგების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალების ზედნადებები; ძალოვანი ელექტრომამარეგება-მართვის სისტემის მონტაჟისა და გაშვება-გამართვის სამუშაოების ჩამონათვალი; ნარდობის ხელშეკრულების 4.1. პუნქტით შპს „რ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო პროექტის სამუშაოების მოცულობაში (FINAL); აუდიტორული კომპანია „კ-ის“ #75 დასკვნა; ფოტო-განმარტებითი მასალა. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ მტკიცებულებათა წარდგენა საჭირო არ გამხდარა, ხოლო სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა სადავო გარემოებები, რამაც განაპირობა მტკიცებულებების ამ ეტაპზე წარმოდგენა.
2.2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებას მტკიცებულებათა საქმისათვის ამ ეტაპზე დართვის აუცილებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. ამ ინსტანციისათვის სამართლებრივი თავისებურება დავის ფაქტობრივი ნაწილისა და მტკიცებულებების კვლევის თვალსაზრისით საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილითაა რეგულირებული და დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რაც შუამდგომლობის გაზიარებაზე უარის თქმის საფძველია. პალატა აქვე განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ენიჭებათ ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრონ ის შუალედური განჩინებები, რომელთა მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, ამგვარ განჩინებებს მიეკუთვნება მტკიცებულებათა მიუღებლობისა თუ სხვა მსგავსი შუამდგომლობის დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებები. ამგვარი საპროცესო უფლებით კასატორს არ უსარგებლია. უფრო მეტიც, ერთი მხრივ, კასატორი თავად აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებები (იხ. ტ. II, ს.ფ.47-69, 10.03.2014წ. საოქმო განჩინება), ხოლო ექსპერტიზის ჩატარებისას, როგორც სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნა, მხარეს სადავო სამუშაოების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარუდგენია.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ. V, ს.ფ. 24-412).
3. შეგებებული საკასაციო საჩვრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
3.1. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა დამკვეთმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე, ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივი ბედის მატარებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მენარდის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა მიჩნეული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (იხ. სუსგ. №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი).
4. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ შპს „რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს რ. ქ-აიას მიერ კასატორის სახელით 18.04.2016წ. #... საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 798,35 ლარის 70% _ 558,845 ლარი, ხოლო შპს საფეხბურთო კლუბ „ზ-ს“ _ მის მიერ 03.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 304 ლარის 70% _ 212,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 379-ე, 399-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ-ისა“ და მისი დირექტორის _ რ. ქ-აიას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „რ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ. ქ-აიას მიერ კასატორის სახელით 18.04.2016წ. #... საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 798,35 ლარის 70% _ 558,845 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „რ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ტ. V, ს.ფ. 24-412).
5. შპს საფეხბურთო კლუბი „ზ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ შპს საფეხბურთო კლუბ „ზ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 03.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 304 ლარის 70% _ 212,8 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე