№170210014683878
საქმე №ას-534-510-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ- გ-ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ- ზ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ადვოკატის მომსახურებისა და სხვა ხარჯებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 09 აგვისტოს გ- ზედლიდისსა (შემდეგში: მოსარჩელე ან მარწმუნებელი) და რ- გ-ს (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან რწმუნებული) შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) ბინის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 709-ე მუხლი)). იმავე დღეს, გაფორმდა სანოტარო აქტი - „რწმუნებულება“, რომლითაც მარწმუნებელმა რწმუნებულს 5 წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება, დაეცვა მარწმუნებლის ქონებრივი და/ან არაქონებრივი ინტერესები. ამ მიზნით, წარმოადგინა იგი საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, კოოპერატიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოსა და დაწესებულებაში; მარწმუნებლის სახელით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი მოქმედება და პროცედურა... საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საქმე ეწარმოებინა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის, მიანიჭა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება (სსსკ-ის 96-ე, 98-ე მუხლები).
2. ხელშეკრულების საფუძველზე, მარწმუნებელმა რწმუნებულს პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა საადვოკატო სამსახურის გაწევის საფასური - 3000 ლარი.
3. მინიჭებული უფლებამოსილებები მარწმუნებელმა გააუქმა 2014 წლის 20 აგვისტოს.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
ა) მოპასუხისათვის გადახდილი 4000 ლარის დაბრუნება, საიდანაც 3000 ლარი არის ჰონორარი, 600 ლარი საგადასახადო საშემოსავლო 20%-ი, და 400 ლარი საქმეზე გასაწევი ხარჯები.
ბ) 4000 ლარის პროცენტის გადახდა 2012 წლის 09 აგვისტოდან დღემდე ე.ი. 29 თვის, თვეში 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3480 ლარს.
5. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სსკ-ის 709-ე, 352-ე, 405-ე მუხლები.
6. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მარწმუნებელმა რწმუნებულს გაუფორმა რწმუნებულება უძრავი ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიზნით, რისთვისაც გადაურიცხა ჰონორარი და საქმეზე ხარჯების სახით გასაწევი თანხა. ორი წლის განმავლობაში, მარწმუნებელს ქმედითი ღონისძიება მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად, რაც სასამართლოში ქონების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელის აღძვრას გულისხმობდა, არ განუხორციელებია, რის გამოც, ორი წლის შემდეგ მინდობილობა გაუქმდა და მარწმუნებელმა სხვა პირთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება.
7. მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულების საგანს მხოლოდ სასამართლოში უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენება კი არ წარმოადგენდა, არამედ მოიაზრებდა სარჩელის აღძვრამდე საჭირო სხვა ქმედებების განხორციელებას, რაც მისი მხრიდან შესრულდა, თუმცა, დავალების სისრულეში მოყვანა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ვერ მოახერხა. ჰონორარის - 3000 ლარის გადარიცხვის ფაქტობრივი გარემოება მოპასუხემ დაადასტურა და სადავოდ გახადა საქმეზე გასაწევი ხარჯის - 1000 ლარის ხელზე გადაცემის ფაქტი.
8. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო გარეშე ხარჯების 85.50 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხისათვის 1000 ლარისა და პროცენტის 3480 ლარის დაკისრების თაობაზე.
9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-3 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. ამასთან, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მარწმუნებელმა მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადაში - 2012 წლის 09 აგვისტოდან 2014 წლის 20 აგვისტომდე, შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (დავალება) მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად, რაც მარწმუნებლის უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებაში მდგომარეობდა, საქმის მასალებით არ დადასტურდა. საწინააღმდეგო გარემოებაზე მითითება, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელმაც ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რწმუნებულმა მარწმუნებლის ქონების დაბრუნების მიზნიდან გამომდინარე განახორციელა ქმედითი ღონისძიებები.
13. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, თანდართული მასალებით და მოწმე გერმან საბაძის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე რ- გ-ი მასსა და მოსარჩელე გ-ზ.-ს შორის არსებული ურთიერთობის მორიგებით დასრულებას ცდილობდა, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩია რწმუნებულის მიერ ვალდებულების ჯეროვნ და კეთილსინდისიერ შესრულებად, იმ მოტივით, რომ მხარეთა მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირის დარღვეული უფლებების სამართლებრივი გზებით დაცვა (რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა) გულისხმობს, სწორედ, საქმის სასამართლოში წარმოებას, რაც განსახილველ შემთხვევაში, რწმუნებულის მიერ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადაში, არ განხორციელებულა.
14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 709-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც რწმუნებულს ავალდებულებდა მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად სამართლებრივი დახმარების გაწევას. ამ მიზნით, მოპასუხეს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, მოსარჩელის სახელით ეწარმოებინა საქმე საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. დადგენილია, რომ ამ ვალდებულების შესასრულებლად მარწმუნებელმა რწმუნებულს გადაურიცხა ჰონორარი - 3000 ლარი. რწმუნებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, გაუქმდა სანოტარო აქტი - რწმუნებულება, რის გამოც, რწმუნებულს წარმოეშვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება (რესტიტუციის ფარგლებში - სსკ-ის 352-ე 405-ე მუხლები).
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
16. კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რწმუნებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, მაგრამ მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რამაც განაპირობა ამგვარი შედეგის დადგომა, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას. კასატორი უთითებს 2012 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე, აგრეთვე, მოწმე გერმან საბაძის ახსნა-განმარტებაზე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მის მიერ ხორციელდებოდა ლეგიტიმური და ადეკვატური ღონისძიებები მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების დასაცავად.
17. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ისე გამოიყენა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლების გამოყენების ლეგიტიმურობა დამატებითი ვადის მიცემის გარეშე იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების შესრულებამ დაკარგა ხელშემკვრელი მხარისათვის ინტერესი, რომ ეს გარემოებები სარწმუნოდა რა დაუსაბუთებია (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.2. ს.ფ. 258-164).
18. ამასთან, კასატორი შუამდგომლობს საქმეზე მტკიცებულების სახით მ. ბახტაძისა და კ. მაისურაძის წერილობითი ახსნა-განმარტებების დართვას, რომელთა სასამართლოში წარუდგენლობა რაიონულ სასამართლოში არასაპატიოდ იქნა მიჩნეული (იხ., შუამდგომლობა ტ.2. ს.ფ. 164).
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საკასაციო პრეტენეზია ეფუძნება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმ ნაწილში, რომლითაც დავალების ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზს რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად აუცილებელი ქმედების განუხორციელებლობა წარმოადგენდა.
20. კასატორის პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რწმუნებელმა მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადაში - 2012 წლის 09 აგვისტოდან 2014 წლის 20 აგვისტომდე, არ შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (დავალება) მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად, რაც მარწმუნებლის უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებაში მდგომარეობდა (წინამდებარე განჩინების პ: 13). დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
21. მტკიცებულებებათა მოგვიანებით წარმოდგენასა და საკასაციო საჩივარზე დართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლების ლეგიტიმურობა დამატებითი ვადის მიცემის გარეშე ისე, რომ გამოკვლეული არ არის ხელშეკრულების შესრულებისადმი ხელშმკვრელი მხარის ინტერესის დაკარგვის საკითხი უმართებულოა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ეს საგამონაკლისო უფლება გამოიყენა მარწმუნებელმა. შესაბამისად, ამ უფლების რეალიზაციით ხელშეკრულების მონაწილეებს ახალი ვალდებულება წარმოეშვათ, რაც მიღებულის უკან დაბრუნებაში ე.წ. რესტიტუციაში უნდა გამოვლინდეს (ორმხრივი რესტიტუციის თაობაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). მოსარჩელის მითითებით, მან თავისი ქონებრივი ინტერესების დასაცავად რწმუნებულება გაუფორმა სხვა ადვოკატს, რომელმაც წამოიწყო სასამართლოში სასარჩელო წარმოება, რის უფლებასაც მარწმუნებელს ანიჭებდა სსკ-ის 720-ე მუხლი, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, კასატორის პრეტენზია ორმხრივ რესტიტუციასთან მიმართებით უსაფუძვლოა.
23. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ხელშკრულებიდან გასვლის (სსკ-ის 352-ე 405-ე მუხლები) სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ- გ--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ- გ-ს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 14 ივნისს საგადახდო დავალება N15 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე