№330210013316261
საქმე №ას-550-525-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „საქართველოს ნ-ია“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ- ჯ-ვა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,-- -ს” (შემდგომში: საზოგადოება) და სს ,,საქართველოს ნ-იას” (შემდგომში: მოპასუხე ან კორპორაცია) შორის გაფორმდა Nსხ-070910-04, Nსხ-070910-05 და Nსხ-070910-0 ხელშეკრულებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებულ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,USAID” შორის გაფორმებული დახმარების შესახებ №AAG-114-G-10-0001 ხელშეკრულების საფუძველზე, დაფინანსებული ,,ს- -ის” გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, 2010 წლის 7 სექტემბერს. მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ს--ის მიმართულებით გაზსადენის გაყვანასთან დაკავშირებული სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულების მიხედვით ,,სამუშაოები” ნიშნავს კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით განსაზღვრულ საქმიანობას, რომელიც, მათ შორის, დეტალურად არის აღწერილი საპროექტო დოკუმენტაციაში, დეტალურად არის რეგლამენტირებული შესაბამისი სამშენებლო წესებით, ნორმებით და სტანდარტებით და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფრგლება ნებისმიერი მიწის და ბეტონის სამუშაოს, მილსადენისა და ონკანების მონტაჟს, შედუღებას, იზოლაციას, ყველა სახის ტესტირებასა და გამოცდას, აგრეთვე ხარვეზების გამოსწორებას იგივე და მსგავსი სამუშაოების ჩატარებას. ხელშეკრულების პირობების მიხედვით მხოლოდ მოპასუხეს მიენიჭა სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის უფლება. ცვლილებების აღსრულება, კი, უნდა განხორციელებულიყო კონტრაქტში შესული შესწორების საფუძველზე, რაც თავის მხრივ უნდა ასახულიყო წერილობითი ფორმით.
2. 2011 წლი 04 თებერვალს კორპორაციასა და საზოგადოებას შორის დაიდო ხელშეკრულება N27.07.11, რომლის საფუძველზეც შპს „საქართველოს გ--ამ” (შემდეგში: კერძო კომპანიამ) იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა „ს---ის” დ=700მმ მაგისტრალური გაზსადენის დაცლა 0-246 პიკეტებს შორის, სანაცვლოდ კი დამკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოების და გაფრქვეული გაზის საფასური. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 55 659, 40 ლართ, რომელიც ასევე მოიცავდა სამუშაოების შესრულების დროს გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ღირებულებას.
3. 2011 წლის 4 თებერვალს კომპანიასა და საზოგადოებას შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2011 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 54 500,82 ლარი, რომელიც მოიცავს სამუშაოების შესრულების დროს გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ღირებულებას.
4. 2011 წლის 4 თებერვლის N27.07.11 ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოების მიერ, ს-ის დ=700 მმ მაგისტრალური გაზსადენის დაცლის და ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევის უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით, კომპანიამ მიიღო 54 500,82 ლარი.
5. 2013 წლის 29 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოებამ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა, რომელიც წარმოიშვა პრეზენტაციის მოწყობისა და ბუნებრივი გაზის შევსების ხარჯების გაწევის შედეგად, დაუთმო ვ----– ჯ--ვას (შემდგომში: მოსარჩელე).
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: 54,500 ლარის დაკისრება.
7. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე მუხლი.
8. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოპასუხესა და საზოგადოებას შორის არსებული სახელშეკრულებო ურთირთობის ფარგლებში საზოგადოება მოპასუხეს უწევდა მომსახურებას. გაზსადენის პრეტეზენტაციის მიზნით მოხდა ბუნებრივი გაზის გაფრქვევა, რისი ღირებულებაც მოპასუხეს აუნაზღაურა საზოგადოებამ. მოგვიანებით, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, საზოგადოებამ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა, რომელიც წარმოიშვა პრეზენტაციის მოწყობისა და ბუნებრივი გაზის შევსების ხარჯების გაწევის შედეგად, დაუთმო მოსარჩელეს.
9. მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება და აღნიშნა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა პრეზენტაციის მოწყობას და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწვას. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ ხარჯების გაწევა წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო. ამ წესების დაუცველობა კი, გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 54,500 გადახდა.
11. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-5 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. ასევე, დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 24 იანვარს განხორციელდა ს-ის გაზსადენის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ენერგეტიკის მინისტრი და მოპასუხე კომპანიის საკითხებში დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები, რომლებმაც კომენტარი გააკეთეს საქართველოს ტელევიზიების წინაშე და გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია.
15. 2011 წლის 24 იანვრის პრეზენტაციისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილება (მილის შეჭრა, ბუნებრივი გაზის გაფრქვევა, გაზსადენის დაცლა) გააჩნდა მხოლოდ მოპასუხეს. ამასთან, ვინაიდან განხორციელებული პრეზენტაცია უნდა ჩაითვალოს მოპასუხის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს შორის დახმარების პროექტში საქართველოს სახელით მონაწილე პირის ინტერესებში განხორციელებულ ღონისძიებად. შესაბამისად, მის მოსაწყობად აუცილებელი ხარჯები (მათ შორის, მითითებული სამუშაოების) უნდა აენაზღაურებინა მოპასუხეს. თავის მხრივ, მოპასუხესა და საზოგადოებას შორის დადებული №27.07.11 ხელშეკრულებით დასტურდება საზოგადოების მიერ ამ სამუშაოების ანაზღაურების ფაქტი.
16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა კერძოსამართლებრივი ურთიერთობები არსებული ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც თავის მხრივ, გულისხმობს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს მინიჭებული აქვთ არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების, მისი შინაარსის განსაზღვრის და კონტრაგენტის არჩევის, არამედ, დროის ერთი და იგივე მონაკვეთში ერთ სუბიექტთან ურთიერთდამოუკიდებელი ერთი სახის ხელშეკრულებების დადების უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, საზოგადოების მიერ კონტრაქტით შესასრულებელი საქმიანობა დეტალურად იყო აღწერილი, ხოლო სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა უნდა განხორციელებულიყო კონტრაქტში შესული შესწორების საფუძველზე, რაც თავის მხრივ, უნდა ასახულიყო წერილობითი ფორმით, რასაც ადგილი არ ჰქონია.
17. ამდენად, 2011 წლის 24 იანვრის პრეზენტაციისათვის აუცილებელი სამუშაოსათვის გაღებული ხარჯი არ შეიძლება მიჩნეულიყო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულ ხარჯად მასზე შეთანხმების არარსებობის გამო.
18. ხელშეკრულების დადების თავისუფლების და მისი ფორმის (თუ კანონი ფორმასთან მიმართებაში იმპერატიულ დანაწესს არ ადგენს) თავისუფალი არჩევანის არსებობის პირობებში ის გარემოება, რომ სახეზე არ არის წერილობით დადებული გარიგება არ გულისხმობს, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების ფაქტს, რომლის ფარგლებში საზოგადოებამ შეასრულა ვალდებულება, რაც პრეზენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა.
19. ის გარემოება, რომ 2011 წლის 24 იანვარს განხორციელებული ს------------ის გაზსადენის პრეზენტაცია შედიოდა მოპასუხის ინტერესებში საზოგადოებამ პრეზენტაციისათვის საჭირო ხარჯი გაიღო ]მხარეთა შორის ზეპირსიტყვიერად დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოეშვა აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
21. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია იმ ძირითად გარემოებას ეფუძნება, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურება არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მხარეთა შორის გაფორმებული Nსხ-070910-04 და Nსხ-070910-05 ხელშეკრულებები მოიცავადა სამუშაოს აღწერილობას, რომელშიც პრეზენტაციისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ შედიოდა. ამ ხელშეკრულებებში განხორცილებული ცვლილებებიც არ ითვალისწინებდა აღნიშნულს.
22. კასატორის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პრეზენტაციისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელეს აიძულა კორპორაციამ მოსარჩელის მხარეზე იყო, რომლის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
23. კასატორი უთითებს პრეზენტაციის მიმართ კორპორაციის ინტერესის არარსებობაზე. მისი მოსაზრებით, სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ორი გარემოების გამო: 1) პრეზენტაციაზე კორპორაციის ტექნიკურ საკითხებში დირექტორის დასწრების გამო და 2) გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების კორპორაციის მიერ განხორციელების გამო.
24. კასატორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, მასზე მითითებით, რომ ადგილი არ ჰქონია დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას.
25. კასატორი არც სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ეთანხმება თანხის ნარდობის სამართალურთიერთობის ფარგლებში გადარიცხვის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ პრეზენტაციისათვის გაწეული ხარჯების ნარდობის სამართალურთიერთობიდან გამომდინარე გადახდის გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს უნდა დაედგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები: მათ შორის, ვის შორის მოხდა შეთანხმება, ვინ წარმოადგენდა ამ შეთანხმებისას მხარეთა ინტერესებს, რატომ არ გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების სახით და ა.შ. (ვრცლად იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.2. ს.ფ. 255-271).
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების: პპ: 1-5, 14, 15 სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე მუხლით, რომლის დანაწესით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, სრული მოცულობით მოქმედებს სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ: „კერძო სამართლის სუბიქტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.“ თავისუფალი არჩევანის არსებობის პირობებში ის გარემოება, რომ სახეზე არ არის წერილობით დადებული გარიგება არ გულისხმობს, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების ფაქტს, რომლის ფარგლებში საზოგადოებამ შეასრულა ვალდებულება, რაც პრეზენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. ნარდობის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი ხელშეკრულება, რამეთუ შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (როგორც წესი, ფულადი სახით). შეთანხმება საზღაურის გადახდის შესახებ არ მიეკუთვნება ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობას. საზღაურზე შეთანხმების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შემკვეთს უფლება აქვს არ გადაიხადოს შესრულებული სამუშაოსათვის საზღაური, რადგან სსკ-ის 630-ე მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ 2011 წლის 24 იანვარს განხორციელებული ს-ის გაზსადენის პრეზენტაცია შედიოდა მოპასუხის ინტერესებში, საზოგადოებამ პრეზენტაციისათვის საჭირო ხარჯი გაიღო მხარეთა შორის ზეპირსიტყვიერად დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოეშვა აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.
26. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
27. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2,725 ლარის 70% -1907,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „საქართველოს ნ-–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „საქართველოს ნ-იას“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 07 ივნისს საგადახდო დავალება N429 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2,725 ლარი) 1907,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე