საქმე №ას-518-495-2016 8 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გაუქმება, ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 6 მაისის ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის _ 3 420 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2015 წლის 3 იანვარს, 6 თვის ვადით მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე დაწესებულებაში ზარალების რეგულირების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 1800 ლარით. დასაქმებული სამუშაოს ასრულებდა ჯეროვნად, თმცა, დაწესებულების გენერალური დირექტორის შეცვლის გამო, მას მოსთხოვეს, საკუთარი ინიციატივით ვადამდე დაეტოვებინა დაკავებული ადგილი, რასაც დასაქმებული არ დაეთანხმა, სწორედ ამიტომ, 2015 წლის 6 მაისს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, გაათავისუფლეს მოსარჩელე, რომლის წერილობით მოთხოვნაზე, განემარტათ გათავისუფლების საფუძველი და გადაეცათ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, წერილობითვე ეცნობა, რომ გათავისუფლების მიზეზს მისი მხრიდან სამუშაო პირობების დარღვევა წარმოადგენდა (იხ. სარჩელი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ დასაქმებულმა დაარღვია ვალდებულება, იგი გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და სახელშეკრულებო ურთიერთობაში გამოვიდა მესამე პირთან, კერძოდ, კომპანიის სახელით, უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე დადო დაზღვევის ხელშეკრულება, რითაც დამსაქმებელს წარმოეშვა პასუხისმგებლობა. კომპანია კი, კლიენტის უკმაყოფილების თავიდან არიდების მიზნით, იძულებული გახდა, აენაზღაურებინა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვეული ზიანი (იხ. შესაგებელი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2015 წლის 6 მაისის ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის _ 3 420 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩვარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 3 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით და მოსარჩელე დაინიშნა ზარალების რეგულირების სამსახურის უფროსად. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 800 ლარით.
1.2.2. დასაქმებულის საქმიანობა კომპანიაში რეგულირდებოდა ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან/და დამსაქმებლის მიერ სიტყვიერი მითითებით შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში.
1.2.3. დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2015 წლის 6 მაისის #... ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაქმებულთან 2015 წლის 6 მაისიდან შეწყდა 03.01.2015 წლის ... შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი 22.04.2015 წლის შეთანხმებით ირკვევა, რომ კომპანიის სახელით დამზღვევ გ. ჩ-ესთან მოსარჩელემ გააფორმა შეთანხმება, რომლითაც დამსაქმებლის სახელით აიღო ფინანსური ვალდებულება, დამზღვევის ზიანის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შინაარსის შეთანხმება 03.04.2015 წელს მოსარჩელის მიერ გაფორმებულია ასევე დამზღვევ გ. რ-ესთან. ანალოგიური შინაარსით შეთანხმება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზღვევთან მანამდეც იყო გაფორმებული. საქმის მასალებში 03.01.2015წ. შრომითი ხელშეკრულების გარდა, რომელიც, თავის მხრივ, არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას კომპანიაში დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით დასაქმებულის უფლება-მოვალეობების შესახებ, საქმის მასალებში არ მოიპოვება თანამდებობრივი ინსტრუქცია ან/და დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესი, ხოლო ის გარემოება, რომ შეთანხმების გაფორმებით მოსარჩელე გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ დაადასტურა მოპასუხემ, საპირისპირო ვითარებაშიც კი, დასაქმებულის მიერ კომპეტენციის ფარგლების ამგვარი გადაცდენა ისეთ მძიმე დარღვევას არ წარმოადგენდა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს გახდიდა. ის გარემოება, რომ მოსარჩელე გამოსაცდელი ვადით არ იყო დანიშნული (როგორც ამაზე მიუთითებს აპელანტი), არ წარმოადგენს ზემოთ მითითებული მსჯელობის გაქარწყლების საფუძველს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ: სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რადგანაც დასაქმებულის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ დარღვევის ადეკვატური სანქციაა, მით უფრო იმ პირობებში, რომ ამ მოსარჩელის მიერ დადებული გარიგებით დამსაქმებელს მიადგა ზიანი, რადგანაც მას მოუწია ამ ვალდებულების შესრულება. აქვეა გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ კომპანია ერთი წლის შემოსულია ბაზარზე და იმკვიდრებს ადგილს, შესაბამისად, დამზღვევის მიმართ მან ვალდებულება რეპუტაციის შელახვის თავიდან აცილების მიზნით შეასრულა; სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება შრომითი ინსტრუქცია, თუმცა მისი არსებობა გავლენას ვერ იქონიებდა სადავო ურთიერთობაზე, რადგანაც პირის გათავისუფლების საფუძველი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი _ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება იყო; პალატა ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველი შრომითი ხელშეკრულება პირის უფლებამოსილების ზუსტ განსაზღვრებას არ შეიცავს, ასეთ პირობებში კი, შეუძლებელია კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასაქმებულისათვის მინიჭებულად მიეჩნია სასამართლოს.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტს და მასში მოცემული დებულებები, მათ შორის 37-ე მუხლი უნდა შეფასდეს კრიტიკულად, საქმის მასალების ყოველმხრივი და სრული ანალიზის საფუძველზე, რამდენადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, როგორც ამ ურთიერთობისათვის მახასიათებელი უკიდურესი აქტი, შეფასების ფართო ზღვარს არ ექვემდებარება, არამედ, ის წარმოადგენს უკიდურეს სანქციას, როდესაც სხვა ნაკლებად მძიმე სანქციის გამოყენება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების წინაპირობების თაობაზე და დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა ხელშეკრულებები, რომლებიც, ასევე, მოსარჩელის მიერ არის კომპანიის სახელით გაფორმებული სამუშაოდან მის გათავისუფლებამდე და რომლებიც დამსაქმებელს მანამდე სადავო არ გაუხდია, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების წინაპირობას, რომ მოსარჩელე მართლაც იყო აღჭურვილი უფლებით, კომპანიის სახელით გაეფორმებინა დაზღვევის ხელშეკრულება მომხმარებლებთან. პრეზუმფცია, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, ვის წინააღმდეგაცაა ეს ვარაუდი მიმართული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ამ ვალდებულების მოპასუხის მიერ დაძლევის შეუძლებლობის თაობაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ზემოხსენებული გარემოებების ერთობლივი შეფასებით პალატა მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის ნება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს და იგი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია. თავის მხრივ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ნების ბათილობა სწორედ შრომის კოდექსის 32-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაა.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „სადაზღვევო კომპანის კოპენბურის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.05.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური