Facebook Twitter

საქმე № 010210015001083867

საქმე №ას-523-500-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ყ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. პ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ყ.-ისა (შემდგომში – მოპასუხე) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე ამხანაგობა) მიმართ მოპასუხე ამხანაგობის 2015 წლის 16 ივნისის №... საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან მოპასუხე ამხანაგობის წევრია და მის საკუთრებაშია უძრავი ქონება. მოპასუხე ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნება დაერთო, კუთვნილი ბინის თავზე დაეშენებინა სხვენი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე.

3. მოგვიანებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ მის კუთვნილ სხვენში შესახლდა მოსარჩელე და აღრიცხა თავის საკუთრებად. აღნიშნული განხორციელდა მოპასუხე ამხანაგობის სადავო კრების უკანონო გადაწყვეტილებით. ფაქტობრივად მოპასუხე ამხანაგობის წევრი არ არის და ვერც მოსარჩელის კუთვნილ სხვენს კანონიერად ვერ მიისაკუთრებდა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხე ამხანაგობამ სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხემ მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2015 წლის 16 ივნისის №... საერთო კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე აღირიცხა 61.60 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ბათუმში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა მოპასუხე ამხანაგობა.

9. 2012 წლის 3 აპრილიდან მოსარჩელე წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს. მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია №-- ბინა (მე-.. სართული), რომელიც შეიძინა სხვა პირისაგან, თუმცა 2012 წლამდე ბინა ეკუთვნოდა მოპასუხეს.

10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2015 წლის 7 აპრილის №-- საერთო კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა მის საკუთრებაში რიცხული №-- ბინის თავზე მდებარე 81.39 კვ.მ სხვენი, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №....

11. ამავე ამხანაგობის 2015 წლის 16 ივნისის სადავო №-- სართო კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა №-- ბინის ზევით მდებარე 61.60 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ, რომელსაც მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი №.... აღნიშნული სხვენი მოწყობილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ.

12. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული 81.39 კვ.მ სრულად მოიცავს მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ 61.60 კვ.მ-ს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული.

13. 2015 წლის 16 ივნისის საერთო კრება მოწვეული არ ყოფილა, ამხანაგობის წევრები საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებულნი არ ყოფილან და სადავო კრება საერთოდ არ ჩატარებულა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხემაც და განმარტა, რომ იგი ხელმოწერებს აგროვებდა 2009 წლიდან 2012 წლამდე „ჩამოვლითი“ სახით.

14. სადავო კრების ოქმით განიკარგა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული 81.39 კვ.მ სხვენის ნაწილი – 61.60 კვ.მ.

15. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2012 წლიდან სადავო 61.60 კვ.მ სხვენის დარეგისტრირებამდე მოპასუხეს მრავალბინიან სახლთმფლობელობაში ინდივიდუალური საკუთრება არ გააჩნდა.

16. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 81.39 კვ.მ სხვენი მოსარჩელის საკუთრებაში საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 17 აპრილს, ანუ სადავო კრების ოქმის შედგენამდე. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მოპასუხე ამხანაგობის 2015 წლის 7 აპრილის №-- საერთო კრების ოქმი.

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სანივთო (საკუთრების) უფლებიდან, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ –სსსკ) 170-ე, 172-ე მუხლების მოთხოვნებიდან. აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (საკუთრება) განიკარგა არაუფლებამოსილი სუბიექტის – მოპასუხე ამხანაგობის მიერ, კანონის დარღვევით მიღებული 2015 წლის 16 ივნისის №-- კრების გადაწყვეტილებით (სკ-ის 54-ე მუხლი). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე – სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები.

18. სსკ-ით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის მარეგულირებელი ნორმები სამოქალაქო სამართლის სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებია, რომელთა მოქმედება ვრცელდება ნებისმიერი გარიგების, მათ შორის, ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოხატვის კანონიერებაზე.

19. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მისთვის დამახასიათებელია ზოგადად გარიგებისათვის დადგენილი წესები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

20. ამდენად, სადავო გარიგების ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელია, შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი პირობები, მათ შორის გარიგების დადება განახორციელა თუ არა უფლებამოსილმა სუბიექტმა და მისი დადებისას დაცულ იქნა თუ არა კანონით გათვალისწინებული ფორმა და წესი.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 16 ივნისის სადავო კრების ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებით განიკარგა იმ დროისათვის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, შესაბამისად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის მე-18 და მე-4 მუხლების თანახმად, ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით შესაძლოა, განიკარგოს მხოლოდ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული და არა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება, რაც, სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია.

22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის კანონიერება.

23. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, მხოლოდ მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნამდვილობა. შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს კრების ოქმის კანონიერება მოსარჩელის მიმართ.

24. აპელანტის მითითება იმ ფაქტზე, რომ 1980 წლიდან 2012 წლამდე ინდივიდუალურ საკუთრებაში ფლობდა ამჟამად მოსარჩელის კუთვნილ ბინას, ვერ გახდება ამხანაგობის კრების იმ გადაწყვეტილების ნამდვილად აღიარების საფუძველი, რომლითაც განიკარგა სხვისი ინდივიდუალური საკუთრება. ასეთ ფაქტს შეფასება მიეცემოდა იმ შემთხვევაში, თუკი სადავო კრების ოქმით განიკარგებოდა საერთო საკუთრება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიუთითა, რომ სადავო უძრავ ქონებას იგი ფლობდა 1980 წლიდან 2012 წლამდე. მოპასუხე ამხანაგობის გადაწყვეტილებით მას ერთხელ უკვე გადაეცა საკუთრების უფლება სარდაფზე, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა, რის გამოც ამხანაგობის სადავო კრებაზე კასატორს განმეორებით გადაეცა უძრავი ნივთი საკუთრებაში. ამდენად, კრება ჩატარდა კანონიერად და მისი კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

30. 2012 წლის 3 აპრილიდან მოსარჩელე წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა მოპასუხე ამხანაგობის წევრს და საკუთრების უფლებით გააჩნია ბინა, რომელიც შეიძინა სხვა პირისაგან, თუმცა 2012 წლამდე აღნიშნული უძრავი ნივთი ეკუთვნოდა მოპასუხეს.

31. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2015 წლის 7 აპრილის №-- საერთო კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა მის საკუთრებაში რიცხული №-- ბინის თავზე მდებარე 81.39 კვ.მ სხვენი, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი №....

32. ამავე ამხანაგობის 2015 წლის 16 ივნისის სადავო №-- სართო კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის კუთვნილი ბინის ზევით მდებარე 61.60 კვ.მ სხვენის მესაკუთრედ, რომელსაც მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი №.... აღნიშნული სხვენი მოწყობილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ.

33. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული 81.39 კვ.მ სრულად მოიცავს მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ 61.60 კვ.მ-ს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საკადასტრო კოდი აქვს მინიჭებული.

34. 2015 წლის 16 ივნისის საერთო კრება მოწვეული არ ყოფილა, ამხანაგობის წევრები საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან და სადავო კრება საერთოდ არ ჩატარებულა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხემაც და განმარტა, რომ იგი ხელმოწერებს აგროვებდა 2009 წლიდან 2012 წლამდე „ჩამოვლითი“ სახით.

35. სადავო კრების ოქმით განიკარგა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული 81.39 კვ.მ სხვენის ნაწილი – 61.60 კვ.მ.

36. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2012 წლიდან სადავო 61.60 კვ.მ სხვენის დარეგისტრირებამდე მოპასუხეს მრავალბინიან სახლთმფლობელობაში ინდივიდუალური საკუთრება არ გააჩნდა.

37. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 81.39 კვ.მ სხვენი მოსარჩელის საკუთრებაში საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 17 აპრილს, ანუ სადავო კრების ოქმის შედგენამდე. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მოპასუხე ამხანაგობის 2015 წლის 7 აპრილის №-- საერთო კრების ოქმი.

38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე პრეტენზიას გამოთქვამს დავის გადაწყვეტის სამართლებრივი შედეგის წინააღმდეგ, თუმცა სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კონკრეტულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ დასაბუთებას.

39. კასატორი უთითებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ აქამდე უკვე ფლობდა სადავო ფართს და მის ქვეშ მდებარე (ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ) ბინას, შესაბამისად, ამხანაგობის სადავო კრებაზე კასატორს განმეორებით გადაეცა უძრავი ნივთი საკუთრებაში.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

43. მითითებული ნორმა ადგენს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მხოლოდ იმ საფუძვლების ფარგლებში, რაზეც კასატორი უთითებს.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მოპასუხე ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას (სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 54-ე მუხლი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და მე-4 მუხლები) იმ მოტივით, რომ ამხანაგობამ განკარგა უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, გამსხვისებელი არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და სხვა პირისათვის გადაეცა სადავო ფართი.

45. შესაბამისად, სადავო ამხანაგობის კრების ოქმის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ მოპასუხე 1980 წლიდან 2012 წლამდე იყო ამჟამად მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე.

46. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ მას მანამდე ერთხელ უკვე გადაეცა სადავო სხვენის ფართი, თუმცა იმ პერიოდში ვერ მოხერხდა საკუთრების უფლების სათანადოდ აღრიცხვა.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა (სსკ-ის 183-ე მუხლი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს კუმულაციურ პირობას – წერილობითი ხელშეკრულების დადებას უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

48. კასატორმა ვერ მიუთითა და, შესაბამისად, ვერც დაასაბუთა კანონით განსაზღვრული წესით სადავო ფართის მიმართ მისი საკუთრების უფლების წარმოშობის ვერც ერთი წინაპირობის არსებობა. მოსარჩელემ კი, აღნიშნული კუთხით მისთვის დაკისრებული მტკიცების სტანდარტი სრულად განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სადავო კრებაზე უკანონოდ გასხვისდა მოსარჩელის კუთვნილი ინდივიდუალური საკუთრება და ამგვარი გარიგება ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.

49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ყ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური