Facebook Twitter

საქმე № 330210015001048517

საქმე №ას-598-573-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ.-ე, ს. და ბ. მ.-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ.–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა. გ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ.-ის, ს. და ბ. მ.-ების მიმართ (შემდგომში – მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთი ირიცხება მის საკუთრებად. მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას და არ ათავისუფლებენ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 18 მარტს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ამავე წლის 18 მაისს, რის შესახებ 2016 წლის 5 აპრილს შეტყობინება ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ. 11), რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 43-45).

7. 2016 წლის 18 მაისს, სასამართლო სხდომის დღეს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტთა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიხსნა, შესაბამისად, მხარეს ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა ახალი წარმომადგენლის ასაყვანად.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 215-ე მუხლის პირველი ნაწილით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 93-ე მუხლით და აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა.

9. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დარჩეს განუხილველად თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი, ადგილი და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

11. სსსკ-ის მე-100 და 215-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2016 წლის 5 აპრილს, პროცესამდე გონივრული ვადით ადრე. შესაბამისად, ამ უკანასკნელს საკმარისი დრო ჰქონდა, მის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ ეცნობებინა მარწმუნებლისათვის, მათ კი – აეყვანათ ახალი წარმომადგენელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ არც აპელანტები და მათი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე წარმომადგელის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

12. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელმა არ დაიცვა სსსკ-ის მე-100 მუხლით გათვალისწინებული დროულად შეტყობინების ვალდებულება და სასამართლოს მხოლოდ პროცესის დღეს აცნობა საკუთარი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სხდომის გადადების მიზნით მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა. აპელანტებმა კი ვერ წარადგინეს მტკიცებულება, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, აპელანტებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ აეყვანათ ახალი ადვოკატი ან საქმის განხილვაში თავად მიეღოთ მონაწილეობა. ამდენად, შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტების წარმომადგენელმა მოიხსნა უფლებამოსილება და საქმის განხილვა გადაედო სხვა დროისათვის, ვინაიდან წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო. მით უფრო, რომ მხარე წარმომადგენლის მიერ იყო ინფორმირებული, რომ ამ საფუძვლით სხდომა გადაიდებოდა და მხარეს ექნებოდა ახალი ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა.

16. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. სასამართლო სხდომა დაინიშნა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან ორი თვის შემდეგ და მცირე ხნით პროცესის გადადება შესაძლებელი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ აპელანტების წარმომადგენელს (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 43-45)) 2016 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა (ტომი 2, ს.ფ. 11).

22. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტები და არც მათი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

23. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი პირობა – არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და აპელანტების გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.

24. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტების წარმომადგენლის განცხადება, მის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოხსნის გამო, საქმის განხილვის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აპელანტ მხარესა და მის წარმომადგენელს საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, საქმის განხილვაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენელს კეთილსინდისიერად, გონივრულ ვადაში უნდა ეცნობებია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე როგორც მხარის, ისე სასამართლოსათვის. მით უფრო, როდესაც ამგვარი მოქმედების მიზეზი არ იყო რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა, არამედ, თავად განმცხადებლის მითითებით, წარმომადგენელმა უარი განაცხადა მხარის ინტერესების დაცვაზე, რადგან ვერ მოარიგა მხარეები.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ წარმომადგენელმა დაარწმუნა მხარე, არ გამოცხადებულიყო პროცესზე, რადგან მისი განცხადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე საკმარისი საფუძველი იქნებოდა საქმის განხილვის გადადებისათვის.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. ამა თუ იმ გარემოების შეფასება, საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა კი, უშუალოდ და განუყოფლად სასამართლოს პრეროგატივაა. შესაბამისად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა მარტოოდენ წარმომადგენლის ვარაუდის საფუძველზე, საპატიო და ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა.

29. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია აპელანტების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება (არც კი მიუთითებია ასეთზე), რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა მხარეს პროცესზე გამოცხადებაში.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ.-ის, ს. და ბ. მ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე