Facebook Twitter

საქმე №330210014502279

საქმე №ას-618-590-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. ა.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 170017,85 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქუჩაზე, რომელზეც მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი წყალსადენი მილი, რომლიც წლების განმავლობაში პერიოდულად ზიანდება და ხდება ქუჩის დატბორვა.

3. 2011 წლიდან სახლის წინ ქუჩამ მიიღო დეფორმაცია, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ბზარები.

4. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია ქუჩის საფარის არარსებობის გამო, ატმოსფერული ნალექების და ზედაპირული წყლების მოქმედების შედეგად და განსაკუთრებით მიმდებარედ არსებული 600 მმ წყალსადენის მილის პერიოდული დაზიანებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხის საავარიო სამსახურს, რომლის წარმომადგენლები ხელსაწყოების გამოყენებით შეამოწმეს მილები და განმარტეს, რომ გრუნტის დაწევა არ იყო გამოწვეული წყალსადენი ქსელის დაზიანებით.

5. 2013 წლის იანვარში მილი იმდენად დაზიანდა, რომ დაიტბორა მთლიანი ქუჩა და წყალი ამოვიდა მოსარჩელის სარდაფში. რამდენიმე დღეში იგივე განმეორდა, სახლზე ბზარებმა იმატა. ამჟამად მოსარჩელის კუთვნილი ფართი სრულიად ავარიულ მდგომარეობაშია და მასში ცხოვრება შეუძლებელია.

6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სახლის სარეკონსტრუქციო აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭიროა 170017,85 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 119012,5 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 4760,5 ლარის გადახდის ქვითრისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებდა აპელანტი, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა აპელანტი.

11. 2015 წლის 31 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზი გამოასწორა, თუმცა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა მხარის მიერ ხარვეზის არასრულად გამოსწორების გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად არ მომზადდა და მოპასუხეს არ ჩაბარებია, რის გამოც საჭირო გახდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შეტანა. მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეიზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით მინიჭებული ვადები და უფლებები.

15. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას მხარე გეგმავდა სასამართლო პროცესზე. მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 19 აპრილს. სხდომის წინა დღეს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აცნობა, რომ დანიშნულ დროს პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან 19 აპრილს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში დანიშნული იყო სავალდებულო ტრეინინგი, ხოლო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ვერ მიიღებდნენ მონაწილებას მოცემული დავის განხილვაში, რადგან იმავე დღეს 10:00 და 12:00 საათებზე ჩანიშნული იყო კომპანიის სხვა საქმეების განხილვა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

16. ამასთან, ძირითად სააპელაციო საჩივარში მიეთითა, რომ მხარე მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სააპელაციო პალატამ კი სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ ხარვეზად ჩათვალა აპელანტის მიერ იმის დაუზუსტებლობა, თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

21. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში: ა) სახელმწიფო ბაჟის – 4760,5 ლარის გადახდის ქვითრისა და ბ) დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა გადაწყვეტილების რა ნაწილს ასაჩივრებდა აპელანტი, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა მხარე.

22. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და 2015 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (ტომი 3, ს.ფ. 7).

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

24. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 25 დეკემბერს და ამოიწურა 2015 წლის 31 დეკემბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, კერძოდ, აპელანტმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო დაზუსტებული და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში არ შეუტანია. ასევე, აპელანტს არ მოუთხოვია საპროცესო ვადის გაგრძელება.

25. მართალია, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და სასამართლო სხდომა ჩანიშნა, თუმცა წარმოებაში მიღების შემდეგ შეიტყო, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი კუმულაციური ხასიათის იყო და ითვალისწინებდა დადგენილ ვადაში: ა) სახელმწიფო ბაჟის გადახდას; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენას; გ) კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანას.

27. აპელანტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული პირობები სრულად არ შეუსრულებია და კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, რადგან საპროცესო დოკუმენტი კანონით დადგენილ ვადაში არ მომზადდა და არც მხარეს გაგზავნია.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

30. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

31. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

32. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

33. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, რაც უდავოა (ტომი 2 , ს.ფ. 14).

34. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

35. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია.

36. საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ხელწერილი, რომელიც ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების ფაქტს 2015 წლის 20 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 27), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე, რა დროსაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვალდებულება სასამართლოს არ გააჩნდა.

37. ამავდროულად, მოსარჩელე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუბრკოლებლად ჩაიბარა 2015 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანამდე.

38. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ საქალაქო სასამართლომ დაარღვია მოპასუხის საპროცესო უფლებები და ამან გამოიწვია დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შეტანის საპატიოდ დაყოვნება.

39. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება აპელანტს შეეძლო სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის დადგენის შემდეგაც.

40. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი გეგმავდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შეტანას სასამართლო სხდომაზე. ხარვეზის გამოსწორების პროცედურას არანაირი კავშირი არ გააჩნდა იმ ფაქტთან, გამოცხადდებოდა თუ არა აპელანტი პროცესზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი მხარეს უნდა შეეტანა სასამართლოს მიერ დადგენილ 7-დღიან ვადაში და არა მაშინ, როდესაც თავად გადაწყვეტდა.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად სავსებით გონივრული ვადა მიეცა. მხარემ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში იგი სრულად არ გამოასწორა და არც საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

42. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

43. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.

44. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე