Facebook Twitter

№ას-914-876-2014 19 თებერვალი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „რ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრულების კანონიერად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ა...მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) შპს „რ-ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და იჯარის ხელშეკრულების კანონიერად აღიარება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 აპრილს გაფორმებული ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 2012 წლის 24 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება, 2013 წლის 20 აპრილის ქირავნობის ხელშეკრულება, 2006 წლის 1 მაისის, 2008 წლის 14 თებერვლის, 2009 წლის 29 სექტემბრისა და 2011 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებები;

- კანონიერად იქნა აღიარებული მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 387-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 24 აპრილს დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – არ გამოცხადდა, რომელიც, მართალია, კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში, მაგრამ გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დამტკიცებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში და სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

- 2004 წლის 21 აპრილს მოსარჩელესა და შპს „რამკ-ს“ (ამჟამად, „რ-ი“) შორის დაიდო ხელშეკრულება „ერთობლივი საქმიანობის შესახებ“, რომელიც, შეუსრულებლობის გამო, ამ უკანასკნელმა 2004 წლის 6 აპრილის იჯარის ხელშეკრულებით შეცვალა. 2005 წლის 1 ივლისს კომბინატის გაკოტრების მმართველთან გაფორმდა გრძელვადიანი ხელშეკრულება 10 წლის ვადით, ამ ვადაში საიჯარო ქონების გამოსყიდვის უფლებით;

- ქარხანა სრულად ააშენა შპს „ა...მა“, ხოლო ტერიტორია, რომელზეც ქარხანა მდებარეობდა, სს „რმკ-ს“ საკუთრებას წარმოადგენდა;

- კომბინატის უფლებამონაცვლე მეიჯარემ – სს „რმკ-მ“ – ახალი პირობები წამოაყენა, რომლებიც 2005 წლის 1 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა. მეიჯარემ, როგორც ტერიტორიის მფლობელმა, მოსარჩელე აიძულა, ახალ, კაბალურ საიჯარო პირობებს დათანხმებოდა. იმის გამო, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე შპს „ა...ის“ სახსრებითა და ინვესტირებით აშენებულ-დამონტაჟებულ ქარხანაში მოხვედრა შეუძლებელი იყო მეიჯარის მეტალურგიული ქარხნის, საერთო გამშვები პუნქტისა და დაცვის გავლის გარეშე, მეიჯარემ ძალადობრივი მეთოდებით (რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლის, საწარმომდე მისასვლელი გზის დაკეტვის, საწარმოს დალუქვის მუქარაში) აპელანტი აიძულა, ხელი მოეწერა მისი საქმიანობისათვის შეუთავსებელ ხელშეკრულებებზე, სადაც ქონების გამოსყიდვის უფლება აღარ ფიგურირებდა და საიჯარო თანხა გაზრდილი იყო. აპელანტმა სადავო ხელშეკრულებები გააფორმა მოწინააღმდეგე მხარის მუქარის, განხორციელებული ინვესტიციით შექმნილი ქონების, ასევე, სხვა მატერიალური აქტივების ფაქტობრივად ჩამორთმევისა და საწარმოს განადგურების რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დამტკიცებულად იქნა მიჩნეული მოპასუხის მხრიდან სადავო ხელშეკრულებების დადებისას მოსარჩელის მიმართ იძულება (მუქარა), ეს გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე, 52-ე, 85-86-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. საჩივრის საფუძვლები:

- მოპასუხის წარმომადგენელი დროულად გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი ჰქონდა;

- მოპასუხეს არ მიეცა შესაძლელობა, სხდომის ჩატარების დრო სასამართლოს ვებგვერდზე გადაემოწმებინა, რადგან მოცემული საქმე ჩამონათვალში შეტანილი არ იყო, გარდა ამისა, ცნობა სხდომის ჩატარების დროის შესახებ არც სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე არ იყო შეტანილი;

- მოსამართლის თანაშემწეს მოპასუხისათვის არ განუმარტავს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ;

- სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე აპელანტს ეცნობა 2014 წლის 22 აპრილს, თუმცა 2 დღე არ იყო გონივრული ვადა სასამართლოში გამოცხადებისა და მომზადებისათვის;

- სასამართლო სხდომა გადადებული იყო მხარეთა მორიგების მიზნით, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელი იყო;

- აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, ამიტომ სასამართლოს სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა;

- აპელანტმა (მოსარჩელემ) მოთხოვნა გაზარდა, კერძოდ, მან მოითხოვა 2011 წლის 1 ნოემბრისა და 2013 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რაც მანამდე არ განუცხადებია, შესაბამისად, სასამართლოს გაზრდილი მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა;

- სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად ცნო 2009 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც საქმეში არ მოიპოვება. აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა 2013 წლის 22 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა, თუმცა მის მიღებაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია, ხსენებული დასკვნა არც მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარებია და არც სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მითითებული მტკიცებულების მიღების საკითხზე, რაც სსსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევაა;

- მოპასუხემ მოსარჩელესთან გააგრძელა ის სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელიც მას დახვდა საიჯარო ქონების შეძენის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იყო მისაღები 2011 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება. შესაბამისად, მოპასუხე ვერანაირად ვერ იქნებოდა მოსარჩელე ორგანიზაციის წინამორბედი კონტრაგენტების ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი (საუბარია აპელანტის მტკიცებაზე იძულების თაობაზე). ამასთან, გაურკვეველი იყო, შპს „რამკის“ ვინაობა და, ასევე ის, თუ რა კავშირი ჰქონდა მას შპს „რ-თან“. ამდენად, იმ საიჯარო ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში, რომლის მხარესაც მოპასუხე არ წარმოადგენდა, ეს უკანასკნელი პასუხს ვერ აგებდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 22 აპრილის სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომის თარიღის და დროის თაობაზე შეტყობინება სასამართლოს მოხელემ მკაფიოდ და გარკვევით ჩამოაყალიბა. აღნიშნული გარემოება იმითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისას საწინააღმდეგოზე არ მიუთითებია, ანუ პრეტენზია, რომ მისთვის ცნობილი იყო სხდომის დაწყების სხვა დრო, კერძოდ 13:30 საათი, ჩანაწერის მიხედვით არ დგინდებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები დაუსაბუთებელს ხდიდა საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი სასამართლოში დროულად გამოცხადდა. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საჩივრის ავტორს სხდომის თაობაზე შეტყობინების ფაქტი სადავოდ აღარ გაუხდია.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაც, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 70.2 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ მას არ მისცა გონივრული ვადა სასამართლოში გამოცხადებისა და მომზადებისათვის, ასევე, არ განუმარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის შინაარსი მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა, კერძოდ, განსახილველ საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა 25.03.2014 წელს, თუმცა ამ სხომაზე საქმის მოსმენა არ დაწყებულა (მხარეებს მორიგებისთვის მიეცათ დრო) და იგი გადაიდო 22.04.2014 წელს. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი, შესაბამისად, ისინი ინფორმირებული იყვნენ გამოუცხადებლობის შედეგებზე და საკმარისი დროც ჰქონდათ მომზადებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისათვის. 22.04.2014 წლის სხდომა გადაიდო 2 დღით 24.04.2014 წელს, რის შესახებაც მხარეებს, ასევე, დადგენილი წესით ეცნობათ.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მათი დადასტურებულად ცნობის შემთხვევაში, იურიდიულად ამართლებდნენ აპელანტის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ შეისწავლა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეაუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა), სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ აფასებს ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა სააპელაციო საჩივრით გაზრდილ მოთხოვნაზე. საქმეზე დადგინდა, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც დასტურდებოდა თავად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.4 პუნქტით, სადაც მითითებული იყო სარჩელის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, თუ პროცესუალურად რამდენად სწორად გაიზარდა მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას გამოსაკვლევი გარემოებების ნუსხას არ მიეკუთვნებოდა და გავლენას ვერ იქონიებდა სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე.

15. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივარი ფაქტობრივად ეფუძნება იმავე გარემოებებს, რასაც მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ასევე, ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

20. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

21. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

22. ზემოხსენებულ ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სასამართლო სხდომაზე მისი მოწვევისას კანონის დარღვევის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაში. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია, არსებობდა თუ არა სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

24. სარჩელის აღძვრის წინაპირობები ჩამოთვლილია სსსკ-ის 186-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. ამდენად, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, მაგრამ მოსარჩელეს არა აქვს მითითებული ასეთი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიიღოს, ხოლო, თუ შეცდომით მიიღო, განუხილველად უნდა დატოვოს იგი (სსსკ-ის 275-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, იგი მოითხოვს ქირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასა და იჯარის ხელშეკრულების კანონიერად აღიარებას. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 2-15). მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ 01.04.2013 წლის განჩინებაში სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია, ასევე, სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესის მიუთითებლობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 27.05.2013 წლის განჩინებით ისე გააუქმა ზემოხსენებული განჩინება, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ეს საფუძველი არ შეუმოწმებია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 107-110, 144-146).

25. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

26. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (სუსგ 27.11.2015, საქმე #ას-148-138-2015).

27. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.“ (სუსგ 10.11.2015, საქმე #ას-937-887-2015, აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით იხ., ასევე, სუს დიდი პალატის განჩინება, საქმე # ას -121-117-2016, 17.03.2016წ.).

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ასევე, ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v.Greece,§40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“

29. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას არა აქვს მითითებული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი და არც ისაა გარკვეული, შესაძლებელი იყო თუ არა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სააპელაციო სასამართლომ მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წინააღმდეგ, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ამ გადაწყვეტილებების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი).

31. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

32. ზემოხსენებული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც, საქმის ხელახლა განხილვისას, უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს თუ არა სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

33. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი