Facebook Twitter

№ას-692-662-2014 24 სექტემბერი, 2015 წელი

ას-692-662-2014-გ-ი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და გადაცემული ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 10 თებერვალს ვ. გ-სა (შემდეგში მოსარჩელესა) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში მოპასუხეს) შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა ავტომანქანა „ლენდ როუვერ რეინჯი“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ... (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 524-ე და 525.1 მუხლები).

2. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ა. გ-ს (შემდეგში მოსარჩელის შვილს) შორის და ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით), სასჯელის სახედ და ზომად დაუწესდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 4 წელი.

3. 2012 წლის 16 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა ავტომანქანა „ბმვ X5 4.4.“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ... (სსკ-ის 524-ე და 525.1 მუხლები).

4. 2012 წლის 16 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა სამი ერთეული კომპიუტერული ტექნიკა კომპლექტში - INTEX CASE HOPE/ASUS/LGA1155PBH61-MX/SI/DDR32GBX2/320GB SATA/LED20SLIM WIDESCREEN/DVD.RW (სსკ-ის 524-ე და 525.1 მუხლები).

5. 2013 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული ჩუქების ხელშეკრულებების (შემდეგში სადავო გარიგებების ან ჩუქების ხელშეკრულებების) ბათილად ცნობა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება.

6. მოსარჩელის განმარტებით, იგი აიძულეს, დაედო სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მის შვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, რომელიც ბრალდებულის სახით პატიმრობაში იმყოფებოდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, ასევე, რომ სადავო ქონების გაჩუქებით იგი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან ავტომანქანები შეიძინა კერძო პირებისაგან სესხად მიღებული თანხით, რომლის დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებდა და შესაძლებელი იყო, ვალის დასაფარად საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია დასჭირვებოდა.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, კერძოდ, განმარტა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების იძულებით დადების ფაქტი არ დასტურდებოდა, ეს ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონის სრული დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და გადაცემული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების საფუძველი არ არსებობდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 85-ე, 86-ე, 87-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-4 და 102-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების მიზნით, მოსარჩელეზე იძულების განხორციელების ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის შვილთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსარჩელეზე იძულების განხორციელების ფაქტს ვერ ადასტურებდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურისათვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას და, მეორეც, საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლო მხოლოდ პროკურატურას და არა მოპასუხეს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი, საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით, მოსარჩელეზე იძულებას ვერ განახორციელებდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

- სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა იძულების შემადგენელი ნაწილი - რეალური საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა მოსარჩელის პიროვნებას, ქონებას ან მისი ოჯახის წევრს. აპელანტის მოსაზრებით, საპროცესო შეთანხმება, როგორც პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება, სამართალდამცავმა ორგანოებმა იძულების იარაღად გამოიყენეს, რითაც მოსარჩელე აიძულეს, დაედო სადავო გარიგებები მის შვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელს მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა;

- სასამართლომ, ასევე, არასწორად იმსჯელა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებითაც და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იძულების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში რომ შეეფასებინა, სასამართლო სადავო გარიგეგებების იძულებით დადების ფაქტსაც დაადგენდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და გაჩუქებული ნივთი - ავტომანქანა „ლენდ როუვერ რეინჯი“, საიდენტიფიკაციო ნომრით ..., საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და გაჩუქებული ნივთი - ავტომანქანა „ბმვ X5 4.4.”, საიდენტიფიკაციო ნომრით: ..., საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და 3 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა კომპლექტში (INTEX CASE HOPE/ASUS/LGA1155PBH61-MX/SI/DDR32GBX2/320GB SATA/LED20SLIM WIDESCREEN/DVD.RW) საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 8000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ ფაქტებზე, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო იმსჯელებდა სადავო გარიგეგების იძულებით დადების თაობაზე, ანუ სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მასზე იძულების განხორციელების ფაქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გარიგებები ბათილი იყო არა იძულების (სსკ-ის 85-ე მუხლი), არამედ მართლწინააღმდეგობისა და ამორალურობის საფუძვლით (სსკ-ის 54-ე მუხლი).

13. სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი ფაქტების მხედველობაში მიღებით: სადავო ჩუქების ხელშეკრულებები დაიდო საპროცესო შეთანხმების გაფორმების დღეს და ამავე შეთანხმების გაფორმებიდან 6 დღეში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 13-21); ბრალდებული, რომელთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, მოსარჩელის შვილი იყო; საპროცესო შეთანხმება ჯარიმის გარეშე დამტკიცდა, კერძოდ, საპროცესო შეთანხმებაში მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი არ ყოფილა, უფრო მეტიც, განაჩენში მითითებული დანაშაულის საგანი - 97 900 ლარად ღირებული რკინის კონცენტრატი, როგორც ნივთმტკიცება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20-21); მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულებები სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურებოდა, არამედ, აღნიშნული ხელშეკრულებები ბრალდებულის მამის მხრიდან სახელმწიფოსათვის გაკეთებული საჩუქარი იყო, რაც მადლიერების გამოხატულებას წარმოადგენდა და არა იძულებით დადებულ გარიგებას (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის სხდომის ოქმი).

14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახელმწიფოს მიმართ გამოხატული მადლიერება, რაც კერძო პირის მხრიდან სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაში გამოიხატება, არ შეიძლება განხილულ იქნეს მორალური კატეგორიის გარიგებად, რაღა თქმა უნდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გარიგების დადების დროისათვის მოსარჩელის შვილთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა. აღნიშნული დასკვნის მართებულობის დასასაბუთებლად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გააამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სადავო გარიგებები საპროცესო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა, რომელიც, თავისი არსითა და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოემსახურებოდა, მაშინ მითითებული გარიგებები მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებად არ განიხილებოდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ და გალსთიანი სასომხეთის წინააღმდეგ.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სადავო ქონების ჩუქება არ ემსახურებოდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთ ვითარებაში, მადლიერების ნიშნად სახელმწიფოსათვის ქონების გადაცემა, სასამართლოს მოსაზრებით, ბათილი გარიგება იყო სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე.

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელი იყო, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის, დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალებები მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული. მართალია, ერთ-ერთი ავტომანქანა - „ლენდ როუვერ რეინჯი“, საიდენტიფიკაციო ნომრით ..., სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა შემდგომი განკარგვის მიზნით, მაგრამ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ამ ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნებას ვერ დააბკოლებდა, ვინაიდან სააგენტოს სადავო ავტომანქანა არ გაუსხვისებია. რაც შეეხებოდა კომპიუტერულ ტექნიკას, ეს ქონება, თავის დროზე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა მოპასუხეს, ამასთან, ამ ქონების შემდგომი განკარგვის თაობაზე მოპასუხე ინფორმაციას არ ფლობდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონების მესაკუთრეს მოპასუხე წარმოადგენდა.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ შეცვალა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რითაც იგი გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, კერძოდ, მოსარჩელე სადავო გარიგებების ბათილად ცნობას მოითხოვდა სსკ-ის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მიხედვით (იძულებით დადებული გარიგება), სააპელაციო სასამართლომ კი სადავო ჩუქების ხელშეკრულებები ბათილად ცნო სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური;

- სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების მიზნით მოპასუხეს მოსარჩელეზე იძულება არ განუხორციელებია. ასეთი ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. ერთადერთი, რაც მოპასუხემ გააკეთა, ის იყო, რომ მან მიიღო მოსარჩელის მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად გაჩუქებული ქონება, რაც არ წარმოადგენდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ ქმედებას;

- სასამართლომ არასწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი მოპასუხეს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას. აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), თუმცა საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის დამატებით ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:

23.1. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლის უფლება სასამართლოს არ გააჩნია. საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განმარტა, რომ დავის იურიდიულ კვალიფიკაციას (სამართლებრივ შეფასებას) სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს, რა დროსაც იგი არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები). სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მოთხოვნის ყველა საფუძველი, ანუ მან უნდა დაადგინოს ის ნორმა/ნორმები, რომლებიც შეიცავენ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს (იხ. სუსგ 28.12.2010წ., საქმე #ას-877-825-2010; სუსგ 25.09.2015წ., საქმე #ას-641-607-2015).

23.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, იძულებით დადებული ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნება. ასეთი სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმებიდან, კერძოდ, სსკ-ის 978-ე მუხლიდან („პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან („უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე. . .“). სსკ-ის 978-ე მუხლის მიხედვით, კონდიქციური ვალდებულების საფუძველია ქონების მიმღების არამართლზომიერი ქცევა, რაც უფლებას ანიჭებს უფლებამოსილ პირს, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.

23.3. სსკ-ის 978-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად, აუცილებელია, რომ დაზარალებულმა რაიმე გადასცეს მიმღებს, ამ უკანასკნელის არამართლზომიერი ქცევის, კერძოდ, იძულების ან მუქარის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმღების (დასაჩუქრებულის) მხრიდან მოსარჩელეზე (დაზარალებულზე) იძულებას, ქონების გადაცემის მიზნით, ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულებები ბათილი იყო სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე („ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“) და, შესაბამისად, გადაცემული ქონება უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა.

23.4. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც, მოცემულ შემთხვევაში, სურს მოსარჩელეს, არ გამომდინარეობს სსკ-ის 54-ე მუხლიდან, ვინაიდან იგი არ არის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. ზოგადად, შესრულების კონდიქციის დროს გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 976-ე და 978-ე მუხლები, 979-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, მაგრამ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან იძულებაზე და მუქარაზე მიუთითებს, თავდაპირველად, უნდა შემოწმდეს, განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 978-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

23.5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებებითა და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, სადავო გარიგებების დადების მიზნით, მოსარჩელის იძულების ფაქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელის შვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით); ამ ნორმის სანქცია სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე; სადავო ჩუქების ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთი დაიდო მოსარჩელის შვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დღეს, ხოლო დანარჩენი ორი - მომდევნო რამდენიმე დღეში; მოსარჩელის შვილთან დადებული საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, ამ უკანასკნელს საპატიმრო სასჯელი არ შეფარდებია, მას დაენიშნა პირობითი სასჯელი; საპროცესო შეთანხმება ჯარიმის გარეშე დამტკიცდა, ამასთან, დანაშაულის საგანი - 97 900 ლარად ღირებული რკინის კონცენტრატი, როგორც ნივთმტკიცება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

23.6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების 23.5. პუნქტში მითითებული გარემოებები ქმნიან სადავო ჩუქების ხელშეკრულებების იძულებისა და მუქარის საფუძველზე დადების ვარაუდს. აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმეზე - გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს.

23.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებული ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. მას შეეძლო მიეთითებინა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააქარწყლებდნენ სადავო გარიგებების იძულებისა და მუქარის საფუძველზე დადების ვარაუდს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ამ ვარაუდის გაქარწყლება ვერ შეძლო, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარიგებების დადებისას, მოსარჩელის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი გამოვლენილი იყო არა სადავო ქონების მოპასუხისათვის ჩუქების, არამედ მისი შვილისათვის მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით.

23.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა სსკ 86-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იძულება („გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება“), რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს მის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობა (სსკ 85-ე მუხლი) და მოპასუხისათვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნება (სსკ-ის 978-ე და 979.1 მუხლები).

23.9. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: გარიგების დადების მიზნით პირის იძულება იმავდროულად მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაცაა, რადგანაც ამ დროს ირღვევა საჯარო წესრიგი (სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, სსკ 54-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება - მისი კუთვნილი უძრავი ქონება გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ამდენად, მართალია, სსკ 54-ე და 85-86 (1)-ე მუხლებით გათვალისწინებული ორივე შემადგენლობა განხორციელებულია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სპეციალური შემადგენლობით, სსკ 85-86(1) მუხლებით, გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. შეცილების განხორციელების მომენტიდან, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება (ცალმხრივი გარიგება) ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმებას, რაც ამ გარიგებას მოჰყვა. შესაბამისად, მიტოვებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა უნდა დაეფუძნოს სსკ 978-ე მუხლსა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას (იხ. სუსგ 21.07.2015წ., საქმე #ას-688-654-2015).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი