Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-234-223-201 22 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ა. ა-ისა (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და ბმა „ვ“-ის (შემდეგში - ბმა) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ბმა-ის წევრთა 2012 წლის 6 ივლისის კრების ოქმი (ნოტარიუსი ე. კ–ი, სანოტარო მოქმედების დასახელება - ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1..).

2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2016 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაგზავნილი უწყება, 2015 წლის 20 ოქტომბერს, პირადად ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით (იხ. ტ.2, ს.ფ. – 40-41).

5. მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე, 187-ე, 229-ე, 276-278-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები. კერძოდ, მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე, რომელზეც იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგემ კი მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.

7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნება იმავე სასამართლოში.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას მკაფიოდ ჩაებეჭდა სხდომის თარიღი 2016 წლის 21 იანვრის 26 იანვარი. ამასთან, რწმუნებული, რომელიც პირველ ინსტანციაში იცავდა მის ინტერესებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ წარმოადგენდა სასამართლოში, შესაბამისად, სხვა ადვოკატთან ერთად, იგი 2016 წლის 26 იანვარს გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 4-5 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

13. სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად ცნობის საფუძველი გახდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

14. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის არგუმენტაცია (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება სასამართლოს ვალდებულებაა, რაც უზრუნველჰყო სასამართლომ სხდომის თარიღამდე სამი თვით ადრე. აღნიშნული შეტყობინებითვე, კერძო საჩივრის ავტორი გაფრთხილებული იქნა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სასამართლო სხდომის შესახებ მხარის დაუწყების შემდეგ, წარმოიშვა კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულება, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეს და საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე. აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგემ ისარგებლა მისთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

17. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა გზავნილი, ხოლო არგუმენტი, რომ მას სხვა თარიღი ჩაებეჭდა მეხსიერებაში, ვერ განიხილება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლად, ისევე, როგორც დაუსაბუთებელია მოპასუხის მითითება, რომ რწმუნებული, რომელიც პირველ ინსტანციაში იცავდა მის ინტერესებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვეღარ წარმოადგენდა სასამართლოში, შესაბამისად, სხვა ადვოკატთან ერთად, იგი 2016 წლის 26 იანვარს გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. ეს უკანასკნელი მიზეზი გაზიარებული ვერ იქნება იმის გამო, რომ 21 იანვრის ნაცვლად 26 იანვარს გამოცხადდა მხარე, მისი მოსაზრებით, სხდომაზე. სხდომის თარიღის არასწორად დამახსოვრება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ამდენად, სამართლებრივად უმნიშვნელოა არგუმენტი მხარის წარმომადგენლის კონტექსტში.

18. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).

19. ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე