Facebook Twitter

საქმე №ას-128-124-2016 8 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ა-ე, ც. ს-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა მ. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ც. ს-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) და კ. ა-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ, თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 173-ე, 954-ე მუხლები).

2.სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

2.1. ქ. ქ-ში, თ-ის ქუჩა №25-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე; დაზუსტებული ფართობი 284 კვმ. შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით – 100.43 კვმ, ხოლო იმავე ქუჩაზე №23-ში მდებარე უძრავი ქონება კი რეგისტრირებულია მოპასუხეების თანასაკუთრებად; დაზუსტებული ფართობი – 676 კვმ. პირველი მოპასუხის საკუთრება სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით – 239,29 კვმ, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი – 13,36 კვმ. მეორე მოპასუხის საკუთრება სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით – 65,44 კვმ, საერთო სარგებლობაში არსებული ფართი – 13,36 კვმ;

2.2. №23 ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია მოპასუხეთა თანასაკუთრებად, მოსარჩელის სასარგებლოდ, სერვიტუტით იყო დატვირთული (სსკ-ის 247-ე მუხლი).

2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სარჩელი – ბათილად იქნა ცნობილი სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია მათ უძრავ ქონებაზე (იხ. განჩინების 2.2. ქვეპუნქტი) და მოსარჩელეს აეკრძალა სერვიტუტის უფლებით სარგებლობა;

2.4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდეგში საჯარო რეესტრი) 2013 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილებით, ამ განჩინების 2.3 და 2.4 ქვეპუნქტებში მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე გაუქმდა სერვიტუტის უფლება №23 ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე;

2.6.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ცალკე წარმოებად გამოიყო და, სამოქალაქო წესით განსახილველად, გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

4. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის მთავარ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელზე სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების-მეორე მოპასუხის, ირაკლი სულაქველიძისა (შემდეგში: მოსარჩელის შვილი) და პირველი მოპასუხის წინააღმდეგ, საჯარო რეესტრის 2013 წლის 15 ივლისის №… გადაწყვეტილების (იხ. 2.5. ქვეპუნქტი) ბათილად ცნობის, №23 ქუჩაზე მდებარე, 66,36 კვმ. მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმების ნაწილში და, სადავო ნაკვეთზე, მოპასუხეებთან ერთად თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ, რომელზედაც ჯერ კიდევ არაა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული # 2/ბ-291-14წ. სამოქალაქო საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საჯარო რეესტრისა და მესამე პირების - მოპასუხეებისა და მოსარჩელის შვილის წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განახლდა # 2/ბ-291-14წ. სამოქალაქო საქმის წარმოება და დაინიშნა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2015 წლის 25 დეკემბერს, 12:00 საათზე.

7. აღნიშნულ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ მან მიიღო სასამართლოს უწყება სამოქალაქო საქმეზე # 2/ბ-291 საქმის წარმოების განახლებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, რადგან ადმინისტრაციული დავა დასრულდა. ადმინისტრაციული დავა კი დამთავრდა იმით, რომ მან გამოიხმო სარჩელი და სარჩელი ამის გამო დარჩა განუხილველი.

8. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ორი საქმე:

8.1. ადმინისტრაციული საქმე (# 3/1115) მოსარჩელის სარჩელზე საჯარო რეესტრის, მოპასუხეთა და სხვათა წინააღმდეგ, საჯარო რეესტრის 05.07.08წ. და 09.09.2011წ. გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, # 23 ქუჩაზე არსებული 66,36 კვმ.-დან 56,81 კვმ. საერთო შესასვლელი გზის თანასაკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ჯერ ნ. ლ-ის და შემდეგ პირველი მოპასუხის სახელზე, აგრეთვე, რეესტრის 09.03.2010წ. და 17.03.2010წ. გადაწყვეტილებები, დასახელებულ მისამართზე არსებული 66,36 კვმ.-დან 56,81 კვმ. საერთო შესასვლელი გზის თანასაკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში ჯერ თ. ა-ის, შემდეგ მეორე მოპასუხის სახელზე.

8.2. სამოქალაქო საქმე (#2/1379 საქმე) მოსარჩელის სარჩელზე მოპასუხეთა წინააღმდეგ, უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 213, 214, 250).

9. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული დავა უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერებაზე, აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შემდეგ, კვლავ მოიპოვება მისი წარმოების შეჩერების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რადგან უძრავ ნივთზე თანასაკუთრების შესახებ სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა, კერძოდ, ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე, რომელზეც დავის საგანია ადმინისტრაციული აქტების კანონიერება, რომელთა გაბათილების შემთხვევაში, სამოქალაქო სარჩელი თანასაკუთრების უფლების ცნობის შესახებ დაკმაყოფილდება. ასევე, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველია საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეც, რომელზეც დგინდება, რომ სადავო 66,36 კვმ. საერთო შესასვლელი გზიდან 9,55 კვმ. მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებულია მოსარჩელისა და მისი შვილის თანასაკუთრებად.

10. მოპასუხეები არ დაეთანხმენ შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეჩერდა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული # 2/ბ-291-14წ. სამოქალაქო საქმის განხილვა, ამავე სასამართლოში მოსარჩელის მიერ აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე # 3/1115-15წ. (იხ. განჩინების მე-8 პუნქტი) მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

12. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 272-ე მუხლით, 279-ე მუხლის „დ“ და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

13. სასამართლომ მოსაჩელის შუამდგომლობის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7-9 პუნქტები), მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სარჩელის (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი) გადაწყვეტამდე, რომელიც შეეხება რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, შეუძლებელია სამოქალაქო დავაზე, თანამესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით, საკითხის გადაწყვეტა.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საქმე # 3/1115-15წ. (ტ.2, ს.ფ.214.), რომელიც საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია, პირდაპირ კავშირშია მოცემული სამოქალაქო საქმის კანონიერად გადაწყვეტასთან (ვინაიდან იგი შეეხება იმ მიწის ფართის რეგისტრაციის კანონიერებას მოპასუხეებზე, რომლის თანამესაკუთრედ ცნობას დავობს მოსარჩელე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით).

15. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სანამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად საბოლოოდ არ გაირკვევა – რეესტრის 05.07.08წ. – 09.09.2011წ. – 09.03.2010წ. და 17.03.2010წ. გადაწყვეტილებების კანონიერება. შესაბამისად, განსახილველ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებამდე შეუძლებელია.

16. სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებაზე იმ დასაბუთებით, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელის აღძრულ სარჩელზე სამოქალაქო საქმე # 2/1379 მოპასუხეთა წინააღმდეგ, უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესახებ, რადგან ეს გარემოება არ მიიჩნია საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად.

17. მოპასუხეთა წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.

18. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხეთა სახელზე არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თითქოს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე მოსარჩელეა. სამოქალაქო საქმეზე კი ეს უკანასკნელი ითხოვს მოპასუხეთა უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას. ეს საქმეები ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის. ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ ბათილად იქნება ცნობილი მოპასუხეთა რეგისტრაცია, ეს გადაწყვეტილება ვერ დაედება საფუძვლად სამოქალაქო სარჩელს თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

21. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

22. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეჩერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული # 2/ბ-291-14წ. სამოქალაქო საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ აღძრულ # 3/1115-15წ. ადმინისტრაციულ საქმეზე, საჯარო რეესტრის, პირველი და მეორე მოპასუხეების და სხვათა მიმართ, საჯარო რეესტრის 05.07.08წ. და 09.09.2011წ. გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ.წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეზე # 2/ბ-291-14წ., რომლის შეჩერებასაც ითხოვს მოსარჩელე, დავის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა, ხოლო მის მიერვე აღძრულ # 3/1115-15წ. ადმინისტრაციულ საქმეზე - მოპასუხეთა და სხვათა საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

24. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ასახულია ამ განჩინების 13-16 პუნქტებში.

25. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

26. მითითებული მუხლის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

27. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს სამართლებრივად დაუსაბუთებელად მიიჩნევს და იზიარებს კერძო საჩივრის მოტივაციას, რომ მითითებული საქმეები ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის. ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბათილად იქნება ცნობილი მოპასუხეთა რეგისტრაცია. ეს გადაწყვეტილება კი ვერ დაედება საფუძვლად სამოქალაქო სარჩელს თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი).

28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერებისას, საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ არის შეჩერების საკმარისი საფუძველი, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობა, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე.

29. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას მოსარჩელის მიერ მითითებული ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულებამდე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია მოპასუხეთა მიმართ საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაჩერა სამოქალაქო საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ა-ისა და ც. ს-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება და განახლდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მ. ს-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული N2/ბ-291-14 სამოქალაქო საქმის წარმოება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე