Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-202-192-2016 15 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ- ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულების დადგენილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს ”მ-ის” (შემდეგში: მოპასუხე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიმართ ვალდებულების შესრულების დადგენილად ცნობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 361-ე მუხლი.)

2. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს, ხარვეზის შევსების მიზნით, განესაზღვრა ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან და დაევალა 596 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

4. მოსარჩელემ, 2016 წლის 14 იანვარს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, განცხადებით მოითხოვა ხარვეზის ვადის 15 დღით გაგრძელება, რადგან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ თანხის გადახდა შეეძლო და დარჩენილი ნაწილის გადასახდელად დრო სჭირდებოდა (იხ. ს.ფ. 133).

5. სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით, მოსარჩელეს, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან, 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად, ამასთან, განჩინებითვე განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

6. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელემ, 2016 წლის 1 თებერვალს კვლავ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და ისევ მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით (იხ. ს.ფ. 140).

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (სსსკ-ის 374-ე მუხლი).

8. სასამართლომ მიუთითა, სსსკ-ის 52-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (მათ შორის სახელმწიფო ბაჟი), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით განხილვისას, რომელიმე მხარისათვის რაიმე შეღავათის განხორციელებისას, გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესები. სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ინტერესების და წარმოდგენილი შუამდგომლობის კანონშესაბამისობის შემოწმების გზით დაადგინოს გონივრული ბალანსი იმგვარად, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით, სამართალწარმოების გაუჭიანურებლად, დაცული იქნეს მეორე მხარის უფლებებიც.

10. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება მისი შუამდგომლობის მართებულობის დასადასტურებლად, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების არიდების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

12.მოსარჩელის განმარტებით, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მხოლოდ 100 ლარის შეტანა შეძლო, ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ (იხ. ს.ფ. 147).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

16. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი და კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს, რომ მოპასუხეს, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე და მისი მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, საპროცესო ვადის გაგრძელების, ან შესაბამისი საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, შეღავათების გავრცელების მოთხოვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 3-6 პუნქტები)

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის 1-4 ნაწილებში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომელიც მითითებულია ამ განჩინების მე-12 პუნქტში.

20. სსსკ-ის 47.1-ე მუხლით, “სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება”, ხოლო 48-ე მუხლით “სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს”. დასახელებული საპროცესო ნორმებით დადგენილია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესაძლებლობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას დაასაბუთებს, რაც შეიძლება სახელმწიფო ბაჟის გადახდაში შეღავათების გავრცელების საფუძველი გახდეს. „მოხმობილი ნორმების შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან ოდენობის შემცირება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს შესაბამის უტყუარ მტკიცებულებებს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ან ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილ ვადაში, სასამართლოს წარუდგინა რაიმე მტკიცებულება იმის დასტურად, რომ გადახდისუუნარო იყო. მარტოოდენ ზეპირი განცხადება მხარის მძიმე ეკონომიკური პრობლემების შესახებ სასამართლოს არ აძლევს სამართლებრივ საფუძველს, დაადგინოს შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტისას“ (იხ. სუსგ # ას- 847-797-2015, 12.11.2015წ.)

21. კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს იმის თაობაზე, რომ მან შეასრულა კანონიდან გამომდინარე პროცესუალური ვალდებულება და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები (მითუმეტეს უტყუარი), რომლითაც მის ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა. მარტოოდენ განცხადება ფინანსური პრობლემების თაობაზე და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის ფაქტი, ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გაგრძელების ან სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების სამართლებრივი საფუძველი.

22. სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. მითითებული ნორმა თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა ინტერესებს და დაუშვებლად მიიჩნევს ერთი მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებით მეორე მხარის ინტერესების უსაფუძვლო შელახვას.

24. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს კანონიერად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინება (04.02.2016წ.) მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც მოსარჩელის პრეტენზიის უარყოფის საფუძველია, შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე