საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-299-284-2016 22 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცახდების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. ნ-ა (შემდეგში - მოპასუხე) ცნობილია ქ. ზუგდიდში, ს. კ-ას (ყოფილი გ-ის) ქუჩის # 8-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ …) მესაკუთრედ და ბათილად არის ცნობილი ამავე ქონებაზე (შემდეგში სადავო ქონება) ნ. კ-ის (შემდეგში მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითც მოთხოვნილია 1990 წლის ჩუქების ხელშეკრულების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 524-ე მუხლი) ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე მესაკუთრედაა რეგისტრირებული სადავო უძრავ ქონებაზე (სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები).
3. მოპასუხემ, 2016 წლის 8 თებერვლის განცხადებით, საჯარო რეესტრში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
4. მოსარჩელის წარმომადგენლებმა, 2016 წლის 29 თებერვალს, შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს „სააპელაციო საჩივარზე განხილვა-გადაწყვეტის დამთავრებამდე და მას შემდეგ საკასაციო წარმოების დასრულებამდე ვადით“, მოპასუხეს აკრძალვოდა გარკვეულ ქმედებათა შესრულება, კერძოდ: ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება და საჯარო რეესტრისათვის მიმართვა 2016 წლის 12 თებერვლის # … გადაწყვეტილებით შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოების განახლების მოთხოვნით (იხ. შუამდგომლობა - ტ.4, ს.ფ. 264-270).
5. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე,198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებზე და დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება (შუამდგომლობა) დაუსაბუთებელი იყო, რადგან მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი ღონისძიება, ფაქტობრივად გამოიწვევდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (სსსკ-ის 266-ე მუხლი) შეჩერებას. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ამომწურავი შემთხვევიდან არცერთი არ არსებობდა.
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 3.3 პუნქტით, მოსარჩელეს განემარტა განჩინების გასაჩივრების ვადა და წესი, რაც სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 197-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 5 დღიან ვადას მოიცავს, მხარისათვის განჩინების ჩაბარების გადაცემის მომენტიდან.
7. გასასაჩივრებელი განჩინება 2016 წლის 9 მარტს ჩაჰბარდათ მოსარჩელის წარმომადგენლებს (იხ. ტ.4, ს.ფ. 297-300).
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებაზე, დაუშვებლად იქნა მიჩნეული იმ დასაბუთებით, რომ სსსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა, რისთვისაც კანონით დადგენილი 5 დღიანი ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
9. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „კერძო საკასაციო საჩივარი“ (იხ. ტ.4, ს.ფ. 309-315), რომელიც თავისი არსით, საჩივარს წარმოადგენს და მისი დასაშვებობა სააპელაციო სასამართლომ, 1971 მუხლის მე-4 ნაწილის 419-420-ე მუხლების გათვალისწინებით, შეამოწმა სწორედ საჩივრის დასაშვებობის შემოწმების წესით.
10. სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა, მისი წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იყო, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება, მისი ჩაბარებიდან, 5 დღეში გაესაჩივრებინა. სასამართლომ სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილი 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 10 მარტიდან, ანუ მისი წარმომადგენლებისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს.
11. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საჩივარი უნდა წარედგინა 2016 წლის 14 მარტის 24 საათამდე. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი წარდგენილი იყო დაგვიანებით, ფოსტას ჩაჰბარდა - 21 მარტს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 25.03.2016წ. განჩინება; ტ.4, ს.ფ.326, 1.4 ქვეპუნქტი).
12. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებაზე მოსარჩელის საჩივარი, საქმესთან ერთად, გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან დაუშვებელია სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. წინამდებარე განჩინების 6-10 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 მარტის განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი 5 დღიანი საპროცესო ვადა დაარღვია მხარემ, ხოლო აღნიშნული ვადის აღდგენა კანონით დაუშვებელია (სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 61-ე მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს რომც არ დაერღვია 2016 წლის 1 მარტის განჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადა, მის საჩივარს მაინც ვერ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არსებული რეგულაციის მიზნიდან გამომდინარე.
17. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - 1990 წლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომლითაც მოპასუხემ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე (იხ. განჩინების მე-2 პუნქტი), თავისი არსით, უარყოფითი ხასიათის აღიარებითი ანუ დადგენითი მოთხოვნაა, რომლისთვისაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია.
18. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი 5 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, მოსარჩელემ თვითონვე გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი საჩივრის განხილვას; საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს საჩივარს, რომელიც ჯერ კიდევ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, აქედან გამომდინარე მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ-ის საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე