Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-309-294-2016 22 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – გ. გ-ე, ზ. მ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. მ-ასა (შემდეგში მსესხებელი, მოვალე, გამყიდველი ან პირველი საჩივრის ავტორი) და სს-ას „ქ-ი“ (შემდეგში საწარმო, გამსესხებელი, კრედიტორი ან განმცხადებელი) შორის, 2014 წლის 20 ოქტომბერს, გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება # 31534, რომლის თანახმად, მსესხებელმა ისესხა 3000 აშშ დოლარი, 24 თვით, წლიური 36 %-იანი სარგებლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები).

2. ხელშეკრულების მე-10 პუნქტით: „მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს: შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ (შემდეგში საარბიტრაჟო სასამართლო; იხ. ს.ფ.6-8).

3. გამსესხებელსა და ნათია მიქიას, ასევე გამსესხებელსა და მერაბ ბარნაბიშვილს შორის, 2014 წლის 10 ოქტომბერს, დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ორივე თავდებმა იკისრა ვალდებულება, უზურნველეყო საწარმოსა და მსესხებელს შორის დადებული # 31534 ხელშეკრულების (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) პირობები და გამსესხებლის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც საწარმოს უფლება მიენიჭა, წაეყენებინა მოთხოვნა თავდებისათვის მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების გარეშეც (იხ. თავდებობის ხელშეკრულებები- პუნქტი1, ს.ფ. 11-13; სსკ-ის 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები).

4. საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის # 001/4667-15 დადგენილებით წარმოებაში იქნა მიღებული კრედიტორის საარბიტრაჟო სარჩელი მსესხებლისა და თავდები პირების წინააღმდეგ (იხ. ამ განჩინების პირველი, მესამე პუნქტები).

5. საწარმოს წარმომადგენელმა 2015 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის /შემდეგში არბიტრაჟის კანონი/ 23-ე მუხლი), მოითხოვა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (მოძრავი ნივთის მონაცემები იხ ს.ფ. 19) ყადაღის დადება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).

6. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის დადებული იყო ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), მსესხებლის ვალდებულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ორმა ფიზიკურმა პირმა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი); საკრედიტო ხელშეკრულების 3.1. პუნქტისა და გადახდის გრაფიკის თანახმად, კრედიტორის მიერ მსესხებლისა და თავდები პირების გაფრთხილებისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი და გადაუხდელი იყო თანხაზე დარიცხული პროცენტი. კრედიტორს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რომ მოვალე ვეღარ შეძლებდა არსებული დავალიანების დაფარვას, ამასთან, ამ უკანასკნელის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების 7.1.1 და 7.1.2 ქვეპუნქტების საფუძველზე, გამსესხებელმა ვადამდე შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და სამივე მოპასუხეს - მოვალესა და ორ თავდებს წაუყენა მოთხოვნა მთლიანი დავალიანების დაფარვის თაობაზე, რაც არ შესრულებულა.

7. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, კრედიტორის მიერ მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების (იხ. განჩინების მე-6 პუნქტი) გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და, სსსკ-ის 191-ე, 198-ე, 356 18 -ე მუხლებზე, არბიტრაჟის კანონის 23-ე მუხლზე დაყრდნობით, ყადაღა დაედო მოვალის საკუთრებად რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. იმავე განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26).

8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინეს მოვალემ (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) და დაყადაღებული ავტომანქანის მყიდველმა - გ. გ-ემ (შემდეგში ავტომანქანის მყიდველი ან ნამდვილი მესაკუთრე, მეორე საჩივრის ავტორი).

9. მოვალემ (პირველი საჩივრის ავტორმა) გასაჩივრებული განჩინების (იხ. მე-7 პუნქტი) გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მან, 2015 წლის 8 ოქტომბერს, გაჰყიდა მის საკუთრებად რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძინა წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებულმა პირმა (მეორე საჩივრის ავტორმა), ხოლო მოძრავი ნივთის დადგენილი წესით გადაფორმებამდე, მყიდველს, 2015 წლის 8 ოქტომბერსვე, მისცა გენერალური მინდობილობა ავტომანქანის სარგებლობისა და განკარგვის უფლებებით (იხ. ს.ფ. 40-42).

10. ავტომანქანის მესაკუთრემ გასაჩივრებული განჩინების (იხ. მე-7 პუნქტი) გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მან 2015 წლის 8 ოქტომბერს მოვალისაგან (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) შეიძინა ავტომანქანა, სააპელაციო სასამართლოს 28.12.2015წ. განჩინებით კი იზღუდება მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ამასთან, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (საქმე # ას-1336-1381-2011, საქმე #914-954-2011), რომლის თანახმად: საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც მოძრავ ნივთზე არ ადგენს საკუთრების შესაძენად აუცილებელ რეგისტრაციას.

11. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით, მოვალისა და ავტომანქანის ნამდვილი მესაკუთრის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

12. სასამართლომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ სააღსრულებო კანონი) 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ, იმ სასამართლოში რომლის ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ), შესაბამისად, ავტომანქანის ნამდვილი მესაკუთრის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, ცალკე დავის საგანი შეიძლება გახდეს სასარჩელო წარმოების გზით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ავტომანქანის მყიდველის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლომ ავტომანქანის მყიდველის მიერ წარდგენილ სანოტარო აქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2015 წლის 8 ოქტომბრის მინდობილობით, მყიდველს მოვალისაგან ავტომანქანა გადაეცა მართვისა და განკარგვის და არა საკუთრების უფლებით.

13. მოვალის არგუმენტების შესახებ, რომ იგი აღარ წარმოადგენდა სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, სასამართლომ “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად, მოვალის მტკიცება, რომ დაყადაღებული ავტომანქანა მის სახელზე რეგისტრირებული არ არის, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, ხოლო მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე მის მიერ მითითებული არგუმენტი, გამყარებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, შეიძლება დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოების საგანი გახდეს.

14. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 1971 -ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოვალისა და ავტომანქანის მყიდველის საჩივრებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო ავტომანქანის მყიდველის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჩივრების ავტორთა, როგორც სადავო სამართალწარმოების სუბიექტთა სტატუსი და სამოქალაქო პროცესუალური საკითხები, რომელთა საფუძველზეც უნდა გადაწყდეს თითოეული მათგანის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობა.

17. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (იხ. სუსგ №ას-914-954-2011 და №ას-658-625-2014), დადგენილია:„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“.

18. ამ განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოვალე არ უნდა იქნეს მიჩნეული გაყიდული ავტომანქანის მესაკუთრედ, რადგან „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (იხ. მე-13 პუნქტში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული დასკვნა) მიზანია, განსაზღვროს საავტომობილო ტრანსპორტის სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საქმიანობის საფუძვლები. კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა. ცხადია, რომ დასახელებული სპეციალური კანონი საჯარო სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობებს უკავშირდება და არა კერძო სამართლის სუბიქტთა შორის მოძრავ ნივთზე გარიგების წესებსა და ასეთი ნივთის საკუთრებაში გადაცემის, შესაბამისად, ნივთის რეალური მფლობელის, როგორც მესაკუთრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას.

19. საკასაციო სასამართლო, მე-16 და მე-17 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოვალე არ არის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილი პირი, ანუ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის წარმდგენი საჩივრის ავტორი არ შეიძლება იყოს, რადგან სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკავშირდება, კრედიტორის საარბიტრაჟო უზრუნველყოფის მოთხოვნით დაყადაღებულ იმ ქონებას- ავტომანქანას, რომლის მესაკუთრეც მსესხებელი არ არის.

20. ავტომანქანის მესაკუთრის საჩივრის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტშია ასახული და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მყიდველის საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მყიდველი უფლებამოსილია, დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოებით იდავოს, და, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, მოითხოვოს ყადაღისაგან ქონების - ავტომანქანის გათავისუფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. ზ. მ-ას საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე